ოქროსფერი მეტალის სარტყელი მეორე კანივით შემოხვევია მაჯას. სტრუქტურული, თითქმის სკულპტურული ფორმის სამკაული, რომელიც იმდენად სახასიათოა, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია. თითქოს დაუმუშავებელი მეტალის ნაღვენთი მოგეკრო ხელზე და შენი სხეულის ფორმას დაჰყვა. წითელი ლაკით დაფარული ვერცხლის ან ოქროსფერის ნივთები, რომლებიც თქვენს მაგივრად გააკეთებენ განაცხადს თავისუფლებაზე, ფანტაზიასა, ნიჭსა და ინტელექტზე. ამ ნივთებს სწორედ ასეთი თავისუფალი და ნიჭიერი ადამიანი ქმნის. ჯორჯ ბეზანის სახელს კარგად იცნობენ მოდის მოყვარულები მთელ მსოფლიოში. ამერიკაში მოღვაწე ეს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი მოდის სამყაროში მიღწეული წარმატების კიდევ ერთი ისტორიაა.
ჯორჯ ბეზანის ნამუშევრებს ნიუ იორკში, ვენაში, ტოკიოში, ლოს-ანჯელესში და დუბაიში მოდის კონცეპტუალურ მაღაზიებში აღმოაჩენთ. ასევე დიზაინის მუზეუმებში ვენასა და ნიუ-იორკში.
როგორც თავად ამბობს, მისი ეს კოლექცია სწრაფი ტემპის მქონე ქალაქში მცხოვრები ქალებისთვისაა, რომელთა გარდერობიც გაჯერებულია ისეთი ელემენტებით, რომლებიც დროსა და ეპოქას არ ემორჩილებიან. ეს მართლაც ადვილად მოსარგები, არა „ტრენდული“ ლიმიტირებული ნივთებია, რომლებიც დიდი ხნით დაიდებენ ბინას ქალის გარდერობში. ამ სამოსის შეხამება ადვილია კლასიკურ პერანგებთან და ქვედაბოლოებთან. ჯორჯ ბეზანის სამკაულები და აქსესუარები კი უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ დიზაინერს წარმატების ახალი ტალღა დაატეხეს თავს.
მინდა დისტანციაზე და დროზე ვისაუბროთ. თქვენი ცხოვრება პირობითად სამ ეტაპად დავყოთ: საქართველო, ავსტრია, ამერიკა...
უხეშად რომ ვთქვათ, ჩემი არსებობის სამი ათწლეული სწორედ ამ სამ ქვეყანაზე იყოფა. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მოგეხსენებათ, ჩვენმა თაობამ „ბურუსიანი“ პოსტ-საბჭოთა ბავშვობა გამოვიარეთ, თუმცა ჩემი მშობლების დამსახურებაა ის, რომ მუდამ დაკავებული ვიყავი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 11 წლის ასაკში მოვხვდი მხატვარ თემო ჩირინაშვილის სახელოსნოში. ეს უდიდესი სკოლა იყო, აქ ვეზიარე არა მარტო სამხატვრო ხელოვნებას, არამედ დავიწყე პიროვნული განვითარება და ჩამოყალიბება. დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ბატონი თემოსი, რომ ის უპირველესყოვლისა მეგობარი და ნამდვილი მენტორი იყო თავისი მოწაფეებისთვის. შემდეგ იყო არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარება და აღიარება იმისა, რომ კონსტრუქციის ეს მეთოდი არ მაინტერესებს. მეორეს მხრივ, ამას მოჰყვა იმის გააზრება, რომ მოდა ხელობის დონეზე ყოველთვის მაინტერესებდა. ადრეული ასაკიდან უსაზღვრო ინტერესი მქონდა სამოსის მეშვეობით გარდამექმნა ადამიანი. სწორედ სამოსის კონსტრუქცია იყო ის, რაც მიზიდავდა და რისი კეთებაც მინდოდა. იქნებოდა ეს ნაწარმოების გმირი, თუ რეალური ადამიანი, ჩემს წარმოსახვასა და სამყაროში უზენაესი ყოველთვის იყო მათი სამოსი. საკუთარ თავთან ყოველთვის ვთამაშობდი წარმოსახვით თამაშებს – ესა თუ ის გმირი, ნაცნობი თუ უცნობი, სხვადასხვა სიტუაციაში როგორ მოირგებდა ამა თუ იმ სამოსს.
