26.06.2022

საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ათეულობით საიმიჯო კლიპი, სტატია, ბლოგი, ფოტო თუ ვიდეო მასალა არსებობს ონლაინ სივრცეში, სადაც როგორც წესი ჩვენი ქვეყნის ბუნების უნიკალურობაზე კეთდება აქცენტი. რეალურად მართლაც ასეა: რამდენიმე საათის ინტერვალით მთისა და ზღვის ლამის სიმულტანურ რეჟიმში მონახულებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, წელიწადის ნებისმიერ დროს, ოთხივე სეზონზე ქართული სტუმარმასპინძლობა და „ჰოსფითალითი“ ასიათასობით ტურისტის, მოგზაურის, თავგადასავლების მაძიებლის მიღებას ახერხებს; მისასალმებელი ფაქტია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წელია სერვისის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ.

©Predrag Vuckovic
©Predrag Vuckovic

მსოფლიო პანდემიის დროს ჩვენდაუნებურად აღებული ტაიმაუტი ტურიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დროებითი შეჩერების მიზეზი გახდა. საბედნიეროდ, მხოლოდ დროებით! საქართველოში 2022 წლის ზაფხული ტურისტულად ისევ დატვირთული, მრავალფეროვანი და მიმზიდველი იქნება, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

©Nika Lebanidze

წელს ზაფხულის ტურისტული პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა Highlander Georgia იქნება, რომელსაც 25-27 აგვისტოს სვანეთი უმასპინძლებს. Highlander სათავგადასავლო პროექტია და მისი გეოგრაფიული არეალი შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: ამერიკა, ხორვატია, მონტენეგრო, სლოვენია, ბრიტანეთი, ეგვიპტე, მაროკო, ბოსნია ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ხორვატია, საბერძნეთი, სერბეთი.

მთამსვლელები, მოგზაურები, ბუნების მოყვარულები, მოლაშქრეები, ახალი გამოცდილების შეძენის მსურველები, თავგადასავლების მოყვარული ადამიანები Highander-ის, როგორც იდეის გარშემო ერთიანდებიან. პროექტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს უნიკალური შესაძლებლობების კარს უხსნის. სასიხარულო ფაქტია, რომ ამ დიდ ოჯახს საქართველო წელს შეუერთდა და მის ოფიციალურ გვერდზე წევრი ქვეყნების გვერდით, ქართულ დროშას ადვილად იპოვით, სადაც რეგისტრაციის, მონაწილეობის და სხვა ყველა ტექნიკური დეტალი ზედმიწევნითაა მოცემული.  https://highlanderadventure.com/svaneti/en-us

საქართველოს ლანდშაფტის უნიკალურობას მთები და მწვერვალები რომ ქმნიან შავ ზღვასთან ერთად, ამაზე მე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ბევრი აღნიშნავს, რომ ჩვენ სამთო-სათხილამურო პოტენციალს, ზაფხულში სათანადოდ არ/ვერ ვიყენებთ. Higlander საქართველო ამ გამოწვევას წარმატებით გადაჭრის.

ყველას ვისაც უყვარს მთა, ზაფხული, თავგადასავალი, მძაფრი შეგრძნებები და მოულოდნელობები 2022 წლის აგვისტოს ბოლო კვირა სწორედ მათთვისაა: საქართველოში Highlanderi-ის პირველი სათავგადასავლო ლაშქრობა მოეწყობა. ლაშქრობა თანამედროვე მსოფლიოს ტურისტულ სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გარე აქტივობაა, მსოფლიოს მასშტაბით მოლაშქრეებს უკვე 70 000-ზე მეტი მარშრუტი აქვთ გავლილი. Highlander-ი გრძელ დისტანციაზე გათვლილი ლაშქრობის დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ხელუხლებელი, უნიკალური ბუნების აღმოჩენისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობის შესაძლებლობას გვთავაზობს.

პროექტის იდეა, ბუნებაზე შეყვარებულ ენთუზიასტებს 2017 წელს, ხორვატიის მთებში, ველებიტის ქედზე ლაშქრობისას გაუჩნდათ. ორგანიზატორების თქმით, Highlander-ი დაუვიწყარი თავგადასავალია. ის ლაშქრობის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარიზებას უწყობს ხელს და გრძელ დისტანციაზე ჰაიკინგის ივენთების სერიის ლიდერია. ის 15 ქვეყანას და 30-მდე სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს, როგორც სამთო-სათხილამუროს, ისე ზაფხულის სეზონის.

