Leigh Bowery

©Fergus Greer

ოცდამეერთე საუკუნეში თუ არსებობს საზღვრები, მხოლოდ პირობითი და მხოლოდ იმისთვის, რომ მას გასცდე, დაარღვიო და უგულებელჰყო მისი არსებობა. არსებობს სფეროები, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩარჩოები ყოველთვის გაზიანებს, აღნიშნულ დებულებაზე კამათი ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ცალსახაა, რომ ლი ბაუერი სწორედ იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება დაივიწყო ყველა ნორმა, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგახსენდეს, როცა მის უარყოფას აპირებ.

ლი ბაუერის ცხოვრება დღევანდელი გადმოსახედიდანაც ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და თავბრუდამხვევია. ოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტის გზა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია ყველასთვის, ვისაც მის შემოქმედებასთან ერთხელ მაინც ჰქონია კვეთა. ლი ბაუერის რეგალიები ნამდვილად ბევრ სხვადასხვა სფეროს ითვლის, მათ შორის მოდის დიზაინსაც და პრომოუტერობასაც. ადრეული ასაკიდან, ბაუერი მჭიდრო კავშირში იყო ხელოვნებასთან, უკრავდა პიანინოზე, სწავლობდა მოდასა და დიზაინს და მალევე გააანალიზა, რომ მელბურნი ნამდვილად არ იყო ის ადგილი, სადაც მისი შემოქმედებითი განვითარებისთვის იდეალური გარემო ჰქონდა და ამიტომ ლონდონში გადავიდა. 

ლი ბაუერის ისტორია განსაკუთრებულია არა როგორც ამბავი, არამედ, როგორც ისტორია, რომელიც შეიძლება მოტივაცია იყოს ყველასთვის, ვისაც განსხვავებული „პერფორმანსის“ კეთების სურვილი აქვს და ფიქრობს, რომ გარემო ამაში ხელს არ უწყობს. უკიდურესად კონსერვატიული გარემოც კი შეიძლება აღმოჩნდეს მოტივაცია დიდებული იდეების განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ, მისმა თამამმა გადაწყვეტილებამ, შეეცვალა ქალაქი, ხელოვნების ახალ, განსხვავებულ და საინტერესო მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი.

ლი ბაუერის ცხოვრება ლონდონში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო გახდა. ბაუერი იდეალური მაგალითია იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს ხელოვნების ისეთი კატეგორია, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ არასდროს დაგავიწყდება. საკამათოა, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ ნამდვილად მოახდენს. 

არტისტების შემთხვევაში, პერსონას, ხასიათს მხოლოდ შემოქმედება არ გამოხატავს, ლი ბაუერის შემთხვევაში, მრავლისმთქმელი არამხოლოდ მისი ნამუშევრებია, არამედ თავად ის – ადამიანი, რომელმაც შექმნა პრეცედენტი, რომლის გავლენაც შეუფასებელია. ბაუერის მთვარი , სათაყვანებელი  ქმნილება ცალსახად არის Taboo, კლუბი, რომელიც 1985 წლის იანვრიდან აერთიანებდა ყველას, ვისი ცხოვრების ამოსავალი წერტილიც თავისუფლება და ექსპრესია იყო, სივრცე ბოლომდე უარყოფდა ტრადიციების ფარგლებში დადგენილ ჩარჩოებს. თუ ოდესმე ბრიტანეთში ყოფილხართ, ადვილად წარმოიდგენთ, თუ არ ყოფილხართ, ალბათ გსმენიათ, რამდენად მოწესრიგებულ და „აბზაცებად გაწერილ“ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ბაუერს გულწრფელად სჯეროდა, რომ ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, იცოდა, როდის უნდა დაეწყო ცვლილებები და იცოდა, როდის შეჩერებულიყო. კლუბმა თავის სიტყვა ნამდვილად თქვა, ეს იყო იმ ამბის დასაწყისი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და ცვლილებებმაც გაამართლა, Taboo-ში საკუთარ ადგილს პოულობდა ყველა, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, ეროვნებისა თუ გენდერული იდენტობისა, დამფუძნებლისთვის არ არსებობდა ტაბუდადებული თემები, Taboo იყო – the place to be – ადგილი, სადაც უნდა იყო!

ავსტრალიაში დაბადებულს, ერთი შეხედვით რიგით არტისტს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული და დასამახსოვრებელი ხედვა, რომელიც, გარკვეულწილად მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებმა განაპირობა. დღესაც, ბაუერისთან დაკავშირებული უამრავი კითხვა არსებობს. ბევრს საუბრობდნენ ბაუერის გენდერულ იდენტობაზე, საბოლოოდ კი მან დიდი ხნის პარტნიორ ნიკოლა ბეითმენზე იქორწინა, თუმცა მისი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რამდენიმე თვის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, ბაუერი გარდაიცვალა.

Photographed and styled by GRIGOR DEVEJIEV / Models LIKA RIGVAVA, MATT SHALLY / MUA LUCHIA DEVEJIEVA / Produced by ALEXANDR KAKABADZE / GEORGE KEBURIA S/S 2018 / shoes GOLADAMIAN / jewellery SOFIO GONGLI

შესაძლებელია მსოფლიომ იკამათოს იმაზე, გენიოსია ლი ბაუერი თუ ავანტიურისტი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შემოქმედება ინსპირაციის უდიდესი წყარო გახდა არაერთი დიზაინერისთვის. მისი მიდგომა საკუთარი საქმის მიმართ, ის, რომ არასდროს არაფერს ქმნიდა მას პროდუქტად, ინსპირაცია გახდა არაერთი დიზაინერისთვის. Vivienne Westwood,John Galliano, Jean-Paul Gaultier, Junya Watanabe, Rifat Ozbek, Gareth Pugh – მათთვის   ლი ბაუერი ახალი სიტყვა იყო, მათ მიიღეს გამოწვევა, ტრენდის საფუძვლად ლონდონი აეღოთ, ლონდონი, რომელშიც ტრენდს ნამდვილად ქმნიდა ლი ბაუერი. მისი ინსპირაციით შექმნილ კოლექციებს აერთიანებს ერთი – ნებისმიერი მათგანი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია.  

გამომდინარე იქიდან, რომ მისი როლი ლონდონის კლუბურ ცხოვრებაშიც განუზომლად დიდია, ხშირი შეხება ჰქონდა მუსიკოსებთანაც. მაგალითად, მიკ ჯაგერსა და მას შორის მომხდარი მცირედი შელაპარაკება, სადაც მიკ ჯაგერის უკმაყოფილება ზედმეტად ახლოს ცეკვამ გამოიწვია ,  კიდევ ერთხელ გახდა მითქმა-მოთქმის მიზეზი ლის გენდერული იდენტობის შესახებ. 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სადაც ლი ბაუერს ვახსენებთ, იქვე „ექცენტრიულობა“ შემოდის სცენაზე, სცენაზე მდგომი არტისტებიდანაც უნდა გავიხსენოთ ის, ვისი სასცენო იმიჯიც დასამახსოვრებელი და განსხვავებული ყოველთვის იყო, ბოი ჯორჯის და ბაუერის კოლაბორაციამ შექმნა ის, რამაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა, თვალის ლურჯი ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხი, ფერადი ტანსაცმელი, რომელიც მკვეთრად ქმნის თავისუფლების ვიზუალურ ეფექტს. ბაუერისთან და მის კლუბთან არის დაკავშირებული ისეთი არტისტის სახელი, როგორიცაა თავად David Bowie. მსგავს არტისტებთან აფილირებით, ბაუერი ღიად აკეთებდა განაცხადს საკუთარი მსოფლმხვედველობისა და მიდგომების შესახებ მოვლენებთან, რომელიც ერთი შეხედვით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება. შეიძლება ითქვას, რომ ტანსაცმლის იმ სტილით, რომელსაც ის ქმნიდა, ლი ეწინააღმდეგებოდა კიდეც განსხვავებას ქალისა და მამაკაცის სქესს შორის.

ოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაცვლილი ლი ბაუერის ექსცენტრიულობაზე ბევრი ითქვა, თუმცა, მისი მეუღლე ნიკოლა ბეითმენი ლიზე ამბობს: „ყველას უნდოდა ლისთან მეგობრობა, იმიტომ რომ ის ნამდვილად ტრენდული იყო! ჩვენი ყოველდღიურობა კი ზედმეტად ჩვეულებრივი იყო, უბრალოდ დავდიოდით სუპერმარკეტში და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი ყოველდღიურად დადის, ჩვენი ერთად გატარებული დროის უდიდესი ნაწილი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული იყო და არა – სიგიჟე!“ 

ბაუერის ცხოვრება და მოღვაწეობა ისე დასრულდა, როგორც შეეფერება არტისტს, რომელიც ბოლომდე გასაგები და მარტივად გამოსაცნობი არასდროსაა. მისი გარდაცვალების ერთერთ მიზეზად შიდციც დაასახელეს, თუმცა ზუსტად ნამდვილად არავინ იცის, რატომ აღმოჩნდა 1994 წლის ბოლო დღე უკანასკნელი ლი ბაუერისთვისაც.

თუ ნამდვილი ხელოვნების ნახვა გინდათ, ხელოვნებისა ჩარჩოების გარეშე, იცოდეთ, რომ ლი ბაუერის შემოქმედებას გვერდები ვერასდროს დაიტევს და უბრალოდ გაეცანით, გაეცანით ყველაფერს, რაც გაუკეთებია და ახლაც აკეთებს, იმიტომ რომ მის მაგალითზე ყველაფერთან ერთად აუცილებლად ისწავლით – თავისუფლებისკენ სწრაფვა მუდმივია, კონსტანტა, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის!

ნატა ბეშიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap