11.11.2023
ესპანეთის ქ. სან სებასტიანში მდებარე კურსალის კონგრესის ცენტრმა (Kursaal Congress Center) წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიო ლიდერმა მაღალი გასტრონომიისა და ახალი კულინარიული ტენდენციების აღმოჩენაში. „გასტრონომიკა“, რომელსაც ყოველწლიურად ვსტუმრობ საქართველოდან, პირველი საერთაშორისო გასტრონომიული კონფერენციაა მსოფლიოში. წელს მან თავისი 25 წლის იუბილე აღნიშნა და ტრადიციისამებრ ცნობილ ესპანელ და საერთაშორისო შეფ-მზარეულებს, კრიტიკოსებს, მეწარმეებს უმასპინძლა, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თანამედროვე გასტრონომიის ისტორიაში და ამ ისტორიას სამომავლოდაც ანვითარებენ.
ყველაზე ხანგრძლივმა კულინარიულმა კონგრესმა სამი დღის განმავლობაში (9, 10 და 11 ოქტომბერი), თავისი იუბილე ღონისძიების მთავარ ადამიანებთან ერთად იზეიმა, ადამიანებთან რომლებმაც ფაქტიურად თანამედროვე კულინარია შექმნეს და მის ისტორიას დაუღალავად აგრძელებენ. ალბათ, ამის დასტურია წლევანდელი მონაწილე და დამსწრე საზოგადოების უპრეცედენტო რიცხვი: 14,712 აკრედიტაცია, 48 ეროვნების წარმომადგენელი, 1468 კონგრესის მონაწილე და 413 ჟურნალისტი. აუდიტორიაში 10000-ზე მეტი კერძის ნიმუში იქნა მიწოდებული დასაგემოვნებლად, ხოლო 160-ზე მეტმა კომპანიამ მათი საგამოფენო კუთხე მოაწყო.
Ferran Adrià-სთან ერთად
უაღრესად შთამბეჭდავი იყო წლევანდელ საერთაშორისო მომხსენებელთა სია. საერთაშორისო მზარეულებს შორის კონფერენციაზე ისაუბრეს: Rasmus Munk-მა – დანიელი კულინარი-მეწარმე, შეფ-მზარეული თავის ორი მიშლენისა და მწვანე ვარსკვლავებით შეფასებულ რესტორანში Alchemist. ცნობილია, რომ ის საკვებს კომუნიკაციის საშუალებად აქცევს. გარდა პროფესიული კარიერისა, ის საერთაშორისო გასტრონომიული ღონისძიებების ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მომხსენებელია და „ჰოლისტიკური სამზარეულოს” მანიფესტის ავტორი. ცნობისათვის, 2020 წელს მიშლენის მეგზურმა ახალი სიმბოლო, მწვანე ვარსკვლავი შემოიღო იმ რესტორნების აღსანიშნად, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას მდგრაგ გასტრონომიაში. მწვანე ვარსკვლავით დაჯილდოვებულ რესტორანს ეძლევა ადგილი მეგზურის ვებგვერდზე, სადაც შეფ-მზარეულს შეუძლია გამოაქვეყნოს რესტორნის ხედვა. René Redzepi-მ – ახალი ნორდიული სამზარეულოს ე.წ. მამა და მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად აღიარებული, კოპენჰაგენში მდებარე ცნობილი სამი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის Noma თანამფლობელი; José Andrés-მა – ვაშინგტონში მცხოვრები, ესპანური სამზარეულოს ელჩი შეერთებულ შტატებში. ის იქ რამდენიმე რესტორანს ფლობს სხვადასხვა ქალაქში და ასევე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია როგორც კულინარიაში ასევე ჰუმანიტარულ საქმიანობაში. Leonor Espinosa-მ – კოლუმბიელი მზარეული „ლეო“ როგორც მას ეძახიან, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში რესტორანს სახელად Leo Cocina Y Cava ფლობს, რომელიც 2007 წელს გახსნა და მან პირველმა მოაქცია კოლუმბიური სამზარეულო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რადგან ლეომ კოლუმბიური ტრადიციული კერძების გათანამედროვეობა დაიწყო. Yoshihiro Narisawa-მ – იაპონელი შეფ-მზარეული, მდგრადი სამზარეულოს ერთერთი ფუძემდებელი და ტოკიოში მდებარე ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Les Créations de Narisawa მფლობელი. Matthew Lightner-მა – ნიუ იორკში მდებარე ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის Atera ყოფილი შეფ-მზარეული. 2010 წელს, Food&Wine-ის მიერ ის დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ახალ მზარეულად ამერიკაში. Alex Atala-მ – სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეული, სან-პაულუში მდებარე რესტორნის D.O.M მფლობელი, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხე საუკეთესო რესტორნად დასახელდა.
