RIA KEBURIA FOUNDATION
16.07.2023
„თითოეული სურათი მოსაწვევია სამყაროს განსხვავებული პერსპექტივით დანახვისკენ და იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღიარებისკენ, რაც ჩვენი მრავალფეროვნებისგან იღებს სათავეს.” ასე ახასიათებს მულტიმედია ხელოვანი, ქრისტინე ტუსიაშვილი საკუთარ ნამუშევრებს, რომელთა ნახვაც 15 ივლისიდან „ამბასადორ კაჭრეთის“ საგამოფენო სივრცეშია შესაძლებელი. გერმანიაში მოღვაწე არტისტი უკვე მეორეჯერ ხვდება რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში და განაგრძობს იმ თემაზე მუშაობას, რომლის იდეა იმავე რეზიდენციაში, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა თემებსაც განიხილავს პარალელურად, საკმაოდ სიმბოლურია, რომ გამოფენის ფარგლებში წარადგენს სწორედ იმ ნამუშევრებს, რომელთა პირველადი ვარიანტები ამავე რეზიდენციაში ჩაისახა. ინტერვიუში ხელოვანი გვიყვება, თუ როგორ განვითარდა მისი სამუშაო პრაქტიკა ამ ორი წლის განმავლობაში, სად დაიწყო თემაზე მუშაობა და საით მიდის ის ახლა.
მოგვიყევით თქვენი არტისტული ბიოგრაფიის შესახებ.
ჩემი სახელოვნებო კარიერა დაიწყო 2007 წელს, როდესაც წავედი გერმანიაში. მალევე ჩავაბარე დიუსელდორფის აკადემიაში, სადაც ვსწავლობდი ქანდაკების ფაკულტეტზე. აქ მოხვედრა ჩემი მთავარი მიზანი იყო, განსაკუთრებით კი ხელოვანი ტომას რუფის კლასში. საბოლოოდ, მოხდა ისე რომ გადავედი ქალაქ ესენში და აქ უკვე განვაგრძე მედია ხელოვნების შესწავლა, პრინციპში ამ სპეციალობით დავამთავრე აკადემია. აქ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ჩემი პრაქტიკისთვის საინტერესო დისციპლინა ფოტოგრაფია და მედია არტი იყო. ამ მიმართულებით წავედი და დღემდე ამ განხრით ვმუშაობ. აკადემიის დასრულების შემდეგ ზუსტად არ ვიცოდი რა როგორ განვითარდებოდა, განვგარძე მუშაობა და ამას მოყვა ის, რომ გერმანიაშიც და საქართველოშიც მომიწია ბევრ გალერეასთან და ინსტიტუციასთან ურთიერთობა. შარშან გაიმართა ჩემი პირველი სოლო გამოფენა. ამჟამად კი ვმუშაობ რიგით მეორე სოლო ექსპოზიციაზე, რია ქებურიას რეზიდენციისფარგლებში, რომელიც გაიმართება მის საგალერეო სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მედიუმი, რომელსაც ყველაზე ხშირად მივმართავ არის ფოტოგრაფია და ვიდეო.
როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს?
ჩემი ვიდეოხელოვნებისთვის მახასიათებელია, რომ ჩანაწერს მხოლოდ ერთხელ ვაკეთებ, გადაღების პროცესი უნიკალურია და წარიმართება მხოლოდ ერთხელ, სწორედ ამიტომ ის რაც ვიდეოში ხდება ემსგავსება პერფორმანსს. ვფიქრობ რომ კადრის დუბლირების უარყოფა მეტად გულწრფელ და დახვეწილ ემოციას გამოიწვევს. ადრე სამუშაო სუბიექტად ხშირად საკუთარ თავსაც ვიყენებდი, თუმცა ამ ეტაპზე დაკვირვების ობიექტები ხდებიან მოდელები, რომლებთანაც ვთანამშროლობ. მიუხედავად ამისა, არ იკარგება განცდის ინტიმურობა, რადგან ვცდილობ მაქსიმალურად დავუახლოვდე და შევინარჩუნო იმ ადამიანების ინდივიდუალურობა, რომლებთანაც ვმუშაობ. წლების განმავლობაში ჩემი გადამღები კოლექტივი გაიზარდა, რაც თავისმხრივ მაძლევს საშუალებას შევასრულო რეჟისორის როლი. მნიშვნელოვანია, რომ მოდელები იყვნენ თავისუფლები მოძრაობაში, მათ სამოსს ხშირად მე ვარჩევ, ესეც ხდება ნამუშევრის და კომპოზიციის ნაწილი, თუმცა მთავარია, რომ მათ შეიტანონ საკუთარი გავლენა იმპროვიზაციით. ცხადია, ყოველივე ეს ცვლის პირველად ჩანაფიქრს, მაგრამ კონცეპტის დინამიკის თამაში ხდება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ვმანიპულირებ.
ბოლო ორი წელია ჩემი ნამუშევრების მთავარ თემას წარმოადგენს თავისუფალი აზროვნება. ამაზე დავფიქრდი, როდესაც საქართველოში ჩამოვედი და პირველად მოვხვდი კაჭრეთის რეზიდენციაში. თითქოს ამ იზოლირებულ სამუშაო პროცესში ყველაფერი უფრო მკაფიოდ შევიგრძენი და თემის იდეაც დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კონკრეტულ თემებზე ვმუშაობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მაყურებელმა დამოუკიდებლად განიცადოს ნამუშევარი, თუმცა ფორმას, რომელიც ამყარებს მნახველთან კომუნიკაციას, ვქმნი მე და ამისათვის გავდივარ ხანგრძლივ პროცესს, რომელშიც ყალიბდება სამეტყველო სივრცეც.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო და როგორ იქმნება სამუშაო განწყობა?
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სამუშაო პროცესი არ წყდება, ის მუდმივად მიმდინარეობს. ეს ალბათ განპირობებულია იმითაც, რომ მე არ ვმუშაობ სახელოსნოში ან რაიმე კონკრეტულ სივრცეში. ვიღებ ყველგან, სახლში, მეგობრებთან, ნებისმიერ გარემოში, რომელიც ყურადღებას მიიქცევს, გარემომცველი სამყარო ხდება ჩემი სამუშაო ადგილი. მე არ ვიცნობ განწყობას და გარემოს, რომელიც ხდება პროცესის დასაწყისი, პროცესი უბრალოდ არ წყდება. ინსპირაცია ხდება სიტუაციაც, რომელიც თავისკენ მიბიძგებს.
ზოგადად იდეა, რომელზეც სულ ვფიქრობ, არის თავისუფალი აზროვნება, როგორც თემა და როგორც სამუშაო პრაქტიკა. ეს მაძლევს საშუალებას, რომ ჩემს ჯგუფთან ერთად ვიმუშაო სინქრონულად, დავრჩე გახსნილი ინტერპრეტაციის მიმართ. ეს ხშირად მახსენებს დირიჟორობასაც, მე მივყვები ყველა ელემენტს და ისინი მომყვებიან მე. ახლა მახსენდება ნამუშევარი „რძე და თაფლი,” რომელიც მთლიანობაში როგორც პროექტი არის ავტოპორტრეტი. ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში მე ვუღებ საკუთარ თავს და ყველაზე კარგად უნდა მესმოდეს რისი გაკეთება მსურს, მაგრამ სინამდვილეში ასე მუშაობა უფრო მეტ გამოწვევას უკავშირდება, რადგან მე არ ვაკვირდები იმას რასაც ვაკეთებ. მე ვხდები ერთ-ერთი მონაწილე, არვიცი რა შედეგი მიიღება კადრს მიღმა, რომელსაც ვერ ვხედავ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელსაც ყოველთვის ვუბრუნდები არის ძველი და ახალი აღთქმა, ბიბლიური თემატიკა. ადამიანი ყოველთვის განპირობებულია იმით თუ რისი სწამს მას. ის მიდრეკილია, რომ რაღაც სახის რწმენისკენ ილტვოდეს. ყველაფერი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო, ის თუ რა გხიბლავს, რისი გჯერა, რაში პოულობ საკუთარი თავის ანარეკლს. ეს აისახება ყოველდღიურობაშიც. თუნდაც ფერი, რომელიც საკმაოდ დომინანტურია ჩემს ნამუშევრებში, ხშირად შთაგონებულია იმ ტონალობებით, რომლებსაც ვხედავ მაღაზიაში. ფერადი ხილი, სხვა პროდუქტების მისტიურად მიმზიდველი უბრალოება, ხშირად ვუწოდებ ამას ფერთა ზეიმს. ეს სანახაობა შეიძლება იყოს უეცარი იმპულსი, განწყობაც და შთაგონებაც, რომ დაიწყო მუშაობა. ინფორმაცია თამაშობს დიდ როლს, ის თუ როგორ იკვებები შენი გარემომცველი სამყაროსგან.
გვესაუბრეთ სერიაზე, რომელსაც ვიხილავთ გამოფენაზე. რას წარმოადგენს ნამუშევრები და როგორ დეფინიციას მოუძებნიდით სერიის სათაურს „მრავალფეროვანი აზროვნება”?
ყოველთვის ჩემი პროექტების ცენტრში იდეურად ხვდება ადამიანი, მისი სხეული. სახე ხშირად არ ჩანს, რადგან ის ემსახურება საკმაოდ მკაფიო პორტრეტიზაციას და გიბიძგებს, რომ მას მიაქციო მეტი ყურადღება. აქ კი აქცენტირებულია მხოლოდ ადამიანის სხეული და სხეულის ენის შესწავლა, როგორ უნდა გამოხატო ემოცია სხეულის ენის საშუალებით და შემდეგ კი როგორ იშიფრება ეს ენა სხვა ადამიანის მიერ. დეკოდირება ხდება რეაგირება, რომელიც წარმოქმნის ფიქრის ქაოსს და ამ ქაოსში იბადება აზროვნების სხვადასხვა ელემენტები. ამ აზროვნებისთვის თავის მხრივ მნიშვნელოვანია კომპოზიციური წყობა, ფერები, კონტური, დრაპირება, ჩაცმულობა. ბოლო დროს ფოტოში ხშირად ვიყენებ ხელთათმანებს, რადგან ვფიქრობ, რომ ხელებიც თვალების მსგავსად ახდენენ პორტრეტიზაციას ადამიანის შინაგანი სამყაროსი. ასე ვცდილობ ადამიანის კლასიფიკაციის დანგრევას. ამ ფოტოპროექტში ყურადღებამისაქცევია ნამუშევრების განზომილებებიც, მანძილი მათ შორის, რაც საგამოფენო სივცრეში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.
სათაური ეხება მიმღებლობას და ადამიანების მიერ ინფორმაციის შეთვისების პროცესს. მგონია, რომ მიმღებლობის დაკარგვასთან ერთად დაიკარგა მრავალფეროვნებაც, ჩვენ ამით საკუთარი სულიერების და ავთენტურობის სუბლიმაციას ვექვემდებარებით. იმიჯები, რომლებსაც მე ვაკეთებ მნახველისთვის ხდება უცნობი ტექსტი და ერთგვარი გამღიზიანებელიც, ჩნდება უცხოსთან გაცნობიერების შიში, მაგრამ ამავდროულად მაყურებელს მინდა გადმოვცე სითბო ფერების სახით. ჩემი მიზანია, რომ ადამიანმა მიიღოს ემპათია იმ დაბნეულობის და უარყოფის სანაცვლოდაც, რომელსაც ხანდახან გამოხატავს ნამუშევრებთან პირისპირ აღმოჩენის დროს.
სერიაში წარდგენილი ფოტოები თითქოს მეტყველებს სიმსუბუქესა და სილაღეზე, თუმცა ამავდროულად შეიმჩმნევა ვნება, რომელიც გამოხატულია დისკომფორტით, რამ განაპირობა მსგავსი ვიზუალი?
ორი ადამიანის თანაარსებობა ყოველთვის მოიაზრებს კომპრომისებს, ამ დაძაბულობაზე დაკვირვება ხდება ჩემი საკვლევი თემა, განსაკუთრებით კი გადაღების დროს, რადგან მოდელებისთვის ერთადერთი მოცემულობაა, რომ შეძლონ ერთად ყოფნა, მოქმედება. საინტერესოა როგორ შეძლებენ ამის მიღწევას, იმპულსურად დიალოგის შექმნას სიტყვების გარეშე. დაძაბულობაში უნდა გამოაშკარავდეს ჰარმონია.
ატრიბუტები, რომლებსაც ვიყენებ გადაღებებში, თუნდაც რეზინის ბანდაჟი ეხმაურება დისკომფორტს, რადგან მჭიდროდ ეკვრის კანს, თითქოს ახრჩობს მას კიდევაც. ვიდეოს შემთხვევაში რეკვიზიტები უფრო დამოკიდებული ხდებიან სხეულზე ვიდრე სხეული მათზე, რადგან ადამიანი ხდება ის, ვინც წყვეტს როგორ მოახდინოს ამ ნივთებით მანიპულირება, დინამიკა შემოდის. ფოტო კი სტატიკურია და უფრო მოითხოვს კონკრეტიკას წამიერ განცდაში. როდესაც მე პერფორმანსის წევრებს ვაძლევ დანას და საღებავს, მხოლოდ ვეუბნები იმას, რომ იმოქმედონ ჰარმონიულად, ის კი რასაც ისინი იზავენ მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით პროდუქტში არის გრაციოზულობა, რომელიც იქმნება ინტენსიური დაძაბულობის ხარჯზე. ამ წინააღმდეგობრიობით მე გამოვსახავ ბრძოლას, აზროვნებას და იმ შებოჭილობის გარღვევას, რომელსაც ქმნის ტაბუები.
ამ პროცესებში მნიშვნელოვანია, რომ დავინახო საკუთარი თავი, სწორედ ამიტომ შემოდის ფოტოსერიაში ჩემი ავტოპორტრეტი. ჩემი გამომეტყველება მიმართულია პირდაპირ მაყურებლისკენ და ჩვენი მზერა უნდა ხვდებოდეს ერთმანეთს. პორტრეტით მე თითქოს მნახველს ვაყენებ პირისპირ. მოვუწოდებ, რომ შემომხედოს და შემდეგ კი გააკეთოს თავისუფალი ანალიზი იმ ყველაფრისა, რის გარემოცვაშიც იმყოფება.
თინა ჯანიაშვილი