შემდეგ გავიგე ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის შესახებ. ვიცოდი, რომ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო, თუმცა გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, სწავლას ავსტრიის სახელმწიფო აფინანსებდა და ვინაიდან ჩემი პირველი უცხო ენა გერმანული იყო, გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვენა ძალიან მიყვარს. დაუვიწყარი სტუდენტური წლები გავატარე იქ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაზა, როცა შევძელი საკუთარი მიზნების ნათლად დანახვა და განხორციელება. მქონდა რესურსი და ინსტრუმენტები, რომ ჩემი შემოქმედებითი სამყარო რეალობად მექცია. ამას მოჰყვა კოლექციების ორგანულად შექმნა, პრესა, კონკურსები და ავსტრიის კულტურის სამინისტროს მთავარი წლის ჯილდოს მოგება 2011 წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისით. შემდგომ იყო ევროპასთან დამშვიდობება და ყველაფრის ამერიკული აბზაცით დაწყება.
ასე გამოდის, რომ თქვენი კარიერის განმავლობაში დროშიც და მანძილშიც ნელნელა შორდებოდით საქართველოს, თქვენი ცხოვრების საწყის ეტაპს. ეს შეგნებული არჩევანი იყო, თუ ასე გამოვიდა?
შეიძლება ეს გაუთვითცნობიერებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემი გონება გათვითცნობიერებულად ღებულობს. მხოლოდ ვიცი ის, რომ საკუთარი პროფესიისადმი უდიდესი ინტერესის, მოტივაციის, დაუღალავი შრომის და ათასგვარი დაბრკოლების გადალახვის შედეგად, ეს გზა ასე წავიდა და თავიდან რომ იყოს გასავლელი, ალბათ ისევ ასე წავიდოდა. გზად იყო უამრავი პროექტი, რომლებზეც ვიმუშავე საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ინგლისში, კანადაში, მექსიკაში. შესაბამისად საითაც წამიყვანს ჩემი საქმე, ინერციით მეც იქ მივდივარ.
რა მოგცათ საქართველომ? ავსტრიამ? ამერიკამ?
გააზრება იმისა, რომ ყველაზე დიდი საგანძური არის წარმოსახვის უნარის ქონა და მისი განვითარება, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება, შინაგანი სამყაროს მუდმივი კვება ახალი, საინტერესო მასალით. ამ ყველაფრის ბირთვი კი ცნობისმოყვარეობაა. ამ პლანეტის ნებისმიერ კუთხეს აქვს საშუალება მოგცეს და გაგიზიაროს ის, რაც თუნდაც რამდენიმე საათის წინ არ იცოდი, შესაბამისად, ამ თითოეულმა ქვეყანამ მომცა და დამანახა ის ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, რამაც ჩამომაყალიბა, როგორც ადამიანი და შემოქმედი, როგორც მამაკაცი. რაც არ უნდა დაღლილი იყოს გონება, ცნობისმოყვარეობა, ყოველთვის გაფართოებული თვალებით მომზადებული და ჩართულია, რომ არ გამორჩეს მორიგი გამოფენა, ახალი კერძი, საინტერესო ფილმი ან წიგნი. ინტერესის არ ქონა დიდი უბედურებაა; თუმცა ასეც ხდება, შეიძლება მთელი მსოფლიო შემოიარო, მაგრამ ვერაფერი დაინახო.
რა ეტაპზე გადაწყვიტეთ რომ დიზაინი თქვენი საქმეა და როგორ მიდიოდით თქვენს მიზნამდე?
მოდა, როგორც ჩემი პროფესია, ნათლად გავიაზრე მაშინ, როცა უდიდესი სიამოვნების მიღება დავიწყე ამ არც თუ ისე ადვილი, ფიზიკურად დამღლელი და გონებისთვის დამქანცველი საქმის კეთებისგან. ეს ჩემს პირველ სრულ კოლექციაზე მუშაობის დროს მოხდა, როდესაც გათენებული ღამეების მიუხედავად, მიხაროდა ის, რასაც ვაკეთებდი. მივხვდი, რომ უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს მოსამზადებელი პერიოდი, ეგრეთწოდებული „კოლექციის კვლევის“ სტადია. ამ პროცესს დღესაც რამდენიმე თვეს ვუთმობ, რომ ნათლად ჩამოყალიბდეს ეპოქა, გმირები, გარემო, რომ, როგორც დიზაინერმა, თავდაჯერებულად გავუსწორო თვალი იმ თემას, რომელზეც ვმუშაობ და პასუხს ვაგებდე იმაზე, რასაც ვამბობ.
როდესაც უკვე დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია თამამად გავაბა დიალოგი შთაგონების საგანთან, შემდეგ იწყება ქსოვილების არჩევა, რომ ეს სამყარო შეიქმნას. ჩემს შემთხვევაში შემოქმედებითი პროცესი არის ნაზავი ეიფორიის, ფიზიკური ტკივილის, აღტაცების, აღმოჩენის და უამრავ უპასუხო კითხვის, რაც საბოლოოდ თავს იყრის კოლექციაში.
მიზანს რაც შეეხება, კონკრეტული ფორმულა არ მაქვს, უბრალოდ არსებობს დასახული მიზნები და ვცდილობ, რომ ყველა ის ხელსაწყო გამოვიყენო, რომელიც გამაჩნია მათ მისაღწევად. თუმცა მიზნები ხომ არასოდეს გველევა. ისევ ცნობისმოყვარეობას ვუბრუნდებით და ზღვარს, მიზნებსა და სურვილებს შორის.
რა გამოცდილება გამოგადგათ ყველაზე მეტად ამერიკაში კარიერის დასაწყისში?
ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, რეალურად გამომადგა ყველაფერი, რაც კი ოდესმე მისწავლია ან გამიგია. ასე, მაგალითად აქ, ძალიან გამომადგა ის, რომ ვიცოდი ქსოვილების შეღებვის არა ერთი მეთოდი და ტექნიკა, რადგან ჩემს კოლექციებში ამას თავად ვაკეთებდი. ზოგადად მიმაჩნია, რომ პროფესიონალი საკუთარი ხელობის ყველა ასპექტში უნდა იყოს ჩახედული. შეიძლება ყველაფერი თავად არ აკეთო, ან არ გიზიდავდეს, მაგრამ ცოდნის დონეზე უნდა იცოდე. არსებობს უთვალავი დეტალი, როცა საქმე კონკრეტულ ქსოვილებს ეხება, ყველას თავის ხასიათი აქვს. ასევე მუდმივად უნდა ადევნებდე თვალს ტექნიკურ სიახლეებს და შეძლებისდაგვარად ეცადო, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დააგროვო, რადგან დიზაინის პროცესში დგება დრო, როცა მხოლოდ ნედლ გამოცდილებას და ინსტიქტს უნდა დაეყრდნო.
ამერიკა დიზაინერის კარიერის დასაწყებად რატომ შეარჩიეთ? ევროპაში მიღებული განათლებით უმეტესწილად პარიზს ან ლონდონს ანიჭებენ უპირატესობას…
ჩემთვის, ჩემი შემოქმედებითი სამყარო და ინდივიდუალიზმი ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე რომელიმე „ბრენდისთვის“ მუშაობა. რთულია ემსახურო მოდის სახლს, რომლის მთავარი დიზაინერიც დიდი ხნის გარდაცვლილია ან კომპანია გაყიდულია. ეს იგივეა, რომ ვინმემ სცადოს გააგრძელოს ფრენსის ბეიკონის შემოქმედება, ან ინგმარ ბერგმანის ფილმოგრაფია. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა საინტერესო, თუ შევძლებდი ჩემს ესთეტიკასთან ახლო მყოფ დიზაინერთან პირადად სტაჟირების გავლას და ხელობის სწავლას. სამწუხაროდ, მსოფლიოს თითქმის ყველა საერთაშორისო მოდის სახლს რამდენიმე კორპორაცია ფლობს. აქ კი საქმე გვაქვს მოდის ინდუსტრიის მკაცრ კაპიტალისტურ წესებთან, სადაც პასუხი უნდა აგო კომერციული და მარკეტინგული მექანიზმით დაქოქილ ბუღალტრებთან და აჩვენო არა ის, თუ რა შექმენი, არამედ რამდენ აეროპორტში რამდენი სუნამო თუ ხელჩანთა გაიყიდა, რომელ მსახიობს რის დაჯილდოვებაზე რა ეცვა და ა.შ. ამისადმი ინტერესი არასოდეს მქონია. ჩემთვის მთავარი იყო პროფესიულად მიმეღო გამოცდილება, რათა საკუთარი ხედვის რეალიზება შემძლებოდა. შესაბამისად, გადავწვიტე ამერიკაში წამოსვლა, სადაც მოდის არენა უფრო ფართო, ეკლექტური და ნაკლებად კონსერვატულია. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპების მიუხედავად, ეგრეთწოდებული მაღალი მოდაც და კონცეპტუალური მოდაც ამერიკაში ყოველდღიურობის ნაწილია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ უფრო მეტი ადამიანია, ვისაც ასეთი მოდის შეძენის საშუალება და ამისადმი ინტერესი გააჩნია.
ვინ იყო ბავშვობაში, მოზარდობაში თქვენთვის შთაგონების წყარო? ვინ არის დღეს და რატომ?
ყველა პერიოდს თავისი გატაცება, შთაგონების წყარო თუ ინსპირაცია ახლავს. სია ძალიან გრძელია იმ ნიჭიერი ადამიანების, რომლებმაც სხვადასხვა დროს შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. არ დავიწყებ სახელების ჩამოთვლას, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც დიდხანს რჩებიან მეხსიერებაში, ან ვისი შემოქმედებაც ამოუწურავია და ეს შთაგონების ურთიერთობა ერთგვარ რომანს ჰგავს. რა თქმა უნდა, მაქვს გონებაში ერთგვარი პირადი იერარქია, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხატვრების, მწერლების, არქიტექტორების, დიზაინერების და ა.შ. საკმაოდ ბევრი შემოქმედია, თუნდაც ბავშვობის ან მოზარდობის ასაკიდან, რომლებსაც პერიოდულად ვუბრუნდები. ახლებურად დანახვის ან უბრალო ნოსტალგიის მიზნით, მათ ნამუშევრებს შორის პარალელებს ვაბამ, მსგავსებებს ვეძებ და ერთგვარ წარმოსახვით კოლაჟებს ვქმნი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემს კოლექციებზეც აისახება. იქნება ეს დევენდრა ბანჰარტის მუსიკა, თუ ჰიერონიმუს ბოსხის ფერწერა. თუმცა, აუცილებელი ფაქტორია მუდამ სიახლის ძიება, შთაგონების მოზიდვა, თავიდან შეყვარება და შენს გარშემო არსებული გარემოს დაკვირვება, რადგან ინსპირაციის წყარო ბევრია.
მამაკაცისა და ქალის მოდა, მისთვის აუცილებელი დიზაინი, ორი სხვადახსვა სამყარო და პრაქტიკულად ორი სხვადასხვა პროფესიაა. ასევე შეიძლება ითქვას სამკაულებზეც. თქვენ ყველაფერი შეითვისეთ. როგორ მოხდა ეს?
ინტერესიდან გამომდინარე. მე, როგორც დიზაინერს, მაინტერესებს როგორი არის ჩემს მიერ დანახული ქალი, ჩემს სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ჩემივე აქსესუარით. მიმაჩნია, რომ ამ პროფესიის ადამიანს სამივე სეგმენტი უნდა ესმოდეს. ჩემთვის დიზაინის პროცესი სამყაროსთან დიალოგია; შესაბამისად, დასრულებული პროდუქტი ხანგრძლივი ფიქრის და კითვა-პასუხის შედეგია. ვთვლი, რომ დიზაინერისთვის აუცილებელია მთლიანი სამყაროს წარმოჩენა და თუ როგორი ქალები და მამაკაცები ცხოვრობენ ამ სამყაროში. ამას ემატება ისიც, რომ კომერციული მოდისგან განსხვავებით არ მიწევს ერთი კონკრეტული სეგმენტის დაკმაყოფილება, იქნება ეს სპორტული თუ სხვა, შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ შევძელი მოდის ამ სამ განშტოებაში მეცადა თავი.
დღეს თქვენი სამოსი და სამკაული ორგანულად ერწყმის, თითქოს ავსებს ერთმანეთს. რამდენად მნიშვნელოვანია სამკაული, როგორც სამოსის ინსპირაცია, ან პირიქით. რა იქმნება პირველად?
ეს მართლაც ასეა. აქსესუარი ყოველთვის კრავს ანსამბლს და როგორც საბოლოო შტრიხი ხაზს უსვამს. დიზაინის ეტაპს გააჩნია. არის შემთხვევა, როდესაც კოლექცია ითხოვს ამა თუ იმ აქსესუარს და მისთვის ქმნი, ან პირიქით, ყველაფერი ერთი სამაჯურის დიზაინით იწყება…
ასე მაგალითად, სამაჯური „ოდა“-ს ისტორია 2010 წელს დაიწყო, როდესაც პარიზში ჟან-ლეონ ჟერომის დიდი გამოფენა ვნახე ორსეს მუზეუმში. ამ დროს უკვე ვმუშაობდი მამაკაცის კოლექციაზე და სულ ვეძებდი საბოლოო შტრიხს, რითაც დავასრულებდი კოლექციას. ჟერომის ერთ-ერთმა ტილომ მომცა ის ბიძგი, რომ შემექმნა ეს დღეს უკვე ცნობადი სამაჯური.
თქვენი სამკაული მინი სკულპტურებს ჰგავს. ეს მახსენებს იმას, რომ თქვენ შესანიშნავ კოლაჟებს ქმნით. ასე მგონია, რომ კოლაჟები და სამკაული თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, თვითგამოხატვის საშუალებაა.
კოლაჟებს რაც შეეხება, ეს ნამდვილად ასეა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველა ჩემს ნამუშევარში ქანდაკებისეული ერთობლიობა ხშირია, რადგან ვცდილობ, სხვადასხვა მასალა, თემა თუ ელემენტი გავაერთიანო და სრულყოფილი კომპოზიცია შევკრა. ასეა კოლაჟზე, სამკაულზე და სამოსზე მუშაობის დროს.
სამკაულების კოლექცია მგონი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტანსაცმელს ხომ არ ემუქრება დაჩრდილვით?
ჩემთვის სამოსიც და აქსესუარებიც ჩემი სამყაროს ნაწილია და ჩემს გონებაში ყველა ცალკეული კოლექცია ცხოვრობს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. თუმცა, საჯაროდ გამოშვების დროს ხშირია, როდესაც ესა თუ ის ლაბადა ან სამაჯური უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე ვთქვათ შარვალი ან პერანგი იგივე კოლექციიდან. რასაკვირველია, სამკაულების ასეთი პოპულარობა ძალიან მახარებს, თუმცა ჩემს გონებაში ისინი ორგანულად ავსებენ კოლექციას და მათი განცალკევება ძალიან მიჭირს.
დღევანდელი მოდის სამყარო თითქოს გარდატეხის ეტაპზეა. ბევრმა ძველმა სახლმა ძალიან ახლაგაზრდა დიზაინერი მოიწვია სამუშაოდ, რადგან ახალი სიტყვის თქმა სურდა. რამდენად მიგაჩნიათ, რომ მოდა იცვლება, იცვლება მისი დანიშნულება; თუ ეს მხოლოდ მორიგი ეტაპია და მოდის სამყაროს ფუნდამენტური ცვლილება არ ემუქრება.
ფუნდამენტური ცვლილება ემუქრება ყველა იმ სფეროს, სადაც რაიმე სახის ტექნოლოგიას ან აპარატურას იყენებენ. ტექნოლოგიის წინსვლამ გამოიწვია ასობით პროფესიის და ხელობის გაუქმება, რაც ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 6 მილიარდით მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ვთქვათ 1918 წელს, მაშინ სურათი სავალალოა, რადგან ამ ადამიანებს დასაქმება სჭირდებათ, დედამიწის რესურსების გამოყენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხოლო მოდას რაც შეეხება, გარდატეხა დიდი ხნის წინ მოხდა, როდესაც მოდა ინდუსტრიული მანქანის ნაწილი გახდა და კონკრეტულმა დიზაინერებმა თავიანთი სახლები და სახელები კორპორაციებს გადასცეს. კორპორაციები ამ სფეროს მართავენ აპრობირებული ბიზნეს მოდელებით, ისევე, როგორც ვთქვათ ტურიზმს ან სწრაფი კვების ინდუსტრიას. შესაბამისად, დიზაინერებიც სწრაფად იცვლებიან, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის პროდუქტი გაყიდეს ამა თუ იმ სეზონზე ან რომელ ადგილზე არიან სოციალური ქსელის პოპულარობის შკალაზე.
ჩემი აზრით, კომერციული მოდა დიდი ხანია აღარ კარნახობს არც ტენდენციებს, არც მომავალს. ის უბრალოდ მიყვება ეკონომიკის დინებას და აწვდის მომხმარებელს იმას, რასაც ის ითხოვს. დღეს ვირტუალურ რეალობაში მცხოვრები ახალგაზრდული ტალღა ეუბნება ამა თუ იმ მოდის სახლს, თუ როგორი სპორტული ფეხსაცმელი სურს, შესაბამისად სხვა მოდის სახლებიც თავს ვალდებულად თვლიან, რომ მსგავსი პროდუქტი გამოუშვან, იმის მიუხედავად არის ეს მათი ესთეტიკის, წარსულის და არქივის ნაწილი თუ არა. ამის შედეგად ვღებულობთ სპორტულ ხაზს ვთქვათ Valentino-სგან ან საღამოს კაბას H&M-სგან. ცხადია, არიან საერთაშორისო მნიშვნელობის დიზაინერები, რომლებიც ამ თამაშს არ თამაშობენ და ძალიან საინტერესო კოლექციებს ქმნიან ჯერ კიდევ საკუთარი სახელით, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად დაბალია. საუბედუროდ ამ პროცესებს ეწირება ხარისხი, ხელობა და ის ხელოსნები, რომლებიც ამა თუ იმ დეტალის დამუშავებას ათობით საათს ანდომებდნენ. მათთან ერთად იკარგება ცოდნა, ტექნიკა და მეთოდები, რომლითაც ესა თუ ის აქსესუარი მზადდებოდა ან ქსოვილი თუ ტყავი მუშავდებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არ ვუღალატო საკუთარ ხედვას და ვეცადო, რომ მუდამ ჩემი სათქმელის ერთგული დავრჩე.
თქვენ თავად რისი თქმა გსურთ თქვენი სამოსით და სამკაულით?
თითოეული ჩემი კოლექცია, ჩემი ერთი ამბის ამა თუ იმ პარაგრაფს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ იგონებს ამ ქვეთავებს. ეს არ არის რაიმე კონკრეტული გამიზნული შეტყობინება. ეს არის იმ მოცემულ პერიოდში დაგროვებული შეგრძნებების, აღმოჩენების, დაკვირვებების შედეგად ნაპოვნი და ორგანულად შეხამებული დეტალების ერთობლიობა, წარმოჩენა, რომლებიც ცდილობენ სრულყოფილი კოლექცია წარმოადგინონ, ზოგჯერ არასრულყოფილი დეტალებით.
ესაუბრა: სალომე დადუნაშვილი
ფოტო: Sia Kermani