თბილი და ენთუზიაზმით სავსე ჟან–პოლ გოტიე ზუსტად ისეთია, როგორსაც ელით. სიცოცხლით სავსე სენ მარტინის ქუჩაზე მდებარე კომპანიის შტაბ–ბინაში ჩვენს გუნდთან შეხვედრისას ფრანგი დიზაინერი მეგობრულად განწყობილი, მშვიდი, გულღია და ცნობისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გოტიეს უყვარს ლაპარაკი და კითხვებს სწრაფად პასუხობს, თუმცა მისი აზრების მიყოლა შესაძლოა, არც თუ ისე მარტივი რამ აღმოჩნდეს. თუკი მისი სამოსი ჭკუამახვილური უნაკლო სტილისაა, თავად ის საკმაოდ პარადოქსულია. ამბობს, რომ არაა რელიგიური ადამიანი, თუმცა მისი ბევრი უკვე საკულტო კოლექცია სწორედ რელიგიიდან იღებს შთაგონებას დაწყებული ადრეული 1990-ინი წლების სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი მონაზვნებიდან დასრულებული 1993 წლის შემოდგომის ჰასიდი ებრაელების კოსტიუმების სამარცხვინო ჩვენებით. განა რა გასაკვირია, რომ მისმა ძვირფასმა მეგობარმა მადონამ მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენის გახსნაზე, რომელიც დიზაინერებისა და კათოლიციზმის ურთიერთობებს ეძღვნებოდა, მას შემოსვა სთხოვა..მის პიროვნულ თვისებებს გადატრიალების მოხდენისა და დადგენილ საზღვრებთან დაპირისპირების სურვილი განსაზღვრავს, თუმცა ამგვარ დაუმორჩილებლობასაც თავისი მიზეზი აქვს.
გოტიეს კარიერის ირონიულობა შესაძლოა, მისი თავხედური შეუგუებლობიდან არსებული სტაბილური სისტემის ნაწილად ქცევაშიც მდგომარეობდეს. ალბათ ასაკისა და სიბრძნის მატებასთან, სახელის მოხვეჭასთან ერთად ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ფრანგი დიზაინერის შემოქმედებითი მიდგომა და რწმენა „განსხვავებულის“ მიმართ ჯერ კიდევ ცოცხალია. 2018 წელს რასობრივი მრავალფეროვნება, სოციალური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური განცხადებები – ის ასპექტები, რომლებსაც ის თავისი ტანსაცმლის საშუალებით ეხება, ბრენდებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. დღეს გოტიე მხოლოდ მაღალი მოდის (haute couture) ტანსაცმლელს ქმნის. ოთხი წლის წინ გამოაცხადა, რომ წყვეტდა მზა სამოსის (ready-to-wear) წარმოებას რათა წელიწადში მხოლოდ ორ ჩვენებაზე მოეხდინა ყურადღების კონცენტრირება.
გოტიე უდავოდ პარიზული სულის მატარებელია, თუმცა ეს სული უკვე გამქრალი დროის პარიზს ეკუთვნის: მომხიბვლელს, დახვეწილს, მხიარულსა და ელეგანტურს, რომელიც ყველას ხელგაშლილი ეგებება. ყველა, ვისაც კი ამ ბოლო დროს ფრანგულ დედაქალაქში ცოტა დრო მაინც გაუტარებია, გეტყვით, რომ ახლა პარიზი ისეთი აღარაა, თუმცა გოტიე ხორცს სწორედ ისეთ „ფრანგულობას“ ასხამს, რომლის დაჯერებაც გვსურს. ამას ის ისევე აკეთებს, როგორც კატრინ დენიოვი, რომელიც ფრანგი ქალის ერთიან სახეს ქმნის. გოტიეს, სპეციალურად „ამარტა“-სთვის მისი „ხელობის“ მომავალზე, ცდუნების მისეულ ხედვასა და მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე არასწორ პროცესებზე სალაპარაკოდ შევხვდით.
დღევანდელ მოდის ინდუსტრიას თუ დავაკვირდებით, სათანადო დაფინანსების გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. როგორ ფიქრობთ, იმის გამეორება, რასაც თავის დროზე მიაღწიეთ, კვლავ არის შესაძლებელი?
