HIGHALNDER SVANETI x GEORGIA 2023

29.07.2003

მსოფლიოს ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური კულტურული იდენტობა აქვს. ხელოვნება, ლიტერატურა, კულინარია, ბუნება, სპორტი… თანამედროვე სამყაროში ეს ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად კონკრეტული ქალაქის და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს წარმოადგენს, მიმზიდველ მატერიალურ ა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან იზიდავს ტურისტს, მოგზაურს, დამსვენებელს…

საქართველოს ბუნება, გასტრონომია და ღვინო ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის ნაწილია. სწორედ ამ ყველაფრის გასაცნობად და შესაგრძნობ-დასაგემოვნებლად ჩამოდის ასეულობით ტურისტი. ქართული ბუნება, უფრო ზუსტად კი ქართული მთა, დიდი ხანია გასცდა კონკრეტული გეოგრაფიული ადგილის ჩარჩო-მოცემულობას და უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი როლი შეიძინა საქართველოს ისტორიული წარსულის თუ კულტურულ იდენტობის კონტექსტში.

სვანეთი და მისი ტურისტული პოტენციალი: უნიკალური ბუნება, გასტრონომიული რესურსი, აწმყოში შენახული კულტურული მემკვიდრეობა… დღეს, უცხოელ ადამიანებს უნიკალურ და შთამბეჭდავ გამოცდილებას სთავაზობს. სწორედ სვანეთი გახდა საქართველოში პირველი ადგილი, სადაც გასულ წელს (25-27 აგვისტო) მსოფლიოს გამორჩეული და პოპულარული საერთაშორისო „ჰაიკინგ პროექტი“ (ლაშქრობის ფესტივალი) განხორციელდა „ჰაილენდერ საქართველო“. შარშანდელმა გამოცდილებამ, მონაწილეთა შეფასებებმა და რეზონანსმა, ორგანიზატორები დაარწმუნა რომ ფესტივალი, სწორ დროს და სწორ ადგილას ხორციელდება და ზუსტად ამიტომ, 2023 წლის ივლისი თავგადასავლების მაძიებლებსა და მთის მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას ხელახლა სთავაზობს. „ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“, მეორედ ატარებს ლაშქრობის ფესტივალს სვანეთში და სვანეთის დმო მეორედ მასპინძლობს მას.

165 ჰაილენდერი და 10 ქვეყანა (ხორვატია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გერმანია, საფრანგეთი, დომინიკის რესპუბლიკა, სლოვენია, უკრაინა, იორდანია….) ერთი იდეის „ჰაილენდერ საქართველოს“ ირგვლივ ერთიანდებიან: მთამსვლელობა, როგორც გამოწვევა და გამოცდილება; მოგზაურობა, როგორც საკუთარი თავის შეცნობა და ზოგჯერ საკუთარ თავზე გამარჯვება; ბუნების სიყვარული და მისი მუდმივი შემეცნების სურვილი; თავგადასავალი, როგორც უნიკალური გამოცდილება და სვანეთის მთები, რომელიც ახალ წინაღობებს უმზადებს მოლაშქრეებს. ფესტივალის მონაწილეები 19 ივლისს ესტუმრნენ სვანეთს რამდენიმე სავალდებულო მასტერკლასზე დასასწრებად, რეგისტრაციის შემდეგ კი  2023 წლის ლაშქრობაც დაიწყო.

HIGHALNDER SVANETI x GEORGIA 2023 – ლაშქრობის ფესტივალია, რომელიც ეკოლოგიური, მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლილი სამთო ტურიზმის პროდუქტს წარმოადგენს. მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენა და  რეგიონის, სათავგადასავლო  ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა. ქართულ სინამდვილეში სამთო ტურიზმის პოტენციალი მხოლოდ ზამთრის კურორტების ხარჯზეა ათვისებული, რეალურად კი ევროპის არაერთი ქვეყნის (შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია…)  გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთა, ზაფხულშიც ისეთივე მიმზიდველი და სასურველია დამსვენებლებისა თუ მოგზაურებისთვის, როგორც ზამთარში.

