Lexus-ი დიდ ეკრანზე

11.11.2022

1989 წელს დაარსებული ავტო-კომპანია Lexus-ი გლობალური ლუქს ბრენდია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს შთააგონებს ცხოვრების გზაზე მოგზაურობა საინტერესო გაჩერებებით დატვირთოს. ოსტატობითა და დახვეწილი ტექნოლოგიით გამორჩეული იაპონური ბრენდის ფილოსოფია მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ კომფორტულ გადაადგილებას. გასაკვირი არ არის, რომ ავტომობილები, რომლებიც გამოირჩევიან გულდასმით შესრულებული დიზაინით, ხელოვნების ნიმუშის რანგის დეტალიზირებული ელემენტებით და აკუსტიკური დახვეწილობით, იქმნება იმ ადამიანების მიერ, ვისაც ხელოვნება და კულტურა შთააგონებს; შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები თუ ხელოვანები ამ ბრენდთან კოლაბორაციას ირჩევენ, იქნება ეს მოდის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თუ სინემატოგრაფიის დარგებში.

თუ ხართ კინომოყვარული, Lexus-ის ავტომობილს წლების მანძილზე მრავალ საკულტო ფილმში შენიშნავდით, ხოლო, თუ თქვენი კერპი მსახიობების პაპარაცულ ფოტოებს ადევნებთ თვალყურს, გაიხსენეთ რა ტრანსპორტიდან გადმოაბიჯებენ ვარსკლავები ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოვების წითელ ხალიჩაზე. ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი ზედიზედ მეექვსე  წელია სწორედ Lexus-ი გახლავთ. ბოლო წლის დაჯილდოებაზე, ბრენდს  პატივი ჰქონდა მსოფლიო კინოს ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ფიგურები წითელ ხალიჩამდე მიეცილებინა, მათ შორის ჯულიანა მური, ბრედ პიტი, ქეით ბლანშეტი, ტიმოტი შალამე და ჰარი სტაილსი.

Lexus-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა ფესტივალისადმი ასახავს საზიარო ღირებულებებს კინოსა და ავტომობილების სამყაროს შორის. ორივე მათგანი შთაგონებულია მოგზაურობის, ახალი გამოცდილებების და გამოწვევების კვალდაკვალ ადამიანების ჰორიზონტის გაფართოების სურვილით. ისევე, როგორც კინო იძლევა უნიკალურ საშუალებას მნახველისთვის დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად ეკრანს მიღმა, ასევე Lexus-ი ცდილობს საჭეს მიღმა მეგზური აღფრთოვანებაში მოიყვანოს და გზა გაუხსნას აუთვისებელი ლანდშაფტებისკენ, რისთვისაც საჭიროა უბრალოდ მოკალათდე და სურათს მიენდო.

„ოქროს ლომით“ დაჯილდოვებული ვარსკვლავებისა და Lexus-ის მოდელების ფასეულობები და მიღწევები საერთო საფუძველს ემყარება: წარმოების ბრწყინვალებას, დეტალებისადმი მაქსიმალურ ყურადღებას, უმაღლეს ოსტატობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს შორის სრულყოფილ სიმბიოზსს. გასულ წელს,  ვენეციის სცენა იდეალური აღმოჩნდა Lexus-ის უახლესი შედევრის, Lexus NX-ის წინასწარი პრეზენტაციისთვის, ვინაიდან ეს მოდელი ინდუსტრიაში მონიშნავს ახალ ეპოქას მომავალი ელექტრიფიცირებული მანქანების დიზაინისა და წარმოებისთვის, მიდგომით, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ადამიანზე და მის ემოციებზე.

