ლონდონი – მილანი – პარიზი / გაზაფხული-ზაფხული 2023

აქცენტები

03.10.2022

ლონდონი. Erdem-ის რომანტიკული  გმირები Toile de Jouy ყვავილოვან და ფაფუკ სახელოებიან კაბებში ხშირად ისე გამოიყურებიან, თითქოს მე-19 საუკუნის რომანის ფურცლებიდან არიან გადმოსულები. უნიკალური იმიჯი, რომელზეც ლონდონელი დიზაინერი  Erdem Moralıoğlu  ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა, ხელოვნების ექსპონატებსა და მოდის არქივებს შორის მოხვდა, კერძოდ, ვიქტორია და ალბერტის ბრიტანეთის დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის კოსტიუმების  კოლექციაში. ეს ყველაფერი ძალიან შორს არის Gen Z-ის სტილისგან, რომელმაც ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოდის სცენა დაიპყრო.

Erdem-ის 2023 წლის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბერძნულ სვეტებში წარადგინა, ისტორიულ მოვლენას დაემთხვა – დედოფალ ელისაბედ II-ის ვესტმინსტერის სააბატოში გადასვენებას. 19 სექტემბერს დაგეგმილი ყველა მოდის ჩვენება გაუქმდა, ზოგიერთმა მოდის სახლმა, მაგალითად Burberry-მ ჩვენება თვის ბოლოს გადაიტანა. თუმცა, Erdem-მა და კიდევ რამდენიმე ბრენდმა, მათ შორის  JW Anderson-მა, Simone Rocha-მ, Christopher Kane-მა, Harris Reed-მა, Chopova Lowena-მ და Nensi Dojaka-მ მონარქის პატივისცემის ნიშნად, პოდიუმი მის ხსოვნას მიუძღვნეს.

Erdem-ი ყოველთვის დაინტერესებული იყო დედოფლით და მისი ცხოვრებით. მეტიც, დიზაინერის Resort 2023 წლის კოლექცია მონარქის დიდი ხნის ფლორისტის, კონსტანს სპრის (Constance Spry) მიერ იყო შთაგონებული.

ელისაბედ II-ის ხსნოვნისადმი მიძღვნილი ჩვენება Erdem-მა ეპიგრაფით გახსნა: „მწუხარება არის ფასი, რომელსაც ვიხდით სიყვარულისთვის“ – დედოფლის ცნობილი სიტყვები 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ. დიზაინერმა კიდევ უფრო შორს წაგვიყვანა ისტორიაში შავი კორსეტიანი კაბებით, რომლებიც მე-18 საუკუნის ნაქარგებითა და პრინტებით იყო გაფორმებული. ჩვენების ბოლო კაბა დედოფლის კორონაციის სამოსის ანალოგი იყო.

Erdem-ი ამ სეზონში ხელოვნების აღდგენის პროცესით იყო შთაგონებული. „მე და ჩემი გუნდი ეროვნულ გალერეაში, Tate Britain-ში და ბრიტანეთის „ვიქტორია და ალბერტის მუზეუმ“-ში კონსერვატორებთან და რესტავრატორებთან ერთად კულისებში დიდ დროს ვატარებდით. ვფიქრობდი იმ ობსესიასა და თავდადებაზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ცხოვრება ხელოვნების ნიმუშის გაცოცხლებას მიუძღვნა.“

მილანი. Chic (შიკი) ეს არ არის უბრალოდ ზედმეტად გამოყენებული სიტყვა მოდის ინდუსტრიაში, ის ცარიელ ტერმინად  იქცა, რომელიც ერთგვარი მოცემულობაა, როდესაც გვსურს გავერკვიოთ რა არის ლამაზი, საინტერესო ან უბრალოდ ტრენდული.

