10.11.2022
სეზონის ცვლილებასთან ერთად, განწყობის გადახალისება ახალი სუნამოს ძიებით უნდა დავიწყოთ. ამ და სხვა გამოწვევისთვის ყოველთვის მზადყოფნაშია აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში მდებარე „ლარომ ბუტიკ“-ის სავსე დახლები და მათი კომპეტენტური კონსულტანტები. ნიშური სუნამოების ვრცელ ასორტიმენტს ავსებს საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული სახლის Ormonde Jayne-ის სურნელოვანი შემოქმდება და ჩვენც მზად ვართ კლასიკად ქცეული ინოვატორული ბრენდის საქმიანობა თავად დამფუძნებელ ლინდა პილკინგტონთან საუბარში გაგაცნოთ.
სწორედ მაშინ, როდესაც „ნიშ“ პარფიუმერიის ახალმა ტალღამ სუნამოს სამშობლო მოიცვა, ლონდონის ბონდ სტრიტზე სუნამოების ბუტიკი Ormonde Jayne გამოჩნდა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ადგილობრივ ოლფაქტორულ მიწაზე და არა მარტო. როგორ აღწერდით ინგლისში პარფიუმერიის სახლის ჩამოყალიბების გამოცდილებას, როგორც პირველი ქალი დამფუძნებელი ამ სფეროში, და რამ განაპირობა ამ მოგზაურობის დაწყება?
„შემთხვევითობა“ აჯამებს ჩემს ცხოვრებას! სოფლად გაზრდილი, ჰობის აუცილებლობას ვხედავდი, წვიმიან შაბათ-კვირას გასართობად. ჩემი ჰობი – ხელსაქმე, დიდ დროს ითხოვდა, როგორიცაა სურნელოვანი სანთლების, აბაზანის პროდუქტებისა და შოკოლადების დამზადება. ჩემი ნაკეთობების რეალიზაციისთვის ადგილობრივმა ეკლესიამ სტენდის გამართვა შემომთავაზა; სოფელში ყველა მიცნობდა. ათწლეულების შემდეგ შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარ ბრიუსს, შანელის საიუვილერო ბუტიკში, ძველ ბონდ სტრიტზე, სადაც ის მუშაობდა. სურნელოვანი სანთლის მკაფიო კრიტერიუმებით ძებნისას, რომელსაც უნდა ჰქონოდა კოკო შანელის ანტიკვარული შირმების ზუსტი ელფერი, დახვეწილი სურნელი, ლამაზი შუშის ჭურჭელი და სხვა, მას ჩემი ადრინდელი გატაცება გაახსენდა.
პერფექციონისტები გამოწვევებს სერიოზულად ვუდგებით! გრასში თვეების მანძილზე ექსპერიმენტებისა და კვლევის ჩატარების შემდეგ, სამზარეულო სახელოსნოდ გადავაქციე. წარვუდგინე თუ არა საბოლოო პროდუქტი მადამ სოფის, მან მაშინვე 50 სანთელი შემიკვეთა დამატებით. როდესაც შანელმა მოითხოვა ინვოისი რეგისტრირებული კომპანიისგან, ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა კომპანიის სახელში ჩვენი ქუჩა „ორმონდი“ და ჩემი მეორე სახელი ჯეინი გაგვეერთიანებინა.
სახელი ელვის სისწრაფით მოვიხვეჭეთ, რასაც ერთბაშად სერიოზული შეკვეთები მოჰყვა Burberry-დან, The Conran Shop-დან და Neiman Marcus-იდან. Ormonde Jayne გახდა სრულგანაკვეთიანი საქმიანობა, რომელიც უკვე 21 წელს ითვლის, 44 თანამშრომლით, ხოლო წარმოება კვლავ ჩვენს საკუთარ სტუდიაში მიმდინარეობს.
დაფუძნებული ხართ ლონდონში და აწარმოებთ მაღალი ხარისხის სუნამოებს ადგილობრივ ლაბორატორიაში. პარფიუმერიის დედაქალაქის გარეთ ყოფნა დადებითად აისახა თქვენს საქმიანობაზე თუ ამან მოიტანა გარკვეული გამოწვევები?
20 წლის წინ გრასი სუნამოების დედაქალაქი იყო. სურნელოვანი ოჯახის ერთ-ერთი ტერმინი „ორიენტალური“ გულისხმობს, რომ ყველა იცქირება აღმოსავლეთისკენ საფრანგეთიდან აზიაში (საიდანაც ფისოვანი, ქარვის ზეთები მოდის). ინტერნეტმა კი გახსნა სამყარო, რამაც რეკლამირების საშუალება მისცა პარფიუმერული ზეთის მომწოდებლებს, რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებელი პატარა პარფიუმერული სახლებისთვის, როგორიცაა Ormonde Jayne. მანამდე, სუნამოების დამზადება ელიტური და ექსკლუზიური საქმიანობა იყო, შემოიფარგლებოდა გრასში რამდენიმე სახელგანთქმული ოჯახის პარფიუმერული სახლით.
დღევანდელი ატმოსფერო უფრო გათანაბრებული და დაბალანსებულია და ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რადგან ეს აღარ არის ტრადიციული პატრიარქალური სამყარო. ჩვენი ფილოსოფია ინარჩუნებს ბრიტანული ოსტატობისა და წარმოების მიმართ ერთგულებას. Ormonde Jayne-ს საერთაშორისო მასშტაბით ჰყავს მომხმარებლები და ჩვენი დროშა აღიმართა თითქმის ყველა ქვეყანაში, რადგან ბრიტანული სიძვირფასის პრინციპები საყოველთაოდ აღიარებულია. პრივილეგიას წარმოადგენს და დიდად სასარგებლოა ლონდონში დაფუძნება, ფეხის მოკიდება შემოქმედებითობისა და უხვი მრავალფეროვნების ამ კერაში. გულწრფელად ვერ წარმომიდგენია Ormonde Jayne სხვაგან!
ბრენდის დებიუტი შედგა სახელწერო კოლექციით (Signature Collection), რომელიც გაჟღენთილია ეგზოტიკური სურნელებით, რაც ხაზს უსვამს „მოგონებების ხელახალი მოხელთების და უცნობი კულტურების გაცნობის ხელოვნებას“. თქვენი კომპოზიციები აშკარად ეკუთვნის გამოცდილ მოგზაურს და შემიძლია ვივარაუდო, რომ ამით ხართ გატაცებული. რა გახდა პირველი კოლექციის მთავარი ინსპირაცია და შეცვალა თუ არა Ormonde Jayne-მა კონცეპტუალური ხაზი მას შემდეგ?
მოგზაურობა ჩვენი სუნამოების რეპერტუარის გულშია და გრძელი ეპიკური ვოიაჟები გაუთავებელი შთაგონების წყარო ხდება ჩვენს ყველა კოლექციაში, იქნება ეს Signature Collection (სახელწერო კოლექცია), The Four Corners of the Earth (დედამიწის ოთხი კუთხე) თუ La Route de la Soie (აბრეშუმის გზა). ჩვენი სუნამოების ფორმულებიც ძალიან მისადაგებული და თანმიმდევრულია, ყვავილებს აზავებს მათ მშობლიურ გარემოსთან.
Champaca (შამპაკა) პაწაწინა ფორთოხლის ყვავილია ინდოეთიდან, ხოლო მის გარშემო შექმნილი ჩვენი სუნამო აერთიანებს ჩაის ნოტებს და ბასმატის ბრინჯს, რადგან ეს ჩინებული, კეთილსურნელოვანი არომატი გხვდება მთელს ინდოეთში.
Ta’if-ის (ტაიფი) ცენტრალური გმირია არაბული ვარდის ზეთი, რომელიც არაბეთის უდაბნოში მთაზე იზრდება. როდესაც ამ რეგიონს პლანტაციების მებაღეებთან შესახვედრად ვესტუმრე, ფინიკი ყოველგვარი სახით თან დამსდევდა; ეს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია მთელს ახლო აღმოსავლეთში. სუნამო ტაიფის (Ta’if) შემადგენლობა თავს უყრის ფინიკს, ვარდისფერ წიწაკას და ზაფრანს, რაც მას არაჩვეულებრივ ხიბლს მატებს.
La Route de la Soie (აბრეშუმის გზა) არის 9 სუნამოსგან შემდგარი კოლექცია, თავბრუსდამხვევი მოგზაურობა ტანგერიდან (Tanger) სიანამდე (Xi’an). თითოეული სურნელი ზღაპრული ფლორისა და რეგიონისთვის სახასიათო სანელებლების დღესასწაულია. კოლექცია შთაგონებულია მრავალფეროვნებითა და კულტურების შერწყმით; ის ზეიმობს მთელ აზიაზე გადაჭიმულ ამ უძველეს მოგზაურობას.
თითოეული სუნამოს იდეა თქვენი პირადი ხედვიდან გამომდინარეობს, თუ თანამშრომლობთ ვინმესთან? თუ ასეა, როგორ ხვდებით, რომ კონკრეტული პარფიუმერი შეძლებს ბრენდის ხასიათის სწორად გადმოცემას?
ახალი სუნამოს შექმნა შეიძლება სხვა და სხვა მოცემულობამ განაპირობოს – კლიენტთან საუბარმა, მოგზაურობამ ან ინგრედიენტმა, რომელიც ჩვენს რეპერტუარს აკლია. იშვიათი ზეთების მომწოდებლები მუდმივად აგზავნიან საცდელ ნიმუშებს, ვინაიდან ინდუსტრიაში ინოვატორის რეპუტაციით ვსარგებლობთ. თუ ზეთი ფიქრის პროცესს აღძრავს, ის შეიძლება რომელიმე სუნამოში აღმოჩნდეს. ასევე, შთაგონებული ვარ მოგზაურობით; თუ ვხვდები მშვენიერ მცენარეს არაჩვეულებრივი სურნელით, ვუღებ ფოტოს და შემდგომ ვიძიებ მოიპოვება თუ არა ის ზეთის ფორმაში.
მე და გეზა შუენი 20 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ. ის არის ნიჭიერი პარფიუმერი, რომელსაც ზუსტად ესმის ჩემი. ასევე მიმუშავია Expressions Parfumées-თან ბევრ პროექტზე.
თქვენი კომპოზიციები კომპლექსური, თუმცა უზომოდ დახვეწილია. როგორ პოულობთ ამ სათუთ გადაკვეთას გაბედულსა და ტარებადს შორის? იქნებ დაგვისახელოთ ორი სუნამო, რომელსაც ხედავთ, როგორც ყველაზე უნივერსალურს და ყველაზე ექსცენტრიულს…
ტარებადობა, ხანგრძლივობა და სუნის გარდაქმნა აუცილებელი კომპონენტებია Ormonde Jayne-ის სუნამოს შესაქმნელად. არასოდეს მივყვები მოკლევადიან ტენდენციებს. ეს პრაქტიკა ძალიან კარგად მუშაობს, რადგან ჩემი კლიენტები ხდებიან ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც აფასებენ ჩვენს სუნამოებს. როდესაც სუნამო ძალიან შორს მიჰყავთ „გაბედულობის” ხაზით, ის შეიძლება უბრალოდ ყურადღების მიპყრობის მცდელობად გამოდგეს, რის გამოც განმეორებით არავინ შეიძენს ბოთლს. Ormonde Jayne-ის ფილოსოფიას ორი მხარე აქვს, ინი და იანი – იშვიათი ინგრედიენტები და დახვეწილი სილამაზე.
ექსცენტრიულს ვერ ვუწოდებ ჩვენს რომელიმე სუნამოს. Champaca (შამპაკა) ალბათ უფრო აბსტრაქტულია და შეესაბამება ავტორებისა და მხატვრების შემოქმედებით სულს. Isfarkand-ში (ისფარკანდი) კი არის რაღაც არაამქვეყნიური და მე მას საკუთარი კლასიფიკაცია მივუსადაგე – „ატმოსფერული, სამყაროს მიღმა“.
როგორც ბრენდისთვის გამორჩეული პირველობით, რა არის თქვენთვის ყველაზე საამაყო „მისაბაძი ბრენდის” მომენტი ინდუსტრიაში ამ დრომდე?
ლაოსისა და კამბოჯის აგარის ტყეებში დამბურძგლავმა მოგზაურობამ მიმიყვანა ბანგკოკში, ნანას საინტერესო უბანში. უდის ზეთის მცირე, უმაღლესი ხარისხის მარაგის მოპოვების შემდეგ, 2004 წელს გამოვაქვეყნეთ Ormonde Man, მსოფლიოში პირველი ნიშური სუნამო ამ ინგრედიენტის გამოყენებით. დღეს უდი არის სუნამოს ოჯახების სრულფასოვანი კატეგორია, Ormonde Man-მა მოიპოვა მრავალი აღიარება და ცნობილია როგორც საკულტო სურნელი. ასევე პირველებმა გამოვიყენეთ შხამიანი კონიო და ტაიფი მაღალ პარფიუმერიაში.
თქვენ პოპულარიზაცია გაუწიეთ იმ ინგრედიენტებს, რომლებიც შემდგომ აკვიატებულ ტენდენციად იქცა მთელს მსოფლიოში. რა არის ის სუნამოების ოჯახი ან ინგრედიენტი, რომელიც საჭიროებს უფრო ღრმა კვლევას ან მეტ ყურადღებას მომხმარებლების თუ პარფიუმერული სახლების მხრიდან?
ისევ ვუბრუნდებით „შემთხვევითობას“. ინგრედიენტები ბუნებრივად და ორგანულად აღწევენ ჩემამდე. მე მათ არ დავსდევ, რადგან ეს სისტემა არასდროს მუშაობს, ეს გამოცდილებამ მასწავლა.
გვანცა ჯგუშია