გალერეა LC QUEISSER წარმოგიდგენთ

30.06.2022

გალერეა „ელ ცე კვაისარი“ მასპინძლობს ჯგუფურ გამოფენას In Heat Wind Wounds Holes, რომელიც აპრილის თვიდან მიმდინარეობს და სამ ივლისამდე გასტანს. გირჩევდით არ გაუშვათ ბოლო შანსი ეს აუცილებლად სანახავი გამოფენა მოინახულოთ.

თოლია ასტახიშვილი “Unsealed”. შერეული მედიის ინსტალაცია, 570 × 500 × 300 სმ
თოლია ასტახიშვილი “Unsealed”. შერეული მედიის ინსტალაცია, 570 × 500 × 300 სმ

გალერეის დარკალული კიბიდან ამოსვლისთანავე, სანამ პირველ ზღურბლს გადავაბიჯებთ, სტუმრის პერსპექტივაში შუაზე გაჭრილი კარის ნიშა შემოდის, მისი გავლით ჩვენი თვალსაწიერი ორი საგამოფენო ოთახის მომცველ უხერხულად გრძივ კორიდორს სწვდება. აშკარაა, რომ გამიზნულ უხერხულობასთან გვაქვს საქმე, ამას შუაზე გატიხრული ღიობი ხდის თვალსაჩინოს. სანამ იმაზე ვასწრებ დაფიქრებას, თავად კარის ჭრილზე მაღალი თაბაშირ-მუყაოს ფილა როგორ აღმოჩნდა დამაჯერებლად გაჭედილი, ციფრული მოდელინგის დროს დაშვებული შეცდომასავით, მაფორიაქებს ჯერ ვერ მოხელთებული ლაბირინთის დანახვა, რომელიც, თითქოს, უკვე ნაკარნახევ ტრაექტორიაში დარღვევის შემოტანის ყმაწვილურ ჟინს მიჩენს. კეთილი, ასტახიშვილის სივრცული ინტერვენცია ამ გარღვევებსაც მზად დახვდა; ახლა, უკვე როდესაც გამოფენა ყოველი შესაძლო განვითარებით შემოვიარე, შემიძლია ვთქვა, რომ მოწყობილი სივრცე ცოცხალი ორგანიზმივით რეაქტიულია და მასთან დიალოგში შესვლა გაცილებით ორგანული ხდება, ვიდრე ამის შესაძლებლობას საგამოფენო ფორმატი იძლევა ხოლმე.

თოლია ასტახიშვილი Notes On Hours (დეტალი). სანათი ყუთი, მელანი ქაღალდზე, სენსორი. 36 × 8.5 × 9 სმ

In Heat Wind Wounds Holes არის ჯგუფური გამოფენის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც გალერეა „ელ ცე კვაისარი“-ს სივრცეს ოთხი ხელოვანი: თოლია ასტახიშვილი, შტეფანი ჰაინცე, ნენსი ლუპო და ქეთო ლოგუა ითვისებენ, და არა მარტო ითვისებენ, განავრცობენ მას; თოლია ასტახიშვილის ინტერვენციული ინსტალაციის საშუალებით, გალერეის არსებული ორი სივრცის გარდა, გამოაშკარავდა მნახველისთვის აქამდე დახურული ნაწილიც, რომლსაც ამ გამოფენამდე განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა გააჩნდა. ვინაიდან ფართის კონტექსტზე ვსაუბრობთ, სანიშნოა ისიც, რომ სანამ ამ ხნიერ შენობაში გალერეა დაიდებდა ბინას, ის საცხოვრებელი მიზნით გამოიყენებოდა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა არქიტექტურაზე მრავალჯერადი შენიღბვა-გადაკეთების შემდგომაც. ამ ანაბეჭდებს, წარსულისა და რემონტის დანალექით შედგენილ შრეებს, ნაცხოვრისი ჰიბრიდული სივრცის ნოსტალგიური თუ სუფთად არქიტექტურულ ნიუანსებს ზედაპირზე გამოტანილს გვთავაზობს ასტახიშვილი, რომლის პრაქტიკაც დიდწილად სწორედ არქიტექტურითა და ადგილ-სპეციფიკური ინსტალაციის მედიუმით ინტერესდება. თანამედროვე მშენებლობის პრინციპისგან რადიკალურად განსხვავებული ტექნიკით გამაგრებული კონსტრუქცია, ხელოვანმა თითქოს წაღმა ამოაბრუნა მისივე ნარღვევებიდან და წინარე გაპატიოსნების მცდელობები გულწრფელი აქტით გააბათილა. გახსნილი პირველადი კარი, მანამ უფუნქციოდ დატოვებული ჩაშენებული კარადის ზურგი, დამალული მოჩუქურთმებული ჭერი, რომელიც აწ-უკვე ჩამოგლეჯილი შეფითხული ბიაზის ნაჭრის ქვეშ ანიავებს მის სიყვითლეს, ორგანული მასალით ნაგები კედელი, ხის ფილებით შეკავებულ მიწაში შეჩურთული ლეღვის ჩირის ყუნწებით, და შემოსასვლელი კორიდორის კუთხის გამოაშკარავებული საეჭვო სიშავე, სივრცის ზედაპირებს რბილობი ქსოვილის იმიტაციას სძენს. თუკი, ფიზიკური სტრუქტურები ბოლომდე ანთროპომორფული მიდგომით ვერ ცოცხლდებიან, მათი ხელოვნური რეგენერაციის პროცესი არტისტის ზეგავლენით მოდის ქმედითობაში. ასტახიშვილი, თითქოს შეხორცებულ ფუფხს აცლის არქიტექტურას, მეორე მხრივ, დამცველობითი ზრუნვით ამთელებს, კრავს და ფარავს მის გარსს, საბოლოოდ კი საკუთარი და დანარჩენი ხელოვანების მულტიმედია მხატვრულ ჩარანთებს ათავსებს ფორმაცვლილი არქიტექტურის ნიშებში.

შტეფანი ჰაინცე Baby Basin, 2022. აკრილი და ზეთი ტილოზე, 175 × 135 სმ

Unsealed, ორ მთავარ საგამოფენო ოთახს შორის ჩაშენებული სერიული გადატიხვრების მასშტაბური ინსტალაციაა, რომელიც სეგმენტებადაა დაყოფილი და მოჩვენებით ოთახებს შემოსაზღვრავს. სწორედ ეს ინსტალაცია წარმართავს გამოფენის ლაბირინთულ ხასიათს და თითოეულ უჯრედულ მონაკვეთში მნახველის ქორეოგრაფიას, განსხვავებული განწყობის მიკრო-გამოფენით აპაუზებს. თაბაშირ-მუყაოს კედლები, ალაგ-ალაგ შეფითხულია, ფილების გადაკერების ადგილებს ანდაც მასზე გაჩენილ წარწერებს ფარავს; ყავა გადაქცეულ კედლებზე აზელილი გაჯის ფაქტურაზე დამჩნეული თითის ანაბეჭდები ისეთივე ინტიმურია როგორც Invisible Head / Niche I-ის ოთკუთხა ჭრილში დადებული მოწყვლადი ნახატი ქაღალდზე. ინსტალაცია Unsealed-ის ორ განყოფილებაში მოქცეულია ქეთო ლოგუას ნამუშვრები, სკულპტურა, ფოტოგრაფია და კედლის გრაფიტი. საერთო ჰიბრიდული არიტექტურის მატერიალურ თუ იდეურ გაორებულობას ეხმიანება Artist does what she wants Part I/II, ტოქსიკური სპრეი საღებავით დაფერილი ნედლი ხის ტოტის ობიექტი, რომელიც ერთი უწყვეტი ცისფერი ზოლით შავ ზედაპირზე ბზინვარე მეტალის სიმულაციას ახდენს. ცივ გარემოში აღბეჭდილი ფოტო ნამუშევრები ფოკუსში იღებს ფაქიზ ყვავილებს – საჰაერო კოსმოსური ცენტრის პროექტის „Eden ISS სათბურის“ არქივიდან მოპოვებული მასალა. ლოგუას ნამუშევრებს გამოფენის უკვე არსებულ კონტექსტში, ადამიანისა და არქიტექტურის მიმართება, დამატებითი შრე შემოაქვს, რომელიც უკვე ცოცხალ ორგანიზმებს შორის დამყარებულ ფორმალურ ურთიერთობაზე, ერთგვარ ტექნოლოგიურ გაუცხოებაზე საუბრობს. ერთ-ერთი ხის სკულპტურის გასწვრივ ასტახიშვილის სენსორული ლაითბოქსი კიდია, რომელიც მნახველთან შედის ინტერაქციაში და დღის განათებაზე მიმდინარე გამოფენაში სცენოგრაფიული ნიუანსი ხდება, შესაბამისი დრამატული შეხსენებით ეფემერაზე.

ნენსი ლუპო Leading Up To An Entrance Somewhere, 2022.
ბრინჯაოს კარის სახელური, ბაფთა, ოქროსფერი პიგმენტი, 33 × 20 × 6 სმ (ზომა ცვლადი)

მახსენდება ჟორჟ პერეკის „სივრცის სახეობები და სხვა ნაწილები”-დან ამონარიდი: „ჩვენი ცხოვრების სივრცე არ არის არც უწყვეტი, არც უსასრულო, არც ერთგვაროვანი ან იზოტროპული. მაგრამ განა ზუსტად ვიცით, სად იშლება, სად იხრება, სად წყდება და ერთდება?…სივრცის გამოგონების საკითხი არ დგას და, მითუმეტეს, მისი ხელახლა გამოგონების, პრობლემა არის სივრცის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ან უფრო ზუსტად, სივრცის წაკითხვა; რადგან ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურობას ვუწოდებთ, არ არის ის რაც აშკარაა, არამედ დაბინდულობა: ერთგვარი სიბრმავე, ან სიყრუე, ერთგვარი ანესთეზია.” ​​ასტახიშვილის ინტერვენცია ირონიული ჟესტებით ხაზს უსვამს ადამიანის არქიტექტურაში პოზიციონირების აბსურდულ ასპექტებს და თავადაც გამიზნული მკაფიო პარადოქსები შემოაქვს სივრცეში, როგორიცაა ზუსტად შენობის აივნის პარალელურად გაჭიმული შუშაბანდი, როგორც შუქის წყაროს არქიტექტურული ელემენტის ტავტოლოგია. მის მიღმა კიდია შტეფანი ჰაინცეს ფრაგმენტალური ფერწერა Baby Basin, რომელშიც ფიგურაციის ზღვარზე მყოფი აბსტრაქტული ეპიზოდები, ლღობის პროცესში მყოფ სხეულებრივ ფორმებს ემსგავსებიან. ნეგატიური სივრცით და ბასრი ფლუოროსცენციული ლაქების დისოციაციური ეფექტებით თამაშობს მხატვარი მის ორივე ფერწერაში, Baby Basin  და Celestial Topping (packs, peas & wheels), სადაც სურათის ნაწილი თითქოს ფრაქტალურად დასცილდა საზღვარს. ფიგურაციულ უხერხულობაზე და ობიექტის სივრცულ მოუხელთებლობაზე მეტყველებენ მისი ნამუშევრები, მის საწყის ფორმალურ ჩანასახშიც, რისი დასტურიცაა აპლიკაციური პრინციპით შესრულებული ესკიზი, რომელიც ასევე წარმოდგენილია გამოფენაზე.

ინსტალაციის ხედი, In Heat Wind Wounds Holes, 2022. LC Queisser, თბილისი

გალერეის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც აქამდე ოფისის სამზარეულო ნაწილს წარმოადგენდა და ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სამომხმარებლო ნიუანსები, მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა, მოთავსებულია ნენსი ლუპოს მულტიმედია ნამუშევრები, ობიექტი და კოლაჟის ტიპის უწყვეტი კადრის ვიდეო-პროექცია Changes Everything, სამ-არხიანი საუნდით; ვიდეოს მრავალშრიანი გამოსახულებების ნაკადს ნარაციას უწევს მნათობ დინამიკში გაშვებული ხმოვანი ჩანაწერი, სადაც ლუპო მამამისთან საუბარს ხელახლა, მარტოობაში გაითამაშებს, მუსიკალური ჩანართების თანხლებით. სანამ არტისტი მედიტატიური ტემბრით პროზაულად იმეორებს დიალოგს მშობლიურ ქალაქ ფლაგსტაფის ცვლილებების შესახებ, სასამართლო პროცესის შესახებ, ქალაქში მანქანით გადაადგილებისას გადაღებული ვიდეოს ამონარიდების დამუშავებული და შემდგომ სკანირებული კადრების პროექცია ყალბ კარებზე მიმდინარეობს, რომლის უკანაც კედელია. ეს ერთიანობა ჩაკეტილ წრეს ქმნის, სადაც გადაადგილებაც და ცვლილებაც მანქანის ფანჯრიდან თვალმოკრულ ფასადურობაშია გაჭედილი. პროექციის მარცხნივ, შეღებულ ფანჯარაზე ჩამოფარებულ მუქ ლურჯ ფარდას, ნახევრადგამჭვირვალე ბზინვარებაში ციფრული გრაფიკისთვის სახასიათო უწონადო მოცემულობა შემოაქვს, იატაკზე განლაგებული ალუმინის ყალიბებისა და გირების უძრაობასთან კონტრასტში. აგურისფერ იატაკზე, კარს უკან კუთხეში, კარის ორმაგი სახელურებით დამიწებული, ოქროსფერ პიგმენტში ამოვლებული ბაფთებია მოქუჩებული, და ის ამოუხსნელი კომფორტის განცდას იწვევს, როგორც ვიზუალურ სიკაშკაშეზე დამყარებული ინფანტილური ნდობის ნოტაციები. სწორედ ამ ოთახს მივყავართ არსადგამავალი ფიქტიური კარების ჩიხამდე, ლუპოს კომპლექსური ნამუშევრების ერთიანობა კი ხდება ჩემთვის ნახსენები ‘ანესთეზია’, რომელიც უკვე მოდუნებული ფაზიდან მკვახე მატერიალურობით გაჯერებულ საგამოფენო ოთახში გვაგდებს; ღია ფანჯარაში, თბილისური დახურული ეზოს სცენარი იშლება, რის ქვეშაც ნგრევა-შენების ნაშალი მასალით სავსე ტომრების გორაა – Just Deserts. ისევ ცისფერი ზოლი, დაწნულ ტომრებზე გაყოლებული, ჩემს ყურადღებას იპყრობს.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top