FASHION AND THE CATHOLIC IMAGINATION
THE MET FIFTH AVENUE, NEW YORK
ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში საქველმოქმედო გალა საღამო გაიმართა, წითელი ხალიჩით მოფენილი ინტერიერი რომის Palazzo Colonna-ს ხედს იმეორებდა. მინიმალისტურ, ფუტურისტულ, ელეგანტურ, მოკრძალებულ, გამომწვევ კაბებში გამოწყობილი ქალბატონები აღტაცებასა და გაოცებას ერთდროულად იწვევდნენ. 1946 წლიდან ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მაისის პირველ ორშაბათს ეწყობა სპეციალური მიღება „მეთ გალა“ (Met Gala ან Met Ball). საღამოზე სტუმრები წლის თემის შესაბამისად შერჩეული ტანსაცმლით ჩნდებიან.
თემას საგამოფენო სივრცეში განთავსებული მთავარი ექსპონატის შესაბამისად არჩევენ. წელს ღონისძიების მთავარი თემა კათოლიციზმი და მოდაზე მისი გავლენა იყო. კოსტუმების ინსტიტუტის წვეულება მხოლოდ მოდის ბოლო ტენდენციების წარმოჩენა არ არის, არამედ თემატური ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება მოდის ისტორიის რაიმე პერიოდს ან სახელოვან დიზაინერს.
ყოველწლიურად ორგანიზატორები სტუმრებისთვის აცხადებენ გარკვეულ „დრეს-კოდს“, რომელიც შეესაბამება საღამოს თემატიკას. გალა საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორმა ენდრიუ ბოლტონმა და ანა ვინტურმა ითავეს და შესაბამისი სახელწოდებაც მიაკუთვნეს – ციური სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოდგენა. მათ გარდა, ღონისძიებას პოპვარსკვლავმა რიჰანამ, დონატელა ვერსაჩემ და ადვოკატმა ამალ კლუნიმ გაუწიეს მესვეურობა.
დაპატიჟებული ექვსასი სტუმრის ბრწყინვალებას მხოლოდ ეკლესიის, შავებში მოსილი, ორი წარმომადგენელი არ ესადაგებოდა. ერთი მათგანი კარდინალი Gianfranco Ravasi – ვატიკანის კულტურის სათათბიროს ხელმძღვანელი იყო, მეორე კი ნიუ იორკის კარდინალი Timothy M.Dolan-ი, რომლებმაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ვატიკანის საგანძურის ექსპონატების გადმოტანაზე იზრუნეს. ეს გალა საღამო კი პირველი აკორდი იყო გამოფენისა, რომელიც მუზეუმში 2018 წლის ოქტომბრამდე გასტანს და სადაც მნახველთა წინაშე საეკლესიო ატრიბუტიკა და ცნობილი დიზაინერების მიერ, ქრისტიანულ მოტივებზე შექმნილი მოდის 140 ნიმუში იქნება გამოფენილი.
უკანასკნელად ვატიკანმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს 1983 წელს გადასცა მის საცავებში შენახული რელიქვიები, რომელმაც მნახველთა რაოდენობით გამორჩეული ფურცელი ჩაწერა მუზეუმის ისტორიაში. ამჯერად საზოგადოების თვალთხედვის არეალში ორმოცაათი ნივთი მოექცა სიქსტეს კაპელას საკრისტიიდან, რომელიც 15 პაპის მმართველობის პერიოდს მოიცავს, დაწყებული XVIII საუკუნის შუა წლებიდან, დღევანდელობით დამთავრებული.
18 000 ბრილიანტით შემკული პიუს IX-ს ტიარა, იოანე პავლე II-ის წითელი ფეხსაცმელები და სხვა ფასდაუდებელი ნაკეთობა, რომლის დიდ ნაწილს მშობლიური ვატიკანი არასოდეს დაუტოვებია, გამომზეურდა ამერიკელებისა და ქვეყნის სტუმრების წინაშე.
როცა ორი სამყარო ერთმანეთს ხვდება
„დედა სიდონიასთან შეხვედრა და მისი სამკაულების ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მასსა და მის შემოქმედებას შორის დაშორება არ არსებობს. სწორედ ამის ასახვა ვცადე. დღეს ჭეშმარიტი ბედნიერების მნიშვნელობა დაიკარგა. რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას? ვფიქრობ, ეს სერიოზული საკითხია და სიწმინდესა და გამჭვირვალობასთანაა დაკავშირებული. კომერციალიზაცია და გლობალიზაცია – ეს ყველაფერი ჭეშმარიტი ბედნიერების მიმალვას ცდილობს.“
იურიკო ტაკაგი
ერთი შეხედვით უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუ როგორ „მოარგო“ეფემერულმა და ჭირვეულმა მოდის სამყარომ რელიგიურ თემაზე შექმნილ სამოსს, სამკაულებსა თუ აქსესუარებს დღევანდელი საბაზრო თუ ესთეტიკური ღირებეულებები. თუმცა, კიდევ უფრო მოულოდნელი. საინტერესო და ვრცელი თემაა – თუ როგორ ქმნიან თავად სასულიერო თუ რელიგიური პირები ამ აქსესუარებს, რა განზომილებაში ხედავენ ისინი მოდის სამყაროს და როგორ ცვლიან მას საკუთარი სითამამით და ნიჭით, ანუ საბოლოოდ, შემოქმედებით!
რელიგიისა და მოდის დიალოგს ეხმიანება ჟურნალი „ამარტა“, რომლისთვისაც მონაზონმა დედა სიდონიამ სხვადასხვა ფორმისა და ზომის გამჭვირვალე მინის ბეჭდები სპეციალურად შექმნა. საბერძნეთიდან დაბრუნებულმა დედა სიდონიამ (სადაც ის წლების განმავლობაში ცხოვრობს) საკუთარი უსაზღვრო ფანტაზიისა და კონსტრუქციული ნიჭის წყალობით გამჭვირვალე მინის ბეჭდებს ერთგვარი ზღაპრული იერი შესძინა – ეს არ არის მხოლოდ ბეჭდები, ეს არის სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის უჩვეულო, ფეერიული სამშვენისები, რომელსაც თავად ავტორი „ჟანგბადით გამდიდრებულს“ უწოდებს, ხოლო მათ „გამჭვირვალე ფორმას“ მატერიალური სამყაროს უსაზღვრო შესაძლებლობად მოიაზრებს.
ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები ბავშვობიდან იზიდავდა. შესაძლოა, მის ბავშვურ ფანტაზიას გასაქანი მამისა და ბებიის პროფესიამაც მისცა, რადგან ორივე მხატვარი იყო. შესაბამისად, მისთვის ფერებთან და ფორმებთან ერთგვარი გასაუბრება თუ „თამაში“, პლუს ხელნაკეთი ნივთების მისტიკური შინაარსის ობიექტებად წარმოჩენა, ისეთივე ბუნებრივი და ორგანულია, როგორც ვთქვათ, ბავშვობაში თოჯინებისთვის კაბების შეკერვა, გობელენის მოქსოვა, ფარდაგების შექმნა თუ ხის მასალის დამუშავება…
დაგროვილი გამოცდილება და უსაზღვრო ფანტაზია ცხადია, დაეხმარა გასაოცარი, უჩვეულო გეომეტრიული ფორმის მინის სამი ბეჭედი შეექმნა. მათი გამჭვირვალე ფაქტურის მიღმა დედა სიდონია თითქოს ხელახლა აღმოაჩენს, ჭვრეტს სამყაროს უსასრულობას და ახლებურად გაიაზრებს მას. ბეჭდების უჩვეულო, უსწორმასწორო და გამჭვირვალე ფორმებში კი სრულიად განსხვავებულ შინაარსს ამოიკითხავს: ესაა გამჭვირვალე და სწორედ სიახლის „ჟანგბადით“ გამდიდრებული ნივთიერ-მატერიალური სამყარო, რომელიც ხელოვნებით სუნთქავს და დადგენილ ნორმებს არ ექვემდებარება. ხოლო რაც რეალობაში ნორმებს სცდება, ხელოვნებაში ყოველთვის აუხსნელია, საოცარი და ზოგჯერ მისტიკურიც.
დედა სიდონია: „მინისგან გაკეთებული ბეჭდები ინახავენ და აირეკლავენ სამყაროს მთელ სისუფთავეს, უბრალოებასა და გამჭვირვალობას. მე მათ ვხედავ როგორც სწორედ სამყაროს მთლიანობისა და უსასრულობის ნაწილს, რომელიც გვაშორებს და ამავე დროს, გვაბრუნებს მის სხვადასხვაგვარ განზომილებასთან. თუმცა უკვე ახალი სუნთქვითა და ახალი შთაგონებით, საგნების ცხადი გამჭვირვალეობის დახმარებით“. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მისი გამჭვირვალე ბეჭდები მნახველს (ცხადია, ფანტაზიის სათანადოდ და საჭიროდ ამოძრავების შემთხვევაში) ალბათ გაახსენებს გალაკტიონის ცნობილ სტრიქონებს: „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას…“
დედა სიდონიას მიერ შექმნილი საოცარი სილამაზისა და უცნაური გეომეტრიული ფორმისა თუ კონსტრუქციის ბეჭდები იმასაც ადასტურებს, რომ ნებისმიერი აქსესუარი სინამდვილეში მხოლოდ მოდისა და ხელოვნების ინდუსტრიის ნაწილი არ არის. ის თავად ადამიანის აზროვნების და შემოქმედების ნაყოფია და ამდენად, მუდმივ თვითგანახლებად პროცესად შეიძლება წარმოვიდგინოთ, სადაც ხელოვანი-ავტორის ხმა არასოდეს იკარგება.
ის ცხადია, არ არის ორიენტირებული მატერიალურ წარმატებაზე და არც სახელის მოხვეჭაზე. საბოლოოდ, სწორედ ასეთ გაბედულ და თამამი იდეებით ანთებულ ადამიანებს მოაქვთ თავისუფლების შეგრძებაც, „ჟანგბადიც“ და რაც მთავარია, განსაზღვრავენ მომავლისკენ მიმართულ მზერას. ისტორიის ფურცლებს ხომ ყოველთვის უჩვეულო, სიახლის სურვილით აღვსილი და ნიჭიერი ადამიანები წერენ, რომლებსაც ახალი იდეებისა არ ეშინიათ!
დავით ბუხრიკიძე