Lexus-ი სხვა მრავალი მიმართულებებითაც აგრძელებს კავშირების განმტკიცებას კინოს ჯადოსნურ სამყაროსთან. საერთო ღირებულებებიდან და კინოს ღრმა სიყვარულიდან გამომდინარე, რომის კინოფესტივალის ფარგლებში გაჩნდა „წითელი სავარძლები“ – საქველმოქმედო ინიციატივა. Lexus-ისა და UNITA-ს (თეატრისა და აუდიოვიზუალური თარჯიმნების ეროვნული კავშირი) საერთო წამოწყება მიზნად ისახავს მხარი დაუჭირონ შემსრულებლებს იმ სექტორში, რომელიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაზარალდა. კინოთეატრების ტრადიციული წითელი სავარძლების რიგი დამონტაჟდა იტალიის ხუთი ქალაქის მოედანზე. თანხის შეგროვების ღონისძიების ფარგლებში მსახიობებს, ცნობილ კინოსამყაროს წარმომადგენლებს და უბრალოდ კინოს მოყვარულებს, შემოწირულობის შემდეგ, შეეძლოთ მოკალათებულიყვნენ წითელ სავარძლებში, ესაუბრათ მათ გატაცებაზე დიდი ეკრანით და გაეზიარებინათ ისტორიები, რომლებიც ასახავდა კინოს როლს და მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში და პიროვნულ ზრდაში.

როგორც უკვე ვახსენეთ, Lexus-ი წლებია ინვესტიციას დებს კინემატოგარფიის სფეროში, არა მხოლოდ  წარმატებული ფიგურების, არამედ მომავალი ნიჭიერი რეჟისორების მხარდასაჭერადაც. „Lexus ავსტრალიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტიპენდია”, ყველაზე დიდი მოცულობის გრანტია ქვეყანაში და უზრუნველყოფს ახალი ნიჭის განვითარებას და ხელშეწყობას. სტიპენდიის კონკურსის ფარგლებში, სცენარისტებსა და რეჟისორებს ეძლევათ შანსი შეფასდნენ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების მიერ და პრემიერით წარსდგნენ სიდნეის კინოფესტივალზე.

ასევე აქტუალურია Lexus-ისა და მოდის ჟურნალ ELLE-ს შორის თანამშრომლობა, პროექტით „ნაპერწკალი“ (The Spark), რომელიც მიზნად ისახავს ქალი და გენდერული უმცირესობის წარმომადგენელი რეჟისორების შემოქმედების წინა პლანზე წამოწევას. 2021 წლის ზაფხულში, ახალბედა რეჟისორების ჯგუფს მიეცა შანსი საავტორო ისტორიები Lexus-ისა და ELLE-ის ჟიურისთვის გაეზიარებინა, რათა თავიანთი იდეა მოკლემეტრაჟიან ფილმად ექციათ, რომელიც ნაჩვენები იქნებოდა 2021 წლის დაჯილდოვებაზე: „ქალები ჰოლივუდში“.

დავუბრუნდეთ ჰოლივუდის შედევრებს, და გავიხსენოთ ის ფილმები, რომლებსაც კინომოყვარულები და ავტომოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ: Lexus-ის ბოლო მოდელები – RC F, RX Hybrid და LX SUVs წარსდგა ფილმში „ადამიანები შავებში“ (Men in Black: International), მომავლის კონცეპტით შთაგონებულ ვერტმფრენთან ერთად  „QZ 618 გალაქტიკური აღმასრულებელი“. LC 500 კი მარველის „შავ პანტერაში” (Black Panther) ვიხილეთ. 2022 წლის სრულიად ახალი Lexus NX-ის გარდა, „მთვარის ვარდნაში” (Moonfall) გამოჩნდა GX 460 SUV.

Lexus-ისა და Sony Pictures-ის  თანამშრომლობა: „ადამიანები შავებში” (2019)

ადამიანებს შავებში, რომელიც მტრულად განწყობილ უცხოპლანეტელებს ებრძვიან, ესაჭიროებათ მაღალსიჩქარიანი რბოლისთვის საჭირო სიმძლავრის მქონე მანქანები, უცხოპლანეტელებთან ბრძოლის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია და დახვეწილი სტილი, რომელიც საიდუმლო აგენტების ყველაზე ექსკლუზიურ დაჯგუფებას შეეფერება.

