27.10.2025
ჩვენი სტუდია 2013 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით და ამ წლების განმავლობაში არაერთ საინტერესო, განსხვავებული ფუნქციის, მოცულობისა და მასშტაბის პროექტზე გვიმუშავია, თუმცა NS STUDIO-ს ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქუთაისის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. კულტურული მნიშვნელობის სარეკონსტრუქციო შენობა თბილისის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის მოედნის კვეთაზეა განთავსებული და მოედნის სივრცით კომპოზიციურ წყობაში დიდ როლს ასრულებს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ნაგებობა მოედნის სტრუქტურული მთლიანობის განუყოფელი ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება ქალაქის ისტორიულ ფესვებს.

შენობის კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ობიექტზე მუშაობა ჩვენთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო და სპეციფიკური აღმოჩნდა. ამიტომ მთავარ ამოცანას წარმოადგენა სწორი აქცენტების პოვნა და პროექტის საკვანძო ელემენტების მიზანმიმართული გამოყენება, რამაც საბოლოოდ ფუნქციასა და არქიტექტურულ-მხატვრულ ღირებულებას შორის ოპტიმალური ბალანსი შექმნა და წარსულის და თანამედროვეობის ჰარმონიული სინთეზი უზრუნველყო. ძველი და ახალი არქიტექტურული ელემენტების შერწყმის შედეგად, შენობამ ერთი მხრივ ისტორიული, ავთენტიკური სახე შეინარჩუნა, მეორე მხრივ კი სახასიათო, თანამედროვე ფორმები შეიძინა, რამაც ბევრად საინტერესო, ფუნქციურად მოქნილი გეგმარება განაპირობა.

ქუთაისი — ქართული კულტურის აკვანი
ქუთაისი მდინარე რიონის ნაპირებზეა განაშენიანებული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, რამაც ურბანული სივრცის განვითარებასა და ადგილობრივი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ქალაქში ძირითადად გვხვდება 1-2 სართულიანი შემინულაივნიანი ქვისა და აგურის საცხოვრებელი სახლები, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები და საუკუნოვანი ხუროთმოძღვრული თუ კულტურული ძეგლები.
ამასთან, მშენებლობაში უმეტესად ადგილობრივი მასალებია გამოყენებული, რამაც ხელი შეუწყო ქუთაისის ავთენტიკური სახის ჩამოყალიბებას და შუა საუკუნეების ქალაქისთვის დამახასიათებელი იერის შენარჩუნებას.
მიუხედავად კულტურული ობიექტების სიმრავლისა, ქალაქში ამ დრომდე არ არსებობს ცოცხალი, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო მიმართულებებს გააერთიანებს და მოქნილ სივრცეს შექმნის გამოფენების, ლექციების, წარმოდგენებისა თუ მუსიკალური საღამოების ჩასატარებლად.
საპროექტო ტერიტორია — აღმაშენებლის მოედნის ისტორიული ღირებულება
საპროექტო შენობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აღმაშენებლის მოედანზე მდებარეობს. ეს სივრცე ქუთაისის ურბანული ქსოვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს როგორც საქალაქო, ისე საუბნო კონტექსტში და ქალაქის კომპოზიციურ და ფუნქციურ მთლიანობას უზრუნველყოფს.

საინტერესოა თავად მოედნის ისტორიაც, რომლის პირველადი ნიშნები 1810-იანი წლებიდან ჩნდება, მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის გუბერნიად ცხადდება და ქალაქის ურბანული განვითარება აქტიურად იწყება. 1846 წლიდან ქუთაისი გუბერნიის ცენტრი ხდება და შესაბამისად ქალაქს ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური განვითარების ახალი შესაძლებლობა ეძლევა. მოედნის შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდის შვეიცარიელი მოგზაური დიუბუა დე მონპრე, რომლის ჩანაწერები მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლებით თარიღდება.
საყურადღებოა ისიც, რომ მოედნის სახელწოდება ქვეყნის პოლიტიკური კურსისა და ვითარების შესაბამისად იცვლებოდა. მაგალითად, 1921 წელს ქუთაისის ცენტრალურ მოედანს რევკომის გადაწყვეტილებით პარიზის კომუნის სახელი მიენიჭა, ხოლო საბჭოთა ხელისუფლებამ, ისევე როგორც ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ლენინის ძეგლი აღმართა და სივრცეს მის პატივსაცემად დიდი ბელადის სახელი უწოდა. საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების შემდეგ, ცენტრალურ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა (1988 წ.). 1995 წელს კი მის ცენტრალურ ნაწილში აღმაშენებლის ძეგლი დაიდგა.
გარდა კულტურული და ისტორიული ღირებულებისა, მოედანი ასრულებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას. ის ერთმანეთთან აკავშირებს 4 საუბნო ტერიტორიას და ავტო სატრანსპორტო, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელებს აერთიანებს. ამასთან, თავისუფლადაა შესაძლებელი მოედანზე საფეხმავლო ბილიკის განვითარება და მისი თანამედროვე სტანდარტების სივრცედ ტრანსფორმაცია.
საპროექტო ადგილის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ეკოლოგიური მდგომარეობაა. ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა გამწვანებას. მოედანს ესაზღვრება ისტორიული ბულვარი (ქუთაისის ცენტრალური ბაღი), რომელიც 1821 წელს გაშენდა. ის ოდითგანვე ქალაქის მთავარი სასეირნო და საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილი იყო, რის გამოც „ქუთაისის პარლამენტადაც” მოიხსენიებდნენ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით მოედანი დღესაც ადგილობრივებსა თუ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხალხმრავლობით გამოირჩევა.
საპროექტო შენობის ისტორიული და კულტურული ღირებულება
სარეკონსტრუქციო შენობის ისტორია 1840-იანი წლებიდან იწყება, როდესაც თავად მერაბ წულუკიძის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე 1846-1860-იან წლებში თავად ნიკოლოზ იგორის (გრიგოლის) ძე ერისთავის თაოსნობით რეზიდენცია აშენდა. გადმოცემის თანახმად, ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მხატვრის, ილუსტრატორისა და თეატრალური დიზაინერის – კირილ ზდევიჩის ოჯახიც. 1908-1911 წლებში შენობა შეიძინა რაფიელ კაკიტელაშვილმა. ხოლო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 1922 წელს საცხოვრებელი ახალ მფლობელებს – რიჟინაშვილებს ჩამოართვეს და მასში სამაზრო გლეხკომი (გლეხთა სახლი) განათავსეს.

შენობის ახალი სიცოცხლე მე-20 საუკუნიდან იწყება. 1947-48 წლებში ნაგებობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადაეცა. 1977 წელს სახლმა კვლავ იცვალა სახე და მიშენება დაემატა, სივრცეში კი დიდი ხნის განმავლობაში ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმმა დაიდო ბინა. 2012 წელს შენობას მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, 2013 წელს კი მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ნაგებობა დაცარიელდა და უფუნქციოდ დარჩა.
2021-2022 წლებში შენობის რეაბილიტაცია დაიწყო და მისი რეკონსტრუქციისა და რენოვაციის პროექტი შემუშავდა, რომელიც სივრცეში ქუთაისის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.
შენობის განვითარების კონცეფცია და არქიტექტურულ-მხატვრული სახე
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დანგრევის პირას მყოფი შენობის შენარჩუნება და მისი პირვანდელი სახით აღდგენა, ამიტომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილით შესრულდა, ხოლო უხეში ჩარევისგან თავის ასარიდებლად, კონსტრუქციის უკანა მხარეს მიშენება მოეწყო, სადაც საჭირო ფუნქციური ოთახები განთავსდა. საინტერესო კონტრასტის მისაღებად, ახალი ნაწილი ხის მასალით დამუშავდა, რამაც ნაგებობა უფრო მიმზიდველი გახადა და თანამედროვეობისა და სიძველის ურთიერთკავშირს გაუსვა ხაზი, რაც მასალების და გეომეტრიული ფორმების სინთეზით გამოიხატება.
მთავარი ფასადის სახასიათო ელემენტია წრიული ფორმის ციფრული ეკრანი, რომელიც საათის, საინფორმაციო დაფისა თუ დეკორაციის ფუნქციას ითავსებს და რიგით გამვლელს არქიტექტურასთან აკავშირებს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად, ისტორიული ფასადისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიულ მთლიანობა მივიღეთ, რომელიც ორგანულად ჩაეწერა მოედნის კომპოზიციურ წყობასა და არსებული შენობების სტილისტიკაში.

