IRAKLI NADAREISHVILI & KRISTIAN BRASK THOMSEN

კულინარიის ახალი ერა საქართველოში

23.08.2023

ამბობენ, რომ გასტრონომია მოკლე და წარმავალი ხელოვნებაა. ის ქრება, თუმცა სიამოვნებისთვის სივრცეს მაინც ტოვებს. კერძი მაშინ გამახსოვრდება, თუ მას საინტერესო კონცეფციასთან ერთად ყველა ის თანმხლები კომპონენტი აქვს წესრიგში, როგორიც გემო, კონსისტენცია, ხარისხი და ვიზუალური ტრიუმფია. ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც შეფმა უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ მიენიჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი რიგი კულინარიულ სამყაროში – მიშლენის ვარსკვლავი. მიშლენის გიდი უკვე 25 სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2000-ზე მეტ რესტორანს მინიჭებია ვარსკვლავი. იმისათვის, რომ გასტრონომიის ამ საფეხურზე ქართული კულინარიაც მოხვდეს, წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. შანსები იმისა, რომ ქართულმა  სამზარეულომ მსგავს სტანდარტებს მიაღწიოს დღითიდღე იზრდება ახალი პროექტების დახმარებით, უპირველესად კი ისეთის, როგორიც თბილისის გასტრონომიული კვირეულია. მისი დამფუძნებლების თქმით, საფუძველი იმისა, რომ საქართველომ საერთაშორისო კულინარიაში გზა გაიკვალოს, ნამდვილად არსებობს. საჭიროა სწორი ადამიანებისა და მათი პერსპექტივების კულინარიულ ასპარეზზე დამკვიდრება იმისათვის, რომ გამაგრდეს სვლა საერთაშორისო სტანდარტებისკენ.

ცვლილებების შემოტანისთვის საჭიროა სიცხადის მიღება. ქართული კულინარია ყოველთვის მრავალშრიანი კულტურული შერწყმა იყო, მაგრამ ის დიდი ხანია ცინცხალს არაფერს გვთავაზობს. უკვე ნაცნობი და უდაოდ წარმატებული კერძები მთავარი კომპონენტი გახდა ქართული კულინარიისა. ხელოვნების განვითარების აუცილებელი პირობა კი ახალი, საღი იდეები და ხედვებია. ქართული კულინარიული ენის შესაცვლელად ახალი პროექტები, სახელები და გეგმები გაჩნდა, რომლებიც ქართული გემოების მაღალ გასტრონომიამდე მიყვანას ცდილობენ. სწორედ ასეთი ცვლილებების შემომტანი ქართულ გასტრონომიაში თბილისის გასტრო კვირეული და მისი გუნდია. ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი,  თბილისის გასტრო კვირეულის დამფუძნებელი და კრისტიან ბრასკ ტომსენი (Kristian Brask Thomsen), ბარსელონაში მოღვაწე (დანიელი) კომუნიკაციების გურუ, გასტრონომიის ექსპერტი, Bon Vivant Communications-ის (გლობალური გასტრონომიული ელჩი-ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაა  კულინარიული დიპლომატია, განსაკუთრებული ვახშმები, ცნობილი შეფების მსოფლიო ტურები, მარკეტინგი, პროდიუსერობა  და მეწარმეობა) წარმომადგენელი – მათ საერთო გეგმბეზე და მიზნებზე გვესაუბრებიან, და რაც მთავარია, წლის ყველაზე გემრიელ მოვლენაზე – თბილისის რიგით მეორე გასტრო კვირეულზე, რომელიც 1-7 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი, როგორც თბილისის გასტრონომიული კვირეულის და საქართველოს ფესტივალების ასოციაციის დამფუძნებელი, რა გამოწვევების წინაშე დადექით  წლევანდელი პროექტის მზადებისას  და რით განსხვავდება ის წინა წლის კვირეულისგან?

ირაკლი: თბილისის გასტრო კვირეული ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია, რომელიც გამიკეთებია, ვინაიდან ჩვენ შევეხეთ მაღალ კულინარიას და გასტრონომიის უმაღლეს  სტანდარტს, რომელიც საქართველოში ფაქტიურად არ არსებობდა. ამის იმპლემენტაცია ადგილობრივად და ამ ყველაფრის შესრულება ძალიან ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული და სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი მოცემულობა. ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ მაღალი გასტრონომიის ვახშმების მოწყობა; ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში ეს სფერო უმაღლეს წერტილამდე ავიყვანოთ. როდესაც ამ პროექტის კეთება დავიწყეთ, ექსპერტებს ვკითხეთ, რამდენად ჰქონდა აზრი Fine Diningის  იმპლემენტაციას საქართველოში, რაზეც გვიპასუხეს, რომ ქართველებს გვაქვს მთავარი რამ – ეს გემოვნებაა,  დანარჩენი დეტალებია. ცხადია, ეს დროში გაწერილი პროცესია, ვინაიდან  ინდუსტრია სწრაფად არ რეაგირებს. თუმცა, წინა წლებთან შედარებით გასტრონომიის ინდუსტრია საქართველოში საგრძნობლად განვითარდა. ქართველი შეფები უკვე საერთაშორისო ნეთვორქში მონაწილეობენ, ესწრებიან ფორუმებს, მსოფლიო გასტრონომიის ბაზრობებს და ეს ცხადია შესამჩნევიცაა, თუმცა მაღალ გასტრონომიამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

კრისტიან, როგორც Bon Vivant Communications-ის წარმომადგენელს და ამ ორგანიზაციის მეთაურს  მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება კულინარიამ დაამყაროს წარმატებული დიპლომატიური და კულტურული კავშირები?

კრისტიანი: საკვები უნივერსალური და ყველასთვის გასაგები ენაა, რომელიც სხვადასხვა დიალექტშია გაშლილი; გავიხსენოთ, რომ პური პირველმა იესომ გატეხა. უფრო კონკრეტულად კი გავიხსენებდი პირველ კავშირს ამერიკასა და ჩინეთს შორის, რომელიც რიჩარდ ნიქსონის სტუმრობისას შედგა ვახშამზე. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა შესამჩნევი ჩინური რესტორნების საგრძნობი მატება შეერთებულ შტატებში. კულინარიის დამსახურებით მოვხვედრილვარ ისეთ ადგილებში, სადაც სხვა მოცემულობაში ვერ მოვხვდებოდი. წარმოშობით დანიიდან ვარ და ხშირად დასავლეთშივე დარჩენა გვჩვევია. ნამყოფი ვარ ისეთ ადგილებში, როგორიცაა იერუსალიმის მუსლიმანური კვარტალი, იქ ქორწილებს ვესწრებოდი, როგორც ქრისტიანი, რაც უჩვეულობას არ წარმოადგენდა, რადგან სუფრაზე ვიყავით და ეს ამ გარემოებას ჩვეულს ხდიდა. ახლახანს ახალ ზელანდიაში გახლდით, სამყაროს კიდეში, სადაც გამოვიკვლიე ადგილობრივი მოსახელობის ისტორია და ყოველდღიური ცხოვრება. მანამდე კი, მულტი-ნაციონალურ ვახშამს ვკურირებდი მანილაში. ამ ვახშმის დამსახურებით მანილას მთელი მსოფლიო ესტუმრა. ვიტყოდი, რომ კულინარია საინტერესო გზაა კულტურების შესწავლისა და შერწყმისათვის. ცხადია, რომ დღეს პოლიტიკას და ფინანსებს არ ძალუძს ხალხის გაერთიანება, ვინაიდან ზედმეტად დიდი ნაპრალია შეძლებულ საზოგადოებასა და გაჭირვებულს შორის. კულინარიას კი გააჩნია იმის უნარი, რომ სოციალური სტატუსის, ეროვნებისა თუ რელიგიის მიუხედავად ხალხი გააერთიანოს. კულინარია ყველასთვის საზიაროა ემოციურ საფეხურზე, რასაც სოციალური ქსელები და სხვა ტრადიციული მედია საშუალებები უფრო ფართოდ გასაგებს ხდის საზოგადოებისათვის. ამ მოცემულობაში, არ არსებობს უკეთესი გზა საქართველოს ექსპორტირებისა, თუ არა მისი სამზარეულოსა და ღვინის საშუალებით, რაც თავისთავად ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აქვს თუ არა თბილისის გასტრო კვირეულს მსგავსი მიზნები?

კრისტიანი: ცხადია! ერთია ვახშამზე კარგი დროის გატარება მცირე ჯგუფებთან, მაგრამ რამდენად ექნება მსგავს ვახშამს გავლენა იმაზე, რაზეც ვსაუბრობთ, სხვა საკითხია. ვახშმების სწორ დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს; თუკი ამ ღონისძიებებს დაესწრებიან კარგი ავტორები, თუ მოხდება სხვადასხვა კულტურათა შერწყმა – ეჭვგარეშეა, რომ ამ პროექტზე დაფუძნებული ნაწერები და ვიზუალური მასალა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მსოფლიო საქართველოს. მსგავსი კულინარიული კავშირებით დამყარებული შედეგები, როგორც სავიზიტო ბარათი, გამოსადეგი იქნება საქართველოს წარმომადგენელთათვისაც, მათ შორის ელჩებისთვის მათ კუთვნილ ქვეყნებში.

ირაკლი: რა თქმა უნდა. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ზუსტად ეს არის. ვახშამი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება მოლაპარაკებების საწარმოებლად. რესტორანი ზოგადად არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ; ახალი არ არის, რომ ბევრი შეთანხმება ხდება არა ოფისში, არამედ სწორედ სადილზე. Fine Dining-ი მზარდი ბიზნესია; ისევე, როგორც მოდა იყო თავის დროზე და დღეს რაღაც ნიშნულზე არის გაჩერებული. გასტრონომია დღეს ჯერ განვითარების პროცესშია, ის ჯერ სადღაც შუაში არის მისი ევოლუციისა, ის კიდევ სხვა გზებით განვითარდება და შესაძლოა ამ ფორმის რევოლუციონიზირებაც შეძლოს. ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს კავშირების დადგენასა და გაჩენას. ჩვენ ვუყურებთ ამ პროექტს ორი მხრიდან. ერთია – გასტრონომიის განვითარება, ვინაიდან ეს ინდუსტრია საქართველოში სრულიად სხვა სტანდარტებს შესძენს ქართულ სამზარეულოს და მეორე – სახელის გატანა მსოფლიო ასპარეზზე. სწორედ ეს ვარსკვლავი შეფები აპიარებენ სხვადასხვა ადგილობრივ სამზარეულოებს მთელ მსოფლიოში. ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში გაჩნდეს მაღალი გასტრონომია და ადრე თუ გვიან, მსოფლიოში ხაჭაპური გახდეს იმდენად განთქმული, როგორიც არის იტალიური პიცა.

კრისტიან, თქვენ გაქვთ მსგავსი ვახშმებით  მასპინძლობის ფართო გამოცდილება, რა სხვაობები აღმოაჩინეთ ქართულ სადილებსა და სხვა საერთაშორისო სადილებს შორის?

კრისტიანი: მრავალ სუფრაზე ვყოფილვარ, კახეთის სუფრა საკმაოდ „უწესრიგო“, მაგრამ ძალიან გემრიელია; აქ სუფრებს დავსწრებივარ აგარაკებზეც, რომლებიც გამოირჩეოდნენ ორგანიზებითა და გემოთი. 4-5 საათის განმავლობაში მაგიდასთან ჯდომა, საუბარი, დროის ტარება – ეს არის ის, რაც ქართველებს უყვართ.  მომეწონა, რომ ყველაფერი ერთდროულად არ მიირთმევა, რადგან ვახშმის მანძილზე მეტი კერძი ემატება სუფრას, ნელა უნდა ძიძგნო და ისე მიირთვა. კარგი აქტივობაა, საათების ერთსა და იმავე  ადგილას გატარება, პურის ტეხვა და საკვებით ტკბობა.

კრისტიან, თქვენი ფილმი Michelin Stars – Tales from the Kitchen შარშან გასტრო კვირეულის ფარგლებში აჩვენეთ. ფილმში განხილულია ის სტრესული გარემოება, რომელიც  მიშლენის რესტორნების შიდა სამზარეულოა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კამერა დაუშვეს მსგავს სივრცეებში. რა ემოციებით დაიტვირთეთ ამ პროცესში?  როგორ ფიქრობთ, შეძლო თუ არა ამ ფილმმა ქართველი აუდიტორიის გასტრონომიული ცოდნის გაღრმავება?

კრისტიანი: თავად ფილმზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო, ჩვენ 15 სხვადასხვა მზარეულს 15 სხვადასხვა ქეყანაში დავუკავშირდით და ვაჩვენეთ მათი, როგორც მიშლენის შეფების კულინარიული და ყოველდღიური ცხოვრების დეტალები. ფილმში ჩანს ის ნაკლოვანებებიც, რომლებიც მსგავსი ცხოვრების სტილს თან სდევს. საჭიროა ყოველთვის ფხიზლად და მზადყოფნაში იყო, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ხშირად ცხოვრების მსგავსი სტილი ძალადობრივიც ხდება ხოლმე.  ფილმმა გლობალურად წარმოაჩინა, თუ როგორ მუშაობენ მსგავსი კალიბრის რესტორნები. ფილმი 32 სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენეს ეროვნული ტელეარხების საშუალებით. მისი პრემიერა სან სებასტიანის საერთაშორისო კინო ფესტივალზე შედგა, თუმცა ჩვენებები სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზეც ჩატარდა. ვერ ვიტყოდი, რომ ფილმს განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ აუდიტორიაზე, რადგან ჩვენებას მხოლოდ 200-მდე ადამიანი დაესწრო. თუმცა, როგორც ვიცი, ირაკლი წელსაც გეგმავს ფილმის ჩვენებას. სამწუხაროდ, დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან თარგმანში იკარგება ვნება და ბუნებრივი გარემო, რომელიც ფილმს ახლავს. თარგმანს სუბტიტრებით დავადებთ, იმედია მნახველებზე ფილმის გავლენა ამჯერად მეტი იქნება. ეს ფილმი შთაგონების წყარო უნდა იყოს მზარეულთათვის, იმისთვის რომ მეტი იმოგზაურონ მსოფლიოში, დახვეწონ საკუთარი საქმიანობა და დაბრუნდნენ ახლადშეძენილი გამოცდილებებით და უნარებით, რომლითაც შეძლებენ ადგილობრივი გასტრონომიის განვითარებას. სწორედ ასე განვითარდა დანიაც. 20 წლის წინ ის მსოფლიოს B ან С საფეხურის კულინარიული მოქალაქე იყო, დღეს კი ის გასტრონომიული ზღაპარი და გასტრონომიის ერთ-ერთი დედაქალაქია, იმის დამსახურებით, რომ ახალგაზრდა ნიჭი მოგზაურობს, იღებს ცოდნას და შემდეგ ამ ცოდნის იმპლემენტაციას ადგილობრივად ახორციელებს.

ირაკლი:  ჩვენ ეს ფილმი შარშან, კვირეულის გახსნაზე სწორედ ამ მიზნით ვაჩვენეთ. გვსურდა, გვენახებინა სად არის სტანდარტებში განსხვავება, რა მიდგომებია დღეს თანამედროვე მაღალ გასტრონომიაში, რა უნდა მოხდეს საქართველოში ან კონკრეტულ რესტორანში, რომ ამ სტანდარტამდე მივიდეთ. მაღალი გასტრონომია – ეს არ არის მხოლოდ სახელი. თანამედროვე კულიანარია მუშაობს ისე, როგორც თანამედროვე ხელოვნება. შეფები თავის კერძებში აქსოვენ როგორც კონცეფციას, ისე გემოს, მათთვის ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. კერძში, რომელიც მომხმარებლამდე მიდის, უამრავი ნიუანსია ჩაქსოვილი, რაც მან შეიძლება კონკრეტულ მოცემულობაში ვერ ამოიკითხოს, და სწორედ ეს ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. პრინციპში რესტორანი არის ის ადგილი, რომელმაც უნდა შეგიქმნას ის ემოცია და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელსაც იღებ მაშინ, როცა შენ განსაკუთრებით გემრიელად მიირთმევ. ფილმის ჩვენებას წელსაც ვაპირებთ, უფრო ფართო აუდიტორიისათვის.

ფიქრობთ, რომ  მსგავსი კოლაბორაციები ქართველ წარმატებულ შეფებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ ცნობილ  შეფებს შორის,  საერთაშორისო კულინარიულ ბაზრის რუკაზე საქართველოს მონიშნავს?

კრისტიანი: ბუნებრივია. საქართველო კმაყოფილია იმით, რაც დღესდღეობით გააჩნია. საქმის კეთება, უნებლიე მიდგომით – ეს ქართული მეთოდია. საქართველო თავის კულინარიულ მემკვიდრეობას უყურებს როგორც ხის ძელს. მისი ზრდა მნიშვნელოვანია, ის ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდეს. მას სჭირდება ახალი ტოტები თუ ფოთლები, რომ სხვადასხვა მიმართულებით განაგრძოს ზრდა. მგონია, რომ ქართული კულინარია, კარგა ხანია უძრავად დგას. რომელ ქართულ რესტორანსაც არ უნდა ვესტუმრო, ყველგან მხვდება იგივე 10 კერძი: ხაჭაპური, ხინკალი, სალათი ნიგვზით, და ა.შ. ეს არის მენიუ, რომელსაც ქართული რესტორნები გვთავაზობენ – ზოგი ოსტატია მათ მომზადებაში, ზოგი არა. მესმის ამ კმაყოფილებისა, უდავოდ მუშაობს ეს გზა – რაც გატეხილი არ არის, იმას შეკეთება არ სჭირდება; მაგრამ თუ იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოშია მიახმარ სხვა პროდუქტებსაც, რომელიც დიდიხანია არ გამოგიყენებია და სრულად გადაატრიალებ ანბანს, ან თუნდაც შეარყევ და მისცემ საშუალებას უცხო თვალს, შემოიტანოს საკუთარი პერსპექტივა და აზროვნება – ქართული კულინარია შეძლებს ახალი, საინტერესო გზების გაკვალვას. სწორედ ეს ხდის გასტრონომიას სახალისოს. უდავოდ, ხინკალი უკვე იდეალურია, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოს შეუძლია სხვა ახალი პროდუქციის წარმოებაც.

ირაკლი: ჩვენ გვაქვს ავთენტური სამზარეულო, რომელიც უკვე თავისი გზით გახდა პოპულარული. ბევრი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის The New York Times საკუთარი ნებით წერს ხაჭაპურზე თუ ხინკალზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ შედეგში. ეს არის გრძელი ხუთწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წლების განმავლობაში ჩამოვიყვანოთ შეფები, გავხსნათ მსგავსი  კატეგორიისა და სტანდარტის რესტორნები, ჩავატაროთ დაჯილდოებები, შემოვიტანოთ მიშლენი და ა.შ. მე არ დავიწყებდი  ამ პროექტს, რომ არ ვიყო დარწმუნებული მის დადებით შედეგში. ჩვენ გვაქს ავთენტური სამზარეულო, დიდი ინტერესი გასტრონომიაში და ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოგზაურობს და ულევი ინფორმაციის მატარებელია. ზუსტად ამ დეტალების განხორციელების საფუძველზე, შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას ახალი სამზარეულო. ეს სამზარეულო თუ არ გაცოცხლდა და არ შეიძინა ახალი სუნთქვა, თვითონ ავთენტურიც კი ვეღარ განვითარდება. ახალი სისხლი აუცილებელია. ეს ახალი ავთენტურს ეხმარება თავისი ადგილი უფრო მტკიცედ დაიკავოს თანამედროვე გასტრონომიაში.

ავთენტურობას რაც შეეხება, რამდენად შესაძლებელია ქართული კულტურა და ისტორია, რომელიც ქართულ კულინარიაში ამოიკითხება, შევინარჩუნოთ სანამ, სწრაფად და ფართო მასშტაბით ხდება საერთაშორისო კულინარიის მოდერნიზაცია?

ირაკლი: ქართულ ავთენტურ სამზარეულოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით. თავის დროზე, როდესაც თეკუნა გაჩეჩილაძემ დაიწყო ფიუჟენის კეთება დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, მეგრული სამზარეულოს სპეციალისტი შეფები კატეგორიულ უარზე იყვნენ მსგავსი მიმართულების შემოტანისა. დღეს  თუ შეხვალთ ქართულ რესტორნებში, ნახავთ რომ ყველა მენიუში არის პანკოსში ამოვლებული ელარჯის ბურთულები. სამზარეულო იტაცებს იმას, რაც მომხმარებლისთვის ხდება რელევანტური. ავთენტურმა სამზარეულომ შეიძლება ტრანსფორმაცია განიცადოს იმ კუთხით, რომ თუნდაც პროდუქტი შეიცვალოს. გასტრონომია არ არის მხოლოდ კერძი. ეს მრავალ-ეტაპობრივი პროცესია. სწორედ ის ცნობილი შეფები გაიტანენ ამ ავთენტურ კერძებს საზღვრებს გარეთ, რომლებსაც ჩვენ კვირეულის ფარგლებში ვმასპინძლობთ. ეს პროცესი დაეხმარება ქართული ავთენტური სამზარეულოს პოპულარიზაციას. ჩვენ ხელს შევუწყობთ, ავთენტურ კულინარიას და ქართველ შეფებს, შექმნან ახალი სამზარეულო და მაღალი კლასის გასტრონომია, რომელსაც უკვე  თავისი შეფასება მოყვება, როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ.