Chic ასევე დაკარგული ხელოვნებაა, რომლის წარმოშობის ისტორიაც მოდასთან ერთად იღებს სათავეს, კერძოდ 1800-იანი წლების ბოლოს. Chic შეიძლებოდა ყოფილიყო თვისება, დამოკიდებულება ან თუნდაც ფილოსოფია. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული 1970-იან და 1980-იან წლებშიც კი, როდესაც Chic-ის ქრონიკად წოდებულ WWD-ს ჯონ ფეირჩაილდი  (John B. Fairchild) მართავდა, აღნიშნული სიტყვა ხშირად ასაკს გულისხმობდა – როდესაც თვალების ირგვლივ ხაზები გიჩნდება, სწორედ მაშინ გეთქმის სიტყვა სტილის შესახებ, საკუთარი თავის შეცნობას იწყებ და თავდაჯერებული ხდები, გაქვს ჩამოყალიბებული ჩვევები და ურთიერთობები (რომანტიული და სხვა), გემოვნება, რადგან ბოლო სამი-ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამყაროში ცვლილების მომსწრენი გახდით.

TikTok-ის განვითარებამ დღევანდელი საზოგადოება ორ ბანაკად დაჰყო: Gen Z და grannycore – ან ყველაფერი გინახავთ, ან არაფერი. სად გაქრა მღელვარე, მშვენიერი და ელენგანტური chic? სწორედ ეს ხდის მეთიუ ბლაზის (Matthieu Blazy) Bottega Veneta-ს 2023 წლის ზაფხულის ჩვენებას განსაკუთრებულს (ჩვენება დიზაინერის მეორე კოლექცია იყო, თებერვალში დებიუტის შემდეგ). თითქოს არაფერია გასაოცარი ჯინსებში,  მაისურებში, შავ კაბებში, პალტოებში, პერანგებში და ტყავის ყავისფერ ჩანთებში – ეს ყველაფერი ხომ Balenciaga-ს ჩვენებებში არაერთხელ გვინახავს (დემნამ 2019 წელს მოდელებს ტურისტული საყიდლების ჩანთები დააჭერინა), გვინახავს „ბანალურობა“ Martin Margiela-ს და Prada-ს კოლექციებში და პერსონალური სტილის ზეიმი Gucci-ს დიზაინში.

პირველ რიგში, ყველა ნაჭერი ნაბეჭდი ტყავია, რაც საკმაოდ მდიდარი ფუფუნებაა. ეს არ იყო ჩვეულებრივის მეტამორფოზა, ეს იყო განაცხადი, რომ Bottega Veneta-ს მომხმარებლის ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოს. რაც მთავარია, ბლაზის სამოსში იმ იდუმალების განცდა იგრძნობოდა, რომელსაც chic გადმოსცემს. სწორედ იდუმალება ხდის ქალად ყოფნას ამაღელვებელს; ან თუნდაც შავი კაბის იდეა – ბლაზის ჩვენებაზე ასეთი ორი იყო. ბოლოს როდის ვნახეთ უბრალო შავი კაბა?

Bottega Veneta მისი დახვეწილი ოსტატობით თითქოს 90-იანი წლების Martin Margiela-ს, Hermes-ის, Phoebe Philo-ს და Celine-ს კოლექციებში გვაბრუნებს. ეს არის ტანსაცმელი ქალისთვის, რომელსაც აქვს გამოცდილება, იმოგზაურა, იცის რომელია კლერ დენის საუკეთესო ფილმები და ყოველწლიურად დადის არტ ბაზელზე. ის იცნობს საკუთარ თავს – ის არის chic..

კეიტ მოსის პოდიუმზე უბრალო ჯინსებში და პერანგში გამოჩენით Bottega-მ ტრადიციული chic კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა – საკულტო სუპერმოდელი, რომელიც ნამდვილი სუპერმოდელივით იყო ჩაცმული. არამგონია უბრალო დამთხვევა იყოს, რომ მოდელი სწორედ chic-ის დემოგრაფიულ ასაკში (48) იმყოფება. ექსპერიმენტი და ე.წ. flamboyance დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოდის მმართველი წესია, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სამოსი გამოხატავდეს იმას, ვინც რეალურად ხარ ან თუნდაც ისწარფვი რომ იყო. 

პარიზი. Coperni-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენების ინტერნეტ სენსაციად ქცევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: შიშველი სუპერმოდელი, 90-იანი წლების ნოსტალგია და კარდაშიან-ჯენერების „კლანის“ წევრები მოწმეებად.

