LEXUS – Overtrail Project

25.11.2023

იაპონური მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი LEXUS-ი, მწვანე სტრატეგიის კუთხითაც მოწინავეა ინდუსტრიაში. ბრენდი დიდი ხანია სრული ელექტროფიცირების გზას ადგას და აქტიურად მონაწილეობს ნახშირბად-ნეიტრალური საზოგადოების შექმნაში. LEXUS-ი ერთგულად მისდევს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რაც ნათლად ვლინდება უახლეს მოდელებში და სამომავლო გეგმებში, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე თუ საავტომობილო გამოფენებზე წარადგენს; მათ შორის 2023 წლის Tokyo Auto Salon-ზე და Tokyo Outdoor Show-ზე. მაკუჰარი მესეში (ქ. ჩიბა, იაპონია) ერთდროულად გამართულ ამ ორ მასშტაბურ ღონისძიებაზე LEXUS-მა ახალ უნიკალურ მოდელებს ახადა ფარდა, რომლებიც ბრენდის მანტრას იდეალურად ესადაგებიან: „მრავლფეროვანი ცხოვრების სტილი საყვარელ მანქანებთან ერთად”. გამოიფინა ელემენტზე მოქმედი ელექტრომობილი RZ SPORT CONCEPT, BAJA1000-ში მოასპარეზე სარბოლი მანქანა LX 600 ‘OFFROAD’ TEAM JAOS 2022 ვერსია და სამი გამორჩეული მოდელი, რომელიც Overtrail Project კონცეფციის გარშემო შემუშავდა.

დღეს უფრო დაწვრილებით უნდა გესაუბროთ სწორედ იმ ამბიციურ პროექტზე, რომელსაც LEXUS International-მა შესანიშნავი სახელი გამოუძებნა, ტერმინების –  Overland (სახმელეთო) და Trail (ბილიკი) – შეჯვარებით. Overtrail – გაუკვალავი ტერიტორების გაბილიკებას ისახავს მიზნად და მის ქვეშ წარმოებული ხაზი ადამიანებს ბუნებასთან იმაზე მეტად აახლოვებს, ვიდრე ეს ფეხით არის შესაძლებელი.  გარეთ, ჯანსაღ გარემოში ყოფნა და სამანქანო გადაადგილება არც ისე პარადოქსული იდეაა, ყოველ შემთხვევაში LEXUS-ისთვის. მარკა, რომელიც იაპონური სტუმართმასპინძოლის კულტურაზე დაყრდნობით მაქსიმალურად ცდილობს ინდივიდების მრავალფეროვან ცხოვრების სტილს მოერგოს, არც ‘ოფროუდის’ მოყვარულებს ტოვებს უყურადღებოდ. გზა ხსნილია! – სამი Overtrail კონცეფციას მორგებული მოდელით: RX OUTDOOR CONCEPT, ROV CONCEPT 2 და GX OUTDOOR CONCEPT.

RX OUTDOOR CONCEPT

მოსვენებაზე ორიენტირებული, ელეგენატური, სრულიად ახალი RX 450h+  RX OUTDOOR CONCEPT-ის საესკიზო საწყისია, თუმცა OUTDOOR კონცეფციას სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს სასიამოვნოდ დროის გატარების დახვეწილი გამოცდილება და მძღოლებს ამჟამად უკვე გარეთ, კომფორტის ზონის მიღმა სთავაზობს განტვირთვას. მოგზაურის ამპლუის მორგება და მოუნახულებელი არეალების გაცნობა ამ ავტომობილის საშუალებით ძალიან მარტივდება. მანქანა სახურავზე მიბმული კარვით (Feldon Shelter Hawk Nest), რომელიც ბანაკის განცალკევებით გაშლის აუცილებლობას აქრობს, მომთაბარე ცხოვრების წესს თუ არა, ‘კემპინგის’ მოხშირებას უთუოდ შთააგონებს მფლობელს. დიზაინში გათვალისწინებულია დეტალები, რომლებიც ‘ოფროუდზე’ სვლის მთავარ პრობლემებს აღმოფხვრის და გვთავაზობს გადაწყვეტებს, როგორიცაა მასიური Toyo Open Country ყველგანმავალი საბურავები, ალუმინის მოცურების ფირფიტა, ტალახის დამცავები, LED და KC განათების სისტემა. LEXUS-მა მოდელი აღჭურვა საუკეთესო Warn-ის წარმოების ჯალამბარით, ასევე გადაიხედა მუხრუჭის მოქმედებაც. ვიზუალურ შტრიხებს რაც შეეხება, შავი შეფერილობის უჟანგავი მეტალის ჩარჩოები და სახელურები კონტრასტულად იკვეთება მეტალის ეფექტის მქონე ჭაობისფერ ფონზე, რომელიც მიწის ბუნებრივ ტონალობებს დაესესხება. RX OUTDOOR CONCEPT იძლევა შანსს გადაეშვათ ამაღელვებელ თავგადასავალში, და ამავდროულად, აქტიური გარე რეკრეაციის პირობებში ლუქს გარემოზე უარის თქმა არ დაგჭირდეთ.

ROV CONCEPT 2

ამ თემიდან შორს არც შოუზე წარდგენილი მეორე მოდელი გადაუხვევს, რომელიც შემოკლებულ სახელწოდებაშივე სიტყვა-სიტყვით მარცვლავს შინაარსს – რეკრეაციული ‘ოფროუდ’ სატრანსპორტო საშუალება. ROV გახმაურებული 2021 წლის დეკემბრის დებიუტის შემდეგ, საზიარო მემკვიდრეობის გაუმჯობესებული ვერსიით გვიბრუნდება. ინოვაციურ წყალბადის ძრავაზე მომუშავე კონცეფცია, ეკოლოგიურად სუფთა თავგადასავლებისთვის შეიქმნა, რათა ბუნებასთან შერწყმის სურვილი პრაქტიკაშიც აბსოლუტური ჰარმონიით გამოიხატოს. Overtrail Project-ის მორიგი შედევრია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ამხედრებული ROV CONCEPT 2, რომელიც კომპაქტური აგებულებით და დაუჯერებელი სიმარჯვით იპყრობს გზატკეცილს მიღმა არსებულ ველურ ტერიტორიებს, კერძოდ უდაბნოს. ბუნებასთან თანაარსებობა და მრავალფეროვან რელიეფებში მართვის სიამოვნება უზრუნველყოფილია ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა დაბლა დამონტაჟებული წყალბადის ავზი, ალუმინის მოცურების ფირფიტა და ქერცვლისგან დამცავი მაღალი წინააღმდეგობის საღებავი. მანქანის ფუნქციური მოწყობა მოიაზრებს მის უკიდურესად უხეშ პირობებში მოხმარებას, რაც მოსალოდნელია ხრიოკ მიწაზე. მქრქალი ტექსტურის მქონე კარკასის შეფერილობა, „რეგოლიტი” (მყარი მასალის ფენა, რომელიც პლანეტის ძირითად ქანს აკრავს), ავტომობილს ბუნების ბზინვარებასთან აწონასწორებს და მტკიცე Overtrail ხასიათში ახამებს. LEXUS-ის წყალობით უდაბნოს სტილით აღმოჩენაც შესაძლებელია.