ირაკლი, შარშანდელი გასტრო კვირეულის  ფარგლებში ჩატარებული ვახშმებისა და თოქების დროს მიღებული საინტერესო ინსაითი რომ გაგვიზიაროთ და გვითხრათ  რამდენად მოახდინა ამან თქვენზე გავლენა, როგორც ქართველ გასტრონომზე?

ირაკლი: მე მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ ინდუსტრიაში და ვსტუმრობ მსგავსი კლასის რესტორნებს, ამიტომ მოცემულობა ჩემთვის ცნობილი იყო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საჭმელი კეთდება, წინა კვირეულმა  დაგვანახა, რამდენად განსხვავებულ ვითარებაში ვართ სტანდარტის მხრივ. პროცესში, ბევრი დეტალი აღმოვაჩინეთ, რომელმაც მოგვცა განვითარებისკენ კიდევ უფრო დიდი ბიძგი. ჩვენ დავინახეთ ქართველი შეფებისა და მომხმარებლის  ინტერესი ამ საკითხში, თუ როგორ შეიძლება ასეთი ტიპის კოლაბორაციები შედგეს და ზოგადად გასტრონომია განვითარდეს. წელს ცხადია, ყველა ამ დეტალს  გავითვალისწინებთ.

თუ იგეგმება კოლაბორაციები? მომავალი კვირეულის შესახებ რომ გვიამბოთ, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება?

ირაკლი: კოლაბორაციები იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ  Bon Vivant Communications გახდა Tbilisi Gastro Week-ის პარტნიორი კრისტიანის სახით. გასტრონომიაში ყველა კარი გაიხსნა. ეს ყველაფერი გადაიზარდა 5 წლიან პროექტში, რაც გულისხმობს ყოველწლიურად ახალი დამატებითი საშუალებების მოზიდვას საერთაშორისო ბაზრიდან და პირიქით საქართველოდან საერთაშორისოზე გატანას. წელს განვიხილავთ კონკურსსაც, რომლის გამარჯვებულს ჩვენი დაფინანსებით  გავუშვებთ მიშლენის რესტორანში ინტერნატურაზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ვინაიდან, ასეთ გარემოში მოხვედრაც კი საკმაოდ რთულია.  წლევანდელი წელი განსხვავდება იმით, რომ Bon Vivant Communications-ის საშუალებით ჩამოვლენ ძალიან ცნობილი შეფები და საერთაშორისო მედია. დაემატა ახალი ფორმატი, რითაც დაიხურება ფესტივალი  Tbilisi Gastro Week – Street Edition ანუ ეს იქნება ღონისძიება ღია სივრცეში, თუმცა საკვები დამზადდება პრემიუმ კლასის პროდუქტებისგან. მიირთმევთ სხვა მოცემულობაში, თუმცა მიშლენის შეფების და ქართველი ვარსკვლავი შეფების მაღალი სტანდარტის მიხედვით. ასევე წელს ვგეგმავთ წამოვწიოთ და განვავითაროთ ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა „მდგრადი გასტრონომია“, რაც ძალიან მოცულობითი თემაა და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და ზოგადად გარემოზე. ეს პროექტი აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოში  გასტრონომიის ახალ საფეხურამდე.

კრისტიანი:  ჩვენ ჯერ კიდევ კომუნიკაციის პროცესში ვართ, განვიხილავთ სხვადასხვა შეფებთან კოლაბორაციას. უკვე ვიცით, რომ წელს გვესტუმრება Deepanker Khosla, ინდური სამზარეულოს ექსპერტი, მისი სახელი ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ასევე გვაქვს კონტაქტი ალეხანდრო სერანოსთან, რომელიც ესპანეთში, სან სებასტიანოსთან ახლოს მდებარე ერთ ვარსკვლავიანი მიშლენის რესტორნის შეფ-მზარეულია. განვიხილავთ ორ მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანს პორტუგალიიდანაც. ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის, იმ საფეხურზე შესრულებულ კრეატიულ, სახალისო, ლამაზ, და გემრიელ კერძებს, რომელსაც საქართველოში ჯერ არ იცნობენ.  მსოფლიო მოდის საქართველოში.

ესაუბრა უფი  პართენიშვილი / ფოტო – IR4GUS4ROV4

Scroll To Top