NS STUDIO
22.04.2023
არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია NS STUDIO ლუკა ჩაგანავასა და ნინი ჭანტურიას მიერ კონკრეტული მიზნით დაარსდა – შეექმნათ მაღალი ხარისხის დიზაინი ინდივიდუალისტური მიდგომით. თბილისში დაფუძნებული, მათი საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა საცხოვრებელ და სასტუმრო პროექტებს, ისევე როგორც, კულტურულ და ურბანულ ინფრასტრუქტურას. რამდენადაც NS STUDIO-ს მიმართება დიზაინის სფეროსთან მომდინარეობს სრული ჰარმონიული მოწესრიგების იდეიდან, შესაბამისად, მათი უახლესი ანონსი პროდუქტის დიზაინის ხაზის წარდგენის შესახებაც არ ყოფილა მოულოდნელი. მომხმობი ხასიათის კოლექციის სათაური TAKE A SEAT, WE ARE STARTING (მოკალათდით, ვიწყებთ) აღნიშნავს სტუდიის ევოლუციის ახალ ეტაპს. მეც მზად ვარ მოვკალათდე და თავად ლუკასა და ნინისგან მოვისმინო მომავალი გეგმებისა და წინამორბედი კონცეფციების შესახებ.
ლუკა ჩაგანავა
ნინი ჭანტურია
2013 წელს NS STUDIO ორი თანამოაზრის კოლაბორაციის შედეგად ამუშავდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. დღესდღეობით კი პროფესიონალთა ვრცელი ჯგუფი უკვე პროდუქციის დიზაინზეც მუშაობს. არის თუ არა განვითარების ეს ორი მხარე ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ მოხვედით ათვლის ამ ახალ წერტილში?
სტუდიის დაარსებიდან, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტებთან ერთად დავიწყეთ პროდუქტის დიზაინზე მუშაობაც, თუმცა ყველა პროდუქტი იქმნებოდა კონკრეტული სივრცისთვის, კონკრეტული პროექტისთვის და შემდგომში აღარ მეორდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მიერ შექმნილ სივრცეში შევქმნათ ისეთი ელემენტები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდებიან და კონკრეტული პროექტის ორგანულ ნაწილად გადაიქცევიან. ხანგრძლივი ექპერიმეტებისა და ძიების შემდეგ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ შეგვექმნა პროდუქტის ხაზი, რომელიც გაიზიარებდა სტუდიის ერთიან ფილოსოფიას, შეინარჩუნებდა ინდივიდუალიზმს და იქნებოდა დამოუკიდებელი პლატფორმა პროდუქტის დიზაინის იდეების გენერირებისთვის.
NS Product-ის კოლექციის პრეზენტაცია საკმაოდ თეატრალური სახელის ქვეშ მოხდა – TAKE A SEAT, WE ARE STARTING, რაც ენერგეტიკულად ავთენტური გამოდგა წარმოდგენილ ავეჯთან და აქსესუარებთან მიმართებაში. სადა, თუმცა ორნამენტულ კვეთებზე აგებული ობიექტები, თავისი მონუმენტური ხასიათით, ინტენსიურ დრამას ქმნის. პროდუქციის დიზაინის ალფაბეტიც ხომ სკამით იწყება… ამიტომ მოგვიყევით რა კონცეფციით შეიქმნა ის და რა ხდის მას უნიკალურს?
კონკრეტული ფორმების ძიება დაიწყო ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას. ჩავატარეთ პატარა კვლევა, შევაგროვეთ ვიზუალური მასალა თბილისის საინტერესო და სახასიათო სახლებიდან, რაც საბოლოოდ ჩვენი შთაგონების წყაროდ იქცა. სკამი ჩვენთვის ერთ ერთი გამორჩეული ელემენტია ინტერიერში, ამიტომ პირველი კოლექცის პირველ პროდუქტად მონუმენტური ხასიათის სკამი შევქმენით. მასიური ხისა და ლითონის კომბინაციების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნაჭრით დარბილებული ვერსია, რომელიც ვფიქრობთ ასევე ინარჩუნებს მონუმენტურობას და ინდივიდუალიზმს.
ეს კოლექცია, თქვენი არქიტექტურული ნამუშევრების ტიპოლოგიას აგრძელებს, ნედლ ფაქტურებთან და მასალებთან მჭიდრო კავშირით. რამდენად თანმიმდევრულად ითარგმნა თქვენი არქიტექტურული გამოცდილება ავეჯის დიზაინში – ესთეტიურად, ფუნქციურად და ტექნიკურად?
არქიტექტურის, ინტერიერისა და სხვადასხვა პროდუქტის ჰარმონიული სიმბიოზი ქმნის პროექტის საბოლოო იერსახეს. ამიტომ პროექტის საწყისი ეტაპიდან ვითვალისიწინებთ სხვადასხვა ავეჯსა და აქსესუარებს, მათთვის შესაბამის სივრცეებს და სწორ კონფიგურაციებს. თითქოს ერთი უწყვეტი ჯაჭვია, რომლის ერთიანობა თვალსაჩინო ხდება პროექტის დასრულებისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესრულების მაღალი ხარისხი როგორც პროექტირების, ასევე ყველა შემდგომ ეტაპზე, იდენტური მიდგომა გვაქვს პროდუქტის კუთხითაც.
თქვენს მრავლისმომცველ პრაქტიკაში იყენებთ როგორც ბუნებრივ მასალებს, ასევე ინდუსტრიალიზმიდან ნასესხებ ელემენტებს თუ ჰიბრიდებს (ხე, მეტალი, ეკო-ცემენტი). გამხდარა თუ არა მასალა კონკრეტული პროექტების ამოსავალი წერტილი და რა როლი უჭირავს ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ცნობიერ დიზაინს NS Studio-ს საქმიანობაში?
მუდმივი შთაგონების წყაროა ჩვენი ყოველდღიურობა, გარემო ჩვენს გარშემო; უბრალოდ სწორ დაკვირვებას და აღქმას საჭიროებს თითოეული, თუნდაც მარტივი, ნივთი ჩვენს ცხოვრებაში. მასალა, ფორმა, ფერი ხშირად არის ამა თუ იმ პროექტის შთაგონების წყარო და პროექტი სრულად აგვიწყვია ერთი კონკრეტული ფაქტურის გარშემო. ზოგადად მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების და ფერების გამოყენებას ვანიჭებთ უპირატესობას. ვთვლით, რომ ასე საცხოვრებელი გარემო ადამიანების ყოველდღიურობისთვის კიდევ უფრო ორგანული და ჰარმონიული ხდება.
პროდუქტის დიზაინი, ისევე როგორც არქიტექტურა, პირდაპირ კავშირშია ადამიანის სივრცულ ფსიქოლოგიასთან და ქცევით მანერებთან. თქვენს მასშტაბურ პროექტებს, ხშირად სოციალური ასპექტი ახლავს თან, სადაც მასის დინამიკა ბოლომდე თქვენ უნდა წარმართოთ, რასაც შესანიშნავად იხელთებთ. იგივე მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობთ, როდესაც უფრო ინტიმური და საშინაო საიტის მოწყობას ეხებით?
არქიტექტურული მოცულობა იქნება თუ ინტერიერის პროექტი, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება ყველაზე ირიბი ფორმითაც კი ყურადსაღებია. თითქოს წინასწარ საზღვრავ ყველანაირ მოქმედებას სხვადასხვა მასშტაბის სივრცის დაპროექტებისას. ამაზეა მიბმული სწორი მასალების, ფერების, განათების შერჩევა, რაც საბოლოოდ კრავს ადამიანის ძირითად საცხოვრებელ სივრცეს, განსაზღვრავს მის ყოველდღიურობას, განწყობას და ქმნის მომავალს. ვიტყოდით, რომ ნებისმიერი მოცულობის პროექტის დეტალური დამუშავებისას ამ და სხვა მრავალი პუნქტის გათვალისწინება უკვე ორგანულად პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა.
როგორია NS STUDIO-ს დღის წესრიგი და სამუშაო გარემო? გაქვთ თუ არა რაიმე რიტუალი, რაც ახალ პროექტზე სუფთა ფურცლიდან, ჯგუფურად მუშაობის დაწყებაში გეხმარებათ?
მიმდინარე პროექტების სიმრავლის გათვალისწინებით, თითოეული სამუშაო დღე მაქსიმალურად დატვირთულია და გაწერილი. პროექტის მასშტაბისა და სირთულის მიხედვით დგება სამუშაო გუნდი. თითოეულ ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად ვმუშაობთ კონცეფციის გააზრებიდან პროექტის ფინალურ ეტაპამდე. საერთო დისკუსიაში, მსჯელობაში, გარემო ფაქტორების გაანალიზებასა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებაში იკვეთება ძირითადი კონცეფცია და ჩონჩხი, რაზეც ვაგებთ სრულ პროექტს, ფურცლიდან რეალობამდე.
როგორ დაკომპლექტდა TAKE A SEAT, WE ARE STARTING? რას დახვეწავდით მომდევნო კოლექციაში და უნდა ველოდოთ თუ არა ავეჯისა და ნივთების უფრო ვრცელ ხაზს?
პირველი კოლექცია აერთიანებს მაღალი და დაბალი სკამების ვარიაციებს, სასადილო მაგიდასა და სამი სხვადასხვა ტიპის აქსესუარს: გობს, დეკორატიულ ფიგურებსა და ფარდას. ამ კოლექციის ფარგლებში კიდევ იქნება ვარიაციები, რომელთა ნახვაც უკვე ჩვენს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
TAKE A SEAT, WE ARE STARTING – კოლექციის სახელიც გვაუწყებს, რომ ეს დასაწყისია; რაც მოიაზრებს, რომ მსგავსი ტიპის სიახლეები სხვადასხვა კოლექციის წარდგენის სახით სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. თავდაპირველი იდეაც სწორედ ეს იყო, როდესაც პროდუქტის ხაზის შექმნა დავაანონსეთ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ NS STUDIO-ს მიერ დაპროექტებულ არქიტექტურულ ნაგებობებში მცირე ინჟინრული მექანიზმების ელემენტები (მაგ.: მეტალის პროფილი) გაზვიადებულ მასშტაბშია გამოტანილი, ხოლო ავეჯის ხაზში კი პირიქით, ექსტერიერის დეტალებზეა აქცენტი (თაღოვანი სახე მაგიდასა და სკამში). გიყვართ თუ არა პარადოქსებით თამაში?
ფორმებითა და მასშტაბით თამაში საინტერესოა და თან საფრთხილო. ბალანსის დაცვა და სწორი განწყობის შექმნაა მნიშვნელოვანი. როგორც აქამდე ვახსენეთ ინსპირაციას ვიღებთ ყველაფრისგან რაც ჩვენს გარშემოა. შესაბამისად, მათი გარდაქმა, მასშტაბში გაზვიადება ან პირიქით შემცირება კრეატიული პროცესის განუყრელი ნაწილია, რომელსაც საბოლოო ფორმამდე და მოცულობამდე მივყავართ.
ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და მიდიხართ თუ არა რაიმე გემოვნებით კომპრომისებზე მომხმარებელთან/დამკვეთთან მათი უკუკავშირის გათვალისწინებით?
ჩვენი მიზანია ზოგადად ხარისხის ამაღლება ქვეყანაში, როგორც არქიტექტურის ასევე პროექტირებისა და შემდეგომ უკვე შესრულების კონტროლის ნაწილში. ათწლიანი მუშაობის შემდეგ მეტნაკლებად უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი მიდგომა პროექტირების სხვადასხვა ასპექტში. ვფიქრობთ, ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება იწვევს დამკვეთში ნდობის გაჩენას. არის პროექტები, რომლებიც ფართო მასებზეა გათვლილი, სადაც არ არის სწორი ერთი კონკრეტული პირის გემოვნების ან მოთხოვნის გათვალისწინება. შედარებით მცირე მასშტაბის პროექტებში (მაგალითად საცხოვრებელი ინტერიერი) მნიშვნელოვანია დამკვეთის გაცნობა, მისი ყოველდღიურობის გათვალისწინება და ახალ სივრცეში სწორი ადაპტაცია.
ტრანსკავკასიური რეგიონი, რომელმაც გაითავისა ევროპული და ორიენტალური სტილისტიკა, და შემდგომ საბჭოთა ბრუტალიზმი – თქვენი სამუშაო არეალია. ეს ფენომენი ალბათ ერთგვარი „ველური ეკლექტიზმია“, რაშიც ავთენტურად „ქართულის“ კონტურები დიდი ხანია გაითხაპნა. რა განმარტავს თქვენთვის ქართულ იდენტობას დიზაინში?
ზოგადად ძველი ქართული ელემენტის გათანამედროვება და სწორი ინტერპრეტაცია, საკმაოდ რთული დავალებაა; ამიტომ ყოველთვის ყურადღებით და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი ხასიათის პროექტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ განწყობის ირიბი გადმოტანა, იქნება ეს ექსტერიერში, ინტერიერსა თუ პროდუქტში. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია განსაკუთრებით პროდუქტის ხაზის მიმართულებით იმ ხასიათის, შეგრძნებების სწორი ასახვა და ინტერპრეტაცია, რაც ჩვენთვის ქართულთან არის ასოცირებული, სხვადასხვა ფუნქციასა და ფორმაზე.
გვანცა ჯგუშია