GX OUTDOOR CONCEPT

ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც GX-მა გადალახა საზღვარი ლეგენდარული გამავლობის შესაძლებლობებსა და პრემიუმ კლასის ყოველდღიურ მართვას შორის, თუმცა პროდუქტის ხელახალი გამოშვება დაუჯერებელი დიზაინით და ტექნო-ოსტატობით დაიკვეხნის. 2002 წელს გამოშვების შემდეგ პირველი რედიზაინით, GX ახლა აერთიანებს ახალ GA-F პლატფორმას და მაღალეფექტურ V6 ბიტურბო ძრავას, რაც გაუმჯობესებების იმ დიდი კომპლექტის ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ბალანსს ერთბაშად სიმძლავრეს, საწვავის ეკონომიას და უხმაურობას შორის. RX ხაზის მსგავსად მომხიბვლელი გარეგანი თვისებების მქონე ავტომობილი Overtrail მორთვით საზღვრებს მიღმა დახვეწილ მოგზაურობას გვპირდება. აგებული რათა ხაზი გაუსვას ყოველ რელიეფურ ცვლილებას, მიხვრა-მოხვრას თუ გადახვევას, სრულიად ახალი GX OUTDOOR CONCEPT მომაჯადოებელი სისხარტით შეუფერხებლად კვალავს ბილიკს უგზოობაში. გამავლობის ფუნქციების ხარჯზე, როგორიცაა კორპუსის გაძლიერებული სიმტკიცე, Crawl Control, გაუმჯობესებული მუხრუჭის კონტროლი, და E-KDSS სისტემა, GX OUTDOOR CONCEPT შეუდარებელი შესრულებით გამოირჩევა უხეშ ნიადაგზე მოძრაობისას თუ ურბანული ქუჩების უწყვეტი კრუიზისას, რაც დამწყებ მძღოლსაც კი ხელს გაუშლის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე რთული რელიეფის დაფარვაში. ელექტრო საჭის გამაძლიერებელი სისტემა (EPS) გთავაზობთ დამყოლ და ზუსტ საჭეს, ხოლო ადაპტური ცვლადი შეჩერების (AVS) სისტემა აძლიერებს რეაგირების სისწრაფეს და მართვის სტაბილურობას. ეს უკანასკნელი მონაცემი აყალიბებს შეუფერხებელ კავშირს შენელებას, საჭის ბრუნსა და აჩქარებას შორის, რაც შთაბერავს უნიკალურ “LEXUS სახელწერო მართვის” სულს, თუნდაც სრულფასოვნად ‘ოფროუდ’ მანქანას. სწორედ ამიტომ დაიკვეხნის ის “პრემიუმ ოფროუდერის” ზედმეტსახელით.

დიზაინის მხრივ, ახალი GX  მაღალი დონის პროფესიონალიზმთან გადაკვეთის ესენსის ჭეშმარიტი გამოხატულებაა. შთამომავალი მოდელი არ ღალატობს GX-ის თავდაპირველ ხასიათს, თავმომწონე დგომით და მტკიცე სკულპტურული აგებულებით ეგებება მძღოლს და დინამიურ გარე გამოწვევებს. მდიდრულ იერს მატებს ხელმისაწვდომი ექსტერიერის ფერში ვარიაციებიც, მაგალითად „მთვარის უდაბნო” – ახლად შემუშავებული ფერი, რომელიც დამჯდარი საღებავისა და მეტალისებრი ტონების ნაზავია. კომფორტი და დახვეწილობა ყველაზე მკაცრ გარემოშიც კი მოსახელთებელია, როდესაც საქმე უკონკურენტო იაპონურ ბრენდთნ გვაქვს. GX-ის ინტერიერში მოხვედრისას, ინოვაციური Tazuna Concept-ის სალონი, მგზავრის პირველი სასიამოვნო ემოციაა, რომელიც შთაგონებულია მხედარსა და ცხენს შორის კავშირის მოგონებით. მექანიკური განახლებების ჯამი, რიგი ესთეტიკური ცვლილებების პარალელურად, გვთავაზობს აღმატებულ შესრულებას და თან ყოველდღიური ქალაქური გადაადგილებისთვის აუცილებელი კომპონენტების შეწირვის გარეშე.

ნახშირბად-ნეიტრალური საზოგადოების მიღწევის და გარე გამოცდილების ხელმისაწვდომად ქცევის მოტივით, რაც თავის მხრივ ბუნების უკეთ შეცნობასა და დაცვაში ეხმარება ადამიანს, ჩაისახა Overtrail Project-ის იდეა. ამ ინიციატივით LEXUS-ი  საკუთარ მრავალფეროვან მომხმარებლებს სთავაზობს დატკბნენ ბუნებით, გადაეშვან ურბანულ გარემოს მიღმა მომლოდინე თავგადასავლებში და ისიამოვნონ აწ-გაკვალული ბილიკებით. ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების რიტმის აუცილებელი კომპონენტია ბუნებასთან თანაარსებობა, LEXUS-ის დიდი სურვილია ამომწურავად უპასუხოს გარე აქტივობებისთვის აქუალურ გამოწვევებს, დაწყებული ახლომდებარე პარკში პიკნიკზე გასვლიდან, დამთავრებული თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფით დათოვლილ, უდაბნო თუ რთულად მისადგომ ადგილებში.

გვანცა ჯგუშია

Scroll To Top