ფედორა აკიმოვა – სამუდამოდ დაკარგული მშვენიერება

RIA KEBURIA FOUNDATION

15.07.2022

კაჭრეთის „ამბასადორში“ უკრაინელი არტისტის ფედორა აკიმოვას გამოფენა სახელად  Гомiн  გაიხსნა. ხელოვანს რია ქებურიას ფონდმა უმასპინძლა. მან თავისი უახლესი ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც შექმნილია მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე. ექსპოზიციაში ფედორა  გამოსახავს   თავის  ფლეშბექებს  ომიდან და ფრაგმენტული მეხსიერების გამოყენებით ქმნის სკულპტურას, ობიექტს და საუნდ ინსტალაციას.  ინტერვიუში ხელოვანი დეტალურად გვიყვება თავისი  გამოცდილების შესახებ და გვიზიარებს როგორ აისახა ყოველივე ეს მის ვიზუალურ ენაზე. 

რას ეძღვნება რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი გამოფენა და ნამუშევრები?

პროექტის მთავარი თემაა უკრაინაში მიმდინარე ომი. გამოფენის  სამივე ნაწილი გამოსახავს ყველა იმ გამოცდილებას რომელსაც აერთიანებს სიკვდილი, საკუთარი ქვეყნისა თუ  სახლის დავიწყება. ყოველივე ეს ნამუშევრებში განსახიერდება როგორც ფიზიკურად, ისე მეტაფორულად. ლენდ-არტ ობიექტი  „სამლოცველო” შექმნილია ავეჯის ნაწილებით, რომლებიც თავისმხრივ უკავშირდება „განადგურების არქიტექტურას” და იმას რაც ამ დესტრუქციის მიღმა არსებობს. მე ვაგროვებ ხის ავეჯის ფრაგმენტებს და ვცვლი მათ პირველყოფილ ფორმას, რათა ამ ტრანსფორმაციით, შევქმნა სწორედ ის განადგურების მონუმენტი რომელზეც ვისაუბრე. ამასთან ერთად, გალერეაში შეგიძლიათ ნახოთ განმეორებადი სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციები, ანუ სახლის მოდელის ყველაზე მარტივი იმიტაცია.  ეს განმეორებადობა თითქოს ცდება შენობის იდეას და საბოლოოდ უფრო ასოცირდება სამხედრო საფლავების დოკუმენტაციასთან, რომლებიც ასევე განმეორებადად, სწრაფად  ითხრებოდა. ჩემთვის ეს რიტმულობა შემზარავია და კვლავ მიესადაგება სიკვდილის გზაზე გავლილ გამოცდილებას.  გამოფენაზე წარმოდგენილია რედიმეიდ შუშის ობიექტები ირპინის მიმდებარე სოფლიდან.  ნივთები, რომლებსაც ფლობდა ადგილობრივი მოსახლეობა, არის დამდნარი, ომმა ისინი გაანადგურა, მათი ახლანდელი სახე მოკლებულია თავდაპირველ ფუნქციებს და ახლა უბრალოდ უკავშირდება იმ ადამიანების ბედს, ამბავს, რომელთა სახლები სამუდამოდ თავიანთ სამარხებად იქცა.

სიტყვა  Гомiн  უკრაინულად ნიშნავს ხმაურს, გუგუნს. თუ შეგიძლიათ, რომ გვესაუბროთ რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს სათაური გამოფენისთვის?

ეს სიტყვა უკავშირდება ომის  სიჩუმეს, რომელიც ადამიანში აღძრავს ყველაზე საზარელ განცდებს და კიდევ უფრო მძაფრად ანახებს მის გარემომცველ რეალობას. საჰაერო  რეიდების, აფეთქებების, ტირილისა თუ ყვირილის ხმა-ყველაფერი ეს ერთიანდება Гомiн-ში და მსგავს შემზარავ ხმებსაც კი ქიმერებად აქცევს. Შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვა გამოსახავს „სიჩუმის ხმაურსაც”. როდესაც ადამიანები კვდებიან, რჩება მხოლოდ ეს სიჩუმე, რომელიც თითქოს ყველა სხვა ხმასთან შედარებით უფრო გამანადგურებელია.

როგორ გადმოცემთ ომის ნარატივს  ხელოვნების საშუალებით ამჟამინდელ გამოფენაში?

24 თებერვლის შემდეგ, ომის რეალობამ სრულიად მოიცვა ჩემი ქვეცნობიერი და შეუძლებელი იყო, რომ ხელოვნება ამ ყველაფრისგან გამემიჯნა. საბოლოოდ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ რეზიდენციის ფარგლებში შესრულებული გამოფენა მხოლოდ ომზე თუ იქნებოდა. დღესდღეობით, როგორც არტისტს, მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმაზე რაც მაწუხებს. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ სამყარო რადიკალურად შეიცვალა და ვფიქრობ უნდა შეიცვალოს ჩემი მხატვრული ენაც, სწორედ ამას ვცდილობ  ბოლო პროექტშიც.

საინტერესოა,  რომ საკმაოდ ხშირად იყენებთ ავეჯის ფრაგმენტებს ობიექტების შესაქმნელად, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა ამ მასალას და როგორ უკავშირდება ი თქვენ ვიზუალურ ენას?

მე ხშირად გამომიყენებია ყოველდღიური მოხმარების ნივთები ჩემს ნამუშევრებში. ეს არის ერთგვარი ხერხი გამოვსახო წარსულის ფრაგმენტები, თუმცა, ამ კონტექსტში ჩემი ვიზუალური ენა კიდევ უფრო პირდაპირია. კვლავ ვსაუბრობ განადგურებულ საცხოვრებლებზე,  შემორჩენილ რუინებზე და ომის მიერ გამოწვეულ დექონსტრუქციაზე.

გამოფენა ასახავს  თქვენ მოგენებებს – ფლეშბექებს ომიდან, თუმცა ამავდროულად ატმოსფერო მშვიდია , თითქოს წარმოდგენილია დროში გაჩერებული ეპიზოდები, განწყობა საკმაოდ განსხვავდება ომის ქაოტურობისგან, რას ეხმიანება მსგავსი ექსპოზიცია ამ გამოფენაში? 

ისაუბრო ომზე ხელოვნების საშუალებით რთულია, მაგრამ აუცილებელი. Მიუხედავად ამისა, მე ვარ არტისტი და არა აქტივისტი ან პოლიტიკოსი. ჩემი მიზანი არ არის ვიყო ზედმეტად პირდაპირი. როგორც არტისტს მაქვს თავისუფლება ავირჩიო განსხვავებული მეთოდი. ვფიქრობ, ჩემს ვიზუალურ ენას შეუძლია იყოს  იმდენადვე ინტენსიური და მეტყველი როგორც საპროტესტო გამოსვლები, საჯარო განცხადებები, რადგან ეს ექსპოზიცია გაძლევს საშუალებას განიცადო უკრაინელი ხალხის ტკივილი არამხოლოდ განცხადების სახით.

რამდენიმე ნამუშევარში თქვენ იყენებთ ხატის ტრადიციულ ფორმას, რომლებიც წარმოადგენს პორტალების სიმბოლოებს. რასთან აკავშირებს ეს პორტალები ადამიანს და ეხმაურება თუ არა ისინი ომისგან თავის დაღწევას?

მე-19 საუკუნის ხატის ელემენტები გამოსახავენ  სიწმინდისა და საკრალურის არ არსებობას ომის დროს. ეს არ არის ომისგან თავის დაღწევის სიმბოლო, თუმცა ხატის ჩარჩოებში ტყვიის ნახვრეტები და დაზიანებები მეტაფორულად გამოსახავს, რომ არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა იმისგან, რაც მოხდა რუსეთსა და უკრაინას შორის.

გამოფენის ერთ-ერთი ნაწილია საუნდ ინსტალაცია, თუ შეგიძლიათ რომ გვიამბოთ როგორ შეიქმნა საუნდი და რატომ მიმართეთ ხელოვნების ამ მედიუმს ?

როდესაც განვიხილეთ კომპოზიციის იდეა მუსიკოს და საუნდ დიზაინერ გუგა ყველაშვილთან ერთად, ვიფიქრეთ რომ სიჩუმესთან ერთად უნდა წარმოგვეჩინა მისი სიფაქიზეც, რომლის დარღვევა მარტივია.  ომის კონტექსტში კი ეს სიმარტივე ხდება გამანადგურებელი და სასიკვდილო.  საუნდი არის რეალური ხმების გაერთიანება, რემინისცენცია რაღაც მშვენიერის რაც დაიკარგა სამუდამოდ და ამავდროულად ხალხის ყვირილის, აფეთქებების და გაძევების.

იყო თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი ექსპოზიციის საქართველოში გაკეთება?

ვფიქრობ, გამოფენის საქართველოში გაკეთება მნიშვნელოვანი იყო 1992-93 და 2008 წლებში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, თანამედროვე ხელოვნებაში პოსტ-კოლონიალიზმის თემა უფრო ხშირად უნდა იქნას განხილული იქნება ეს საქართველო თუ მსოფლიოს სხვა ნაწილი.

თინა ჯანიაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top