ინოლა გურგულიას გაცოცხლებული ხმა

7-ფირფიტიანი უნიკალური ვინილის კოლექცია

16.05.2026

ინოლა გურგულიას შემოქმედება ქართული მუსიკალური მეხსიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ათწლეულების წინ სხვადასხვა სივრცეში გაფანტული, ნაწილობრივ სახლის პირობებში შექმნილი ჩანაწერები ახლა ერთ სრულყოფილ, 7-ფირფიტიან ვინილის კოლექციად გაერთიანდა. პროექტი ინოლას შვილის, დათო შუღლიაშვილისა და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობით განხორციელდა, რაც მსმენელს მუსიკოსის სრულიად ახალ, პირადულ პორტრეტს სთავაზობს.

ყველაფერი წლების წინ, მამის კოლექციაში ნაპოვნი ძველი, დაზიანებული ფირით დაიწყო. დათო შუღლიაშვილისთვის წარსულის ამ დეტალთან შეხება უდიდესი ემოციური დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა.

„ძალიან ემოციური მომენტი იყო, რადგან უკვე გარდაცვლილი დედაჩემის ხმას ვისმენდი – თან იმ სიმღერებს, რომლებიც აქამდე მოსმენილი არ მქონდა“, იხსენებს დათო.

თავდაპირველი იდეა ჩანაწერების კომპაქტდისკზე გამოცემას გულისხმობდა, თუმცა თიბისი კონცეპტთან პარტნიორობამ ჩანაფიქრი მასშტაბურ პროექტად აქცია. ერთ სივრცეში შეიკრა ინოლას შემოქმედების სრული რეტროსპექტივა.

ინიციატივის მთავარ ინსპირაციას ისტორიის გაცოცხლება და თანამედროვე მსმენელისთვის მუსიკალური მემკვიდრეობის ღირსეული ფორმით დაბრუნება წარმოადგენდა. თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო კიკვაძე პროცესის სირთულესა და მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, 12 სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული მასალის ნაწილი 40-50-იანი წლების სენსიტიურ ბაბინებზე ინახებოდა.

„საჭირო გახდა მასშტაბური და ფრთხილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, მათ შორის ძველი ჩანაწერების აღდგენა, რათა თითოეული ჩანაწერი მაქსიმალურად ავთენტურად შენარჩუნებულიყო,“ – აღნიშნავს სოფო და ამატებს, რომ კოლექცია მუსიკის გაერთიანებასთან ერთად, ქრონოლოგიურად და ემოციურად აცოცხლებს არტისტის შემოქმედებით გზას.

ვინილების კრებულში 100-მდე სიმღერაა თავმოყრილი. პირველ ალბომში („გახსოვს?“) მსმენელი ინოლას სტუდენტობის პერიოდში შექმნილ ინგლისურენოვან ნამუშევრებს (Singing და Oh, Say) აღმოაჩენს. სოფო კიკვაძის შეფასებით, ხსენებული ფაქტი გლობალური გავლენების მიმართ მუსიკოსის ღიაობას უსვამს ხაზს და, სავარაუდოდ, ქართველი ავტორის მიერ შექმნილი ინგლისურენოვანი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითს გვთავაზობს.

მეორე ალბომში („განმეორება ძნელია“) ძველთბილისური ხალხური სიმღერები და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებია შესული. დათო შუღლიაშვილი საინტერესო პარადოქსზე ამახვილებს ყურადღებას: ხალხი ინოლას უმეტესწილად მომღერლად იცნობდა, ვიდრე კომპოზიტორად. თუმცა, ამავდროულად, სხვის მელოდიებს ის იმდენად თავისებურად, დამახასიათებელი სტილით ასრულებდა, მსმენელს ხშირად ისინი მისივე დაწერილი ეგონა.

განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა მესამე ალბომი („ბედნიერი ვარ“), რომელიც 1977 წლის ტელეგადაცემისთვის ჩაწერილ ავტობიოგრაფიულ თხრობასა და ოჯახურ გარემოში შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს. აქვე ინახება ოთარ იოსელიანის ფილმისთვის ჩაწერილი ცნობილი ბაიათი „რა კარგი ხარ, რა კარგი“. ჩაწერისას დაშვებული მცირე შეცდომა და ინოლას გულწრფელი რეპლიკა – „უი, უი შემეშალა“ – დათოსთვის ყველაზე ძვირფასი დეტალია: „სიმღერა სიმღერად, მაგრამ საუბარი სხვანაირად აცოცხლებს ჩემთვის მის ხსოვნას“, გვიზიარებს ის.

რა აქცევს ინოლა გურგულიას მუსიკას უკვდავად ახალი თაობებისთვის? შვილის აზრით, მთავარი საიდუმლო თავისუფლებისა და სამყაროსადმი უსაზღვრო სიყვარულში იმალება. საბჭოთა ეპოქაში მისი ლტოლვა დამოუკიდებლობისკენ დღესაც უაღრესად აქტუალურ ჟღერადობას ინარჩუნებს.პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანების ნუგეშისცემა და მათი შთაგონების კვება.

ვინილის ფორმატი მოსმენის პროცესს ბევრად ინტიმურს ხდის. სოფო კიკვაძის განმარტებით, მთავარ მიზანს მსმენელში ნოსტალგიისა და აღმოჩენის სიხარულის ერთდროულად გამოწვევა წარმოადგენს. ამ გრძნობას სრულყოფს დათო შუღლიაშვილის დაკვირვებაც:

„ბევრისგან გამიგია, თითქოს, ეს სიმღერები პირადად მისთვისაა დაწერილი. მგონია, ამ სიმღერების მეშვეობით, ადამიანები, ვინც არ იცნობდნენ ინოლას, მაინც ახერხებენ მასთან სიახლოვეს და მეგობრობას“.

ახალი კოლექცია ზუსტად ამ უხილავ, მუდმივ კავშირს ემსახურება ხელოვანსა და მსმენელს შორის.

ქეთია ბელქანია