the leaf bag
27.08.2024
შესაძლებელია თუ არა ფუფუნება იყოს მდგრადი? ჩანთა სახელწოდებით Leaf Bag, რომელიც მილანში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულის დებიუტანტია პრინციპში წყვეტს ამ სადავო საკითხს. მისი ჰარმონიული და უნაკლო დიზაინით, Leaf Bag გთავაზობთ მდგრად ალტერნატივას ტრადიციული ფუფუნების აქსესუარებისთვის და რეალურ პასუხს ექსპლუატაციის ეთიკურ საკითხებზე. ამ პრინციპების შესაბამისად ჩაფიქრებული და შემუშავებული ჩანთა Leaf Bag წარმოადგენს c r o s a – m i l a n o-ს, მოდის ვეტერანის, იტალიელი დიზაინერების ოქროს ხანაში მოღვაწე, მიქელა კროზას მიერ დაფუძნებული ახალი დამოუკიდებელი ბრენდის, საფირმო პროექტს. მიქელამ მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა მაშინ, როცა ფენომენის Made-In-Italy პოპულარობამ მოიცვა მთელი მსოფლიო. საკუთარი კარიერის პიკში მან ეჭვქვეშ დააყენა ის ღირებულებები, რომლებზეც ინდუსტრიამ დაამყარა შეუზღუდავი ზრდა და მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა დაფიქრება ისეთ პროექტზე, რომელიც მისი პიროვნული განვითარების შესაბამისი იქნებოდა.
Leaf Bag-ის პრეზენტაციისას თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება „ჩემი შემოქმედებითობის გამოღვიძება“ როგორ არის დაკავშირებული თქვენს მიერ განვლილ გზასთან?
ზემოთაღნიშნული განცხადება მოიცავს 2 ასპექტს, პირველი მდგომარეობს შემდეგში: მე გამიტაცა მოდის სფერომ, როცა ის იყო მიმზიდველი და ამაღელვებელი საქმე, რომელსაც ყველა თვლიდა სრულიად უვნებლად. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, თუ როგორ გავლენას ახდენს მოდის ინდუსტრია როგორც ბუნებრივ გარემოზე, ასევე თანამშრომლებზე, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში; როცა იგებ, რომ ადამიანები იღებენ დაბალ ანაზღაურებას და მათ აძალებენ იმუშაონ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ტანსაცმელი, რომელსაც ატარებთ აღარ არის „მაგარი“. მეორე ასპექტი ეხება ჩემი შემოქმედებითობის გამოღვიძებას. საბოლოოდ მივხვდი, რომ მსურდა გამომეხატა საკუთარი ხედვა და დამეფუძნებინა ის ამ ახალ ცნობიერებაზე. მსურდა შემექმნა რაღაც მშვენიერი, საინტერესო კონცეფციით გრძელვადიანი და ეთიკური, რომელიც არ მოახდენდა ბუნებისა და ადამიანების ექსპლუატაციას.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ, თუ როგორ მიხვედით მოდის სფერომდე?
მოდის მიმართ ინტერესი გამიჩნდა უფროს სასკოლო ასაკში, 1980-იანი წლების დასაწყისში. დედაჩემი კარგად ქსოვდა, ხოლო მისი და შესანიშნავი მკერავი იყო: მას შეეძლო ნებისმიერი კონსტრუქციის უმაღლესი კლასის კაბის შეკერვა. გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან დახელოვნებულები იყვნენ, ორივე ძალიან კრეატიული იყო. მე მქონდა საკუთარი გემოვნება ტანსაცმლის მიმართ, რომელიც ძალიან შორს იყო იმისგან, რაც ჩემი ასაკის გოგონებისთვის მოდური იყო და ძალიან მიჭირდა მაღაზიებში ისეთი სამოსის პოვნა, რომელიც მომეწონებოდა. საბედნიეროდ, მყავდა დედა და დეიდა, რომელთაც შეეძლოთ ჩემი ესთეტიური სურვილების ინტერპრეტირება. მათ ნამდვილად განავითარეს ჩემი სიყვარული მოდის მიმართ, მაგრამ ჩემი ნამდვილი გატაცება იყო დიზაინი. მე დავტოვე ჩემი მშობლიური ქალაქი ვენეტო და ჩამოვედი მილანში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინტერიერის დიზაინის შესასწავლად. მაშინ ის იყო იტალიის ფინანსური და ეკონომიკური დედაქალაქი, თუმცა მოდა ის-ის იყო იწყებდა ქალაქის ცხოვრებაში მთავარი ადგილის დამკვიდრებას. მე თავს ვირჩენდი შოურუმებში მოდელად მუშაობითაც. ერთ დღეს ჩემმა სამოდელო სააგენტომ კასტინგზე გამგზავნა ორი ახალგაზრდა დიზაინერების ოფისში, რომლებიც ის-ის იყო წარდგნენ დებიუტით მილანის მოდის კვირეულზე. მათი ტანსაცმელი ძალიან განსხვავებული იყო სხვა დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმლისგან და ისინი ეძებდნენ „ნამდვილ“ ქალებს. აღმოჩნდა, რომ მათ მოეწონათ ჩემი ჩაცმულობა და აღნაგობა, ხოლო მე მოვიხიბლე მათი ნიჭით, გადაწყვეტილების მიღების უნარითა და ინოვაციური მიდგომით. ასე მივიღე მონაწილეობა როგორც მოდელმა ჩემს პირველ (და ბოლო) მოდის ჩვენებაზე და დავასრულე სრულ განაკვეთზე მუშაობა. მე ვხედავდი, როგორ ატარებდნენ კვლევებს, როგორ ეძებდნენ შთაგონებას, როგორ მუშაობდნენ ბრენდის იდენტობაზე და როგორ წარმოედგინათ კოლექციის განვითარება. ის იყო შესანიშნავი გამოცდილება, რომელმაც განაპირობა ჩემი კარიერის მომავალი.
როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ბიზნესის განვითარების ნიჭი?
ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი. მე აღმოვჩნდი ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი იყო ახალი და მნიშვნელოვან დონეზე იმპროვიზებული. მართლაც, მოდა არც კი ითვლებოდა ნამდვილ ბიზნესად და მრავალი წელი დასჭირდა, სანამ ინვესტორები და ჰოლდინგები გამოავლენდნენ ინტერესს მოდის მიმართ. გარკვეული თვალსაზრისით, მოდა მიიჩნეოდა უფრო ხელოვნების გამოხატულებად. მე მომწონდა ბიზნესის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, რადგან ეს იყო შემოქმედებითი პროცესი და შესაბამისად, შეესაბამებოდა ჩემს მისწრაფებებს. ჩემთვის ამაღელვებელი ნაწილი იყო, არა მილიონ დოლარიანი გარიგების დადება, არამედ წარმოდგენა იმაზე თუ როგორ ვითარდებოდა ბაზარი, საჭირო პარტნიორების პოვნა, ძლიერი იმიჯის ჩამოყალიბება, ბრენდის ხედვისა და ღირებულებების გადაცემა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა კულტურული კონტექსტით. ეს იყო ძალიან კრეატიული და საინტერესო სამუშაო, რომელშიც ჩემი მთელი ძალისხმევა და მონდომება ჩავდე.
ათწლეულების შემდეგ, რამ გაგიღვიძათ ინტერესი შეგექმნათ რაღაც უნიკალური?
ეს იყო ჩემი დიდი ხნის სურვილი და მისწრაფება, რომელიც ჩამარხული მქონდა ჩემს ცნობიერებაში. ვიგრძენი, რომ გავიარე სრული წრე და ჩემს გზას სხვა ბრენდებზე მუშაობაში ვეღარ ვხედავდი. ეს იყო ახალი ცნობიერების დასაწყისი, რომელმაც მიმიყვანა ჩემი შინაგანი „მე“-ს ხელახლა აღმოჩენამდე, რომელიც რატომღაც მხედველობიდან დავკარგე მრავალი წლის წინ.
როგორ შეიქმნა ჩანთა Leaf Bag და როგორ უმკლავდებით მისი მდგრადობის საკითხს?
ყველაფერი დაიწყო, როცა შევეცადე გამომეღვიძებინა ჩემში შემოქმედებითი პოტენციალი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვუგულებელყოფდი. მე დავიწყე ობიექტების ხატვა ისე, როგორც უნივერსიტეტში ვხატავდი და ეს ფიგურა კვლავ და კვლავ ჩნდებოდა – რკალი, რომელიც იმეორებდა კვერცხის ზედა ნაწილის კონტურს. რაღაც მომენტში გაჩნდა ჩანასახი თუ როგორი იქნებოდა ჩანთა Leaf Bag. როდესაც ეკოლოგიური მასალების კვლევა დავიწყე, მე ვხელმძღვანელობდი პრინციპით, რომ ის არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ გადამუშავებული მასალა, როგორც გამოყენებული პლასტმასა. ჩემთვის, მდგრადი მასალა უნდა იყოს პირველ რიგში ორგანული, და შესაძლებელია რაღაც, რომელიც მორჩენილია სხვა ნაწარმისგან. თავდაპირველად, მე დავინტერესდი საკვების ინდუსტრიის მიერ გადაყრილი ფორთოხლის ნაფცქვენებისგან შექმნილი ნართით. ამ კვლევის დროს, დავესწარი აშშ-ში TED საუბრებს, სადაც აღმოვაჩინე ხელახლა გამოყენებული ანანასის ფოთლებისგან მიღებული მასალა Piñatex, რომლის გადაყრაც ხდება მოსავლის აღების დროს. მას, როგორც წესი ტოვებენ მიწაზე, სადაც ისინი ახშობენ ნიადაგს, ან წვავენ და წარმოქმნიან CO2-ს. ამ ნარჩენების დანახვისას კომპანია Ananas Anam-ს გაუჩნდა იდეა, შეექმნა ანანასის ფოთლების ბოჭკოდან მიღებული ინოვაციური მასალა Piñatex, რომელიც მექანიკურად გამოიყოფა რბილობისაგან და შემდეგ აშრობენ მზეზე. ამ გზით, მანქანით მომუშავე ხელსაწყოების გამოყენების გარეშე ნედლეულის აღდგენის გარდა, ასევე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის უზრუნველყოფა სეზონური პლანტაციების მუშაკებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
გარდა მისი ეკოლოგიურობისა და მდგრადობის, კიდევ რა მოგეწონათ ამ მასალაში?
