იმანი თავის პირველ სუნამოს მის ერთადერთ სიყვარულს უძღვნის

27.11.2021

სიყვარულით შთაგონებული, იმანის პირველი სუნამო სახელწოდებით Love Memoir, რომელიც მან თავის მეუღლეს დეივიდ ბოუის მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე მიუძღვნა, წინასაახალწლო  სიურპრიზია ქალბატონებისთვის. ამ პროექტზე მან კომპანია Batallure Beauty-სთან ითანამშრომლა, ხოლო სუნამო ექსკლუზიურად HSN-ის პლატფორმაზე გაიყიდება. მეუღლეს მონატრებული, მისი თქმით აქამდე, იმანი მეუღლის საყვარელ სუნამოს –  ტომ ფორდის Grey Vetiver-ს სულ თან ატარებდა, თუმცა აწი მას Love Memoir-ით ჩაანაცვლებს, რადგან ის ორივეს იტევს მათი ისტორიებითა და მოგონებებით.

ხუთ ენაზე მოსაუბრე სომალიელი ცნობილი მოდელი, რომლის სილამაზეზე მთელი სამყარო ლაპარაკობდა და მეოცე საუკუნის ლეგენდად ქცეული მუსიკოსი ერთმანეთს პირველად ლოს ანჟელესში საერთო მეგობრის წვეულებაზე შეხვდნენ. როგორც დეივიდი იხსენებდა, მან ერთი ნახვით შეყვარება იმ დღიდან იწამა, იმანს კი მის შესაყვარებლად ხუთი თვე დასჭირდა. ლოს ანჯელესი იმანის საყვარელი ადგილი არასდროს ყოფილა, თუმცა იქ ჩასვლას მის ბედისწერას უკავშირებს. პირველი პაემანის შემდეგ, პარიზში მოუწია გადაფრენა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე მონაწილეობის მისაღებად. სასტუმროში მისულს, გარდენიებით სავსე ოთახი დახვდა, ლოს ანჟელესში დაბრუნებისას კი დეივიდი აეროპორტში სულმოუთქმელად ელოდა. ასე დაიწყო ეს ლამაზი და დაუვიწყარი სიყვარულის ისტორია.

ისინი 1992 წლის 6 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაქორწინდნენ. მათზე კაშკაშა წყვილი  სამყაროში არ დადიოდა. ბედნიერ წლებს ნიუ იორკს უკავშირებდნენ, სადაც პოპულარობით და თაყვანისმცემლებისგან გადაღლილი დეივიდი მის საყვარელ წიგნის მაღაზიებს აფარებდა თავს, საღამოობით კი  ქალიშვილი ალექსანდრია სკოლიდან სახლში მოყავდა.

„ჩვენი სიყვარულის ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს გვეკუთვნოდა, ყველანაირად ვერიდებოდით ჩვენს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ გველაპარაკა. ამ სუნამოს საშუალებით ჩვენი სიყვარული საჯაროდ პირველად გამოვიტანე. 1994 წელს Iman Cosmetics-ის ხაზის გამოშვებამდე ბევრი ვიყოყმანე, მაშინ დეივიდმა გადამაწყვეტინა საბოლოოდ მისი გამოშვება. „თუ არ გამოუშვებ ვერ იწინასწარმეტყველებ გაამართლებს თუ არაო, მეუბნებოდა“. ის ჩემით ამაყობდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო „სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ!“, იხსენებს იმანი.

„რაც დრო გადის, მადლიერი ვარ სამყაროსი და ბედისწერის იმ 26 წლისთვის რაც მასთან ერთად გავატარე. თანდათან ცრემლებს ეს მადლიერების შეგრძნება ენაცვლება. ამას წინათ ჩვენმა 26 წლის ქალიშვილმა (Alexandria Lexi Jones) მეორედ დაქორწინებაზე აზრი მკითხა. მე ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: მე ჯერ კიდევ ბედნიერ ქორწინებაში ვარ. ის სულ ჩემთანაა, განსაკუთრებით უყვარდა ზღვის ჩასვლის ყურება და როცა მას ვუყურებ ჩვენი სახლიდან, ვგრძნობ რომ სადღაც იქვე დგას.

Love Memoir ჩვენი მარადიული სიყვარულის ძეგლია“.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top