20 21-22 F/W
ANOUKI – RECKLESS – YANA BESFAMILNAYA – BLIKVANGER – TIKO PAKSA – DALOOD – MACH&MACH
KOMBINIZONA – INGOROKVA – AKA NANITA – TAKO MEKVABIDZE – TEYO – SITUATIONIST
რა ცვლილებები იგეგმება „კოკა-კოლას“ ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც პანდემიის გამო თბილისის მოდის კვირეულმა ციფრულ ფორმატზე გადაინაცვლა
„რა არის ის, რასაც ყველანი ასეთი მონდომებით ველოდით? დიახ, ეს გარეთ გასვლაა! როდესაც გვექნება შანსი დავუბრუნდეთ ჩვეულ დღეებს, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ტანსაცმელი, რომელიც გამოხატავს სიხარულსა და ელეგანტურობას, აღფრთოვანებას და გლამურს – ყველაფერს, რაც გასულ წელს გამოვტოვეთ“…
ეს ანუკი არეშიძის 2021-22 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი სოციალური გზავნილია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, 50-60-იანი წლების დავიწყებულ თეთრ სვიტერებს, ბრჭყვიალა ტულის კაბას, შავ ხავერდსა და ყვავილებიან ნაქარგებს თითქოს საგანგებოდ და ტრავმატულად შეახსენებს პანდემიის ჟამს სახლში გამოკეტილ ქალებს. ასევე მიანიშნებს გრეის კელის, ავა გარდნერის, ელიზაბეტ ტეილორისა და სხვა კინოვარსკვლავების დავიწყებულ რომანტიკულ იმიჯზე და იმაზეც, რომ დღეს მოდაში ნებისმიერი რამის გარითმვა შეიძლება, მათ შორის პროზაული ჯინსისა და ბალერინას სიფრიფანა კაბის…
2021-22 წლების თბილისის მოდის კვირეულის მეთორმეტე სეზონი, რომელიც 6-9 მაისს, „კოკა-კოლას“ ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა, ალბათ გაცილებით რადიკალურია, ვიდრე ოდესმე. კვირეულის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, სოფო ჭყონია ამბობს, რომ გლობალურმა პანდემიამ არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ფორმა და სტილი შეცვალა, არამედ სტერეოტიპული აზროვნება და მიდგომები, რომელიც მოდის ინდუსტრიასაც ეხება და კიდევ ბევრ სხვა რამესაც… მისი აზრით ეს ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია:
როდესაც წერეთლის გამზირზე „კოკა-კოლას“ ქარხანა გაუქმდა, სრულიად უფუნქციოდ დარჩა უზარმაზარი, აუთვისებელი სივრცე, რომელსაც როგორც წესი, ინვესტორები პოტენციურ სამშენებლო გარემოდ განიხილავდნენ. რომელიმე სამშენებლო კომპანია იყიდის მიწას, ჩადგამს კორპუსებს და მერე ყველაფერი მარტივად წყდება. ჩვენი მიზანი იყო ეს „გაცვეთილი“ სცენარი შეგვეცვალა. გვსურს ყოფილი ქარხნის ტერიტორია ერთგვარ შემოქმედებით თუ კრეატიულ სივრცედ ვაქციოთ, რომელშიც საგამოფენო, საკონფერენციო თუ კინოდარბაზები, პავილიონები, არტის, მოდისა და დიზაინის სკოლა ერთად იქნება წარმოდგენილი.
