როდესაც ქვა გიზის პირამიდებს ესაუბრება
20.11.2025
გიზის პლატოზე, დროით დამძიმებული სამი გრანდიოზული პირამიდის გვერდით, ახალი, გარდამავალი დიალოგი გაჩაღდა. ეს დიალოგი სამი მონუმენტური ქვის კომპოზიციით წარიმართა, რომელთა სახელწოდებაცაა „უსასრულობის ექო“ (Echoes of the Infinite). ეს ინსტალაცია არის დიზაინერისა და არტ-დირექტორის, ალექს პრობასა (Alex Proba) და ბუნებრივი ქვის კომპანია SolidNature-ის თანამშრომლობის შედეგი. ნამუშევარი წარმოდგენილია გამოფენის, „For Forever is Now 05“, ფარგლებში, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება Art D’Égypte-ის კურატორობით.

ალექს პრობას მიერ შექმნილი თითოეული ქანდაკება რბილი, უწყვეტი მოძრაობით იხრება ჰორიზონტისკენ. ეს არის ფორმების თანმიმდევრობა: პორტალი, აბსტრაქტული ჰორუსის თვალი (ძველი ეგვიპტური სიმბოლო) და ზედაპირული ჩაზნექილი სიბრტყე. მარმარილოსგან, ონიქსისგან, ტრავერტინისა და კვარცისგან გამოკვეთილი ეს სკულპტურები მთელი დღის განმავლობაში იცვლის იერს — სიცხესა და სინათლეში ქვის გამჭვირვალობა და ტონები იცვლება, რაც დედამიწის რიტმის ცვალებადობასთან შესაბამისობას ბადებს.
როგორც პრობა აღნიშნავს, ამ ქვებს მილიონობით წლის ემოცია უდევს „ძარღვებში“. ამიტომაც, არ უცდია, მათთვის თავს მოეხვია საკუთარი დიზაინი, არამედ ამ მილიონობით წლის ისტორიასთან „თანამშრომლობდა“, რათა ფორმა ქვის ბუნებრივ ესთეტიკასთან სრულყოფილად შერწყმულიყო.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიციები ძველ ემბლემებს ჰგავს, პრობა ფორმას ინტუიციით ქმნის და არა სიმბოლოს მიზანმიმართულად გამეორებით. მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება წრეები და უწყვეტი მრუდები, რადგან ისინი გარდაუვალ, ყოველგვარი პირდაპირი მინიშნების გარეშე არსებულ ფორმებად მიაჩნია. ეს არის ემოციური რეზონანსის მქონე მოძრაობები, რომლებიც ღიაა ინტერპრეტაციისთვის. „მე მიზიდავს ცოცხალი ფორმები. მაყურებელს შეუძლია გადაწყვიტოს, რას ხედავს თვალში, ორბიტაში, ჰორიზონტსა თუ მოგონებაში“, — განმარტავს ალექს პრობა.
ქვის სიმძიმე და ჩურჩულის ძალა
ქვაში მუშაობამ პრობას ვიზუალური ენის ენერგია შეცვალა. ის, რაც ხშირად ხალისიანი იყო, შენელდა და უფრო ჩაფიქრებული გახდა. „სინაზე დარჩა, მაგრამ დროის სიმძიმემ მას ახალი გრავიტაცია მიანიჭა. პირამიდებმა ხმამაღლად ყვირილის ნაცვლად ჩურჩულის სურვილი გამიჩინა“, — აღნიშნავს დიზაინერი. მისი მიზანი მასშტაბებთან შეჯიბრება არ ყოფილა, არამედ ისეთი რამის შექმნა, რაც ადგილს ისედაც ეკუთვნოდა, თითქოს თვით უდაბნოდან ამოიზარდა.
ამ ჟესტების მონუმენტურ ფორმაში მოსაყვანად, პრობამ SolidNature-თან ითანამშრომლა, ამსტერდამში დაფუძნებულ ქვის კომპანიასთან, რომელიც ცნობილია OMA-სთან და Sabine Marcelis-თან ექსპერიმენტული ნამუშევრებით.
გენერალური დირექტორის, დევიდ მაჰიარის (David Mahyari) ხელმძღვანელობით, დამზადების პროცესი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის ამოცანად იქცა. სკულპტურები ქვიშის თავზე მსუბუქ სტრუქტურებად მოჩანს, თუმცა ინსტალაციის წონა დაახლოებით 20 ტონაა. თავის მხრივ, ამ ვიზუალური სიმსუბუქის მისაღწევად ქვის შიგნით სრულიად დამალული შიდა კონსტრუქცია იყო საჭირო.

„ჩვენი გამოწვევა იყო, რომ ფორმები, ალექსის დიზაინის შენარჩუნებით, მსუბუქი ყოფილიყო. შესაბამისად, მასალის ბუნებრივ წონასთან დასაპირისპირებლად რაღაც გზები უნდა გვეპოვა, განსაკუთრებით პორტალსა და ჰორუსის თვალის წამწამების“, — განმარტავს მაჰიარი.
ვინაიდან უშუალოდ ადგილზე ვერაფერი აშენდებოდა, ყველა კომპონენტი წინასწარ დამზადდა. ტრანსპორტირების შეზღუდვების გამო საჭირო გახდა ქვის ნაწილების შიგნიდან დაცლა, წონის შესამცირებლად. თითოეული სკულპტურა შედგება ორი ძირითადი ქვის ნაწილისგან, რომლებიც ცენტრალური საყრდენი სტრუქტურის ირგვლივ არის შეერთებული. წებოს უნდა გაეძლო ექსტრემალური კლიმატისთვის, გაფართოებულიყო და შეკუმშულიყო უდაბნოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ფონზე; ამავდროულად, საიმედოდ დაეჭირა მთელი მასა. ამასთან, თითოეული ფორმის ქვეშ იმალება სპეციალურად შემუშავებული ფოლადის პლატფორმა, რომელიც ქვიშაშია ჩაფლული, რათა არათანაბარ ზედაპირზე მაქსიმალურად გადანაწილდეს წონა.

გეოლოგიური დროის კვალის შენარჩუნება
„ფენები, ნაპრალები, მინერალური ნიმუშები მილიონობით წლის კვალია. ჩვენ შემთხვევაში კვეთა ხდება გაგრძელება და არა რაიმეს შეცვლა. აქ მოგონება ძალიან პირდაპირია“, — ამბობს ალექს პრობა. ცხადია, ამგვარი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს პროექტის კონცეპტუალურ არსს: გეოლოგიური დროისა და თანამედროვეობის შეხვედრას.
სკულპტურების შექმნამ, მასალისგან, რომელიც შესაძლოა მრავალ თაობას გადაურჩეს, დიზაინის სიცოცხლის ხანგრძლივობის აღქმა შეცვალა. მან ასევე ნამუშევარს ეკოლოგიური განზომილება შესძინა — „დედამიწის ბუნებრივი მასალისგან ქანდაკების შექმნა ცვლის იმას, თუ როგორ ფიქრობთ ზემოქმედებაზე. ის უფრო პასუხისმგებლობით სავსე და დაკავშირებულია“, — აღნიშნავს დიზაინერი.
სამი სკულპტურა სამ პირამიდასთან ისეა განლაგებული, თითქოს ადგილმა მათი არსებობა წინასწარ განჭვრიტა… შედეგი კი კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მინერალური ფერი, გეოლოგიური დრო და თანამედროვე ფორმა დაძაბულობის გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს.

