Lexus LM

30.08.2023

1989 წელს საავტომობილო მარკის დაარსების დღიდან მოყოლებული, ლექსუსი ინარჩუნებს ინოვატორის სტატუსსა და სულისკვეთებას. პროგრესული დიზაინისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ის სტაბილურად ახერხებს მომხმარებელს მიაწოდოს დღევანდელი სამყაროს რიტმსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები. ბრენდი აქტიურად მუშაობს არსებული მოდელების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა ახლად წარდგენილი NX, RX და მთლიანად ელექტროფიცირებული RZ მოდელები. შედეგად, პროდუქციის მზარდი მრავალფეროვნება ირეკლავს ლექსუსის მთავარ ინტერესს, გაამდიდროს ადამიანების ცხოვრების სტილი, როგორც მანქანაში, ასევე მის მიღმა.

მიმდინარე წლის წარმატებული პრეზენტაციების სერიას აგრძელებს ახალი წარმომადგენლობითი კლასის მოდელი – LM, რომლის დებიუტიც აპრილში ავტო შანხაი 2023-ზე შედგა. Lexus LM პირველად 2020 წელს გაიცნო მარკის მომხმარებელმა, რის მერეც, გლობალური ბაზრის მოთხოვნილებები და მოლოდინები ლუქს ავტომობილებთან მიმართებაში საგრძნობლად შეიცვალა. ამის საპასუხოდ, განახლებული დიზაინის LM, ვიზუალური ადაპტაციების გარდა, აღიჭურვა გაუმჯობესებული ელექტროგადამცემი სისტემით, რიგი ტექნოლოგიური სიახლით და სასარგებლო ფუნქციებით, შეუდარებელი კომფორტისა და მართვის გამოცდილების შესაქმნელად. ამ მოდელის გაშვებით ლექსუსმა შექმნა მობილური სივრცე, რომელიც მგზავრს სიმსუბუქისა და გარემოსთან წონასწორობაში ყოფნის განცდას ანიჭებს. წლევანდელი LM (Luxury Mobile), რომელიც 4, 6 და 7-ადგილიანი კონფიგურაციის სახით წარსდგა, აღტაცებით მიიღო მომხმარებელთა ფართო სპექტრმა. ევროპის ბაზრებზე კი ის 2023 წლის შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მეოთხე თაობის Lexus LM ითვალისწინებს ელეგანტურ და ჰაეროვან ექსტერიერის დიზაინს, ხოლო დეტალებისადმი შეუდარებელი ყურადღება გამოიხატება მომხმარებელთა კეთილდღეობისკენ მიმართულ მახასიათებლებში. საინჟინრო და დიზაინის გუნდის მთავარი მიზანი იყო მიეღოთ მანქანა, რომელიც უზრუნველყოფდა შიდა კომფორტს და დინამიურ სამგზავრო გამოცდილებას. რაც შეეხება საჭესთან ყოფნას, კიდევ უფრო გამარტივდა დიალოგი მანქანასთან. LM აღჭურვილია უახლესი თაობის Lexus Safety System + აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების სისტემებით, რაც ასევე წარმოდგენილია ახალ NX, RX და RZ მოდელებში. სისტემა ავლენს ავარიის რისკების ფართო დიაპაზონს და ითვალისწინებს როგორც გაფრთხილებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში, საჭის, მუხრუჭის, და მამოძრავებელი ძალის მართვაში ჩარევას, რათა აღმოიფხვრას და შემსუბუქდეს ავარიული შემთხვევა თუ უსიამოვნო ზემოქმედება. მძღოლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახორციელებს მომენტალურ და ზუსტ მანევრირებას, სანამ მანქანის სისტემური ატრიბუტები უზრუნველყოფენ უკანა სავარძელში მყოფთა წყნარ მგზავრობას, რათა შეეძლოთ გზაში გატარებული ძვირფასი დრო პროდუქტიულად და ენერგიულად გამოიყენონ.

როგორც LM მოდელის მთავარი ინჟინერი ტაკამი იოკოო აცხადებს: „ახალი Lexus LM-ის შთაგონება გახდა სამიზნე სეგმენტის სულ უფრო მრავალფეროვანი ცხოვრების წესი. სწორედ აქ გაჩნდა განვითარების კონცეფცია: მობილური სივრცის შექმნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოავლინოს ნამდვილი მე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც საქმიან ადამიანებს გონებისა და სხეულის დასვენების საშუალებას მისცემდა, რათა თავი დაეღწიათ ყოველდღიური აურზაურისთვის – სივრცე, რომელიც შთააგონებს პოზიტიურ აზროვნებას და მოქმედებას. რაც არ უნდა მდიდრული იყოს მანქანის ინტერიერის დიზაინი და მახასიათებლები, მგზავრებს ნამდვილად არ შეუძლიათ გაატარონ თავიანთი დრო კომფორტულად დახვეწილი მართვის დინამიკის გარეშე. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ, როგორც დეველოპერული ჯგუფი შევხვდით, იყო, თუ როგორ უნდა განგვევრცო ლექსუსის მართვის გამორჩეული გამოცდილება LM-ზე. ლექსუსის ტაკუმი ექსპერტებთან ერთად, ჩვენ მივხვდით, რომ პასუხი მდგომარეობდა მძღოლსა და ავტომობილს შორის ბუნებრივ დიალოგში – სწორედ ესაა ლექსუსის თანამედროვე მანქანების ძირითადი დაპირება. ანუ, მძღოლის განზრახვების აყოლა გამართული მართვის დინამიკის უზრუნველყოფით; ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებისა და დახელოვნებულობის განცდას, რომელიც გადაეცემა მგზავრს უკანა სავარძელშიც.”

ლექსუსმა განაცხადა, რომ ახალი თაობის LM-ზე ფიქრისას ჩაატარა კვლევა კერძო თვითმფრინავების მწარმოებლებთან და მათ მომხმარებლებთან, რამაც შთააგონა მოდელის ორიგინალური ვიზუალი. კვლევის დასკვნებით, ადამიანები ფუფუნების უმაღლეს სტანდარტად აღიქვამენ, როდესაც გარემოში თავს გრძნობენ სრულიად მოსვენებულად, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ეს ასპექტი ფასდება მეტად, ვიდრე მოწინავე ტექნოლოგიებსა და ფუნქციებზე წვდომა. „ლაქშერი მობილის“ ექსტერიერი ასახავს ელეგანტურ ცხოვრების სტილს და სახასიათო აეროდინამიკური ფორმებით გადმოსცემს იაპონური ბრენდის ვიზუალურ ენას. ავტომობილის კონტურები ააშკარავებენ მის ფუნქციას და დინამიურ შესრულებას. ინდივიდზე და მის რელაქსაციაზე მორგებული მოდელი, ძირითად აქცენტებს აკეთებს უნიკალური სალონით, რომელსაც ლექსუსის ომოტენაშის (სტუმართმოყვარეობა) ტრადიცია უპრეცედენტო დონეზე აჰყავს. ყოველი დეტალი მომართულია, რომ მგზავრმა თავი იგრძნოს როგორც სახლში, მზრუნველ გარემოში, მიუხედავად იმისა, გადაადგილებისას ირჩევს დასვენებას თუ მუშაობას. სავარძლები შექმნილია სხეულის სრულყოფილი მოთავსებისა და კომფორტისთვის. სავარძლის დიზაინისას, საფუძვლიანად იქნა შესწავლილი ადამიანის სხეულის მოძრაობა, რათა უზრუნველყოფილიყო ჯდომის პოზა, რომელიც ამცირებს დაღლილობას. მეორე რიგის სავარძლებისთვის გამოყენებულ იქნა ორი ტიპის მოძრაობის ჩამხშობი მასალა, გზის უსწორმასწორობის გადაფარვისა და სტაბილურობისთვის; მესამე რიგის სავარძლების მოდელებში, სქელი საზურგე და ბალიშები მგზავრს კომფორტულად მოკალათების საშუალებას აძლევს; სალონის გარემო, ტემპერატურის, ჰაერის ხარისხისა და განათების კუთხით, ზედმიწევნით კონტროლდება და ცოცხალ რეჟიმში მუდმივად რეგულირდება; ინტერიერში ხელმისაწვდომია 64 განათების ფერი, რომლებიც შეიძლება ავტომობილის მფლობელის გემოვნებით შეირჩეს. ბორტზე ასევე წარმოდგენილია რეკრეაციული საშუალებები, როგორიცაა HD ფართოეკრანიანი მონიტორი და სპეციალურად LM-ისთვის შექმნილი Mark Levinson 3D Surround Sound აუდიო სისტემა.