Rasmus Munk
„გასტრონომიკას“ სამშობლოდან კი, ესპანური გასტრონომიის ისეთი წარმომადგენლები ესტუმრნენ როგორიცაა: Joan Roca, El Celler de Can Roca-ს დამფუძნებელი და მთავარი მზარეული, რომელიც 2009 წელს მიშლენის სამი ვარსკვლავით დაჯილდოვდა, ხოლო 2013 და 2015 წლებში, Restaurant Magazine-მა ის მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად დაასახელა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ რესტორანს ის თავის ორ ძმასთან – ჯოზეფ და ჯორდისთან ერთად მართავდა.
Joan Roca
Albert Adrià, ის ახლა ბარსელონაში მდებარე, მიშლენის ერთ ვარსკვლავიანი რესტორნის Tickets შეფ-მზარეულია. ადრე ის 1964 წელს დაარსებულ ცნობილ რესტორან El Bulli-ში მის ძმასთან ფერანთან ერთად მუშაობდა. ძმები ერთად ხშირად მუშაობენ, ფერანს მოგვიანებით ვახსენებთ როგორც ამ ღონისძიების ერთერთ დაჯილდოებულს. Eneko Atxa, მდგრადიგასტრონომიის მოყვარული ცნობილი შეფ-მზარეული მიშლენის ხუთი ვარსკვლავის მფლობელია. ის ამ პროფესიას 15 წლის ასაკში დაეუფლა მისი დედის და ბებიის დამსახურებით. Diego Guerrero, ყველაზე დემოკრატიულ შეფ-მზარეულად ცნობილმა კულინარმა, 10 წლის წინ მადრიდში C. de Regueros-ის 8 ნომერში საინტერესო სივრცე DSTAgE გახსნა, რომელიც შაბათ-კვირას დაკეტილია რადგან თანამშრომლებმა კარგად დაისვენონ. მანამდე კი 2007 და 2011 წლებში რესტორან El Club Allard-ს მიშლენის ორი ვარსკვლავი მოუტანა. Pedro Subijana, თვით სან სებასტიანში მდებარე რესტორნის Akelarre მთავარი შეფ-მზარეული, რომელმაც 2006 წელს მას მიშლენის მესამე ვარსკვლავი მოუტანა.
Ángel León
Ángel León – ზღვის პროდუქტების ექსპერიმენტული კერძების გურუდ აღიარებულმა შეფ-მზარეულმა რესტორანს Aponiente მიშლენის სამი ვარსკვლავი მოუტანა. Elena Arzak, ბასკი მამა-შვილი (მამა – Juan Mari Arzak) მიშლენის სამ ვარსკვლავიან რესტორანს Arzak უძღვებიან. სხვათაშორის, ელენა 2012 წელს მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულ ქალად დასახელდა.
Elena Arzak
წლევანდელი „გასტრონომიკა“ ბევრი ფაქტორით გამოირჩეოდა, ერთერთი კარიერული წინსვლისა და მიღწევებისთვის გამოყოფილი ჯილდოები იყო. წელს „გასტრონომიკა“-მ სამი მნიშვნელოვანი პიროვნების პროფესიული კარიერა აღიარა. Homage Award გადაეცა ესპანელ შეფ-მზარეულს Ferran Adrià-ს, რომლის შემოქმედებას უკანასკნელი დიდი მსოფლიო გასტრონომიული რევოლუციის მოწყობაში „ადანაშაულებენ“, ის ასევე ცნობილი რესტორნის El Bulli-ს შეფ-მზარეული გახლდათ. 25-ე საიუბილეო ჯილდო Gueridón de Oro გადაეცა Jancis Robinson–ს, ღვინის ინდუსტრიაში 40 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიან ქალს. ხოლო Pau Albornà i Torras-ის ჟურნალისტური ჯილდო გადაეცა გასტრონომიული კრიტიკის დიდ ავტორიტეტს Raphael Garcia Santos-ს.
Raphael Garcia Santos, Ferran Adrià, Jancis Robinson
გასტრონომიული დღეების მესამე, დასკვნით დღეს კონკურსი სახელად Oil Chef ანუ საერთაშორისო ჯილდო ზეითუნის ზეთით საუკეთესო მომზადებისათვის ჩატარდა, რომელიც ანდალუსიაში მდებარე ხაენის პროვინციის საბჭოს დაფინანსებით შედგა. რიგით მეოცე კონკურსის მიზანი იყო, ზეითუნის ზეთის შესანიშნავი და სასარგებლო თვისებების კიდევ ერთხელ გამოვლენა, მისი უცვლელი როლის ხაზგასმა მაღალ გასტრონომიაში და მისი გამოყენების გაფართოების გზები კულინარიაში, როგორც ხმელთაშუა ზღვის კვების ძირითადი არომატის და ინგრედიენტის.
ამ მასშტაბური ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, შეგიძლიათ ეწვიოთ: sansebastiangastronomika.com
თამარ სიხარულიძე
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე