IRIS VAN HERPEN: Sculpting The Sences

Musée des Arts Décoratifs

11.12.2023

პარიზში დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში (Musée des Arts Décoratifs) დიზაინერ Iris Van Herpen-ის გამოფენა გაიხსნა. Iris Van Herpen-ი დასავლური მოდის სამყაროში ერთ-ერთი პირველია ვინც მაღალ მოდაში ახალი ტექნოლოგიები (3D printing) გამოიყენა და დანერგა. ვიზუალურ ხელოვნებაში 3D გამოსახულება ბოლო ათეული წელია  სხვადასხვა მედიუმებში ერთ-ერთ მთავარ ტრენდად რჩება – იქნება ეს კინო, თეატრი თუ  თანამედროვე ხელოვნების ვიზუალური ინსტალაციები. დიზაინერის მიერ მოდის დისციპლინაში სამგანზომილებიანი ვიზუალის დამკვიდრებამ ტანსაცმლის მიმართ, დამკვიდრებული ტრადიციული ნორმები დაარღვია და შეცვალა.  მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხელოვანის სამყაროში სწორედ ისაა, რომ დიზაინერი არც ძველ მეთოდს (Couture)  ივიწყებს და ამ ყოველივეს ინოვაციურ ტექნიკებთან ათავსებს. გამოფენის კურატორი Cloé Pitiot.

ამ კონკრეტული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ ექსპონატებში ადამიანი და სამყარო ერთიანდებიან მოლეკულური დეტალებიდან ატომურ ფორმებამდე. ექსპონატების ხილვისას ცნობიერების ნაკადით ყველა ჩამოთვლილი იდეა თუ ფრაზა ერთმანეთს ენაცვლება – სხეულის როლი ალტერნატიულ  სამყაროში, გარემოსა და ადამიანის უნივერსალური კონტაქტი, სხეულის „ურთიერთობა“ სამოსთან, როგორ იცვლის კონკრეტული მატერია იდეას და მიზანს კონკრეტული ადამიანის სხეულთან შეხებისას…

Warren du Preez & Nick Thornton Jones for Iris van Herpen – Cosmica Dress, in collaboration with Kim Keever (print) Shift Souls, Collection 2019 Iris van Herpen private collection)

Iris Van Herpen-ის ექსპონატები სწრაფად ცვალებად სამყაროში ანთროპომორფული არსებების კარნავალს ემსგავსებიან, სადაც „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ ხდება მთავარი კონცეპტი. ეს უკანასკნელი ტენდენცია კი ყველაზე უკეთ მის ნამუშევრებსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოღვაწე ხელოვანებთან კოლაბორაციაში იკვეთება (Wim Delvoye, Kate MccGwire, Damien Jalet, Kohei Nawa, Casey Curran, Rogan Borwn, Jacques Rougerie, Neri Oxman, Ren Ri, Ferruccio Laviani, და Tomáš Libertíny). საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ანატომიური თუ ბიოლოგიური „არტეფაქტების“ – ჩონჩხების, „ვანიტასების“, სამარხების… ჩართვა მაღალ მოდაში, უნიკალურ რეზონანსს ქმნის (პრე)ისტორიულ ნიმუშებთან. ამ ყოველივეს ინსპირაციით შექმნილი ადამიანის სხეულს მორგებული სამოსი კი ერთგვარი არქაული რემინისცენციების წინაპირობაა.
Iris Van Herpen-ი ნიდერლანდებში, სოფელ ვამეილში დაიბადა და გაიზარდა ბუნებასთან, ცოცხალ გარემოსთან სრულ ჰარმონიაში. პატარა ასაკიდანვე დაეუფლა კლასიკურ ცეკვებს ანუ საკუთარი სხეულის ფლობის ხელოვნებას და სწორედ ამ პერიოდიდან ხდება მისი ინტერესი – სხეული და სამოსი. ეს ორი მოცემულობა მისი იდენტობის ფორმირების და შემდგომში სოციუმში პოზიციონირების წინაპირობად იქცა. Alexander McQueen-თან და Claudy Jongstra-სთან თანამშრომლობის შემდეგ ის საკუთარ მოდის სახლს მშობლიურ ჰოლანდიაში, ამსტერდამში 2007 წელს აარსებს. დიზაინერის საწყისი ნიშნული მაღალი მოდა იყო, რომელიც სხვა დისციპლინებთან კოლაბორაციაში სამყაროს ბუნებით საწყისებს, სირთულეებსა და მრავალფეროვნებას ირეკლავდა. რაც ცხადია მის თითოეულ ქმნილებაში, დღესაც იკითხება. ოთხი წლის შემდეგ დიზაინერი Chambre Syndicale de la Haute Couture-ს შეუერთდა პარიზში. 2010 წელი მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მან პირველად წარადგინა 3D განზომილების პრინტით შექმნილი კაბა „კრისტალიზაციის კოლექციიდან“ (მოლეკულური კოლექციიდან), რომელიც ამჟამად პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში ინახება, ჰოლანდიელმა დიზაინერმა ის ბრიტანელ არქიტექტორ დანიელ ვიდრიგთან კოლაბორაციით შექმნა ნიუ იორკში ყოფნისას. 3D განზომილებაში სამოსის შექმნის მთავარი ინსპირაცია ისევ „ბუნების აგრეგატული მოვლენები“ გახდა, კერძოდ თხევადი ნივთიერების მყარ მასალად ტრანსფორმაცია.

Rogan Brownart – Fallen Angel Wings 2014 © Rogan Brownart.

Luigi and Iango for Iris van Herpen – Skeleton Dress, in collaboration with Isaie Bloch Capriole Collection 2020 Iris van Herpen private collection)

Iris Van Herpen-ი ის  ხელოვანია, ვინც მაღალ მოდას ინტერდისციპლინარული მეთოდით იკვლევს – ხელოვნების ისტორია, ქიმია, ცეკვა, ფიზიკა, არქიტექტურა, ბიოლოგია, დიზაინი, ტექნოლოგიები. ყველა ამ სფეროს საბაზისო საწყისები და ამ დარგებში მოღვაწე პერსონალიები ჰოლანდიელი ხელოვანის ხედვის პრიზმაში ერთიანდებიან. სწორედ ამიტომ მისთვის მოდა კომუნიკაციის ენაა, სამოსი კი ერთგვარი სემიოტიკური ერთეული. ის არ უშინდება გამოწვევებს და მისი მთავარი მიზანი სწორედ აუდიტორიის სტერეოტიპული რწმენა-წარმოდგენების ნგრევა ხდება მაღალი მოდის შესახებ! ცალკე აღნიშვნის ღირსია, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით  შექმნილი მისი ნამუშევრები: ეკომეგობრული მიდგომა წარმოების პროცესში, გაზრდილი პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ,  მეორადი პლასტმასისგან შექმნილი სამოსი… (მოდის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ მოვლენად რჩება Iris Van Herpen-ის მიერ 3D განზომილების პრინციპით შექმნილი  კაკაოს მარცვლები)

დღეს,  თანამედროვე მოდის სამყაროში Iris Van Herpen-ი თავისი თაობის ყველაზე გამორჩეულ და შთამაგონებელ მოდის დიზაინერადაა აღიარებული. პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, მისი რეტროსპექტიული გამოფენა აერთიანებს დიზაინერის უნიკალურ მიდგომას მატერიისა და სხეულის მიმართ, ახლებურად რეპრეზენტირებს  თანამედროვე ხელოვნების კოლაბორაციას მაღალ მოდასთან, დიზაინისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირს…

ერთი-ერთი წამყვანი მოტივი აღნიშნულ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის წყალია. სამოსზე ლურჯი ფერის ყველაზე თამამ და უჩვეულო ინტერპრეტაციაში, თითქოს ანტიკური ფილოსოფოსების  სამყაროს  ახსნის მატერიალისტური მიდგომა ცოცხლდება – წყალი, როგორც სიცოცხლის წარმოქმნის და ადამიანის არსებობის უპირობო ალტერნატივა. გამოფენაზე დამთვალიერებელი ჰოლანდიელი დიზაინერის უახლესს ნამუშევრებსაც იხილავს სერიიდან Carte Blanche.  მნიშვნელოვანია დიზაინერის კოლაბორაცია დევიდ სპირგსის ნამუშევრებთან სახელწოდებით Otigins. ყველა ეს თემა წყლის ელემენტის ირგვლივ ერთიანდება და მაყურებელს იმერსიულს ხდის, თითქოს  მნახველს უბიძგებს სრულად ჩაეფლოს ფერის ინტენსივობის რიტმულ გრადაციაში.

Carla van de Puttelaar for Iris van Herpen – Various collections 2020 Iris van Herpen private collection

David Uzochukwu for Iris van Herpen – Hydrozoa Dress Sensory Seas Collection 2020 Iris van Herpen private collection

ადამიანის ეგზისტენციის კვლევა Iris Van Herpen-ისთვის ნატურალისტურ სიბრტყეზე მიმდინარეობს. თუკი წყლის თემა ადამიანისა და ბუნების ჰოლისტური ერთობის ვიზუალიზაციაა, „ყოფნა-არყოფნის“ საკითხი საგამოფენო ექსპონატებში ჩონჩხის ფორმის კაბით შემოდის. ეს უკანასკნელი იაპონელი მხატვრის ჰეიშირო იშინოს ნამუშევრის – ჰიბრიდული ჩონჩხის გამოძახილია. შემოქმედებითი მუშაობის პროცესში, ჰოლანდიელი დიზაინერი არ ცნობს გეოგრაფიულ საზღვრებს, პირიქით მის ქმნილებებში დანაწევრებული სამყარო ერთი მთლიანი ხდება. სწორედ ამიტომ, ის უკიდურესი აღმოსავლეთიდან (იაპონია), დასავლეთ ევროპაში (იტალია) ინაცვლებს და ფერუჩიო ლავიანის გოთიკური ტაძრის გრაფიკული ჩანახატის, იფორტის ინსპირაციით ქმნის ნამუშევარს: კაბაზე წარმოდგენილი თეთრი ფერის არქიტექტურული ქსელების ერთობა შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის.
Iris Van Herpen-ის ნამუშევრები დისტოპიური ფილმის მხატვრობას მოგაგონებთ და ამავდროულად, კაცობრიობის კულტურაში მიძინებულ არქაულ საწყისებს სულ სხვა ინტერპრეტაციას და კონტექსტს სძენს, სწორედ ასეთია მითოლოგემების აჩრდილები მედუზას თემის გარშემო.

Wim Delvoye – Nautilus 2017 © Adagp, Paris

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, დიზაინერის ვიზუალურ სამყაროში სხვადასხვა მედიები ერთიანდებიან. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი მისი ცალკეული ნამუშევრების ინსპირაცია  ვიზუალური არტისტების იან არტუს-ბერტრაინისა და მაიკლ პიტიოტის დოკუმენტური ფილმი Terra გახდა. სამყაროს ოთხი სტიქიის თემა ჰოლანდიელი დიზაინერის სამყაროში მუდმივად ცოცხლობს: წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი. ოთხი ელემენტის და მაღალი მოდის კავშირი, მათი აღმნიშვნელი ფერებითა თუ ფაქტურით ინტერპრეტირება, სადაც სხეული და სამოსი დროის და სივრცის კონტექსტშია წარმოდგენილი.

გამოფენის კურატორების თქმით: „ვიზიტორებს მოუწევთ დატოვონ ფიზიკური სხეულის განზომილება სენსორული სამყაროს შესასწავლად“  და მართლაც საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონატები, ინსტალაციები თუ სხვადასხვა მედიების კოლაბორაცია მაღალ მოდაში, მნახველს სამყაროს ინოვაციური აღქმისკენ უბიძგებს მინიმალიზმიდან მასშტაბურ ფორმებამდე.

პარიზის დეკორატიული ხელოვნების საგამოფენო სივრცე Iris Van Herpen-ის შემოქმედებით ბიოგრაფიას სამ თემატურ სივრცედ ყოფს: პირველი – სტუდიური გამოცდილება, ატელიე და ინტიმურ-პრივატული სამყაროა; მისი აქსესუარები: ფეხსაცმელი, ნიღბები, თმის ვარცხნილობისთვის განკუთვნილი ნივთები. მეორე –  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აღმწერელი ვიდეომასალა და მესამე –  სივრცე, სადაც ცოცხალი მოძრავი სხეულის რეპრეზენტაციაა პოდიუმისთვის განკუთვნილი ქმნილებების  სახით.

David Uzochukwu for Iris van Herpen – Sensory Seas Dress & Nautiloid Dress Sensory Seas Collection 2020 Iris van Herpen private collection

მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის მუსიკალური ნაწილი ზუსტ თანხვედრაშია მის გამომსახველობასთან. Salvador Breed-ის ხმოვანი  კომპოზიციები მნახველს განსაკუთრებულ გრძნობებს აღუძრავს და დიზაინერის სამყაროს კიდევ უფრო მეტად იმერსიულს ხდის. პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილი გამოფენა, გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ მაღალი მოდის დიზაინერის ქმნილებების რეტროსპექტიული ან კონცეპტუალური რეპრეზენტაცია. Iris Van Herpen-ი ის ხელოვანია, რომელმაც მაღალი მოდა (Haute Couture) კვლევებისა და თამამი ექსპერიმენტების არეალად აქცია და ამ ჭრელ, ჰიბრიდულ სამყაროში ადამიანის სხეულსა და სამოსს სულ სხვა მასშტაბი და ფორმა შესძინა. მისი სიტყვებიც ხომ სწორედ ამის დასტურია: „მოდა ინსტრუმენტია ცვლილებებისთვის. ბიომიმიკის მეშვეობით, მე ვუყურებ ბუნებაში არსებული ფორმების მიღმა მყოფ ძალებს. ეს პატერნები და ბუნებრივი ციკლები ჩემი გზამკვლევია ქალურობის ახალი ფორმების შესასწავლად. ჩვენ  უფრო ცნობიერი და მდგრადი მოდა გვჭირდება მომავლისთვის !“

დღეს, როცა სამყაროში ყველაფერი დანაწევრებული და ფრაგმენტულია, როცა ვირტუალური რეალობა და ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების კვლავწარმოებისკენ ისწრაფვის „ხელოვნების ნიმუში მისი მასობრივი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში“ (ვალტერ ბენიამინი) კარგავს ყველაზე მთავარს – სულს და აურას, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული ქმნილება კამერულ დიალოგში შედის მნახველთან თუ აუდიტორიასთან. Iris Van Herpen-ის მაღალი მოდა და მისი მიდგომა სამყაროს მიმართ, თითქოს ამ შეუქცევად პროცესს სულ მცირე დროით, მაგრამ მაინც აჩერებს! რადგან არაფერს შეუძლია ისე დროის ნაკადის, მისი წარმავალი დინების შეჩერება, როგორც  ხელოვნებას.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top