მოდისა და სტილის ხატი

17.07.2023

Icon – ეს სტატუსია, რომელიც დიდების განუსაზღვრელი და ერთი შეხედვით მიუწვდომელი სიმაღლეა, რომელსაც ის ადამიანები აღწევენ, ვისაც სტერეოტიპების დამსხვრევის და ავთენტურობის არ ეშინიათ. ჯეინ ბირკინი სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. მისი კარიერის პიკიდან 60 წელზე მეტია, რაც ის მოდისა და სტილის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სახედ ითვლება (სოციალური მედიის დახმარების გარეშე). მისი ფილმოგრაფიის, სიმღერებისა და სტილის მიღმა, ჯეინ ბირკინის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია მსოფლიოში ყველაზე სასურველი ჩანთის – Hermès Birkin-ის წყალობით და არა მხოლოდ…

ბირკინი 1946 წლის 14 დეკემბერს, ლონდონში, მდიდარ ბრიტანულ ოჯახში დაიბადა. დედა ჯუდი კემბელი თეატრის მსახიობი იყო, ხოლო მამა მეორე მსოფლიო ომის ჯაშუში. მისი ცხოვრება რადიკალურად მაშინ შეიცვალა, როდესაც 17 წლის ასაკში როლი მიუზიკლში შესთავაზეს. მიუზიკლის კომპოზიტორი ჯონ ბარი გახლდათ, რომელიც ჯეიმს ბონდის არაერთი ფილმის კომპოზიციებით არის ცნობილი. ბირკინს და ბარის ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. ჯეინი 18 წლის იყო, ხოლო ბარი 31-ის. წყვილს შვილი შეეძინა, თუმცა 1968 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ბირკინის სამსახიობო კარიერა განვითარებას განაგრძობდა. ითამაშა ისეთ შედევრებში, როგორიცაა The Knack…and How to Get It (1965) და მიქელანჯელო ანტონიონის Blow-Up (1966). მიუხედავად წარმატებისა, ბირკინს არშემდგარი პირადი ცხოვრება დიდ სევდას ჰგვრიდა. ის ძალიან განიცდიდა მეუღლის ღალატს, რომელმაც ის ბავშვთან ერთად მიატოვა. ერთ დღესაც, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც იღბალმა და ნიჭმა ერთდროულად ახალი როლი მოუტანა დრამაში Slogan (1969), მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული საერთოდ არ იცოდა. სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას გაიცნო მსახიობმა სერჟ გეინსბურგი და ასე დაიწყო მე-20 საუკუნის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა.

ბირკინის პირველი ქორწინების მსგავსად, მსახიობსა და გეინსბურგს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო – 20 წელი. წყვილის პოპულარობა მათმა მუსიკალურმა პარტნიორობამ და ველურმა ცხოვრების წესმა განსაზღვრა. როგორც ბირკინი იხსენებდა, ისინი მთელი ღამე გასულები იყვნენ და სახლში დილით, ბავშვების გასაღვიძებლად ბრუნდებოდნენ, შემდეგ კი მთელი დღე ეძინათ. ბირკინი და გეინსბურგი პოპ-კულტურაში გათავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ, მაშინ, როდესაც კონსერვატიული იდეოლოგიები ჯერ კიდევ მყარად ინარჩუნებდნენ ადგილს.

საფრანგეთში წარმატებულ სამსახიობო კარიერასთან ერთად, ბირკინი მუსიკითაც დაინტერესდა. ბირკინის და გეინსბურგის მიერ 1969 წელს შესრულებულმა Je T’Aime Moi Non Plus, რომელსაც თავდაპირველად ბრიჯიტ ბარდო ასრულებდა, ბირკინს დიდი პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური შინაარსიდან გამომდინარე, სიმღერა რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს, სინგლის ექვს მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ჯეინ ბირკინმა, რომელიც მარტივი და ბოჰემურ-ელეგანტური სტილის მიქსით გამოირჩეოდა, დიდი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე. ბირკინის უბრალო და კლასიკური გარდერობის ესთეტიკა დღემდე მოდის დიზაინერების (Yves Saint Laurent, Givenchy და ა.შ.) და თანამედროვე ტენდენციების შთაგონების წყაროა. ბირკინი ე.წ. IT Bag-ის ტენდენციის პიონერად შეგვიძლია მოვიაზროთ. 80-იანი წლების დასაწყისში მისი შთაგონებით შექმნილი Birkin-ის ჩანთა აღნიშნული ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, Hermés Birkin-ამდე ჯეინი მოდის სამყაროში თავისი საკულტო აქსესუარით – დაწნილი კალათით უკვე ცნობილი იყო, რომლითაც ის საფრანგეთის ქუჩებში ხშირად ჩნდებოდა. უნდა ითქვას, რომ ბირკინის პარტნიორს, ჟაკ დოიონს ძალიან არ მოსწონდა ჯეინის კალათასთან ასოცირება: „საშინელებაა, როდესაც შენი სახელი აქსესუარს უკავშირდება“ – ამბობდა ის და ერთხელ ერთ-ერთ კალათას გადაუარა კიდეც.

