KANSAI YAMAMOTO & DAVID BOWIE

კანსაი იამამოტომ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი ესთეტიკა ამგვარად განსაზღვრა: -„მე ძლიერი პერსონა ვარ, რომელიც არ გამოხატავს საკუთარ თავს შავ-თეთრ სამოსში. ჩემი შოუები განსაზღვრულია ფერით. სანამ ლონდონში ჩამოვიდოდი (1971წ.), გარკვეული პერიოდი პაპუა-ახალი გვინეის ჯუნგლებში გავატარე და იქაური კაშკაშა ფრინველებისგან მიღებული შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ აღმოვჩნდი.“ გარდა ამ ფრინველებისა, მისი დიზაინის სიჭრელეს იაპონური ხელოვნების მომოიამას პერიოდით (1568–1615) და კაბუკის თეატრით მიღებულ შთაბეჭდილებას უკავშირებენ. მისი ფერადოვანი და უხვი დიზაინი კონტრასტულად განსხვავდება  იოჯი იამამოტოს, რეი კავაკუბოსა და ისი მიიაკეს შემოქმედებისგან, რომლებსაც სიმარტივე და დეკონსტრუქტივისტული სილუეტები ახასიათებთ. 

კანსაი იამამოტო თვლის, რომ მისი ჩვენებების შემდეგ,  ადამიანები თავს ბედნიერად თვლიან, რაც სწორედ მის ოცნებას წარმოადგენს. ის ცდილობს შექმნას რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ტანსაცმელი და განსაკუთრებულ ყურადღებას გონებას უთმობს. კანსაი იამამოტო დაიბადა 1944 წლის 8 თებერვალს იოკოჰამაში (იაპონია). ნიპონის უნივერსიტეტში სწავლობდა სამოქალაქო არქიტექტურასა და ინგლისურს. 1967 წელს ბუნკას მოდის კოლეჯის ჯილდო მიიღო და მეორე წელს თავისი პირველი ბუტიკი გახსნა ტოკიოში.

1971 წელს კანსაი იამამოტომ საკუთარი კომპანია დააფუძნა და იმავე წელს მისი კოლექციის დებიუტი მოეწყო ლონდონში, სადაც ეს სამოსი ნახა დევიდ ბოუიმ. მოგვიანებით კი მან კანსაის დაუკვეთა შეექმნა გარდერობი საკუთარი სასცენო პერსონაჟის – ზიგი სთარდასთისთვის. კოსტიუმების ნაწილი  ქალებისთვის იყო განკუთვნილი და ამან გამოკვეთა დევიდ ბოუის ანდროგინული სტილი.

BBC-ისთან ინტერვიუში,  კანსაი იამამოტომ დევიდ ბოუი დაახასიათა, როგორც პერსონა,რომელმაც იცოდა, როგორ გამოეხატა თავი, როგორც მუსიკით, ისე სამოსის მეშვეობით: -„მე არ ვიცი, რატომ იზიდავდა მას იაპონური საგნები, შესაძლოა ისინი არც იმდენად იაპონურები იყვნენ… ის გრძნობდა, როდესაც რამე სამოსში კარგად გამოიყურებოდა. როცა გაცვია  და მართლა კარგად გამოიყურები, უფრო დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და კარგად გრძნობ თავს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე მოქმედებდა ჩემი დიზაინი მასზე.“ მოდის კრიტიკოსებიც ეთანხმებოდნენ, რომ დავიდ ბოუის ახასიათებდა მშვენიერი ანდროგინული სახე და სხეული, რომელიც იმოსებოდა კანსაი იამამოტოს უნისექსის სტილში. თავად დევიდ ბოუის მხრიდან, იაპონური სტილისადმი ინტერესი, იაპონური თეატრით დაიწყო. 1960-იანების შუა პერიოდში ის ცეკვას სწავლობდა ლინდსი კემპთან – ბრიტანელ პერფორმერსა და პანტომიმის თეატრის მსახიობთან, რომელიც ტრადიციული კაბუკის სტილის დიდ გავლენას განიცდიდა, იქნებოდა ეს გაზვიადებული ჟესტები, რთული კოსტიუმები, თუ ძლიერი მაკიაჟი და ასევე „ონაგატა“ მსახიობების თემა – როცა მამაკაცები ასრულებდნენ ქალი პესონაჟების როლებს.

მოდის ისტორიკოსი და კრიტიკოსი ჰელენ ტიანი აღნიშნავდა, რომ ბოუი ნამდვილი „მაქცია“ იყო, რომელსაც ლიდსი კემპის გაკვეთილები და ოანგატას სტილი დაეხმარა გამოეკვლია მასკულინობის, ეგზოტიკურობისა თუ უცხოპლანეტელობის იდეები.

დევიდ ბოუის სასცენო კოსტიუმებიდან ცნობილია კოსმოსურისამურაის სამოსი – შავი, წითელი და ლურჯი „ჰაკამა“ , ფართო შარვალი, რომელსაც სამურაები ატარებდნენ და დღესაც აცვიათ საბრძოლო ხელოვნების  მიმდევრებს. 

კანსაი იამამოტო ამბობს, რომ ის ზუსტად ვერც გამოთქვამს კონკრეტულად რა აკავშირებდათ მას და დევიდ ბოუის, – „რაღაც მოქმედებდა ჩვენს შორის, რაც შორდებოდა ნაციონალობისა და სქესის საკითხებს..“

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top