10.06.2022

ნიშური პარფიუმერიის სახლის Liquides Imaginaires შექმნა, რომელმაც შემპყრობელი მისტიური ნაზავებით სახელი მალევე გაითქვა, ფილიპ დი მეოს და დევიდ ფროსარდის შემთხვევით გადაკვეთას უკავშირდება. მათი ტემპერამენტის, მხატვრული ხედვებისა და ბიზნესის მართვის უნარების სწორი თავსებადობა გახდა წარმატების ფორმულა, რომელმაც განხორციელება 2012 წელს ჰპოვა, როგორც პარფიუმერულმა ბრენდმა Liquides Imaginaires. ინტუიციური სიგნალებისთვის ყურის დაგდება და ბედისწერის რწმენა არის ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც ზოგადად სუნამოსთან ურთიერთობას უდევს სათავეში. Liquides Imaginaires-სთვის სახასიათოდ, კონკრეტული მოტივის გარშემო შექმნილი და ტრილოგიებად გამოცემული პარფიუმერიული სერიები ხაზს უსვამს სუნამოს წმინდა წარმოშობას, არომატის მრავალშრიანობას და დრამატურგიულ თუ ფორმალურ სეკვენსირებულობას. Liquides Imaginaires საუბრობს სურნელების სულიერ, ენიგმატურ, სიმბოლურ და ემოციურ ღირებულებებზე, რომელიც ადამიანს არამატერიალური სამყაროს მოხელთებაში ეხმარება. მეტი ვიდრე უბრალოდ მაცდუნებელი ინსტრუმენტი, ამ დრომდე გამოშვებული ბრენდის ცხრა თემატური სერია ცდება აზროვნების პროფანულ ყალიბს და აფროდიზიაკის მნიშვნელობას ახლებურად განმარტავს – „რომანტიზმიდან სიურრეალიზმამდე”, ამ სუნამოებს რეალობისგან თავის დაღწევის სურვილი აძლიერებს.

Fortis, ანუ ლათინური შესატყვისი ძლიერისა, არის იმ იკონური სუნამოს სახელწოდება, რომელიც „მიღმიერი წყლის” სერიის ერთ-ერთი კარგად დამკვიდრებული წარმომადგენელია ნიშური პარფიუმერიის ენთუზიასტებში. სუნამო Fortis 2011 წელს გამოვიდა და მის უკან პარფიუმერი სონია კონსტანტი დგას. ‘ძლიერი წყალი’, არ უკავშირდება რუტინულ ყნოსვით გამოცდილებას, ანდაც სუნამოს, როგორც აქსესუარის ატრიბუციას, არამედ, მისი მატარებლისთვის ფლაკონში ჩაღვრილი შავი წყალი ხდება მეგზური მგრძნობელობით რეინკარნაციაში. ტრილოგია ერთი თემის ქვეშ აერთიანებს სამ კონტრასტულ მიღმიერ წყალს, „ნათელი”, „ძლიერი” და „ხორციელი”, რაც ერთგვარ სამკუთხედს კრავს საარსებო არეალისთვის. სუნამოსთვის არატრადიციულად, მუქ ტონში დაფერილი სითხე, სიმბოლურად ჩრდილის დატვირთვას იძენს, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნებისთვის ხორციელი სიცოცხლის მანძილზე თავდაუღწევი ფენომენია. მაშინაც კი, როდესაც შუადღის მწველი მზის სინათლე ზენიტში ექცევა და, თითქოს, ჩრდილის სიძლიერე მიილანდება, ის კვლავ აგრძელებს თანაარსებობას მინიშნებად და შეხსენებად ადამიანის ფრონტალურ იმიჯს მიღმა დარჩენილ საიდუმლოებებზე. შავი წყალი მოგონებიდან წარუშლელი სურნელით, თავის მისტიურ ძალებს შთაბერავს მატარებელს.

Fortis ინტენსიური, ძვირფასი ბგერებით გაფორმებული გამოძახილია ადამიანის თანდაყოლილი ტევადობისა, გაანდევნოს მიღმიერი ბოროტი სულები და დაამყაროს საკუთარი ენერგეტიკული დომინაცია მიწიერ სამყაროში. სიტყვა ძლიერი, Liquides Imaginaires-ის ამავე სახელწოდების სუნამოს მსგავსად, მრავალნაირ ინტერპრეტაციას მოიაზრებს, მათ შორის კი ამ არომატს ყველაზე უკეთ მისადაგებულს – სენსუალურ, მარტივად შეუცნობელ და ბურუსით მოცულ ძლიერებას. იშვიათი ხის (გაიაკი, აგარი, კედარი, სანდალოზი, ამირისი), სანელებლებისა (ზაფრანა, კვლიავი) და მცენარეული სუნების (კვიპრიოლი, პაჩული, ვეტივერი) უნიკალური აგრეგატი, რომელიც დამთბარია კვამლით გაჯერებული ტკბილი ყვავილოვანი ნოტებით, სურნელს მომაჯადოებელ ძალას ანიჭებს. მუშკისა და ამბრის ცხოველური დანამატების ზეგავლენით სუნამო უნისექს ხასიათს იძენს. განუზომლად ღრმა, საგრძნობლად წონიანი და ფხვნილისებრი ტექსტურის მქონე Fortis, შთამბეჭდავად მრავალმხრივია, ვინაიდან მისი მომნუსხველი სიმდიდრე დაბალანსებულია ხილის მოფლირტავე ასპექტებით. შავი წყლის ჯადოსნობა ბნელ აზრებს ბადებს, ანდაც შთააგონებს მფლობელს განდევნოს წარსულის ‘დემონები’ და მომავალს გამძლეობითა და ძალით შეეგებოს. პარფიუმერიული კომპოზიცია წარმოსახვითი დანიშნულებით სულის აღორძინებას ემსახურება და საკუთარი თავის სხვა რაკურსით დანახვას, რომელიც ჩვენსავე ჩრდილში იმალება. Liquides Imaginaires-ის მისტიურ საკრალურობამდე ასული Fortis ისეთივე მშრალია, როგორც უძველესი ქვა და ისეთივე მხურვალე, როგორც ალმოკიდებული ხე. Fortis-ის სურნელი მის შემგრძნობს მოუთხრობს საუკუნოვან სიძლიერეზე, რომელთან თამაშიც სახიფათოა.


ექსცენტრული და გამბედავი დაძაბულობის მქონე დინამიკის სუნამო სპეციფიური გემოვნების მქონე ადამიანებზეა მორგებული, რამდენადაც ეს მიდგომა ფართო ხედით ნიშური პარფიუმერიის ამოსავალი წერტილია. თუმცა, მათთვის ვისაც ინტენსიური არომატები არ აშინებს და სუნამოს ენიგმატური, თანგამყოლი აურა დამაინტრიგებელია, აუცილებლად უნდა მოსინჯოს Fortis. საქართველოს მასშტაბით Liquides Imaginaires-ის კოლექცია წარმოდგენილია „ლარომ ბუტიკში“, აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top