თუმცა ეს ბევრ სირთულესა და პირველ რიგში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიის ტრანსფორმაციას უკავშირდება…
მესმის, ეს სირთულესთან არის დაკავშირებული და ქარხნის ტერიტორიის სახეცვლილება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს – დაახლოებით წელიწადნახევარს, ან ორ წელსაც. თუმცა წლების განმავლობაში, როდესაც თბილისის მოდის კვირეულს ვატარებდით, იმდენ არაპროფესიონალურ მიდგომას და ფაქტს წავაწყდი, რომ ყველაზე მნიშველოვან ფაქტორად განათლებისა და პროფესიონალიზმის საკითხი მიმაჩნია. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ძნელი იქნება წინსვლასა და განვითარებაზე ფიქრი. ამდენად, მოდისა და დიზაინის სკოლა, რომელიც ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება, ის ადგილი გახდება, სადაც სწავლა, განათლება და ახალი იდეების ირგვლივ თავმოყრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას.
ალბათ, ამგვარი მულტიკულტურული სივრცის გაჩენა ხელს შეუწყობს ახალი, განსხვავებული არტ-იდეებით სავსე ახალგაზრდების შეხვედრასაც.
მთავარი იდეაც სწორედ ასეთი სივრცის შექმნას უკავშირდება, რომელიც პირველ რიგში ახალი, კრეატიული აზროვნებით გამორჩეული ადამიანების თავშეყრის ადგილი გახდება. გარდა საგანმანათლებლო ცენტრისა, აქ გაიხსნება საგამოფენო სივრცეები და დარბაზები, მოეწყობა გამოფენები, ჩატარდება შეხვედრები, ლექციები, მოვიწვევთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც სემინარებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ. ეს აუცილებელია, რათა ბევრი ისეთი გაუგებრობა ავიცილოთ თავიდან, რასაც დღესაც ვაწყდებით.
გულისხმობთ ახალგაზარდა თაობის მოდელების პროტესტს?
არამხოლოდ, თუმცა მათი პროტესტი ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეხება და დაკავშირებულია სამოდელო სააგენტოებთან და უშუალოდ დიზაინერებთან, რადგან ისინი ირჩევენ მოდელებს. უფრო პრობლემატური მეჩვენება ახალგაზრდა და შედარებით ძველი თაობის მოდელებსა თუ დიზაინერებს შორის ფსიქოლოგიური განსხვავება ან ურთიერთობის პრობლემა, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ახალგაზრდები გაცილებით სხარტად და სწარაფად რეაგირებენ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, თუმცა საბოლოოდ, ეს მაინც არ უკავშირდება წმინდა პროფესიულ, ასე ვთქვათ, მოდის სფეროში არსებულ საკითხებს.
სად იქნება შემდეგში თბილისის მოდის კვირეულის მთავარი სივრცე, სად გაიმართება ჩვენებები?
წელს სპეციალურად ავაშენეთ რამდენიმე სივრცე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. პანდემიის გამო ცხადია, ჩვენება მხოლოდ ონლაინ ფორმატით გაიმართა, მაყურებლის გარეშე. ამისათვის სპეციალურად მოვიწვიეთ გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფი ლონდონიდან, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იღებდა წლევანდელ კვირეულში მონაწილე ქართველ დიზაინერთა კოლექციებს. თუმცა ეს საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია, რომელსაც ცოცხალი ჩვენებისგან განსხვავებით, ზოგიერთი ვერ უძლებს და რაც ასევე გარკვეული პრეტენზიების მიზეზი გახდა. შემდეგში უკვე ვაპირებთ ახალი, სტაციონარული პავილიონის გახსნას, რაც უკვე ცოცხალ ჩვეენებას გულისხმობს. იმედია, იმ დროს პანდემიაც დასრულდება და შეზღუდვებიც მოიხსნება.
წელს თბილისის მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერთა რაოდენობა აშკარად ცოტაა – სულ თორმეტიოდე ჩვენება იყო დაგეგმილი და გადაღებული, რომელსაც დაინტერესებული მაყურებელი ონლაინ პლატფორმით, ან „ტვ პირველის“ ეკრანზე თუ ნახავს…
ეს პირველ რიგში, პანდემიით უნდა აიხსნას. ბევრმა დიზაინერმა ვერ მოახერხა გადაწყობა ახალ რეალობასა და ახალ პლატფორმაზე და შესაბამისად, გამოსვლაზე უარი თქვა. რაც ჩემი აზრით, მაინც შეცდომაა, რადგან ყოველი ჩავარდნილი სეზონი რეალურად უკან დახევას უფრო ნიშნავს და შემდგომში, მათ დროსთან დაწევა მოუწევთ. თუმცა წელსაც არიან ძალიან საინტერესო და კრეატიული აზროვნებით გამორჩეული ახალგაზრდები. მათი კოლექციების ნახვა მაყურებელს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI ვებ-გვერდზე შეეძლება.
რას ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ქართული მოდა და მისი ტენდენციები თბილისის მოდის კვირეულის გავლენით? ან როგორ შეიძლება შეფასდეს რეალობა უკვე ათწლეულის შემდეგ?
დღეს სრულიად სხვა კონტურები შეიძლება დავინახოთ. განვლილი დროის შემდეგ, ქართული მოდა ევროპაში აღარ აღიქმება მხოლოდ ეგზოტიკად და ამაში უდიდესი როლი დემნა გვასალიას და დავიდ კომას ეკუთვნით. მათი დაუზარელი და ხშირი შეხსენებით საქართველო საინტერესო ადგილს იკავებს მოდის სამყაროში. უკანასკნელ წლებში ასევე ბევრი ჟურნალისტი, კრიტიკოსი თუ ბაიერი ჩამოვიდა საქართველოში, რომელთა მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულში უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საქმიანი ან პროფესიული ვიზიტი. გარდა ამისა, ქართველი დიზაინერების სამოსი ევროპის ცნობილ სავაჭრო ცენტრებში გამოჩნდა. იმედია, პანდემიის შემდეგ, როცა თბილისის მოდის კვირეული ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა დიზაინერის პროდუქციას ვიხილავთ ევროპის ქვეყნებში.
და ბოლოს, რატომ დაარქვით თბილისში უკვე პოპულარული და მოდური სახელწოდება „ქარხანა“ მომავალ მულტიკულტურულ სივრცეს?
უბრალოდ, სახელწოდება „ქარხანა“ ასოცირებულია კონკრეტულ ადგილთან და როცა ადამიანს ეკითხები – სად მიდიხარ, ის გპასუხობს „კოკა-კოლას“ ყოფილ ქარხანაში, ან მოკლედ – ქარხანაში. გარდა ამისა, თუ გახსოვთ ენდი უორჰოლს ჰქონდა 60-იან წლებში ცნობილი არტ-სტუდია მანჰეტენზე, ნიუ-იორკში, რომელსაც სწორედ Factory ერქვა და რომელიც ცნობილი გახდა, როგორც მუსიკოსების, მწერლების, მხატვრების, არტისტების, ფოტოგრაფების თავშეყრის ადგილი. ასე რომ, ჩვენი სახელწოდება არა მხოლოდ „კოკა-კოლას“ ყოფილ ქარხანას უკავშირდება, არამედ არტის გამოცდილებასაც.
JAMPROJECTAGENCY-ის თეზისები
ვიდრე ქართველი დიზაინერები 6-9 მაისს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, საკუთარ კოლექციებს წარმოადგენდნენ, გაცილებით ადრე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა თბილისის მოდის კვირეულისთვის სპეციალურად JAM PROJECT-ის მიერ შექნმნილი თიზერები. საინტერესო და ორიგინალური კონცეფცია იმთავითვე გარკვეულ ინტრიგასაც ქმნიდა, რადგან ისინი სამი დამოუკიდებელი სტრუქტურისგან შედგება – ჰალსტუხი, ვარდი და ჯანჯაფილი. რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან და რატომ შეირჩა ეს სამი ელემენტი…
JAM PROJECT-ი 2019 წელს შეიქმნა, კონცეფციის ავტორი და შემქმნელია გრიგორ დავეჯიევი (ადრე არტ-პუბლიკა მას უფრო ჯიჯი რეჯინის სახელით იცნობდა), რომელმაც მოდის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის თავისებური კონცეფცია შეიმუშავა.
JAM PROJECT: JAM PROJECT ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოდის ინდუსტრიაში მუშაობს, რადგან იდეური და ვიზუალური ესთეტიკის რადიკალური ცვლილების ფუფუნება და შესაბამისად, კომუნიკაციის მრავალფეროვნება ნამდვილად გვაქვს. ასევე ჩვენი გარკვეული სტრატეგიით ვუპირისპირდებით საქართველოში არსებულ სტიგმას მოდის სიმსუბუქისა და ზედაპირულობის შესახებ, რაც მას უსამართლოდ აკნინებს და აშკარად უშლის ხელს იყოს აღქმული, როგორც ხელოვნების სრულფასოვანი დარგი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდა ამ საუბრის განუყოფელი, უფრო მეტიც, აუცილებელი ნაწილი იყოს.
და მაინც რატომ სამეული – ჰალსტუხი, ვარდი და ჯინჯერი?
JAM PROJECT: თბილისის მოდის კვირეულთან თანამშრომლობის ფარგლებში JAM PROJECT ყოველთვის ღირებულებებზე საუბრობდა. ეს იყო თავისუფლება, გახსნილი ურთიერთობა და კრეატიულობა. ამჯერად ჩვენი სასაუბრო თემა და კონცეფცია აზროვნება გახდა. ავიღეთ სამი, ჩვენი აზრით, ყველაზე სტერეოტიპული პროდუქტი (ნივთი) და მათზე გადავიტანეთ მთავარი აქცენტი ანუ შეიქმნა კონცეფცია.
ჩვენ დღეს სხვადასხვა პროდუქტების შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციებით ვცხოვრობთ. ყველა საგანს, შეფუთულს თუ შეუფუთავს, მოყვება ეს ინსტრუქცია იმ სტერეოტიპებისა და დამოკიდებულებების სახით, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდებოდა. დღეს, ჭარბი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ერთი „კლიკიც“ კი საკმარისია, რომ ამ სიმბოლოდ ქცეული საგნების ტყვეები გაუცნობიერებლად გავხდეთ. ეს სიმბოლოები თითქოს გვიმარტივებს ყოვლედღიურობას და გვიტოვებს დროს რეფლექსიისთვის – ვიფიქროთ უფრო ფასეულსა და არამატერიალურზე.
თუმცა, სწორედ დეტალების, საგნების, ადამიანების და ზოგადად სამყაროს ალტერნატიული აღქმის მოთხოვნილების შედეგია აზროვნება. თავის მხრივ კი აზროვნების პროდუქტი პიროვნებაა, რომელიც სწორედ მისი უნიკალური დამოკიდებულებებით იქმნება და არა არსებული ნორმების გაუცნობიერებელი ან ზედაპირული გაზიარებით. ფაქტია , მხოლოდ მოაზროვნე ქმნის ან ცვლის კულტურას, პოლიტიკას, კულინარიას, ეკონომიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას და მოდას.
როგორ წარმოგიდგენიათ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-სა და Jam Project-ს შორის კავშირი?
JAM PROJECT: რეალურად და კრიტიკულად თუ შევხედავთ, ეს მოდის კვირეული ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ამ სფეროში და ერთ-ერთი მთავარი მათ შორის, ვინც ქმნის ქართული მოდის ინდუსტრიას და აქცევს მას ცოცხალ ორგანიზმად. JAM PROJECT-ისა და მოდის კვირეულის გზები ხშირად იკვეთება, საერთო ინტერესებისა და მიზნების გამო.
დავით ბუხრიკიძე
FOTO AND VIDEO campaign for MBFWT by JAMPROJECT
Sofia Tchkonia. CREDITS: from JAMPROJECT FILES MUA: Cristina Regini