შავი ფერი ჩემი მეორე კანია

მოდის კვირეულების საკულტო სახე

სამოსის უცნაური ფორმები, ავანგარდი და შავი ფერი Lily Gatins-ის ბუნებრივი მდგომარეობაა. ლილი  წარმოშობით დომინიკის რესპუბლიკიდანაა, სადაც ყველას ჭრელი და პრინტებიანი ტანსაცმელი აცვია. 10 წლის იყო, როდესაც ბაბუა გარდაეცვალა და შავი სამგლოვიარო ტანსაცმლის ჩაიცვა. სწორედ მაშინ იგრძნო თავი  კომფორტულად.  16 წლის ასაკში საცხოვრებლად    ნიუ- იორკში გადავიდა. ერთხელ მიწისქვეშა გადასასვლელში comme des garcons-ის შავ ფერში  გამოწყობილი აზიელი მამაკაცი დაინახა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ შავი ფერის სამოსში  ყველაზე დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს. 

ამერიკელი სახელმწიფო მოხელე ქმრის ხელში, სხვადასხვა ქვეყნებში მოუწია ცხოვრებამ.  პერუში ცხოვრების დროს ლილიმ აღმოაჩინა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ხელოვანია, მაგრამ მოდა საგრძნობლად მოძველებული და პროვინციულია. სწორედ ამან უბიძგა გაეკეთებინა პროექტი Le Report . ლილი ეძებდა ხელოვანებს, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნდათ . იწერდა მათთან ინტერვიუებს , ყვებოდა მათზე და სწორედ ასე აცნობდა მსოფლიოს ახალგზარდა, ნიჭიერ დიზაინერებს. 

 ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ , ლილი მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მოდის კვირეულებზე ფოტოგრაფებით გარშემორტყმული,    თავისი უნიკალური ჩაცმულობით  აჩვენებდა,   რომ განსაკუთრებული სტილის ქონა ადამიანის არა მხოლოდ შინაგანი ბუნების,  არამედ საკუთარი თავის რწმენის და გამბედაობის გამომხატველიც არის. არ ისე ადვილია გქონდეს საკუთარი ხელწერა, გეცვას ისე,  როგორც გსურს , არ გეშინოდეს ადამიანების გაოცებული მზერის თუ განსჯის.  ლილი  შავი ფერის უსაზღვრო სიყვარულით, უცნაური ფორმის სილუეტით  და თვალში საცემი სიმამაცით ახერხებს მოდის მოყვარულთა გულების დაპყრობას. იგი ანახებს საზოგადოებას,  რომ ის რაც მათთვის უცნაურია , მისთვის ბუნებრივია და ასევე უმტკიცებს ყველას , რომ საკუთარი უნიკალურობის წარმოჩენა სირცხვილი არ არის , პირიქით,  სწორედ ეს თვისება გამოარჩევს ადამიანებს ერთმანეთისგან და უფრო საინტერესოს, ავთენტურს და ძლიერს ხდის მათ.

იყო განსაკუთრებული და გქონდეს საკუთარი სტილი ერთგვარი გზავნილია საზოგადოებისთვის, რა არის თქვენი მესიჯი?

ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებულ მესიჯს არ ვგზავნი, უბრალოდ ვცდილობ სამოსით გამოვხატო ჩემი პიროვნება, ის რაც ვარ. განსხვავებული ჩაცმულობა ჩემი შემოქმედებითი  მისწრაფების წარმოჩენაა, თუმცა ყოველდღიურ ჩაცმულობაზე ბევრს არ ვფიქრობ   და ენერგიას არ ვხარჯავ. არ ვგეგმავ რა ჩავიცვა მეორე დღეს, ეს ჩემთვის ბუნებრივი პროცესია. ვიღვიძებ და ჩემ თავს ვეუბნები „დღეს მინდა გამოვიყურებოდე ასე.“ ვთვლი,  რომ ადამინებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხელწერა, არა მხოლოდ შინაგანი,  არამედ გარეგნულიც, რაც ძირითადად ჩაცმულობით გამოიხატება.

თქვენ  ბევრ  ქვეყანაში გიცხოვრიათ.   მათ შორის ნიუ იორკში, რა გავლენა მოახდინეს ამ ქვეყნებმა და ნიუ -იორკმა თქვენი  გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

ნიუ იორკმა მართლაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი სტილის განვითარებაზე. ყველაფერი სწორედ ამ ქალაქში დაიწყო. როდესაც პირველად ჩავედი ნიუ იორკში, ისე არ ვიცვამდი როგორც ახლა. გონებაში მანამდეც წარმომედგინა ჩემი დღევანდელი სტილის შტრიხები, მაგრამ ნიუ იორკში ჩემი იდეები რეალურად განვახორციელე. ძალიან მსიამოვნებს ჩემი პიროვნების და შინაგანი სამყაროს გამომზეურება. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, მათ ვერ გამოვყოფ,  როგორც ჩემზე რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენის მომხდენს, თუმცა სხვადასხვა კულტურამ და ქალაქების ყოველდღიურმა სახემ  თავისი წვლილი შეიტანეს ჩემი სტილის საბოლოო ჩამოყალიბებაში.

როდესაც ვუყურებ თქვენ  ჩაცმულობას, ვფიქრობ,  რომ შავი ყველაზე ბედნიერი ფერია. რა როლს ასრულებენ  ფერები თქვენს ცხოვრებაში?