აღსანიშნავია, რომ Higlander-ს სხვა მსგავსი სათავგადასავლო ლაშქრობებისგან მონაწილეობის პრინციპიც გამოარჩევს. აქ მთავარი მონაწილეობაა და არა პირველობა და მოგება, გამარჯვებულია ყველა, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს და რიგითობის მიუხედავად ჰაილენდერის სტატუსს მოიპოვებს, მიიღებს სერთიფიკატს და მედალს. სტარტი, საკონტროლო პუნქტები და ფინიში – ეს აუცილებელი ნიშნულებია, რომელიც ოთხასივე მონაწილემ უნდა გაიაროს.

ჰაილენდერი  –  ადამიანია, ვინც ლაშქრობას სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის, გარემოს არ აბინძურებს, უპირატესობას ანიჭებს ბიოდეგრადირებად მასალას, სხვა ადამიანებზე ზრუნავს და საკუთარ რესურსებს სხვებსაც უზიარებს. წელს, Highlander-ი 3 დღეს გასტანს. ორგანიზატორები თავგადასავლების მაძიებლებს სვანეთის მთებში ორ ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობენ:

Highlander Experience 25 კმ. – ორდღიანი ტური მოყვარულთათვის, რომლის  მარშრუტი შემდეგია: I დღე: ჟამუში-მუშკელი-ჭოლაში ჟაბეში, ადიში (გზად ვკვეთთ კურორტ თეთნულდს); II დღე: ადიში-ჩხუტნიერის უღელტეხილი-ხალდეს ხეობა-კარეტას უღელტეხილი – უშგულამდე (ფინიში).

Highlander 55 კმ. – სამდღიანი ლაშქრობაა, რომლის მარშრუტი შემდეგია: I დღე: ბაგვდანარი, სოფელი მაზერი – სოფელი გული, გულის უღელტეხილი-ქორულდის ტბები, ჯვარი, მესტია, ჟამუში; II დღე: ჟამუში, მუშკელი, ჭოლაში, ჟაბეში, ადიში (ფინიში, ქემფი) გზად ვკვეთთ კურორტ თეთნულდს; III დღე: ადიში-ჩხუტნიერის უღელტეხილი, ხალდეს ხეობა, კარეტას უღელტეხილი – უშგულამდე (ფინიში).

პოტენციური მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. ორგანიზატორების თქმის რეკომენდებულია კარგი ფიზიკური მომზადება და მოლაშქრეობის მინიმალური გამოცდილების ქონა. ყველა მონაწილეს ურჩევენ პროექტის ფილოსოფიის გაზიარებას.

ცხადია, ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სულ სხვა შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს მთიან ნაწილს და ზოგად ტურისტულ პოტენციალსაც სხვა რაკურსით წარმოაჩენს. ადგილობრივ დონეზე ჯანსაღი ცხოვრების წესის, ეკომეგობრული გარემოს, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული წამოწყებების ხელშეწყობა პროექტის მთავარი ამოცანაა. პროექტის მეშვეობით უცხოელ მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ სვანეთის მთების წარმტაცი ბუნების, ადგილობრივი კულტურის და ადამიანების შესახებ ყველაზე ორგანული, უტყუარი გზით შეიტყონ. სწორედ ასე ეცნობა ადგილობრივი, ლოკალური, ამ შემთხვევაში სვანური კულტურა მსოფლიოს.

Highlander Georgia ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თიბისი ბანკი, მესტიის მუნიციპალიტეტი და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან ლენდი“.

©Predrag Vuckovic

ჰაილენდერის მიზანია, რეგიონში პოპულარიზება გაუწიოს ეკომეგობრულ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, ღონისძიებას ნარჩენების გარეშე! ჰაილენდერი საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ახალი, რეგიონული მწვანე ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ. მოგზაურობა ემოციური გამოცდილების საუკეთესო საშუალებაა, ლაშქრობა კი ემოციურ და ფიზიკურ უნიკალურ გამოცდილებას აერთიანებს. ლაშქრობისას, ექსტრემალურ სიტუაციაში, ერთგვარ ჩაკეტილ წრეებში ისეთი უნარები აღმოუჩენია ადამიანს, სხვა დროს რომ ვერ წარმოიდგენდა. მთაში ფიზიკური, ემოციური და სულიერი გამოცდილება სულ სხვა სიბრტყეზე გადადის. Highlander ყველას უღებს კარს უნიკალური და ჯერ არნახული გამოცდილების მისაღებად.

https://www.facebook.com/HIGHLANDER.Georgia.Svaneti

https://www.instagram.com/highlandergeorgia/?hl=en

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap