10 ყველაზე მოდური ფილმი

13.12.2022

ცოტა შემოქმედებითი მედიუმი ერგება ერთმანეთს ისე, როგორც კინო და მოდა.  კოსტიუმები ხშირად ფილმის დამოუკიდებელ პერსონაჟებადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ. ათწლეულების განმავლობაში, მოდის დიზაინერებმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს კინემატოგრაფიაში, ამ სიმბიოზურმა ურთიერთობამ კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საკულტო მომენტები შექმნა არა მხოლოდ დიდ ეკრანზე, არამედ მოდაშიც.

Gone With The Wind (1939)

მარგარეტ მიტჩელის კლასიკური რომანის ადაპტაციით, რეჟისორმა ვიქტორ ფლემინგმა ჰოლივუდის თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა, როდესაც ფილმი 1939 წელს გამოვიდა კინოთეატრებში. ვივიენ ლის ლეგენდარული პერფორმანსი, ათწლეულების სიყვარულის ისტორია და ჰოლივუდის ლეგენდის, უოლტერ პლანკეტის დაუვიწყარი კოსტიუმები, ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია; მათ შორის მწვანე ხავერდის კაბა, რომელსაც სკარლეტ ო’ჰარა ომის შემდეგ მისი ოჯახის პლანტაციაზე დარჩენილი ფარდებისგან შეკერავს.

La Dolce Vita (1960)

ფელინის საკულტო ფილმის სიუჟეტი იმდროინდელი sack კაბებით და მათი შენიღბვის უნარით იყო შთაგონებული. სიუჟეტის ცენტრში ყვითელი პრესის ჟურნალისტი მარჩელო რუბინია (მარჩელო მასტროიანი), რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს (ანიტა ეკბერგი) და გლამურულ სოციალიტს (ივონ ფურნო) დაჰყვება რომში. ფილმის კოსტიუმები იტალიური გლამურის ნამდვილი მასტერკლასია მასტროიანის დიდი ზომის მანჟეტებითა და Fontana Sisters-ის უბრეტელო შავი კაბით, რომელშიც ეკბერგი ტრევის შადრევნის ლეგენდარულ სცენაშია შემოსილი.

Breakfast At Tiffany’s (1961)

რთულია ოსკაროსანი მსახიობის ფილმოგრაფიაში ყველაზე მოდური იმიჯი ავირჩიოთ, მაგრამ როდესაც საკულტო ფილმის სტილზე ვფიქრობთ, ეჭვგარეშეა, რომ პირველი ოდრი ჰეპბერნის 1961 წლის ფილმის კლასიკური look-ი გვახსენდება.  ფილმი სავსეა ლამაზი კოსტიუმებით, მათ შორის ყველაზე გამორჩეული Givenchy-ს შავი კაბაა, რომელიც ჰოლი გოლაითლის Tiffany’s გარეთ ნამცხვრის ჭამისას  გრძელი ატლასის ხელთათმანებითა და მარგალიტის ყელსაბამით ამშვენებს. ორიგინალი კაბის 3 ეგზემპლარი გაკეთდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა.

Blow-Up (1966)

მიქელანჯელო ანტონიონის ბნელი და მომხიბვლელი თრილერი ლონდონის Swinging Sixties-ს თავბრუდამხვევ პერიოდში ვითარდება. სიუჟეტი ორიენტირებულია ჰედონისტური ეპოქის ნაცნობ ფიგურაზე:  ფოტოგრაფზე, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, როდესაც გაუცნობიერებლად პარკში მკვლელობას გადაიღებს. მრავალი ფოტოსესიით, წვეულების სცენებითა და ჯეინ ბირკინისა და გერმანელი ვერუშკას კამეოთი, ოქროს პალმის რტოს მფობელი ფილმი, 60-იანი წლების სიმდიდრისა და გლამურის კომბინაციას ასახავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი Jocelyn Rickards-ის დიზაინით შექმნილი თამამი შავი კაბაა, რომელიც ვერუშკას ფოტოსესიის დროს აცვია.

Annie Hall (1977)

შეუძლებელია ყველაზე მოდურ ფილმებზე საუბარი Annie Hall-ის გარეშე. 70-იანი წლების კლასიკა იმ იშვიათი ფილმების სიაში შედის, რომელმაც მოდის ახალი მოძრაობა წამოიწყო. ტიტულოვანი პერსონაჟის მამაკაცის ტანსაცმლით შთაგონებული იერსახე ათწლეულების განმავლობაში თაობების ინსპირაციად იქცა, მათ შორის კეიტ მოსის და ედი სლიმანის. დაიან კიტონის ანდროგენული იერსახე დიზაინერმა Ralph Lauren-მა მსახიობის „ეკლექტურ“ სტილზე დაფუძნებით შექმნა.

Marie Antoinette (2006)

სოფია კოპოლას საფრანგეთის დედოფლის ცხოვრების ინტერპრეტაცია ტიპური ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის განწყობას საერთოდ არ ქმნის. მილენა კანორერომ, რომელმაც საუკეთესო კოსტიუმებისთვის ოსკარი მიიღო, კრისტენ დანსტის გარდერობი Ladurée-ს მაკარუნების ყუთის ფერების, კერძოდ ვარდისფერი და ცისფერი სამოსით გაამდიდრა. კოსტიუმები რომის ატელიეში, აბრეშუმის და ტაფტის გამოყენებით, მე-18 საუკუნის ნამდვილ მაქმანებთან ერთად შეიქმნა. ფილმი ტრაგიკული მონარქის chic ესთეტიკას იდეალურად ასახავს, რომელიც დღემდე მოდის და სტილის ხატად მიიჩნევა.

The Devil Wears Prada (2006)

„ლოგიკურია, რომ ფილმი, რომელიც მოდის ულმობელ ინდუსტრიას ეძღვნება, ლამაზი კოსტიუმებით იქნებოდა დატვირთული. ენდი პრესტიჟული მოდის ჟურნალის რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტი ხდება, რომლის როლსაც მერილ სტრიპი ასრულებს. ენ ჰეთევეის პერსონაჟი მალე ხვდება, რომ მისი პრაქტიკული სვიტერები და ქვედა ბოლოები შორს ვერ წაიყვანს, რის შემდეგაც ის დრამატულ ტრანსფორმაციას საუკეთესო დიზაინერების, მათ შორის Chanel, Jimmy Choo, Valentino და ა.შ. სამოსში გადის. ფილმი, ლორენ ვეისბერგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. მწერალი Vogue-ში ანა ვინტურის ასისტენტად მუშაობდა და სწორედ მასზეა დაფუძნებული მირანდას პოლარიზებული პერსონაჟიც. საინტერესოა, რომ ფილმის პრემიერაზე ვინტური Prada-ში გამოწყობილი გამოცხადდა.

Atonement (2007)

ჯო რაიტის საომარი დრამა, რომელიც იენ მაკიუენის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის გულისტკივილსა და ულამაზეს კინემატოგრაფიას აერთიანებს. ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისგან განსხვავებით, Atonement  ნაკლებად ეხმაურება მოდას, ერთადერთი გამონაკლისი ჟაკლინ დურანის ზურმუხტისფერი კაბაა, რომელიც კირა ნაითლის პერსონაჟს ფილმის გადამწყვეტ სცენაში აცვია. აღნიშნული კაბა დღეს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფილმის კოსტიუმად მიიჩნევა.

Sex and the City (2008)

Sex and the City-ს ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ყოველთვის მოდა იყო. სატელევიზიო შოუ დასამახსოვრებელი კოსტიუმებით გამოირჩეოდა, კერი ბრედშოუ კი სტილის ნამდვილ ხატად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა ერთგული ფანების განსაკუთრებული მოწონება არ გამოიწვია, კოსტიუმების დიზაინერმა, პატრიცია ფილდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფილმში მოდის მნიშვნელობას. კერის გარდერობის მონტაჟიდან დაწყებული, Vogue-ის საქორწინო კაბების ფოტოსესიის ჩათვლით, Sex and the City მოდის მოყვარულთათვის ნამდვილი ვიზუალური ნირვანაა. რაც მთავარია, ფილმში სამოსი ოთხივე პერსონაჟის ინდივიდუალური სტილის ერთგული რჩება.

The Great Gatsby (2013)

სკოტ ფიცჯერალდის კლასიკური ნაწარმოების ბაზ ლურმანის ვერსია, 20-იანი წლების გლამურულ მოდას, ოსკარის მფლობელი კოსტიუმების ავტორის, კეტრინ მარტინის თვალით გვთავაზობს. მარტინმა ჯაზის ეპოქის მოდერნიზებული მოდა იდეალურად მოარგო თანამედროვე აუდიტორიას. ლეგენდარულმა დიზაინერმა, მიუჩა პრადამ მარტინთან კოლაბორაციის შედეგად 40 კოსტიუმი შექმნა, მათ შორის კერი მალიგანის დეიზი ბიუკენენისთვის. ფილმი ფლაპერიანი კაბებით, ექსტრავაგანტული სამკაულებით და თავსაბურავებით გლამურის ზეიმია.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top