შავი ფერი ჩემი მეორე კანია. მე არასდროს ვფიქრობ ფერების შეხამებაზე. ჩემთვის ყველაზე მთავარი ქსოვილის ნაჭრების ფორმა და მათი სტრუქტურაა. ყოველთვის ვაკვირდები ფორმას სამოსის არჩევისას და არასდროს ვფიქრობ მწვანე ჩავიცვა დღეს თუ წითელი. ჩემთვის ფერი არ უკავშირდება განწყობას, ბედნიერებასაც არ გამოვხატავ პირობითად ვარდისფერი ან ყვითელი ფერით, პირიქით,  ვცდილობ დავაკვირდე სამოსის ფორმას და ძირითადად ვფიქრობ,  ჩავიცვა რაიმე ტანზე მომდგარი თუ მოშვებული. ტანზე მომდგარი სამოსი ჩემთვის ბედნიერების და საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამომხატველია,  ხოლო მოშვებული ქსოვილით  შემოსვა სულიერ კომფორტს უკავშირდება.

სხვა დედებისგან განსხვავებით,  თქვენ,  საკუთარ შვილებს განსაკუთრებულად მოსავთ. როგორ შეეჩვივნენ ბავშვები განსხვავებულად ჩაცმას?

განსხვავებული იქნება ბავშვის ტანსაცმელი თუ ტიპიური ჩემთვის დიდი ფიქრის საგანს არ წარმოადგენს. ჩემმა შვილებმა იციან როგორ ვიცვამ.  დაბადებიდან უყურებენ ამას. მთელი ოჯახი გარკვეული ერთობა ვართ, ასე რომ,  მე რომ ვიცვამდე ისე , როგორც ვიცვამ და ისინი , როგორც სხვა ყველა დანარჩენი ბავშვი, ეს ერთობა დაირღვეოდა და ისე გამოჩნდებოდა,  თითქოს ჩემი შვილები სხვისი შვილები არიან. მე მათ მცირე ასაკიდან შავ ფერებში ვაცმევ  და ისინი ამას  შეჩვეულები არიან.

როდესაც გადიხარ გარეთ ან ესწრებით მოდის კვირეულებს, ყველა ფოტოგრაფი ცდილობს დაგაფიქსიროს, გიღებენ სურათებს ყველგან და ყოველთვის. როგორია თქვენი დამოკიდებულება, გაღიზიანებთ თუ პირიქით გსიამოვნებთ მათი გადამეტებული ინტერესი?

ვღიზიანდები მხოლოდ მაშინ,  როდესაც ვატყობ , რომ ფოტოგრაფი გადაღებულ სურათს არ აღიქვამს როგორც შემოქმედებას,  არამედ,  როგორც გასაყიდ პროდუქტს. სხვა მხრივ კი ვცდილობ, მუდამ ვიყო ყურადღების ცენტრში და ვანახო ადამიანებს,  რომ არსებობს ისეთი ქუჩის მოდა , რომელიც მხოლოდ კომერციაზე არ არის ორიენტირებული.

რომელმა დიზაინერმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი ზეგავლენა?

ჩემზე ძირითადი ზეგავლენა მოახდინა Rei Kawakubo-მ. ის არ არის მოდის ტენდენციის შემქმნელი, მისი შემოქმედება არის ხელოვნება. რეის ქმნილებები   თაროზე  არ უნდა შემოდო. ისინი დროს  უძლებენ. რეის დღევანდელი  სამოსი    მის მიერვე 10 წლის წინ შექმნილ კოლექციას ხარისხითაც და სტილითაც  უტოლდება. 

თქვენ მუდამ ტალანტების ძიებაში ხართ, როგორ პოულობთ თქვენთვის სასურველ ადამინებს და როგორ იწყებთ მათთან ერთად მუშაობას?

ნიჭიერი დიზაინერების ძებნა ჩემი მუდმივი საქმიანობა და ამასთანავე,  ჩემი მოწოდებაც . ძალიან დიდხანს ვაკვირდები  დიზაინერებს,  რომ საბოლოოდ ვიპოვო ის,  ვისაც ვეძებ.

რას ფიქრობთ ივ სენ ლორანის სიტყვებზე „მოდა ქრება, სტილი მარადიულია“ და რა რჩევას მიცემდით იმ ადამიანებს , რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას?

სრულიად ვეთანხმები ივ სენ ლორანის გამონათქვამს. ადამიანებმა უნდა დაგიმახსოვრონ როგორც პიროვნება და არა როგორც სამოსი. ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო იმაში თუ რა გინდა გეცვას. ბევრ ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს მოდაზე, სტილზე და დიზაინერებზე,  მაგრამ გამორჩეული ხარ მხოლოდ მაშინ,  როდესაც გაქვს საკუთარი ხელწერა და როდესაც ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში. 

თქვენი აზრით,  როგორ ვითარდება დღევანდელი მოდა,  წინ მიდის თუ უკან იხევს? 

ვფიქრობ , მოდას ორი მხარე აქვს, ერთი არის კომერციული, სადაც შექმნილი პროდუქცია უნდა გაიყიდოს ბაზარზე და მეორე არის ავანგარდისტი დიზაინერების შექმნილი მოდა,  რომლებიც დღეს წინა პლანზე არიან და მოდასაც ძლიერ ავითარებენ. არ ვთვლი,  რომ მოდა უკან მიდის,  პირიქით, ის  წინ მიიწევს.

ნუცა გაბისონია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top