30.08.2023
მაშინ როდესაც თბილისში თითქმის ვერცერთ სახლში, სასტუმროსა თუ კაფეში ვერ გაიგებდით ჯაზის ზანტ და თან ხალისიან მელოდიას, ერთი მომღერალი მიანც ახერხებდა, რომ საკუთარი სიმღერით არაერთი ადამიანის გული მოეგო. სულ რაღაც 40 წლის წინ რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგჩვენებოდა სიტყვათა ეს წყობა – „ქართველი საბჭოთა ჯაზ-ვოკალისტი,” გიული ჩოხელი თავისი სიმღერებით მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და მსმენელს თავს აცნობდა. დროში, რომელშიც თავისუფლება არ იყო არჩევანი, ქალბატონი გიული ჩოხელი წერს სიმღერას სახელწოდებით – „ეს იყო სიზმარი.” მან თავის ბენდთან ერთად ჩაწერა ალბომი ამავე სათაურით, რომელშიც ქართულ ენაზე ასრულებს ჯაზს. საინტერესოა, რა იყო მაშინ მომღერლის სიზმარი და ოცნება, რომელზეც ის გვიმღერის, თუმცა როგორც „ამარტა“-სთან ინტერვიუში გვიყვება, თურმე ერთ-ერთ ასეთ ოცნებას საავტორო ფირფიტის გამოშვება წარმოადგენდა. მისთვის ეს მართლაც სიზმარს გავდა, რადგან საბჭოთა რეალობაში ამის გაკეთება წარმოუდგენელი ჩანდა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჯაზ პერფორმერის ეს ნატვრა აუსრულებლად რჩებოდა. რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, სიზმარი, რომელიც გიული ჩოხელმა დათმო აღმოჩნდა სინამდვილე, ოცნება კი რეალობა. მან 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით თიბისი კონცეპტისგან მიიღო შეთავაზება, რომ გამოეცა ფირფიტა, რომელსაც დღეს თუ გადმოატრიალებთ, ნაწარმოებთა სიაში პირველივეს დაინახავთ – „ეს იყო სიზმარი,” გარეკანზე კი თვით ავტორის მისტიურ და მომხიბვლელ იმიჯს. „ამარტა“-ს ამ პროექტის განხორციელების შესახებ ამბავს მოუთხრობს თვით მომღერალი, თიბისი კონცეპტის წარმომადგენელი სოფო კიკვაძე და ფოტოგრაფი გრიგორ დევეჯიევი, რომელთა გუნდის ჩართულობით მოხერხდა ერთი დავიწყებული ოცნების ასრულება.
თქვენი 88 წლის იუბილეს საპატივცემულოდ თიბისი კონცეპტის დახმარებით გამოიცა ფირფიტა, რომელიც მოიცავს თქვენს შემოქმედებას. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რას ნიშნავდა თქვენთვის ემოციურად ამ ფირფიტებზე მუშაობა და გვესაუბროთ ამ გამოცდილების შესახებ?
მე ვარ წარმოუდგენლად გახარებული, რომ ჩემი ფირფიტა გამოვიდა. ყველაფერი იყო ძალიან პროფესიონალურად ორგანიზებული – კოსტიუმები, არაჩვეულებრივი გადაღება და ფოტოები, ნამდვილად აღტაცებული ვარ ჯგუფის მუშაობით. ფირფიტის გამოშვება მათი დამსახურებით გასახარ ამბავად იქცა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ეს არის იმ კვალის ნაწილი, რომელსაც მე ჩემს მიღმა დავტოვებ. ჩემი შემოქმედება, რომელიც კვლავ იცოცხლებს, ყველა სიმღერა, რომელიც ოდესმე მიმღერია, ეს სამუდამოდ დარჩება ჩემს მსმენელს და საქართველოს, კიდევ უფრო დიდხანს გაჟღერდება ის მელოდიები, რომლებიც აქამდე ჩემში ცოცხლობდნენ და ჟღერდნენ. სწორედ ეს მაბედნიერებს ყველაზე მეტად, როდესაც ამ ფირფიტაზე ვფიქრობ.
რითი იყო თქვენთვის ეს პროექტი გამორჩეული, რა აღმოჩნდა პროცესში ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებული?
პროცესში განსაკუთრებული იყო მიდგომა და განწყობა. გადაღებაშიც კი იგრძნობოდა, რომ ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი. თითოეულ ადამიანს ეტყობოდა მონდომება და სურვილი, რომ მიეღო მონაწილეობა ამ ფირფიტის შექმნაში. მე წავყევი მათ, მქონდა ის თავისუფლება, რომ თვალდახუჭული მივყოლოდი ამ გუნდს. მოხარული ვარ, რომ ყველასთან გავიზიარე რაღაც მნიშვნელოვანის შექმნის განცდა. ამ ფირფიტაზე მუშაობა სხვანაირად არ შედგებოდა.
როგორ დაახასიათებდით თანამედროვე მუსიკალურ სფეროს და როგორია დღეს ამ ინდუსტრიაში მუშაობა უწინდელ პერიოდთან შედარებით?
თუ საუბარია ჯაზზე, საქართველოში ყველაფერი ჯერ კიდევ დღეს იწყება. ჩემი მუსიკალური კარიერის დიდი ნაწილის დასრულების შემდეგ მოხდა ბევრი რამ, გაჩნდა ახალი წამოწყებები და ნელ-ნელა განვითარდა ეს სფეროც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად საქართველოში არის რამდენიმე ჯაზ ვოკალისტი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს, ადრე ეს ასე არ იყო. ყველაფერი ვითარდება, მართალია ეს პროცესი მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას, თუმცა უკვე სასიხარულო ამბავია, რომ ჯაზს ვაქცევთ ყურადღებას, ასე ვთქვათ, დავიწყეთ შეტევა მასზე. მე ეს მოვლენა მაბედნიერებს და მავსებს იმედით.
რას ეტყოდით თქვენ ერთგულ მსმენელს, ახალგაზრდა თაობას, მათ ვინც თუნდაც ამ ფირფიტის საშუალებით შეძლებს მოისმინოს თქვენი შემოქმედება, ვინც პატივს სცემს გიული ჩოხელის მუსიკას და ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანი მომენტია ქართულ კულტურაში?
პირველ რიგში, მინდა ახალგაზრდებს მივულუცო ახალგაზრდობა. მინდა, რომ მოუფრთხილდნენ საკუთარ შინაგან სამყაროს და მუდმივად ეძიონ თავის ნიჭს. ყველამ უნდა იპოვოს თავისი შემოქმედება, რომელიც ალბათ გულწრფელობიდან უნდა გამომდინარეობდეს. ყველას ვეტყოდი, რომ აღმოაჩინონ ის, რასაც უწოდებენ „თავის ხელოვნებას,” მინდა, რომ ყველამ იპოვოს საკუთარი თავი და უკვე შემდეგ გაიხსნას სამყაროსადმი, განვითარდეს მასთან ერთად. ეს არის ის, რაც მსურს რომ გადავცე უკლებლივ ყველას და ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება საქართველოს. მე ეს ახალგაზრდობა მახარებს. ეს არის მშვენიერი თაობა, რომელშიც თითოეული ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. სიხარულით ვივსები, როდესაც ვხედავ მათ შემოქმედებას, მისწრაფებას. საქართველოს და მათ ვუძღვნი ამ ფირფიტასაც, და ვუტოვებ ჩემი თავის ნაწილს.
როდესმე გიოცნებიათ ისეთი საავტორო ფირფიტის გამოშვებაზე, რომელიც ქართულ კულტურაში გახდებოდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ?
ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობდი, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო რთული იყო მემუშავა გამოცემაზე. ახლა, როდესაც დამირეკეს და გავიგე, რომ გერმანიაში დამზადდებოდა ფირფიტა ჩემი სიმღერების კრებულით, გავსულელდი. პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, რომ თითქოს ამისთვის ახლა ძალიან გვიანია. წლების შემდეგ აღსრულდა ჩემი ახალგაზრდობის ოცნება, ის რისკენაც მუდმივად ვილტოდი. მიუხედავად ამისა, ჩემ გონებას არ ტოვებდა ის აზრი, რომ ამ ყველაფრისთვის ზედმეტად დამაგვიანდა და რომ თითქოს ეს ჩემს ახალგაზრდობაში უნდა მომხდარიყო. საბოლოოდ მე ძალიან მიხარია, ვულოცავ და დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მომცა ამის შესაძლებლობა. აქვე მინდა ვახსენო, რომ ზოგადად სიტყვა „ქართული“ ძალიან ძვირფასია და რომ ის უკავშირდება აზრების, მკვეთრად და თბილად გამოხატვას, როდესაც მის გამოყენებას ვერ ახერხებ იქმნება დისონანსი. მიხარია, რომ დღეს ჩემს შემოქმედებას თამამად შემიძლია ვუწოდო ქართული და რომ ის ხდება თანამედროვე რეალობის ნაწილი.
ის რაც ჩემში არსებობდა, როგორც შემოქმედება, გავეცი. გადავეცი ხალხს, მოვიტანე თქვენამდე და ახლა ის წავიდა, ხალხმა წაიღო ის ჩემგან. მე მხოლოდ ვიცი რომ მიხარია, როდესაც ქუჩაში ბავშვები ჩემს სიმღერებს მღერიან და როდესაც ახალგაზრდები მცნობენ, ხელს მიქნევენ. ამ საიუბილეო პროექტით მსურს კვლავ გადავცე ხალხს ის, რაც ჩემში არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ცოცხალი.
უშუალოდ ფირფიტის დამზადების იდეის დაბადებაზე ჩვენ ვესაუბრეთ სოფო კიკვაძეს, თიბისი კონცეპტის გუნდის წევრს, რომელიც გვიყვება მიზანს ამ პროექტის მიღმა და გვიზიარებს საკუთარ გამოცდიელბას.
საიდან წამოვიდა ფირფიტის გამოშვების იდეა და შემდგომ ეტაპებზე როგორ განვითარდა პროექტზე მუშაობა?
თიბისი კონცეპტისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა ყოველთვის წარმოადგენდა დიდ ღირებულებას. შესაბამისად, პირველი ლეგენდარული ქართველი ქალი ჯაზ მუსიკოსის, გიული ჩოხელის 88 წლისადმი მიძღვნილი ფირფიტაც სწორედ ამის დასტურია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებაში და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში დიდი როლი მიუძღვის. ფირფიტის გამოცემის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. ფიქრის შედეგად გადაწყდა, რომ გიული ჩოხელისთვის მიგვეძღვნა კამპანია. ეს კამპანია გამოირჩეოდა თუნდაც იმით, რომ მიზნად ისახავდა გაკეთებულიყო რამე ხელშესახები, არა მხოლოდ ვიდეოს სახით, არამედ მოგვემზადებინა ისეთი მასალა, რომელიც ზუსტად ასახავდა არტისტის ისტორიას, ამბავს, რომელიც მის მოღვაწეობაზე გვიყვება. ფირფიტა აღმოჩნდა ის, რაც იდეალურად იტევს საკუთარ თავში გიული ჩოხელის შემოქმედებას.
პროექტზე მუშაობა საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამ პროცესში ჩართული იყო რამდენიმე გუნდი, რომლებმაც საკმაოდ ბევრი იმუშავეს საბოლოო პროდუქტის მისაღებად და რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ვცდილობდით, გაგვეკეთებინა ნაწარმოებების ისეთი სელექცია, რომელიც ყველასთვის საყვარელი იქნებოდა, რომლებსაც გიული ჩოხელი ასრულებდა სხვადასხვა ქვეყნებში. ფირფიტა დამზადდა გერმანიაში, თუმცა მისი ვიზუალური მხარე მთლიანად საქართველოში ჩამოყალიბდა, რაზეც მეტწილად იმუშავა გრიგორ დევეჯიევმა, Jam Project-ის ფარგლებში. უნიკალური კოსტიუმების დიზაინი კი ეკუთვნის აკა ფროდიაშვილს. მნიშვნელოვანი იყო რომ გარეკანზე გიული ჩოხელის ეხლანდელი სახე წარმოგვეჩინა, მისი თანამედროვე იდენტობა, რომელიც ისევე ინტენსიურად იჭრება დღევანდელ რეალობაში, როგორც გასულ საუკუნეში. ვფიქრობ, რომ ეს ლიმიტირებული გამოშვება საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კვლავ გამოიცეს გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტები.
როგორ ფიქრობთ რას ისახავს მიზნად ეს პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქართული კულტურისა და რეალობისთვის?
აუცილებელია, რომ არ დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც თავისი შემოქმედებით კულტურას ჰმატებენ ახალ ნაწილს. საჭიროა, რომ ახალგზარდა თაობას შეეძლოს მათთან გაცნობა და დაახლოება. გიული ჩოხელიც ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისაც ქართული საზოგადოება უნდა იცნობდეს. თიბისი კონცეპტისთვის კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ წინ წამოწიოს ხელოვნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდეტნობას განსაზღვრავს და მხარი დაუჭიროს მის პოპულარიზაციას. სასიხარულოა, რომ ჩვენი და გიულის ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. ყველა დეტალს კოლექტიურად გავდიოდით, თვითონ მაქსიმალურად ჩართული იყო პროცესში და თავისმხრივ, ეს კიდევ უფრო აკურატულად წარმოაჩენს მის განწყობას.
როგორც უკვე ვახსენეთ, ფირფიტა გამოირჩევა არამარტო რეპერტუარით, არამედ ხელოვანის იმიჯით, რომელიც ყდაზეა დატანილი. ერთი შეხედვით, გახსენდება 80–იანი წლების ესთეთიკა, თუმცა ხვდები, რომ რასაც უყურებ არის საკმაოდ თანამედროვე, დახვეწილი და გემოვნებიანი. იმაზე, თუ რა ჩანაფიქრია დიზაინის მიღმა „ამარტა“-სთან ინტერვიუში გვესაუბრება პროექტის არტ დირექტორი გრიგორ დევეჯიევი,
როგორ გაიხსენებდით გიული ჩოხელთან მუშაობას?
ამ პროექტზე მუშაობა ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება იყო. ხაზგასმით გამოვარჩევდი კომუნიკაციას, გზას რომელმაც ამ ხელოვანთან დაგვაახლოვა. ზოგადად გადაღებები საკმაოდ სწრაფად ხდება, მითუმეტეს კომუნიკაცია ამ პროცესის დროს, თუმცა ეს შემთხვევა ნამდვილად განსხვავდება ყველა იმ გადაღებისგან, რომელშიც კი აქამდე მონაწილეობა მიმიღია. თითქოს ქალბატონ გიულისთან ერთად სამუშაოდ დამჭირდა მასთან საერთო ენის გამონახვა, გადაღებამდე დამყარდა ურთიერთობა იმისათვის, რომ უშუალოდ ამ მომენტამდე მივსულიყავით, ჩვენ შორის მოხდა დაახლოება და სწორედ ამ მომენტის შემდეგ მივხვდით, რომ მზად ვიყავით ერთად სამუშაოდ. ახალი ადამიანის გაცნობას მოყვება ინტერესი და შემდეგ კი პასუხისმგებლობა, რამაც თავის მხრივ გვიბიძგა ერთმანეთისადმი ნდობისაკენ. ყოველ საუბარში ჩნდებოდა ახალი ისტორია, ემოცია და ალბათ ამანაც განსაზღვრა საბოლოოდ გარეკანის დიზაინი. თავიდანვე ვგეგმავდით, რომ გაგვეკეთებინა ილუსტრირება არტისტის შინაგანი სამყაროსა და შემოქმედების. თითქოს მივიღეთ სინთეზი მისი ხალისიანი და ინტენსიური ხასიათისა, რომელშიც ჩემი აზრით, ამავდროულად იკითხება დიდი სევდა. მივხვდით, რომ ამ ორი რადიკალურად განსხვავებული ემოციის აღბეჭდვით გამოიკვეთა მელანქოლია, რომელიც შეიძლება თუნდაც ჯაზის ენერგიული და დადებითი განწყობით დამმუხტველ მუსიკასაც სდევდეს თან. ქალბატონი გიულისთვის ეს გადაღება იყო ნამდვილი სცენა, მას არ ჰქონია არანაირი დაბრკოლება, ის თითქმის მღეროდა ამ პროცესში, ამიტომ მისი ავთენტური სტილი და მანერები შენარჩუნდა. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავიარეთ ემოციური, ძალიან საინტერესო და რთულიც, თუმცა სასიამოვნო გზა, რომელიც ჩემთვის ინსპირაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
თინა ჯანიაშვილი