ექსტერიერთან ერთად ყურადღება მახვილდება შენობის ინტერიერზე, რომელიც კონცეფციურად სამი მთავარი ნაწილისგან შედგება: შენობის ტექნიკური ნაწილი, მთავარი სივრცე/ამფითეატრი და ტრანსფორმირებადი კუთხე, რაც მთლიანობაში 735 მ²-ის ფართობს ქმნის. სივრცეებს შორის ინტეგრირებულია მოძრავი კედელი, რომელიც ზონების გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა და მათ ფუნქციონალურობას ზრდის.
პროექტს თავისებურ ხასიათსა და განწყობას სძენს ღია გეგმარების მქონე სივრცე. თავდაპირველი ზონირებისგან განსხვავებით, რომელიც ორ სართულიან, დატიხრულ ოთახებს ითვალისწინებდა, ჩვენ სივრცეები გავაერთიანეთ, რის შედეგადაც ერთიანი, მოცულობითი და შთამბეჭდავი დარბაზი მივიღეთ, რომელშიც საგამოფენო სიბრტყეები შენობის მთელ პერიმეტრზეა განთავსებული. ამასთან, წითლად შეფერილი პანდუსები ნაგებობას პერიმეტრზე მიუყვება მიუყვება და მნახველს გამოფენის სრულფასოვნად დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. ხოლო პანდუსიდან ვიზიტორი სახურავზე, ღია ტერასაზე ხვდება, საიდანაც პანორამული ხედებით ტკბობა და მოედნის დათვალიერება ყველაზე მაღალი წერტილიდანაა შესაძლებელი. ინტერიერის საინტერესო ელემენტია შემინული სახურავიც, რომელიც სივრცეში დღის შუქის წყაროს ქმნის და დეკორატიულ ხელოვნურ განათებასთან ერთად ერთგვარ ინსტალაციას, სინათლის თამაშს უზრუნველყოფს. მულტიფუნქციური ცენტრი სამი ძირითადი მიმართულებით – კულტურის, განათლების და ტურიზმის კუთხით იმუშავებს და ქალაქში თანამედროვე, ინოვაციურ, მრავალპროფილურ სივრცეს შექმნის.

მულტიფუნქციური ცენტრის გავლენა ქალაქისა და რეგიონის განვითარებაზე
შენობას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ გახდეს ქალაქისა და იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული მიზიდულობის წერტილი. ეს იქნება სხვადასხვა მიმართულების გაერთიანების, ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაციის, დაახლოების, ინფორმაციის, ცოდნის გაცვლის და აზრის გამოხატვის შესაძლებლობის ადგილი. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ცნობადობისა და ინტერესის ზრდას, საერთაშორისო ჩართულობის წახალისებას, დამატებითი ფინანსური შემოსავლის მოზიდვას და ქალაქში ახალი დასაქმების შესაძლებლობების გაჩენას.

შეიძლება ითქვას, რომ პროექტი პირველ რიგში, ქალაქს დაუბრუნებს ისტორიულ შენობას, შეუნარჩუნებს წარსულს, შექმნის ადგილობრივი რესურსის წარმოჩენის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ქალაქის, საზოგადოებისა და მიმდებარე რეგიონის განვითარებას.
მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის დახმარებით, ქუთაისი, რომელსაც საინტერესო და მრავალსაუკუნოვანი შემოქმედებითი ისტორია აქვს, გახდება მეტად მიმზიდველი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტული ჯგუფებისთვის. მნიშვნელოვნად შეიცვლება ქვეყნის კულტურული პოლიტიკა და თბილისსა და ბათუმთან ერთად ქუთაისი სახელოვნებო და საგანმანათლებლო ღონისძიებების აქტიური თავშეყრის ადგილი იქნება. ეს კი ცოდნისა და ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაზრდის და სხვა მიმდებარე ქალაქების, რეგიონების გააქტიურებას, სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს.
ავტორი: მეკო მეტრეველი
ფოტოების ავტორები : ივანე ქათამაშვილი, გრიგორი სოკოლინსკი