HIGHALNDER SVANETI x GEORGIA 2023 ამის მკაფიო მაგალითია, საქართველოს ერთი კონკრეტული რეგიონი – სვანეთი, რომელიც შესაძლოა ქვეყნის სხვა დანარჩენი მთიანი ნაწილისთვის (რომელიც საქართველოს 70 %-ს შეადგენს) საკუთარი ტურისტული პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით, პოზიტიური მოტივაციის მაგალითად იქცეს.  მითუმეტეს, რომ აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. გლობალურ კონტექსტში ლაშქრობის ფესტივალი ეხმარება საქართველოს წარმოაჩინოს მისი მრავალფეროვანი და უნიკალური პოტენციალი და თანამედროვე სოციალური მედიის სიმულტანურობის პრინციპით ყველა დაინტერესებული პირი გახადოს ამ პროცესის თანამონაწილე.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ Highlander-ის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ რომ სვანეთის, როგორც საუკეთესო სალაშქრო ადგილის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა; რაც თავისთავად გულისხმობს, ავთენტური ადგილების, მწვანე გარემოს, ადგილობრივი ხალხის, მათი უნიკალური ადათ-წესების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაციას.

იქიდან გამომდინარე, Highlander Adventure Georgia ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალია. მონაწილეთა მიერ გასავლელი სამარშრუტო ბილიკები საგულდაგულოდაა შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა ადამიანებისთვის უზრუნველყონ უნიკალური და უსაფრთხო გამოცდილება. ამას გარდა, მდგრადი მიდგომით, ლაშქრობის ფესტივალი ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკების ჩამოყალიბებას, მათ შორის ორგანული საკვების გამოყენებას, ნულოვანი ნარჩენების მიდგომას და ადგილობრივი ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. რაც დამეთანხმებით, უპირობოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ტურიზმი, ჯერ „ახალი ხილია“ და სულ რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, მაშინ როცა ევროპის ქვეყნების უმეტესობა საკუთარ მძლავრ ეკონომიკას, სწორედ ტურიზმის ხარჯზე ავითარებს.

Higlander არა მხოლოდ უცხოელ მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ივლისის თვეში დალაშქრონ და მოინახულონ სვანეთის ულამაზესი ბუნება, გაიცნონ ადგილობრივი ადამიანები და დააგემოვნონ სვანური გასტრონომია, არამედ ზოგადად ქვეყნის სამთო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ასპარეზს ხსნის. თითოეული „ჰაილენდერის“  პერსონალური გამოცდილება და პოზიტიური შეფასება, საქართველოსა და სვანეთის ცნობადობას ზრდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და  ორგანიზატორების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის: ხელი შეუწყონ ლაშქრობის კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, უცხოელი მონაწილეების მეშვეობით.

პროექტი ხორციელდება HIGHLANDER Adventure Georgia-ს, სვანეთის დმო-ს შანლენდის მასპინძლობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოსთან პარტნიორობით და ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შანლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი.

„ჰაილენდერ საქართველოს“ უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ღიაა ყველა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანისთვის, სადაც სპორტული მომზადება ხშირად მხოლოდ დამატებითი ბენეფიტია და არა უპირობო მოცემულობა. Highlander-ის ლაშქრობის ფესტივალში თანაბარი წარმატებით არიან ჩართულები, როგორც პროფესიონალი ალპინისტები, ისე იურისტები, პედაგოგები, ხელოვნებისა და მედიცინის სფეროში მომუშავე ადამიანები. აქ ერთადერთი მოთხოვნაა: საკუთარი თავის გამოცდის სურვილი, ახლის აღმოჩენა და მთის სიყვარული.

მთის დალაშქვრას კი ყველაზე უკეთ, ალბათ გურამ რჩეულიშვილის სიტყვები გამოხატავს, რომ „ვნების სიმძაფრე მის შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ლაშქრობის ფესტივალის მონაწილეებიც ამ იდეის გამგრძელებლები მგონია, მთავარი მათთვის მთაზე ასვლის პროცესია და უკანასკნელით მიღებული სიამოვნება, რომელიც წლებთან ერთად უნიკალურ გამოცდილებად იქცევა. თავად ფესტივალი Highlander-იც, ხომ ორმა მთის მოყვარულმა და თავგადასავლების მაძიებელმა ხორვატმა დააარსა (იურიცა ბარაჯი, იგორ მლინარევიჩი) 2017 წელს და 2022 წელს ამ მარათონს საქართველოც შეუერთდა.

P.S. ქართული ზღაპრების პროლოგი  ცხრა მთისა და ცხრა ზღვის შესახებ, ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის, თავგადასავლის, ბუნებაზე/ბედისწერაზე  „გამარჯვების“ მეტაფორად იქცა. ქართველი ადამიანისთვის მთა, ტოპოსის-კავკასიონის  კულტურულ იდენტობად და სინონიმად ჩამოყალიბდა. თანამედროვე სამყაროში კი, სწორედ ამ არქაული და მითური, შეუცნობელი და ხშირად დაულაშქრავი მთებით ვიქეცით დანარჩენი მსოფლიოსთვის  მიმზიდველ და საინტერესო ქვეყნად.

ნენო ქავთარაძე

Scroll To Top