GIORGI KHMALADZE ARCHITECTS

Film by Jam Project

28.03.2022

თბილისში, კახეთის გზატკეცილიდან შემომავალ ადამიანს, ორიოდე წელია, თვალი უცნაური ნაგებობისაკენ გაურბის, რომლის საერთო  ტეხილი  სილუეტი და ფერი იმდენად შერწყმულია ბუნებასთან, რომ  მისი ფუნქციის გამოცნობა ძნელია, მით უფრო, რომ ფანჯრის არც ერთი ღიობი ხვდება მხედველობის არეში. მიახლოებისას უფრო მკვეთრად ჩანს ფასადის ხაზები და სამკუთხად ამოჭრილი შესასვლელი, რომელსაც დიდი, ზედა გადახურვიდან განათებულ სივრცეში შევყავართ. 

სამ დონეზე განთავსებული  ანტრესოლები,  ცენტრალური თუ სართულების  დამაკავშირებელი კიბეები, ინტერიერისათვის დამატებითი შტრიხის მიმცემი გარე კედლით არის შეკრული. დახრილ სიბრტყეებზე მოწყობილ გამწვანებას და შემინულ ვიტრაჟებს კი ინტერიერი   ბუნებასთან ერთიან ჰარმონიაში მოჰყავს და სიწყნარისა და სიმშვიდის   შეგრძნებას იწვევს. აქ მოხვედრილი მნახველისათვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ გარემოცვის გავლით, ის ყავის საწარმოში  ამოყოფს თავს. ეს ცნობილი ბრენდის, „მეამას’’ ოფისია, რომლის პროექტმა 2020 წელს The Architizer A+ Awards-ის ჯილდო ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში დაიმსახურა. ესენია: Commercial-Office Interiors  – Jury and Popular Choice Winner; Commercial-Office – Low Rise (1-4 Floors) – Popular Choice Winner; Details – Plus-Architecture + Concrete – Jury and Popular Choice Winner;  Commercial-Factories & Warehouses – Jury Special Mention. „მეამა“-ს პროექტის ავტორი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომელმაც ასაკის მიუხედავად,  საკუთარი თავი უკვე დაიმკვიდრა და ახალი სიტყვა თქვა  არქიტექტურელ  სარბიელზე. 

გიორგი ხმალაძე   არქიტექტორის ოჯახში დაიბადა და ადრეული ასაკიდან ეზიარა ამ სფეროს. მისმა ბავშვობამ  ფორმატების, პლანშეტებისა და ნახაზების  გარემოცვაში გაიარა, ამას პერიოდული ვიზიტებიც ემატებოდა მამის სამსახურში, სადაც ტიპიური, არქიტექტურული ბიუროს ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი გარემო სუფევდა. გიორგი  მამის საქმიანობაში     ინტერესით იღებდა მონაწილეობას, პერიოდულად  ეხმარებოდა კიდეც, ამიტომ პატარა გიორგის ნახატებში, ხეების სიმწვანეში ჩაფლული ,  უცნაური იერის შენობები შეიმჩნეოდა ხოლმე. ამ  შესისხლხორცებულ გარემოს  სამხატვრო  და მუსიკალურ სკოლაში სწავლაც დაემატა, ასე რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში  ის ერთდროულად ხელოვნების სამ სფეროს ეზიარა, რამაც მისი  მომავალი სპეციალობის არჩევანზე  საკმაოდ დიდი  ზეგავლენა მოახდინა და სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე  სტუდენტობით დაგვირგვინდა.

სწავლის პერიოდში გიორგი ხმალაძემ ბევრ სტუდენტურ კონკურსში წარმატებით მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი დამთავრების შემდეგ, ვერც ერთმა არქიტექტურულმა ბიურომ ვერ მოხიბლა, ამიტომ მან მამასთან ერთად პროექტირებას მიანიჭა უპირატესობა. ასეთი გადაწყვეტილებისათვის გიორგის  საკმაოდ არგუმენტირებული მიზეზი  გააჩნდა. ორითასიანი წლების დასაწყისში, საქართველოში გაჩაღებული უსახური და ესთეტიკას მოკლებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გამო, გიორგიმ დროებით სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა ცოდნის გაღმავების მიზნით. კარგა ხნის ფიქრის, აწონ-დაწონის, ყველა ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, მან არჩევანი ჰარვარდის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც მაგისტრატურის ორი წელი გაატარა.    შეიძლება ითქვას, რომ ის აქ სწავლისადმი ახლებურ მიდგომას ეზიარა, გუნდურ მუშაობას, სადაც თითოეული წევრს განსხვავებული ნიჭით და უნარით ჰარმონიულად შეჰქონდა წვლილი დასახული ამოცანის შესრულებაში.   უსაზღვრო თეორიული მასალის დასაძლევად,  რასაც მაგისტრანტებს ჰარვარდში ავალებდნენ,  საკმაოდ დიდი  ძალისხმევა და შრომისუნარიანობა იყო საჭირო. ბევრმა ვერ გაუძლო ამხელა წნეხს, თუმცა გიორგიმ მიზანს სირთულეების მიუხედავად მიაღწია. ის დღესაც სიამოვნებით იხსენებს ეკვადორში, ქალაქ კიტოში გატარებულ პერიოდს, სადაც მაგისტრატურის დამამთავრებელ სემესტრში, სტუდენტები  ქალაქის ცალკეული უბნების განაშენიანების იდეებზე და წინადადებებზე მუშაობდნენ.

ამერიკაში სწავლის პროცესის პარალელურად, გიორგი ხმალაძე საქართველოში გამართულ არქიტექტურულ კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას. ბათუმში,  SOCAR-ის ბენზოგასამართის და მასთან არსებული McDonald’s-ის  რესტორნის პროექტი 2014 წელს, Architizer A + Award-ის ნომინაციაში Commer Retail  გამარჯვებული გახდა.  ამავე წელს აღნიშნულმა  პროექტმა  ArchDaily-ს კონკურსშიც გაიმარჯვა, ნომინაციაში – Building of the Year  2014 – commercial architecture. სტატია მის შესახებ წამყვან აქტიტექტურულ  ჟურნალ Mark Architecture-ის 45 ნომერში  სათაურით „გამივსეთ, გეთაყვა“  დაიბეჭდა.  

ალბათ ჰარვარდის უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა, მოგზაურობამ, პრაქტიკამ, ცალკეული დეტალების  დანახვის უნარმა  და   რაღა თქმა უნდა,  პიროვნულმა ნიჭმა ძალიან დიდი როლი ითამაშა  გიორგი ხმალაძის დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებაში. ამაზე  მეტყველებს მისი ავტორობით შექმნილი, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე  ოთხსართულიანი  საოფისე  შენობა, რომლის დანახვისთანავე,    ფასადზე გამოტანილი   დახრილი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ძელების წყალობით, ნაგებობის „სიმსუბუქის“ მოწმე ხდები და ეს ემოცია   შემინულ ინტერიერშიც არ იკარგება. ამ შენობის ბოლო სართულზე გიორგი ხმალაძის  საპროექტო ბიურო Giorgi Khmaladze Architects არის განთავსებული, რომელიც  A+ List-ის მსოფლიო არქიტექტურულ ბიუროებს   შორის, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ  დასახელდა.   

„მუშაობის  დაწყებისას, ამოცანის შესწავლას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ.  ბევრ დამკვეთს ბოლომდე არ აქვს გააზრებული, რა უნდა. ჩვენ  ვეხმარებით, ვაგებინებთ  და ასე იქმნება  საპროექტო დავალება. შემდგომ ვიწყებთ ამ შენობის სივრცით განაწილებას და ფუნქციონალურ გამართვას. ეს ყველაფერი ეფუძნება დამკვეთის მოთხოვნას, ზოგად წესებს , საერთაშორისო პრაქტიკასაც,  თუ კონკრეტული ნაგებობა  ცოტა მეტი კვლევის ჩატარებას საჭიროებს,  და გარემოს რასაკვირველია. ფორმა კი უფრო ინტუიტიურად, ნელ–ნელა ყალიბდება.  ფორმა არასოდეს არის განყენებულად მთავარი“, გვიყვება გიორგი Amarta-სთვის მიცემულ ინტერვიუში.  „დამკვეთთან ურთიერთობა ხშირად ძნელია, მაგრამ ალბათ უფრო გაგვიმართლა.  აქ ვინც მოდის, იცის რასაც ვაკეთებთ, ამიტომ სრულ ნდობას გვიცხადებს გადაწყვეტებში.  ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად დავანახებთ ჩვენ შეთავაზებას.  ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის არგუმენტირებულია.“  

ამ ნდობის შედეგია ის უამრავი პროექტი, რომელიც თბილისსა თუ მის ფარგლებს გარეთ აშენდა, ან ამჟამად მშენებლობის პროცესშია. რაც მთავარია, გიორგი ხმალაძის პროექტების  არქიტექტურული ფორმები არასდროს მეორდება, მისი ხელწერის მახასიათებლად  მხოლოდ ერთი  დეტალი შეიძლება დავასახელოთ, რისი ვარიაციით არასდროს იღლება – ეს მწვანე სივრცეების არსებობაა და არ აქვს მნიშვნელობა, ის ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ თუ დახრილ სიბრტყეზეა  განთავსებული.

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline

 ბუნებასთან საერთო ენას გიორგი ხმალაძე   წარმატებით იყენებს ნებისმიერ  პროექტში, იქნება ეს ლისის ტბაზე ამჟამად მშენებარე ბიზნეს-ცენტრი, Corner Pines,  პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline,  Gergeti Residence, რესტორანი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში  თუ მრავალი სხვა. საპროექტო დაკვეთების სიუხვე კი, რომელსაც მთელი გუნდი წარმატებით უმკლავდება, იმ მოწონების მაჩვენებელია, რაც მან შემოქმედებით დაიმსახურა. 

                                                                     რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top