რაც ნამდვილად მომეწონა, ეს არის მისი უნიკალური გარეგნული მხარე. მე არ მაინტერესებდა ტყავის იმიტაცია. მე მსურდა CROSA-ს ჩანთა ყოფილიყო ყოველმხრივ უნიკალური: მასში არსებული ღირებულებებით დაწყებული, დამთავრებული მისი გამორჩეული გარეგნული მხარითა და ხასიათით. მე ვფიქრობ, რომ ამაშია მისი სილამაზე და მიზეზი, რისთვისაც მე ის ავირჩიე. რა თქმა უნდა, ჩემი საბოლოო მიზანი იყო შემექმნა დახვეწილი ჩანთა, ამის მისაღწევად მე მომიწია დიდი დროის დახარჯვა. Leaf Bag-ის მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია პარმაში და სპეციალიზირებულია უმაღლესი კლასის ჩანთების წარმოებაში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდებისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველა ლითონის ან პლასტმასისგან მიღებული მასალის მდგრადი ალტერნატივების პოვნაში, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ჩანთების დასამზადებლად. ჩემს მიერ შექმნილი ხის სახელური და დამაკავშირებელი რგოლები დამზადებულია ავეჯის საწარმოში გადამუშავებული სერტიფიცირებული იტალიური წიფლისგან. მე ყოველთვის ვამოწმებ ახალ მასალებს და ისე ვიღებ გადაწყვტილებებს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ საქმეში არის ის, რომ Leaf Bag არ არის მხოლოდ ჩანთა, ეს არის პროექტი, რომელიც ვითარდება სრული მდგრადობისკენ ჩემი მისწრაფების პარალელურად.
როდესაც შექმენით ჩანთა Leaf Bag, გყავდათ მხედველობაში კონკრეტული მომხმარებელი?
ნამდვილად არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული ქალია, მიუხედავად მისი ასაკისა, პროფესიისა თუ აღნაგობისა. ქალი, რომელიც ხედავს მეტს, ვიდრე ბრენდირებული აქსესუარის სტატუსის სიმბოლოს. ქალი, რომელსაც უყვარს დახვეწილი პროდუქტის ტარება, რომელიც იცავს ეთიკისა და მდგრადობის ღირებულებებს.
როგორ ურჩევთ მათ ტარებას?
ჩანთას Leaf Bag (ზომა Medium ანუ საშუალო, რომლიდანაც წარმოიშვა ორი სხვა ზომა) და Leaf Bag( Small-ს ანუ პატარა) აქვთ როგორც სახელური, ასევე მხარზე გადასაკიდებელი. ჩანთას Leaf Bag Big (ანუ დიდი) მხარზე გადასაკიდებელი არ გააჩნია, მაგრამ ის შეგიძლიათ ატაროთ, როგორც ხელით ასევე მკლავზე გადაკიდებულ მდგომარეობაში. პირადად მე მათ ვიყენებ ტანზე გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში ან ე.წ. „კლატჩის“ სახით, სადაც მისი სახელური ხელის ზურგზე სამაჯურივით ვარდება. ვფიქრობ, ეს ჩანთის ტარების ძალიან ელეგანტური გზაა, მაშინაც კი როცა მისი ზომა დიდია.
ნება მომეცით დაგისვათ ბოლო და პროვოკაციული შეკითხვა: ვინაიდან მდგრადობის საკითხი ასევე დაკავშირებულია მოხმარებასთან, ჭარბი რაოდენობის ბრენდებისა და პროდუქტების ფონზე, რატომ გადაწყვიტეთ კიდევ ერთი (თქვენი) ბრენდის დამატება?
ეს გამოწვევაა. მე ვფიქრობ, რომ ყველა მსხვილმა ბრენდმა უნდა შეცვალოს წარმოების საკუთარი მეთოდი, უფრო ეკოლოგიური მასალების გამოყენებით და უფრო დიდი წარმადობით; თუმცა ამ ისტორიულ მომენტში კომპანიებს არ შეუძლიათ მკვეთრი არჩევანის გაკეთება, რადგან მათ ფინანსური მოგება მართავთ. მინდა დავუმტკიცო, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ყველას, ვინც დაინტერესებულია მიდგომის შეცვლით, რომ ეს შესაძლებელია. ფუფუნება შეიძლება იყოს მდგრადი.
ესაუბრა ჯოვანა მარკელო