კოკა რამიშვილის ინსტალაცია „პლატფორმა მოვლენისათვის“
11.06.2024
ქართული სახელოვნებო წრეები ყოველთვის ინტერესით ელიან კოკა რამიშვილის თბილისში გამოჩენას, რადგან მის ყოველწლიურ მარშრუტს ჟენევა-თბილისი თან ჩამოაქვს რაფინირებული ხელწერით წარმოდგენილი მოულოდნელი კონცეფციები და ახალი რაკურსით დანახული არსებული დროის კონტექსტი.
ამჯერად მისი ინსტალაცია „პლატფორმა მოვლენისთვის“ რია ქებურიას ფონდმა წარმოადგინა. გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე 7 ივნისიდან 13 ივლისამდე მასპინძლობს.
კოკა რამიშვილისა და მისი ხელოვნების შესახებ მოკლე და ამომწურავ შეფასებას გამოფენის პრეზენტაციის ტექსტში იხილავთ, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორსა და კურატორს – ხათუნა ხაბულიანს ეკუთვნის. ის წერს:
„..კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემებსა და აბსრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში..“
„მკვლევარი მხატვარი“ ზუსტი შეფასებაა და სწორედ ამ მრავალწლიანი კვლევისა და მედიებს შორის ტრანსფორმაციის შედეგია ინსტალაცია, რომელიც ამჯერად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ვიხილეთ. მისი ცნობილი ეტაპები ფერწერიდან მოძრავ გამოსახულებამდე 90-იან წლებში, შემდეგ დოკუმენტიდან – იმიჯამდე, რამაც ხელოვანი ლოგიკურად მიიყვანა ფოტოგრაფიამდე, ფოტოგრაფიამ კი ბოლო ათეულ წელზე მეტია სინათლის ფენომენის კვლევამდე და პარალელურად აკვარელმა – ფერის კვლევამდე, ლოგიკურად დაგვირგვინდა ახალი ინსტალაციით „პლატფორმა მოვლენისთვის“.
„პლატფორმა მოვლენისთვის“ ინსტალაციაა, რომლის საშუალებითაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მისული მნახველი ხელოვანის მიერ შექმნილი გამჭვირვალობისა და სინათლის სამყაროში აღმოჩნდა, რაც ერთი შეხედვით სრულ კონტრაპუნქტს და მოულოდნელობას ქმნის, ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკური ბატალიებით დატვირთული და დაძაბული დამთვალიერებლისთვის; აგრამ კოკა რამიშვილი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს და კარგად ფლობს კონტრაპუნქტის ეფექტს. ამ შემთხვევაშიც აქ წარმოდგენილი მასშტაბური სტატიკური სინათლისა და დინამიკური მედიტაციური ინსტალაციების თამაში მნახველს დადებითი ემოციებითა და სინათლის ზემოქმედების რწმენით აღავსებს, რაც დიდი გამოწვევაა ვიზუალურ ხელოვნებაში.
როგორ დაიბადა ამ ინსტალაციის იდეა, რომელშიც, როგორც აღნიშნავ „სამშვინველის შრეებს“ (Layers of the Soul) გამოსახავს?
ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე თებერვალ – მარტში, დეკემბერში უკვე გეგმა მქონდა. მე ყოველთვის სივრციდან გამოვდივარ და მიმაჩნია, რომ ნამუშევარი კი არ უნდა შევიდეს სივრცეში და იყოს იქ როგორც უცხო ორგანიზმი, არამედ ნამუშევარს ვქმნი სივრცესთან და დროსთან თანხვედრაში. ეს სივრცე რომ ვნახე, მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. ეს ძალიან რთულია, იმ შემთხვევაში, როცა შენ არ აკეთებ ჩვეულებრივ გამოფენას, სადაც ლურსმანზე ჰკიდებ ნამუშევარს; მაგრამ ძალიან საინტერესოა თანამედროვე აზროვნებისთვის, როგორ გაკეთდეს ანსამბლები, ინსტალაცია და ინტეგრირება აბსოლუტურად სულ სხვა სივრცეში. ფაქტობრივად ახალ სივრცეს ქმნი, როგორც ნამუშევარს. ამ სივრცემ მომცა საშუალება, რომ ჩემი გრძნობა, ჩემი ხედვა და ჩემი ატმოსფერო შემექმნა.
პროექტი ორ სართულზეა წარმოდგენილი და აქ მოსულ დამთვალიერებელს გარკვეულ დრამატურგიას სთავაზობს, ერთგვარად მათ გრძნობებს წარმართავს ქვედა და ზედა დარბაზებში მოძრაობისას. როგორია ეს დრამატურგია და როგორ შექმენი?
ჩემთვის ორი სივრცის მოცემულობა ძალიან საინტერესოა: პირველი სართულის დარბაზი კვადრატულია, მეორე კი სფერული, წრიული. ეს ორი სივრცე თავისი გეომეტრიული სტრუქტურით კონტრაპუნქტს იწვევს. საერთოდ მთელი არქიტექტურის ისტორია ბაზირებს პლატონურ ფორმებზე, ოთხკუთხედ კონსტრუქციებზე. მაგრამ მომავლის ფორმები არის პარამეტრიული ფორმები – კონუსი, პარაბოლა, წრე, სფერული ფორმები. პირველი (კვადრატი ) არის სტატიური და პლატონურ ფორმებთან დაკავშირებული. მეორე – სფერული, პარაბოლა, წრე, სიმრგვალე თავისი გეომეტრიული სტრუქტურით არის კონტრაპუნქტი და დაკავშირებულია დინამიკასთან.
პირველ სართულზე წარმოდგენილი ინსტალაცია არის სინათლით გაჟღენთილი და სტატიური. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სტატიკა გაკეთებული ყოფილიყო ისეთი მასალისგან, რომელიც ჰაეროვანია. ანუ ჰაეროვანი სტატიკაა. მინდოდა მიმეღწია ისეთი შეგრძნებისთვის, რომ ჰაერი სტატიკურია, არ მოძრაობს, სინათლეც სტატიკაა და მუდმივია. ამით მე დამთვალიერებელს ვთავაზობ კონცენტრაციას სიჩუმეზე, გამჭვირვალობაზე, სინათლეზე, სიცარიელეზე , რომ ადამიანი დაცარიელდეს განახლებისთვის, დაიმუხტოს სინათლით და დისტანციიდან მთლიანობაში შეხედოს იმ სურათს და გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს წინაშეა.
პირველ სართულზე წარმოდგენილ ინსტალაციას როგორც „სამშვინველის ფენებს“ (Layers of the Soul ) მოიხსენიებ, მასთან კონტრაპუნქტშია ზედა სართულზე წარმოდგენილი ნამუშევარი „ეილოსის ხედვა (არ შეეხოთ ჩემს სულს – Vision of Aelos. Do not touch my soul), რომელიც ნიკა მაჩაიძესთან თანამშრომლობის შედეგად შექმენი. რა როლი ითამაშა მუსიკამ ამ ინსტალაციაში?
თუ პირველი სართულის ინსტალაცია არის სტატიკა, ზედა დარბაზი პირიქით – მოძრაობას გვთავაზობს. როგორც ავღნიშნე, ჩემი დრამატურგია სივრციდან მომდინარეობს, მეორე დარბაზი წრიულია და შესაბამისად დინამიური, რადგან წრე მუდმივ მოძრაობას გვთავაზობს. ამ დინამიკას კიდევ უფრო ამძაფრებს ნიკა მაჩაიძის მუსიკა. ეს აუდიო საუნდი კი არ არის, ეს სპეციალურად შექმნილი მუსიკაა, რომელიც ნიკამ შექმნა ჩვენი ხანგრძლივი საუბრების შემდეგ ჩემი ვიზუალური ნაწილის შესახებ. ნიკას ამ ნაწარმოებისა და ჩემი ინსტალაციის ერთობლიობით შეიქმნა მუსიკისა და ვიზუალის პლატფორმა პოეზიის ატმოსფეროთი. შეიქმნა სივრცე, სადაც შეგრძნება გებადება, რომ თითქოს ხარ ოთახში, სადაც ფარდა ქარით მოძრაობს. სახელიც „ეილოსის ხედვა“ (არ შეეხოთ ჩემს სულს) ქარის ღმერთის ბერძნული სახელწოდებიდან „ეილოსიდან“ დავარქვით. საბოლოოდ შეიქმნა ცოცხალი მოძრავი პოეზიის სივრცე.
პირველ სართულზე წარმოდგენილ ცენტრალურ ინსტალაციასთან თითქოს შეუმჩნევლად, იკვეთება ფრაგმენტები შენი ძველი, უკვე ცნობილი ნამუშევრების სერიებიდან, მაგ: „ეგო“ სერიიდან “ცუდი და არასწორი სიტყვები“, ფოტო პრინტი ტილოზე ფიგურატული გამოსახულებით, რომლებიც თავის დროზე სულ სხვა კონტექსტისთვის არის შექმნილი, მაგრამ ამ შემთხვევაში უხილავად ექსპოზიციას კრავენ.
მე როგორც ყოველთვის ვცდილობ, რომ ექსპოზიციაზე არ იყოს გარკვეული ერთი დროის ნამუშევრები. მე მომწონს, როცა ჩემი შემოქმედების რამოდენიმე შრეა წარმოდგენილი, როცა ხედავ სხვადასხვა ლინკებს, კონტესტებს სხვადასხვა დროსთან, მაგ: აღნიშნული ფოტოგრაფია არის გაკეთებული სამი წლის წინ, ego 1994-ში შეიქმნა და მონაზონის მოქარგულია აბრეშუმზე. ჩემთვის ეს დროის, შეგრძნებების და მოვლენების მნიშვნელოვანი წერტილებია, რომლებიც წრეს კრავენ, თუმცა გახსნილი არ არის მაყურებლისთვის და მათთვის კითხვის ნიშნად რჩება ან შესაძლოა ახალ კონტექსტს ქმნის.
და ბოლოს რა შეგიძლია გვითხრა გუნდზე, რომელმაც ამ მულტიმედიური ნამუშევრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა?
ეს რა თქმა უნდა საავტორო ნამუშევარია, მაგრამ ყოველი ჩემი ნამუშევარი არის ინტერდისციპლინარული, რომელშიც შედის სხვადასხვა მედია, სხვადასხვა დისციპლინა, საინჟინრო თუ სამონტაჟე მოქმედებები. ალექსი სოსელია, ვიდეო-მხატვარი, ედიშერ ბერაძე – ხელოვნებათმცოდნე, რომლებიც მუშაობენ და იციან როგორ კეთდება თანამედროვე ხელოვნება სივრცეში, მარიამ წიქარიძე, რომელიც არის თიბისი კონცეპტის ჯგუფის წარმომადგენელი, ამ ჯგუფმა და რაც მთავარია, რია ქებურიას ფონდმა მომცა საშუალება რომ ეს ნამუშევარი შექმნილიყო.
თეონა ჯაფარიძე
ფოტო გურამ კაპანაძე © თიბისი კონცეპტი