25.11.2024
ტალინის რიგით 28-ე კინოფესტივალზე თანამედროვე ქართული კინოს სპეციალური სექცია მიეძღვნა, მისი წარმდგენი ქართული კინოს ინსტიტუტი იყო (GFI). პროგრამას პოეტური სახელწოდება ჰქონდა – „ყვავილები არ არიან ჩუმად“, რომელიც ირინე ჟორდანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ გახსნა.
ტალინის კინოფორუმმა ამ პროგრამით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხელოვანებს, რომლებიც წელიწადნახევარია კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. ირინე ჟორდანია ამ მოძრაობის ერთ-ერთი სპიკერია, რომელიც რეფორმის იდეის გარშემო მრავალფეროვან საზოგადოებას აერთიანებს.
ჟორდანია სწორედ მთლიანობის იდეას უძღვნის სადებიუტო ფილმს. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ ფრაგმენტირებულ რეალობაზეა, რომელშიც ყველა ჩვენგანს უწევს ცხოვრება. ფილმს ორი გმირი ჰყავს, რომლებსაც მსახიობი თინა ლაღიძე და ციფრული ტექნოლოგიების ინჟინერი და არტისტი ლადო ონიანი ასახიერებენ. მათი ისტორია პარალელურ სამყაროებში ვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ – პარალელურ ოთახებში. საკუთარ ჯავშანში მცხოვრებ გმირებს აერთიანებს ფილმის მესამე პერსონაჟი – ქალაქი. ურბანული სივრცე რეჟისორისთვის სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მხოლოდ ამ სივრცეში იბადება ერთობა, რომელსაც განსხვავებული ადამიანები ქმნიან. ფილმის „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ ქართული პრემიერა სულ მალე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
სულ უფრო მეტი საერთაშორისო კინოფორუმი უთმობს ქართულ კინოში მიმდინარე პროტესტს ყურადღებას. თქვენი ფილმის მსოფლიო პრემიერაც ალბათ ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ?
ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ეს პრემიერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და ბუნებრივია ეს დღე ამაღელვებელი იყო. თუმცა, ამ პრემიერას უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. ამ ფილმით გაიხსნა ქართული პროგრამა, რომელიც ტალინის ფესტივალის დირექციამ ქართული კინოს ინსტიტუტთან ერთად დამოუკიდებელი ქართული კინოს მხარდასაჭერად შექმნა. ერთადერთი სახელმწიფო ფონდი, რომელიც საავტორო კინოს მხარს უჭერს და აფინანსებს – ეროვნული კინოცენტრია. წელიწადნახევარზე მეტია, რაც დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტები ამ ორგანიზაციას ბოიკოტს ვუცხადებთ. ჩვენ პროტესტს გზადაგზა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდი და ფესტივალი უერთდებოდა. მოძრაობისთვის ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩემს კოლეგებს კინოცენტრისგან პრობლემები უკვე შეექმნათ, ბევრი ვეღარ ამთავრებს ფილმს. ამიტომ რაც უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, მით უფრო მალე მოვძებნით გამოსავალს. დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იმას, რაც ქართულ კინოში ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაშავდა, აღარაფერი ეშველება და ამის შედეგები მომავალში გამოჩნდება.
კულტურის მინისტრის ცვლილება თუ გამოიწვევს ბოიკოტის შეჩერებას?
ჩვენ ვითხოვდით სისტემურ ცვლილებებს, კინოცენტრის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. კინოს არც ამ პროტესტამდე ჰქონდა კარგი მდგომარეობა, არ არსებობს კინოს კანონი, დაფინანსებაც მიზერული იყო, კინოცენტრს ნამდვილად ჭირდებოდა რეფორმა, ისევე როგორც ქვეყანას ჭირდება კულტურის პოლიტიკა, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, არ უნდა იყოს ჩაკეტილი. საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არც კინოთეატრებია და არც კულტურის სახლები, სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს რეფორმა. რეფორმა დამოუკიდებელ ინსტიტუციებს უნდა აძლიერებდეს. ის რაც კინოცენტრში მოხდა იყო ანტირეფორმა და ცენზურის დაწესება. რასაც ბუნებრივია არ შეეგუებოდნენ კინემატოგრაფისტები, რადგანაც მიუხედავად ხარვეზებისა, ცენზურა ნამდვილად არ არსებობდა, არავინ ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას, ვფიქრომ რომ, ეს პროტესტი და ამ პროტესტში გაჩენილი ერთობა შედეგს ნამდვილად მოიტანს, თანამედროვე ქართულ კინოში საინტერესო აღმოჩენების დასაწყისი იქნება.
სწორედ ერთიანობის, კავშირების არარსებობისა და ამ კავშირების შექმნის პრობლემაზეა „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“. რამდენად მწვავედ დგას ერთობის საკითხი დღეს?
სიმართლე გითხრათ, ფილმში მე მგონი შეკითხვები მეტია, ვიდრე პასუხები. ადამიანებს შორის ხილულ და უხილავ კავშირებზე ადამიანსა და გარემოს შორის კავშირზე და ამ კავშირის არარსებობაზე, გაუცხოვებაზე. მთავარი გმირების პარალელური რეალობები, მათი პარალელური მარტოობა საბოლოო ჯამში ერთ ველში არსებობს. ამ სივრცეში უამრავი სხვა მარტოობაცაა. ზოგიერთი ჩნდება ფილმში, რისთვისაც განსხვავებულ მედიუმებს ვიყენებთ. ეს ფილმი ჩაკეტილობაზეა, რომ ცხოვრებამ შეიძლება ფანჯრის წინ ჩაიაროს. დალუპულ ქალაქის მუდმივად განმეორებად ციკლებში. საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენაზე და რეალობისთვის თვალის გასწორებაზე. სამყარო ერთიანია, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველაზე საინტერესო ამ კავშირების გამოვლენაა.
როგორ დაახასიათებდით მთავარ გმირებს შორის არსებულ კავშირებს?
ამ ორ გმირს შორის არის არა კავშირი, არამედ კავშირის შესაძლებლობა. თინა ლაღიძის პერსონაჟი ტელეწამყვანია, რომელიც ცხოვრების რუტინაშია ჩაფლული. მისი ნათესავი საზღვარგარეთ ცხოვრობს და უგზავნის გიგაბაიტებით შეტყობინებებს საკუთარ ყოველდღიურობაზე, მომხდარ ამბებზე, მოგონებებზე. ამით ის საკუთარ მარტოობას უზიარებს, რაც ფილმის გმირს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენისკენ უბიძგებს. ერთი ასეთი ნათესავი თუ მეზობელი მგონი ყველას გვყავს, ვისთვისაც საკმარისი დრო არასოდეს გვაქვს. არადა ჩვენი ყურადღება მისთვის შეიძლება სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი იყოს.
ლადო ონიანის გმირიც თავის თავშია ჩაკეტილი. ის ციფრული ტექნოლოგიების ინჟინერია, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. სამყაროსგან გამოყოფა მისი არჩევანია, ფილმის განმავლობაში სწორედ მისი ფანჯრებიდან ჩანს ცხოვრების მდინარება, უბრალო მოვლენებიდან დაწყებული პოლიტიკური და სოციალური პროტესტებით დამთავრებული. ჩვენსა და გარე სამყაროს შორის გამყოფი ხაზებია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოდის ცხოვრება გამყოფ ხაზებს შორის.
ფილმში ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესი ჩანს, რომელიც ამარტივებს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე ადამიანებს შორის კავშირებს. ხედავთ თუ არა ტექნოლოგიებში გამოსავალს?
თავდაპირველად ჩანაფიქრი მქონდა, რომ ლადოს პერსონაჟს გალაკტიონის ჩეტბოტზე უნდა ემუშავა. ფილმის სათაურიც პოეტის ერთ-ერთი ლექსიდანაა აღებული. თანდათან გალაკტიონის პოეზია უბრალოდ დეტალებში გაიფანტა. როდესაც მთავარ გმირს ვეძებდი, ჩემმა მეგობარმა, ფოტოგრაფმა მარიამ ჯანაშიამ ლადო ონიანი მირჩია. სწორედ ამის შემდეგ გახდა ჩემი ინტერესის საგანი ხელოვნური ინტელექტი იმ სახით, როგორც ფილმშია. არის თუ არა ტექნოლოგიურ მიღწევებში გამოსავალი? – ტექნოლოგიურმა პროგრესმა ვერ მოიტანა იმ მარტივი ჭეშმარიტებების გააზრებაც კი, რაც წესით ცხადი უნდა იყოს. კაცობრიობამ ომზე დღემდე ვერ თქვა უარი. ფაქტია, რომ პროგრესმა ვერ შეცვალა სამყარო. სოციალური ქსელებიც თითქოს ამარტივებს ურთიერთობას, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო ზრდის ადამიანებს შორის დისტანციას, ერთმანეთისგან თიშავს და კეტავს სხვადასხვა სამყაროს და კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის მარტოობას.
ფილმში სხვადასხვა მედიას იყენებთ. რა არის ამის მიზეზი?
ფილმში ყველა ხმოვანი შეტყობინება დოკუმენტურია. მთავარი ინსპირაცია სწორედ ეს „ვოისები“ იყო, რომელსაც დედაჩემის ნათესავი გვიგზავნის. ეს გმირი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. არ ჩანს, მაგრამ მისი შეტყობინებებით ვიგებთ, რომ რუსულენოვანია, საქართველოში აღარ ცხოვრობს, ქვეყანა 1990-იან წლებში დატოვა. ეს ისტორია ფილმში პირდაპირი გზით არ მინდოდა მეჩვენებინა. სწორედ ამიტომ ვიყენებ განსხვავებულ მედიუმს, იქნება ეს ხმა თუ მობილურით გადაღებული გამოსახულება. ფილმზე მუშაობისას ჩემთვის ყველაზე საინტერესოც და ყველაზე დიდი ამოცანაც სხვადასხვა მედიუმისა და კომპონენტის ერთიან მხატვრულ ქსოვილში შეთავსება იყო. და ამავე დროს, მინდოდა მაყურებელსა და ფილმს შორის ინტერპრეტაციისთვის თავისუფალი ველი დამეტოვებინა.
მოხდება თუ არა ფილმის გმირების შეხვედრა?
არ ვიცი როგორ იკითხება ფილმში, მაგრამ ჩანაფიქრი გმირების ტრანსფორმაციული გზა იყო. თინას გმირის შემთხვევაში პერსონაჟი ფინალში თავისუფლდება. ეს კი სიცოცხლის მიღებისა და მისთვის თვალის გასწორების შემდეგ მოვიდა. ლადოს შემთხვევაში, უფრო მინიშნებითაა, ცოცხალის გადარჩენის სურვილივითაა. გმირების ცხოვრების ხაზების გადაკვეთა თუ ოდესმე მოხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს – მაყურებლის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. მგონია, რომ ადამიანი უფრო დიდი რეალობის ნაწილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ რეალობის მიღება მარტივი არაა, წინ უძღვის ბევრი მტკივნეული, გამოცდილებაც და სიხარულიც, მთავარია ვიგრძნოთ, რომ ამ ერთიანობის ნაწილი ვართ.
ფოტოები: გიორგი შველიძე
©Parachute Films (LLC Parashuti)
ესაუბრა
გიორგი რაზმაძე