ის ფაქტი, რომ ყველაფერს ლანგარზე დაწყობილს მოგართმევენ, საქმეს მაინცდამაინც არ შველის. სინამდვილეში, ეს ყველაფერი გაზარმაცებთ. ამ საქმეში მშიერი უნდა იყო და ნამდვილად უნდა გინდოდეს წარმატების მიღწევა, რაც უფრო ნაკლები გაქვს, მით უფრო მეტი გინდა. ამგვარად, ნოლიდან დაწყება სინამდვილეში თქვენც და თქვენს სურვილებსაც გკვებავთ. დღესდღეობით კიდევ უფრო მეტად კრეატიული უნდა იყო და რადიკალური იდეები გქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფული არ გაქვთ.
დღევანდელ მოდის სამყაროს როგორ დაახასიათებდით?
მოდა ჭარბი მოხმარების მდგომარეობაში იმყოფება, დიზაინერები ძალიან ბევრ კოლექციას ამზადებენ და საბოლოოდ ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება. რა დაემართა ინდივიდუალურ ხელწერას? ჩვენ გვჭირდება დიზაინერები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან კანონებს და ნამდვილ კონცეფციებს მოიგონებენ, სამოსს ახლებურად შეხედავენ. ამოუწურავი შესაძლებლობებია ირგვლივ, განსაკუთრებით ჩვენს გარშემო არსებულ ტექნოლოგიებს თუ გავითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, არსებული მასალების გადამუშავება და მათგან უკეთესი მოდელების შექმნა ისევ მოდაშია ისევე, როგორც ტანსაცმლის გონივრული წარმოება, მაგრამ დიზაინერები სამოსს 30 წლის წინაც გადაამუშავებდნენ ხოლმე. ჩვენ მომავალზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მაშინაც კი, როცა ქაოტურ ორომტრიალში ვართ.
ფიქრობთ, რომ დიზაინერები ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან?
ნამდვილად ასეა. შეუძლებელია, რომ შემოქმედ ადამიანს ყოველ სამ თვეში ერთხელ თავში ახალი იდეა გაუჩნდეს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ დიზაინერები კოლექციებს ყველგან დიდი სიხშირით აწარმოებენ, თუმცა მათი მომხმარებელი სულ უფრო და უფრო იკლებს.
თქვენმა კოლექციებმა დღემდე უთვალავი დიზაინერი შთააგონეს. გიკვირთ ეს ამბავი?
ამის მოსმენა ძალიან მსიამოვნებს. ეს ასევე ადასტურებს იმასაც, რომ სწორ გზას ვადექი, როცა თავის დროზე ხალხს მოდის ჩემეული ხედვა შევთავაზე. ვფიქრობ, მაშინ მართლა მინდოდა მოდის შეცვლა და ამას ძალიან ემოციურადაც ვაკეთებდი, თუმცა ალბათ ვერ ვაცნობიერებდი იმ გავლენას, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ექნებოდათ მომავალში.
თქვენს ნამუშევრებში „პერიფერიაზე“ მყოფ ადამიანებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. მათში რა გიზიდავთ?
ყოველთვის მიზიდავდა საზოგადოებიდან გარიყული ადამიანები. სუბკულტურების ენა და ეს განსაკუთრებით პანკებს ეხება, მომწონდა როგორ იყენებდნენ ტანსაცმელს რადიკალური „განცხადებების“ გასაკეთებლად. მაშინ ინგლისის გავლენის ქვეშ ვიყავი მოქცეული, რადგან მომწონდა ანარქიასა და ისტებლიშმენტს შორის დაპირისპირება. პანკები ახერხებდნენ მუსიკისა და ტანსაცმლის საშუალებით თავისი გზავნილების ხალხისთვის გადაცემას.
თქვენი სამოსი პირველებმა ბრიტანელებმა აღიარეს?
