ლევან ლომინაშვილის შინაგანი დიალოგი

07.11.2022

როგორც ლევან ლომინაშვილი ამბობს, მისი ნამუშევრები იაპონურ სალექსო ფორმას, ტანკას გავს (ტანკა ანუ მოკლე ლექსი). ისინი, ტანკას მსგავსად, მინიმალურია, სხარტია, ურითმოა, მაშინაც კი, როდესაც, ზოგიერთი მათგანი, რთულად გამოიყურება. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, როგორც თავად ამბობს, ის დიზაინერი-ტანკისტია.

„ამარტა“-ს სტუმარია არქიტექტორი და პროდუქტის დიზაინერი ლევან ლომინაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს სახლების, კომერციული და საწარმოო ნაგებობების, სასტუმროების, ღვინის ქარხნების ბევრი საინტერესო პროექტი უკავშირდება, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი უჩვეულო დიზაინის  სხვადასხვა აქსესუარი, ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში მის მიერ შექმნილი ავეჯი მოექცა, რომელიც შეუმჩნეველი არავის რჩება…

პროფესიით არქიტექტორი ხართ, თუმცა, რამდენიმე წლის წინ პროდუქტის დიზაინის მიმართულებით დაიწყეთ საქმიანობა.. რამ გიბიძგათ ამისკენ?

განვითარების განსაზღვრულ  ეტაპზე დიზაინი არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შესაბამისად, კავშირი მათ შორის სრულიად ორგანულია. ეს იგივეა, როგორც კავშირი ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ ფიზიკას შორის. მათი გამაერთიანებელი თეორია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე ფიზიკაა. სწორედ ამიტომ, პროდუქტის დიზაინი თითქოს თავისთავად აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მიმართულება ავირჩიე – არქიტექტურაში ძალიან რთულია საკუთარი იდეების რეალიზაცია, რადგან შენ ყოველთვის დამოკიდებული ხარ დამკვეთზე, მის გემოვნებაზე.. ეს კი ჩემი იდეების რეალიზაციის საშუალებას არ მაძლევდა. პროდუქტის დიზაინი კი ამის საშუალებას იძლევა, რადგან საკუთარი შრომის დაფინანსება შემიძლია და ვაკეთებ იმას, რაც მსურს.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ავეჯი, არა მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ არტ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ექსტრაუტილიტარული არტეფაქტებია.  საიდან იღებთ შთაგონებას მათ შესაქმნელად?

თანამედროვე პროდუქტის დიზაინში ორი ძირითადი პარადიგმაა: კომერციული და საგალერეო. კომერციულ დიზაინში მთავარი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ეგზემპლარის წარმოება და გაყიდვაა. საგალერეოში კი ფასობს მაქსიმალურად ძვირადღირებული, უნიკალური ან მცირე, ლიმიტირებული რაოდენობის არტეფაქტები. მეც ძირითადად ამ პარადიგმაში ვარ.

რაც შეეხება შთაგონებას, მუზას – ეს ერთგვარი ენერგიაა, რომლის არსებობაც ჩვენზე დამოკიდებული არ არის; თუმცა, თუკი ენერგია არსებობს, თუკი მუზა გვეწვია, მის მოსათვინიერებლად გადადგმულ ნაბიჯებზე  პასუხისმგებელი ყოველთვის  ჩვენ ვართ. ამ აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი შთაგონების წყარო სხვა არაფერია, თუ არა მუზების მოთვინიერების მეთოდი, ტექნიკები.

რას გულისხმობს ეს ტექნიკები?

ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, რამდენიმეს დაგისახელებთ.

მოგზაურობა.  ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ინტერნეტში  პროფესიულ ინფორმაციას ვეცნობი. შედეგად  ყალიბდება ჩემი პროფესიული ინტერესების სფერო, პრობლემების არეალი, ყალიბდება დამოკიდებულება დიზაინის აქტუალურ ტენდენციებთან ან იმასთან, რაც დიზაინში დროის გავლენების მიღმაა. მოგზაურობა ისეთი ტექნიკაა, რომელიც ენერგიის ფოკუსირებაში ყველაზე მეტად მეხმარება.

შთაბეჭდილება. ვიზუალური ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადიდან, ზოგიერთი მათგანი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ინფორმაციის მიღმა, ჩემთვის განკუთვნილი საიდუმლო ან ჭეშმარიტება იმალება. შესაბამისად, ეს ტექნიკა, შთაბეჭდილებით მარკირებული ინფორმაციის მუდმივ ანალიზსა და გააზრებას გულისხმობს.

შინაგანი დიალოგი. აუცილებელია შინაგანი, უხილავი საუბარი სხვა დიზაინერებთან, მათ ნამუშევრებთან. ეს საუბარი აყალიბებს ჩვენს იდეებს, აზრებს და საბოლოო ანგარიშით ქმნის ახალ პროდუქტს. ძალიან ხშირად ის, რასაც მე ვაკეთებ, იმ პროდუქტის ან იმ პიროვნების დამსახურებაა, ვისთანაც მე ვსაუბრობ.

როცა თქვენს ნამუშევრებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ აღინიშნოს უჩვეულო ფორმები და მასალები, რაც აჩენს  კითხვას, თუ რამდენად კომფორტულია ისინი. ამის შესახებ რას გვეტყვით ?

თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, ჩემი ნივთები, თითქმის ყოველთვის, ფუნქციონალური  შესაძლებლობების ზღვარზე, პერიფერიაზე არიან. დიზაინში ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მეტიც, გადამწყვეტი ფაქტორია, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა. შეიძლება, თქვენ აპროექტებთ სკამს, რომელზეც 5 საათი ჯდომა მოგიწევთ. ამ შემთხვევაში, სკამი ვალდებულია მთელი 5 საათის განმავლობაში იყოს კომფორტული; მაგრამ ზოგიერთი სკამი მხოლოდ 5 წუთით გამოყენებისთვის არის საჭირო. ამ შემთხვევაში დიზაინერი მეტად თავისუფალია.

უმეტესწილად, თქვენი ნამუშევრები „მყვირალა“ , არატრენდული ფერებითაა შესრულებული. რატომ?  

დღეს მოდაში მეორადი, მესამეული ფერებია. ხშირად, კონკრეტულ ფორმას კონკრეტული ფერი უხდება, იმის მიუხედავად თუ რამდენად მოდურია ის. მაგალითად, ფერარის სპორტული ავტომობილის დიზაინის ღირსებებს წითელი ფერი მეტად წარმოაჩენს ვიდრე თეთრი… თუმცა, არის კიდევ ერთი მიზეზი –  მოდა, ტრენდი ძალიან საეჭვო ფენომენია. ჩემთვის სრულებით უმნიშვნელოა რამდენ ადამიანს მოსწონს ესა თუ ის ფერი დღეს. მთავარია რა შთაბეჭდილებას მოახდენს ის ადამიანებზე 50 წლის შემდეგ.

როგორ ფიქრობთ, რატომაა ლევან ლომინაშვილის ავეჯი  ამდენად საინტერესო უცხო ქვეყნებისთვის და რატომ არ ჩანს ისინი საქართველოში?

დიზაინი არის ინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პროდუქტი და მისი ღირსების თუ ღირებულების მთავარი შემფასებელი. ჩვენ კი ტრადიციული საზოგადოება ვართ. არც ერთ ინდუსტრიულ რევოლუციაში მონაწილეობა არ მიგვიღია. დღესაც, თითქმის არაფერს ვაწარმოებთ. შესაბამისად, გასაკვირი იქნებოდა, საქმე რომ სხვაგვარად იყოს.

როდესაც ავეჯს ამზადებთ ფორმაზეც და კონცეპტზეც თანაბრად ორიენტირდებით? მიყვარს, როდესაც ნივთის მიღმა რაიმე საზრისია. თუმცა, ჩემი აზრით არ არსებობს არც ერთი ნივთი, რომელსაც  უტილიტარული დანიშნულების გარდა, ექსტრაუტილიტარული დანიშნულება არ გააჩნია.

სერია 60 თქვენს შემოქმედებაში ავეჯის მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სერიაა.  გვიამბეთ მათზე, რა ტიპის ნამუშევრებს აერთიანებს ის?

60 სერიის შთაგონების წყარო შეცდომა გახლდათ. საქმე ისაა, რომ  მუზების მოთვინიერების ერთ-ერთი ტექნიკა სხვა დიზაინერების შეცდომების „გასწორებას“ გულისხმობს. მე კარგად შევისწავლე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში შექმნილი დახრილი ავეჯის სუსტი მხარეები და გამოვასწორე. ამჟამად ეს სერია 7 პროდუქტს აერთიანებს.

როგორ ფიქრობთ, თქვენი ავეჯი ნებისმიერი ტიპის სივრცისთვისაა გათვლილი, თუ კონკრეტულ მათგანს კონკრეტული სივრცე სჭირდება?

მე ვფიქრობ, რომ ისინი გახსნილ სივრცეებში უფრო ღირსეულად გამოჩნდებიან. ამავე დროს, სულერთია, მუზეუმის პრივილეგირებული სივრცე იქნება ეს,  ხელოვნების გალერეა, სასტუმროს ფოიე, დიზაინის კოლექციონერის სასახლე თუ   დიზაინის მოყვარული ადამიანის სახლი.

გვიამბეთ თქვენს ახალ ნამუშევრებზეც – რა შინაარსი იმალება ახალ, „გახვრეტილ“ სკამებს მიღმა?

ამ პროექტზე  დაახლოებით 7 წელია ვმუშაობ და ის დღემდე არ არის დასრულებული. ამ სერიაში სულ სამი პროდუქტია – საკუთრივ სკამი, ტორშერი და კედლის პანო. პროექტის სახელწოდებაა Walking Man. ესაა ხელოვნების ისტორიაში კარგად ცნობილი სიუჟეტის, მოსიარულე ადამიანის ჩემი ვერსია.

და ბოლოს, რითი ხართ დაკავებული ამჟამად?

ამჟამად „მოსიარულე ადამიანის“ პროექტს ვასრულებ. ასევე ვმუშაობ ჭადრაკის დაფისა და ფიგურების  ვერსიებზე. გეგმაში მაქვს სკამის რამდენიმე პროექტის დამუშავება და რეალიზაცია. დიზაინის ინდუსტრია პანდემიის შემდეგ ნელ-ნელა ცოცხლდება და ჩემი სამომავლო გეგმები დიზაინის განახლებული სამყაროს ნაკადში საკუთარი თავის ამოცნობაა (იდენტიფიცირებაა), რაც, პირველ რიგში, გულწრფელობას და საკუთარი ნამუშევრების ეჭვის ქვეშ დაყენებას გულისხმობს. ეს კი იმისთვის არის აუცილებელი, რომ თვითკმაყოფილებას არ მივეცე და მუდმივ განახლებაზე ვიყო ორიენტირებული.

.

თინა უგრეხელიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top