ფილმში წარმოდგენილი „Lexus jet QZ 618 გალაქტიკური აღმასრულებელი” მათ ეხმარება სამყაროს გადარჩენაში, ხოლო სპორტული Lexus RC F უზრუნველყოფს სრულყოფილ ყოველდღიურ მხარდაჭერას აგენტების გუნდისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ კრის ჰემსვორთი და ტესა ტომპსონი. ძვირადღირებულმა სპორტულმა მოდელმა ახლახან განიცადა საინტერესო ცვლილება – ახლა უფრო სწრაფი და მსუბუქი – ის სრულ მზადყოფნაშია გმირების ტრანსპორტირებისთვის.

Lexus-ისა და Lionsgate-ის თანამშრომლობა: „მთვარის ვარდნა” (2022)

„მთვარის ვარდნაში“ იდუმალი ძალა მთვარეს ორბიტიდან აგდებს და დედამიწასთან შეჯახების ტრაექტორიით აგზავნის. სრულიად ახალი Lexus NX გადამწყვეტ როლს ასრულებს გმირულ მისიაში მთვარის ორბიტაზე წესრიგის აღსადგენად, რომელსაც მართავს ჩარლი პლამერის პერსონაჟი სამწუთიან, აქტიური მოქმედების სცენაში.

Lexus-ისა და Marvel Studios-ს თანამშრომლობა: „შავი პანტერა” (2018) და „მარადიულნი” (2021)

Lexus-ის საავტომობილო ბრენდი და „შავი პანტერის” ფრენჩაიზი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ახალი „შავი პანტერა – ვაკანდა სამუდამოდ”-ის გამოშვებისთვის. მეცნიერ გენიოსზე, რომელსაც შეუძლია გაასწროს მანქანას, შთაბეჭდილების მოხდენას უმაღლესი საავტომობილო ინჟინერია სჭირდება. ვაკანდას ელიტარული მეომრების რიგებში მოსახვედრად გმირმა გამორჩეული უნარები უნდა გამოავლინოს – ასევე მისმა სატრანსპორტო საშუალებამაც.

LC-ის მკაცრი სტილი, მაღალი ქმედითობა და მოქნილი მართვა იდეალურად შეეფერება შავი პანტერას სწრაფ, კატისებრ რეფლექსებსა და ზეადამიანურ შესაძლებლობებს. ტექნოლოგია, კრეატიულობა და ფანტაზია, რომელსაც ვხვდებით ფუტურისტულ ქვეყანა ვაკანდაში, ბუნებრივია, რომ ესადაგება იმ მდგრად, გლობალურ საზოგადოებას, რომლისთვისაც Lexus-ი ქმნის მოწინავე ავტომობილს, სრულად ელექტრო RZ 450e-ს.

მას შემდეგ, რაც Marvel Studios-მა Lexus-თან ერთად ასე წარმატებით მოგვითხრო შავი პანტერას ისტორია, მათი შემოქმედებითი კავშირი გაგრძელდა ფილმით „მარადიულნი”. ანჯელინა ჯოლის, სალმა ჰაიეკის, რიჩარდ მედდენისა და კიტ ჰარინგტონის მონაწილეობით,  „მარადიულნი” ასახავს უკვდავ არსებათა რასას ზეადამიანური ძალებით, რომლებიც დედამიწაზე მკვიდრობენ ათასობით წელია. კოსმიური ძალების მქონე სუპერ გმირებისგან შთაგონებული Lexus-ის მოდელები, 10 პერსონაჟის თემატურ კონცეფციას სატრანსპორტო საშუალების დიზაინში გარდაქმნის.

ფილმის ოფიციალურ გამოსვლამდე, ლუქს ბრენდმა წარმოადგინა ნიშური ავტომობილები, თითოეული მარადიულის ჯავშანტექნიკის სპეციფიკისა და იკონოგრაფიის გათვალისწინებით. უნიკალური მოდელები მოიცავს GX, LX, LS, IS, RC F, NX და LC500-ს. ზოგიერთი მოდელი ირგებს ერთზე მეტ როლს, რომელიც მიემართება სხვადასხვა მარადიულს. გარდა ამისა, ავტომობილების ცხაურიდან გამოკრთის ოქროსფერი ბზინვარება, პერსონაჟების ფილმში გამოვლენილი ენერგეტიკული ერთიანობის სიმბოლოდ.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top