LM-ის სამოდელო ხაზის მწვერვალია ოთხადგილიანი მოდელი, ინტეგრირებული ტიხრით – 48 დიუმიანი ეკრანით, რომლის ზემოთა ჩამოსაშლელი მინის გამყოფი ჰყოფს წინა და უკანა რიგებს. განმარტოვებისთვის საკმარისია აწიოთ კონფიდენციალურობის მინა და ჩაიძიროთ თერმორეგულირებულ კომფორტულ სავარძლებში. ოთხადგილიან LM-ში ლექსუსმა გამოიყენა „დამალული ტექნოლოგიების“ მიდგომა, რომელიც გონივრულად ითავსებს მრავალ სასარგებლო ფუნქციას. შიდა სივრცეში გათვალისწინებულია გასაშლელი მაგიდების, უსადენო მოწყობილობების დამტენების, სათავსოების, USB პორტების, საკითხავი ნათურების და სარკეების არსებობის საჭიროება. უკანა განყოფილებაში წარმოდგენილია მაცივარი. კარებთან ასევე არის მოსახერხებელი ქოლგის დამჭერი. დასაკეცი მაგიდა, რომელიც თავსდება საყრდენში და საკმარისად დიდია პლანშეტური მოწყობილობის ან ნოუთბუქის მოსათავსებლად, ხოლო ტყავით შეფუთული ზედაპირი ეწინააღმდეგება მოცურებას. მოდელის გადაწყვეტა ფერში და გაფორმება ხაზს უსვამს LM-ის სტატუსს და ლექსუსის ოსტატობას. შიდა გადასაკრავ მასალად გამოყენებულ იქნა უმაღლესი ხარისხის ტყავი კონტრასტული კანტებით, ხოლო ხის დეტალები წარმოდგენილია ტრადიციული იაპონური ჰერინგბონის პატერნით, რომელიც 3D ბეჭდვით შეიქმნა. „ზედმეტი ძალისხმევის გარეშე“ მიღებული პერსონალიზებული კომფორტი არის ლექსუს ომოტენაშის (სტუმართმოყვარეობის) პრინციპი, რომელიც გადაითარგმნა LM-შიც, ხოლო შიდა ატმოსფერო, ადამიანზე მორგებულობა და შესრულების ხარისხი ასახავს ბრენდის ტაკუმის ოსტატობის სტანდარტებს. ამ ყველაფრისთვის LM ნამდვილად იმსახურებს ლიმუზინის სტატუსს. ლექსუსის მიზანი იყო შეექმნა პირველი კლასის მრავალფუნქციური ინტერიერი – მყუდრო, როგორც მისაღები ოთახი, და აღჭურვილი ისე, როგორც მობილური ოფისი.

ტევადი და დახვეწილი Lexus LM შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე პროფესიონალების მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთ ავტომობილს აღიქვამენ არა როგორც უბრალო ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ ფუნქციურ და მოსასვენებელ ჰაბად. LM მორგებულია მუშაობისა და დასვენების დაბალანსებულ კულტურაზე და ნამდვილად ახალი ნაბიჯია წარმომადგენლობითი კლასის ტრანსპორტის ევოლუციაში. ის უზრუნველყოფს მოსასვენებლად გამოყოფილ განკერძოებულ სივრცეს, რომელიც ერთნაირად ესადაგება ბიზნეს საქმიანობასაც და სიამოვნებასაც, რითაც ნათელს ხდის, რომ მგზავრობთ პირველი კლასის კომფორტით და სტილით.

გვანცა ჯგუშია

Scroll To Top