2013 წელს დაარსებული პარიზული ბრენდის სახელწოდების – Coperni-ს  ინსპირაცია, რენესანსის მათემატიკოსი და ასტრონომი, ნიკოლაი კოპერნიკია.  ლეიბლის მიღმა დუეტი, სებასტიან მაიერი და არნო ვაილიანტი ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ მეცნიერებისა და მოდის სამყაროს შერწყმით. წლევანდელ ჩვენებაზე დიზაინერებმა მოდის ტექნოლოგიის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვეს: „ეს წარსული საუკუნეების განმავლობაში ქალის სილუეტის ზეიმია,“  განაცხადა ვაილიანტმა.

ჩვენება პარიზში, Musée des Arts et Métiers-ის დარბაზში – Salle des Textiles გაიმართა, რომელიც სარტორული მომენტებითა და ისტორიული რემინისცენციებით მე-19 საუკუნის აურზაურს წააგავდა. რაც შეეხება ბრენდის ფუტურისტულ ესთეტიკას, ის ონლაინ თამაშის, Roblox-ის პერსონაჟებით და „მატრიცათი“ (კერძოდ სათვალეები) იყო შთაგონებული.

თუმცა, ყველაზე გამორჩეული ფინალი იყო, რომელიც პოდიუმის ვარსკვლავზე, ბელა ჰადიდზე იყო ორიენტირებული. მოდელი ჩვენებაზე საცვლებით გამოვიდა, შემდეგ კი სპეციალისტთა ჯგუფმა, დოქტორ მანელ ტორესის ხელმძღვანელობით (Fabrican-ის დირექტორი და სპრესის ქსოვილის გამომგონებელი – დაპატენტებული სპრეის მასალა, რომელიც ტექსტილში მკვრივდება), მინიმალისტური Coperni-ს კაბა პირდაპირ ჰადიდის შიშველ სხეულზე შექმნეს. 9 წუთის განმავლობაში, დამსწრეები უყურებდნენ როგორ სქელდებოდა ბოჭკოვანი ფენები.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კაბა არ არის გაყიდვადი ან თუნდაც ხელახლა ჩასაცმელი, რადგან ის ჰადიდის სხეულის პროპორციებზეა შექმნილი, Coperni მაინც აპირებს მის შოურუმში წარდგენას. ამ პერფორმანსით, ბრენდმა მოდის მდიდარი ტრადიცია გააცოცხლა, კერძოდ, როდესაც 1999 წელს, ალექსანდრ მაკ-ქუინმა ორ რობოტს სპრეით დაახატინა კაბა, რომელიც შალომ ჰარლოუს ეცვა.

სამყარო, რომელშიც ტალახი როგორც მეტაფორულად, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, გასაკვირი არ არის, რომ ვიზუალური მეტაფორის ოსტატმა, დემნა გვასალიამ მის ჩვენებაში გამოიყენა. უფრო კონკრეტულად, დიზაინერმა, 275 კუბური მეტრი შავი ტალახით, რომელიც ფრანგული ტორფის ჭაობიდან იყო, პარიზის გარეუბანში მდებარე საკონფერენციო ცენტრის შუაგული, კედლები და პოდიუმი „დასვარა“. ეს ყველაფერი, ესპანელი მხატვრის, სანტიაგო სიერას ხედვით შეიქმნა.

ტალახიანი პოდიუმი Ye-მ (წარსულში ცნობილი, როგორც კანიე უესტი და დემნას დიდი ხნის კოლაბორატორი) ტყავის ბაიკერის შარვალში, დიდი ზომის სამხედრო ქურთუკში და ბეისბოლის ქუდით გახსნა.

როგორც თავად დემნამ აღნიშნა, ჩვენების მთავარი კონცეფცია „სიმართლის თხრა და მიწასთან ახლოს ყოფნა იყო.“ მიუხედავად იმისა, რომ მისი მაღალი მოდის კოლექცია Balenciaga-ს მემკვიდრეობით ერთგვარი ექსპერიმენტია, მზა ტანსაცმელი უფრო სოციალური კომენტარია.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top