პირველი ჩვენება 1976 წელს გავმართე, ორი წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში პრესა ჩემს ნამუშევრებს უკვე დადებითად აფასებდა. საფრანგეთში აღიარება გაცილებით უფრო გვიან მოვიდა, რადგან ჩემი ნამუშევრები გემოვნების ბურჟუაზიულ გაგებასა და საზოგადოებისთვის მისაღებ ნორმებს უპირისპირდებოდა. მანამდე პიერ კარდენთან ვმუშაობდი და მისი გიჟური განწყობა ძალიან მომწონდა. მან მასწავლა შემოქმედებითი თავისუფლება, რაც საოცარი იყო, მაგრამ სამუშაოდ ჟან პატუსთან (Jean Patou) გადასვლის შემდეგ, სრულიად ახალი ისტორია დაიწყო. პატუსთან მუშაობა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. მისთვის მომხიბვლელი მხოლოდ ბეჟი და ოქროსფერი ფერები ითვლებოდა. შავი მხოლოდ ქვრივებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი 1972 წელს ხდებოდა. სასაცილოა, რადგან როგორც დიზაინერი ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ როცა საქმე ჩვენებისთვის მოდელების ან კოლექციისთვის შესაფერისი ხასიათის შერჩევას ეხებოდა, ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა.
თქვენ ერთ–ერთი პირველი იყავით, ვინც უჩვეულო მოდელები, მაგალითად ფარიდა კელფა (Farida Khelfa), მოიწვია. ეს ნამდვილი გარდატეხა და ინკლუზიურობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო…
ძალიან დავიღალე ქერათმიანი შვედი მოდელებისგან, რომლებსაც მაშინ ყველგან ნახავდით და ალტერნატივებს ვეძებდი. ძალიან მომწონდა ანა პავლოვსკი (Anna Pawlowski), რომელიც ლუის ბრუკსისა (Louise Brooks) და ლონდონელი პანკების ნაჯვარს ჰგავდა. გამიმართლა, რომ პატუსთან მუშაობისას ანჯელო ტარლაცის (Angelo Tarlazzi) დარწმუნება მოვახერხე, ისინი დაექირავებინა, მაგრამ იმ დროს ინდუსტრია მსგავსი ქალების მიმართ გახსნილი არ იყო. მახსოვს, რომ ფარიდა ჩვენებებზე საღეჭ რეზინს ღეჭავდა. მას ამ საქმისადმი ნამდვილი ქუჩის დამოკიდებულება ჰქონდა, მაღალი მოდის მოდელივით არ იქცეოდა.
რატომ ახდენენ მოდის სფეროში მომუშავე ადამიანები 1970-იანი და 1980-იანი წლების გაიდეალებას?
ჰიპების შემდგომი პერიოდი საინტერესო იყო, რადგან პარიზში ისეთი ახალი სახელები გამოჩნდა, რომლებსაც საქმისადმი თავისებური მიდგომა ჰქონდათ. მაგალითად კენზო ტაკადა (Kenzo Takada) და Jungle Jap ან სონია რიკიელი (Sonia Rykiel) და მისი ნაქსოვი სამოსი. მაღალ მოდას მაშინ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, თუ არ ჩავთვლით ივ სენ ლორანს (Yves Saint Laurent), რომელიც საოცარ ჩვენებებს აწყობდა.
ტოლერანტობა თქვენი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა. რა რეაქცია გაქვთ, როცა დღეს ექსტრემიზმის დაბრუნებას ხედავთ?
ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის განსხვავებულობის პოპულარიზაციას ვეწეოდი. მრავალფეროვნებისაც მჯერა. კულტურების ერთმანეთში აღრევა იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ კულტურაზე უარს ამბობდე, რასაც გლობალიზაცია გვაიძულებს დღეს. სამწუხაროდ, მსოფლიოს პოლიტიკა მართავს და მისი ყველაზე ცუდი გამოხატვა რელიგიაა.
მაგრამ თქვენი დიზაინი პოლიტიკურია, რელიგია კი ხშირად გამხდარა თქვენი შთაგონების წყარო…
პოლიტიკა როგორც ასეთი არ მაინტერესებს და თავად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი. რელიგიური რწმენის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს.
როგორია სილამაზის თქვენეული გაგება?
სილამაზე ყველგანაა, მდიდრებშიც და ღარიბებშიც, მსუქნებსა და გამხდრებშიც. ქალის სუნამო თუნუქის კონსერვის ყუთში მოვათავსე! ის, რაც ყოველდღიური და ინდუსტრიულია, შეიძლება ამავე დროს ესთეტურად სასიამოვნოც გახდეს. სამყაროში სილამაზის ბევრი ფორმა არსებობს. უბრალოდ მისთვის ყურადღების მიქცევაა საჭირო. მას ყველგან უნდა ეძებდეთ. სილამაზე ადამიანის თვალებშიცაა და კარგი ისაა, რომ ჩვენ ყველას სილამაზის სხვადასხვა აღქმა გვაქვს.
თქვენთვის მაღალი მოდის მომხიბვლელობა რაში მდგომარეობს?
იმ ფაქტში, რომ საქმე ინდუსტრიულ წარმოებასთან არ გაქვს და ის სრულიად ხელნაკეთია. არსებობს გარკვეული რამეები, რისი გაკეთებაც მხოლოდ ადამიანის ხელს შეუძლია და მაღალი მოდაც სწორედ ამას გულისხმობს. მართალია, შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მასაც ჰყავს თავისი კლიენტები.
პროვოკაციები რატომ გიყვართ?
ჩემთვის ეს ბუნებრივი რამაა. ძალიან ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ქალებმა გამზარდეს და როცა პარიზში ხალხში გარევა დავიწყე, მაშინაც სულ თავდაჯერებულ და ძლიერ ქალებს ვხვდებოდი. მაგალითად, კორსეტს ქალურობის ხაზგასმის სიმბოლოდ და არა სხეულის ჩარჩოში მოსაქცევ ინსტრუმენტად ვიყენებდი. ამავე დროს მინდოდა, კაცები ისეთ მგრძნობიარე არსებებად მეჩვენებინა, რომლებიც მზად იყვნენ, თავისი თვისებები ცდუნებისათვის გამოეყენებინათ და ამავე დროს ობიექტებიც გამხდარიყვნენ. სინამდვილეში მამაკაცთა ტანსაცმლის კეთება კი არა, კაცებისთვის ყოველ სეზონზე ცვალებადი მოდის შექმნა მინდოდა. ჯერ კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ ტანსაცმელს სქესი არ გააჩნია. გარკვეულმა სამოსმა შეიძლება თქვენს სექსუალობას გაუსვას ხაზი, მაგრამ სინამდვილეში სამოსს სქესი არა აქვს.
ერთგული მეგობარი ხართ?
ვფიქრობ, რომ კი. სტუდიაში ადრეც ნახავდით ტანელს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ჩემს მამაკაც მუზას. უკვე ათწლეულებია, ის ჩემთან ერთად მუშაობს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ კომპანიას თავიდან ჩემი მეგობარი მამაკაცი და მე ვმართავდით. როცა კომპანია ნელ–ნელა გაიზარდა, ბავშვობის მეგობრები დავიქირავე და მუშაობა ამგვარად გავაგრძელე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნაცნობობის გარკვეული დონის შენარჩუნება. ეს იგივეა, ვინმეზე იყო შეყვარებული და თქვენი ურთიერთობა დასრულდეს: რატომ უნდა დაშორდე სამუდამოდ ამ ადამიანს? ვფიქრობ, სულელურია ასე მოქცევა, თუმცა ეს მოდის სამყაროში მიღებული ამბავია. ალბათ სხვების მსგავსი ოპორტუნისტი არ ვარ.
როგორ განსაზღვრავთ მიმზიდველობის რთულ ცნებას?
მიმზიდველობა ძირითადად ვინმეს პიროვნებასთანაა დაკავშირებული და იმას გულისხმობს, თუ რამდენადაა ადამიანი თავის თავში დაჯერებული. ეს იმასაც ნიშნავს, ადამიანები რამდენად ავთენტურები არიან მიუხედავად იმისა, ეს მათთვის მორგებული ნიღაბია თუ სრულიად ბუნებრივი რამ. თავდაჯერებულობა მიმზიდველია.
როდისმე საქართველოში თუ ყოფილხართ? ეს ქვეყანა თქვენში რა ასოციაციებს იწვევს?
იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე ლამაზ ქართველს შევხვედრივარ და ამ ქვეყანას სიამოვნებით გავიცნობდი.
ბალენსიაგასთვის დემნა გვასალიას მუშაობაზე რას ფიქრობთ? მან ხომ რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება თქვენს ტანსაცმელზე…
დასაწყისში მის დიზაინთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რადგან ის წლების განმავლობაში ჩემი ასისტენტის, მარტინ მარჯელას ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ დემნა ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელმაც ნამდვილად იცის, რასაც აკეთებს.
ფილიპ პურჰაშემი