Ria Keburia Foundation
03.03.2024
რია ქებურიას ფონდის საგალერეო სივრცე ახალ გამოფენას მასპინძლობს. Collision of Reality – თანამედროვე ქართველი ხელოვანი ირინკა ტალახაძის სოლო გამოფენაა, რომელიც მისი ბოლო პერიოდის ფერწერულ ნამუშევრებს უყრის თავს. 2000 წელს დაბადებული თბილისში მცხოვრები ირინკა ტალახაძის კათარზისული ურთიერთობა ხელოვნებასთან ცხოვრებისეული მკაფიო მომენტით დაიწყო, რის შედეგადაც თვითნასწავლი მხატვარი მოხშირებულ ესკიზებში ჩასახული პერსონაჟების დიდ ფორმატზე გაცოცხლებას შეუდგა. სტოიკური გამომეტყველების ქალთა პორტრეტები, სერიიდან სერიამდე, მოცულობებში ლავირებს; ტილოზე გამოსახულ გმირებს უწონადობის მატერიალიზაციისკენ ლტოლვის კვალი აჩნევიათ, ხან კი პირიქით, საბჭოთა ქანდაკებისეული უტრირებული სიმძიმე ექაჩებათ. როგორც ტალახაძის ვიზუალურ შემოქმედებაში იკვეთება და ამას გამოფენის სახელწოდებაც ადასტურებს, მხატვრის ერთ-ერთ მთავარ კვლევის ინტერესს რეალურისა და წარმოსახვითის კორელაცია წარმოადგენს, გამომსახველობითი ორაზროვნება, ფაქტურული აცდენები და შეჯახებები. გამოფენა მნახველს 2 მარტიდან 17 მარტამდე უმასპინძლებს „ამბასადორი კაჭრეთი“-ს ტერიტორიაზე არსებულ საგამოფენო სივრცეში, მანამდე კი ხელოვანთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ბიოგრაფიული შტრიხი ‘თვითნასწავლი ხელოვანი’ თან დაყვება თქვენს მოღვაწეობას. ეს მოცემულობა, რაც არის აკადემიის მიღმა შრომა, ჩემთვის მხოლოდ ერთ კითხვას ბადებს, რითიც სამუშაო პროცესის დინამიკა განიმარტება. შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენს სახელოსნო პრაქტიკაზე და სივრცეზე, რამდენად განყენებულია ის ან პირიქით საზიარო?
სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ჩემს სტუდიაში. ბოლო პერიოდია უმეტესი საათების გატარება იქ მიწევს. შიგნით სრული ქაოსია, თუმცა კარგი გაგებით. საღებავების, ფუნჯების და საჭირო მასალის ისეთ მდგომარეობაში დატოვება მიყვარს, როგორც გამოიყურება სამუშაო პროცესის დასრულებისას. ესეთი გარემო მეხმარება შთაგონების პოვნაში.
ფონდის საგალერეო სივრცეში ახლად გახსნილი სოლო გამოფენა Collision of Reality, რეზიდნეციაში დაყოვნებული პერიოდის შემაჯამებელი ღონისძიებაა. წარმოდგენილი ნამუშევრების სერია რეზიდენციაში შეიქმნა? რა განსხვავებული სპეციფიკა შემოიტანა ჩვეული ყოველდღიურობიდან დისტანცირებამ?
რეზიდენციაში გატარებულმა პერიოდმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. გარემო სასიამოვნო იყო, თუმცა დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ხოლმე სად დავხატავ. კონცენტრაცია ძირითადად ნამუშევრებისკენ მაქვს მომართული; მიუხედავად ამისა, ეს განსხვავებული გამოცდილება იყო.
ფერწერულ გამოფენაში ერთი სკულპტურული ნამუშევარიც მოხვდა სახელად Thinker. რა მიმართება აქვს ამ მინიატურულ თიხის ფიგურას თქვენს სასურათე პერსონაჟებთან?
ფიგურა Thinker, წინა სერიის ამავე სახელწოდების ნახატიდანაა გადმოტანილი, რომელიც მარტში ბელგიაში გამოიფინება. როგორც ხელოვანი ვცდილობ ყველაფერი მოვსინჯო, თუმცა ეს მეტად ექსპერიმენტულია და არ ვგეგმავ ამ მედიუმის აქტიურად ჩართვას ჩემს შემოქმედებაში.
ვინ არიან პერსონაჟები რომლებიც თქვენს ჩარჩოში ბინას იდებენ?
პერსონაჟები ერთ-ერთი სერიიდან – Cold Tears – მოდიან, სადაც სახეები არ იყო გამოკვეთილი, მთლიანად ინარჩუნებდნენ გამჭვირვალეობას. ახალ სერიაში ვცადე რეალობასთან დამეახლოვებინა ისინი და შედარებით მეტყველი სახეები გავუკეთე, თითქოს ორ რეალობას შორის იყვნენ მოქცეულები.
სააზროვნო ამოცანით სხვა ნამუშევრებისგან გაიმიჯნება სამი ტილო Collar 1/2/3. რამ გიბიძგა ამ ფორმატში გემუშავა?
Collar 1, Collar 2 და Collar 3 არის ნამუშევარ The Day After-ის ერთგვარი გაგრძელება ახლო ხედვით, რაც ვთვლი უფრო თვალსაჩინოს ხდის წარმოდგენილი სერიის მიზანს.
ფერწერის სიბრტყობრიობას არ გაურბით, უკანა პლანს მინიმალურად ამუშავებ და ხშირ შემთხვევაში ერთ ტონში მსუყე დაფერვას ჯერდები. რა ფუნქციას ასრულებს შენთვის უკანა ფონი რეალობის დაკვირევაში, მასთან მიახლოებაში და შემდგომ ფიქციის წარმოებაში?
მეტწილად უკანა ფონს მკაფიოს და გამოკვეთილს ვტოვებ ნახატში, რომ მთელი აქცენტი ფიგურის გამჭირვალე ელემენტებზე გაკეთდეს.
რთულია იწინასწარმეტყველო შეგრძნება, რომელიც გამოფენის მონახულებისას დამთვალიერებელს დაეუფლება და იშვიათია ავტორმა შეძლოს ჩაფიქრებული ზეგავლენის ერთი-ერთში ორკესტრირება. ნამუშევრების წარმოებისას რამდენად ითვალისწინებ მათ მოსალოდნელ წაკითხვას, და ცდილობ თუ არა ამ მოვლენაში ამა თუ იმ ხრიკებით ჩარევას?
ყოველთვის მაინტერესებს გამოხმაურება და დამთვალიერებლის აზრი. დიდად ნახატების დასათაურებაც არ მიყვარს, ვინაიდან ყველა ინდივიდი სხვადასხვანაირად აღიქვამს ნამუშევარს და ვფიქრობ სათაური ხანდახან პირიქით დამაბნეველია. მათი უსათაუროდ დატოვება მირჩევნია. რაც შეეხება, ამ ასპექტში რაიმე ხრიკით ჩარევას ვცდილობ თუ არა – რა თქმა უნდა არა, ნამუშევრებს ვქმნი ჩემთვის, იმას, რაც მე მომწონს და რაც ჩემშია. ამ მხრივ სხვების აზრი არ ზემოქმედებს ჩემს შემოქმედებაზე.
ესაუბრა გვანცა ჯგუშია