საკულტო აქსესუარად ქცეული Hermés Birkin-ის იდეა საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. 1984 წელს ბირკინი პარიზიდან ლონდონში მიემგზავრებოდა, თან მისი ცნობილი კალათა ჰქონდა, სადაც ყველაფერს ინახავდა. თვითმფრინავის საბარგულში მისი მოთავსების მცდელობისას,  კალათას თავსახური მოძვრა და მასში მოთავსებული ყველა ნივთები გადმოიყარა. კომპანია Hermès-ის მფლობელმა, ჟან-ლუი დიუმამ (Jean-Louis Dumas 1938-2010), რომელიც მის გვერდზე აღმოჩნდა მსგავსი შემთხვევის ასარიდებლად მომავალში, ჯიბიანი ჩანთის ტარება ურჩია. რაზეც ჯეინმა გულისწყვეტით უპასუხა, რომ Hermès-ი ჯიბიან ჩანთებს არ უშვებდა.  „Hermès-ი მე ვარ“, უპასუხა დიუმამ ღიმილით.  მაშინ ბირკინმა დიუმას Hermès Kelly-ზე მოცულობით უფრო დიდი ჩანთის შექმნის იდეა შესთავაზა. დიუმამ ახალი ჩანთის ესკიზი იქვე ბორტის სამედიცინო დახმარების ჩანთაზე მოხაზა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, ბირკინს Hermès-იდან დაუკავშირდნენ და ჩანთის ნიმუშის ნახვა სთხოვეს. ასე გაჩნდა ლეგენდარული ჩანთა, რომელსაც ჯეინის საპატივცემულოდ – Birkin Bag  დაარქვეს.

90-იანი წლებიდან მოყოლებული Birkin-ი მაღალი სტატუსის სიმბოლოდ და „სელებრითების“ განუყოფელ აქსესუარად იქცა. მისი შეძენის მსურველებს დღეს, რამდენიმეწლიან რიგში ყოფნა უწევთ, ისიც წინასწარ ჩაწერით. ის დღეს ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთად ითვლება. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: ის მთლიანად ხელნაკეთია, მზადდება ისეთი მასალებისგან, როგორიცაა ხვლიკის, ნიანგის, ალიგატორის, სირაქლემას ტყავი და ძვირფასი ლითონები. მისი სიძვირის მიზეზი, წელიწადში მისი მხოლოდ ორჯერ  შეძენის შესაძლებლობაცაა. ეს კი მისი დამზადების სირთულესთანაა კავშირში, რომელზეც დაახლოებით 20-25 საათი იხარჯება (ცნობისათვის, Birkin-ის ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა, „კრისტის“ აუქციონზე 222 000 აშშ დოლარად გაიყიდა). ამ აქსესუარს, დიდი ხანია საკმაოდ საინტერესო და სტაბილურ ინვესტიციად მოიაზრებენ, რადგან მისი ღირებულება კი არ იკლებს, არამედ იმატებს. საინტერესოა, რომ „ნახმარ“ (ე.წ. secondhand) Birkin-ის ჩანთას ფასი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ახალს.

ჯეინ ბირკინმა მისი ეკლექტური კარიერის განმავლობაში 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და 19 ალბომი გამოუშვა. მისი გავლენა მოდის, კინოსა და მუსიკის ინდუსტრიაზე შთამბეჭდავია, ხოლო მისი სტილი მარადიული.

16 ივლისს, ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის დაიბადა და გაიზარდა ინგლისში, მისი წვლილი  ფრანგულ კულტურაში წარუშლელია.

საინტერესო ფაქტები:

  • პირველი Birkin-ის ჩანთის ესკიზი, თვითმფრინავში მგზავრებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დახმარების პატარა ჩანთაზე დაიხატა (დეტალურად სტატიაში წაიკითხეთ)
  • თვით ჯეინ ბირკინი, მისივე სახელობის  (Hermes Birkin Bag)მხოლოდ ხუთ ცალ ჩანთას ფლობდა.ჯეინ ბირკინს ეკუთვნოდა მხოლოდ ხუთი მისი სახელობის ჩანთა
  • კომპანია Hermes-ს  ჯეინ ბირკინს  მისი სახელის გამოყენებისთის ნომინალურ ჰონორარს აძლევდა
  • ყოველი  Birkin-ის ჩანთა არის ხელნაკეთი და ხელით ნაკერი
  • თქვენ არ შეგიძლიათ  Birkin-ის ყიდვა  Hermès-ის ბუტიკში
  • მიმოქცევაში მხოლოდ 200 000 Birkin-ის ჩანთაა
  • Birkin-ის ჩანთის დასახელებაში შედის მისი  ზომის, ფერისა და ტექსტურის აღწერა
  • Birkin-ის ჩანთა უცვლელი პოპულარობით სარგებლობს Gen-Z-ის წარმომადგენლებს შორის
  • აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ჩანთა Birkin-ია
  • Hermès-ის ვინტაჟური  Birkin-ი ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე ახალი
  • Birkin-ის დაქირავება სულ რაღაც 58 ფუნტ სტერლინგად  შეგიძლიათ

ნინკა მამულაშვილი

Scroll To Top