ETAT LIBRE D’ORANGE – YOU OR SOMEONE LIKE YOU

30.07.2022

ლოს ანჯელესი. აქ, ანგელოზების ქალაქში, ფანტაზია მეფობს.

ჯეკ კერუაკი, რომანში გზაზე, წერდა: „ლოს ანჯელესი ყველაზე მარტოსული და სასტიკია ამერიკის ქალაქებს შორის.“ ესაა ქალაქი, რომელსაც ვუდი ალენის პერსონაჟი ახასიათებს ენი ჰოლში, როგორც ქალაქს სადაც „ერთადერთი კულტურული პრივილეგია წითელ შუქზე მარჯვნივ გახვევის უფლებაა.“

მაგრამ მეოცნებენი არ წყვეტენ აქ მოსვლას, მზისა და შესაძლებლობებისთვის, მხარეში, სადაც იმედი მარადიულად ჩქეფს. რასაც არ უნდა ეძებდნენ – ბედნიერებას, სიყვარულს, ფულს, წარმატებას – ცდუნებები უფრო და უფრო ღრმად ექაჩებათ ამ ბეტონის სამოთხეში.

Chandler Burr და Etienne de Swardt – სურნელოვანი თანამშრომლობა

აქვს კი ლოს ანჯელესს სურნელი? შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა ჩენდლერ ბარი იცნობს ლოს ანჯელესს და ასევე ის იცნობს პარფიუმერიას;  ამიტომ გადაწყდა მასთან ერთად შექმნილიყო სუნამო, რომელსაც ლოს ანჯელესელი ქალბატონი მოირგებდა და მას ჩენდლერის რომანის სახელწოდება მიეცა, რომლის მოქმედებაც ლოს ანჯელესში ვითარდება.

„რამდენიმე წლის წინ დავწერე რომანი სახელწოდებით შენ ან ვინმე შენნაირი, რომლის მოქმედებაც ლოს ანჯელესში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი ქალია, ენ როზენბაუმი, რომელიც ჰოლივუდ ჰილსში ცხოვრობს თავის კინოპროდიუსერ მეუღლესთან, ჰოვარდთან ერთად. როგორც სახლების უმეტესობა ჰოლივუდის ფანტასტიკურ მრუდეებსა და კანიონებში, მათი სახლიც ლოს ანჯელესის ცენტრალური ნაწილის ცათამბჯენებს და 101-ე გზატკეცილის ბეტონის მწკრივს გადაჰყურებს, ვილშირსა და რობერტსონს, Century City-ს მინის ნაგებობებს, და, მოწმენდილ დღეებში, 405-ე გზატკეცილის გადაღმა მოჩანს სანტა მონიკა და მშვიდი, ლურჯი ოკეანე. და ყოველთვის პალმები, ლოს ანჯელესში მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ ჩამოიტანეს და დარგეს. „ზუსტად ჩემსავით, შემოტანილი,“ შენიშნავს ენი, „და ახლა უკვე ადგილობრივი.“ ენი ინგლისელია, დაბადებული ჰამერსმითში, ლონდონში.

 „ეს სურნელი ძალიან თავისებურია. როდესაც ეტიენ დე სვარტმა ჩემი რომანის სახელწოდების მატარებელი პარფიუმერული პროდუქტის კრეატიული დირექტორობა შემომთავაზა, ჩემს პარფიუმერს, კაროლინ საბასს ვუთხარი, რომ ვქმნიდით სუნამოს, რომელსაც ენი იხმარდა. ენი, აგრეთვე, ძალიან თავისებურია. ინგლისური, სუსხიანი ხასიათისა, ის შემოსილია, თუმც ხელუხლებელი, ვერცხლისფერი, მატერიალისტური კინო ინდუსტრიის სამყაროს მიერ, წიგნიერი, გარე სამყაროს ოდნავ მოწყვეტილი.

შენ ან ვინმე შენნაირი არაა „ლოს ანჯელესის სურნელი“ ან „ჰოლივუდ ჰილსის სუნის მოხელთება“. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ამგვარი ოლფაქტორული სინეკდოქეს შექმნა. ჩვენ შევქმენით სუნამო, რომელიც სტილისტიკურად და ტექნიკური აგებულებით, შეესაბამება სურნელს, რომელსაც, ჩემი წარმოდგენით, მოიხმარდა ლოს ანჯელესელი ქალი. კეროლაინი და მე ამას შექმნის პროცესის ყოველ ნაბიჯზე განვიხილავდით. ეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ქმნილებაა.“

შენ ან ვინმე შენნაირი  – კეთილგანწყობილი სუნამოა, არც უცნაური, არც შემაცბუნებელი. ის თანამედროვე ქმნილებაა, შექმნილი მარადიული მასალებისგან. ის ლოს ანჯელესის ქალებს წარმოადგენს – ვინმე ენ როზენბაუმის მსგავსს: ცივი და სუსხიანი; ერთ დროს უცხო, მაგრამ ახლა ადგილობრივი; გადაშვებული ჰოლივუდის ვერცხლისფერი ეკრანის სიზმრებში, მაგრამ ხელუხლებელი მისი მატერიალისტური მექანიკისგან. ენი ნუგეშს პოულობს ლიტერატურასა და საკუთარი სახლის ბაღში, რომელიც ჩაბუდებულია მთებში, საიდანაც ლოს ანჯელესის ცენტრალური ნაწილი მოჩანს.

როგორიც არ უნდა იყო – ჭკვიანი ან გულუბრყვილო, უმანკო ან დახვეწილი, სექსუალური ან უბიწო, ტანმოსული ან გამხდარი, მაღალი/დაბალი, ტკბილი/სახიფათო; შეიძლება იყო ქერა, შავგვრემანი, წითური, მელოტი, ან პირველადი ფერების საინტერესო ნაზავით თმაგაწყობილი – მაგრამ, ვინც არ უნდა იყო, გჭირდება სუნამო, შექმნილი შენთვის (ან ვინმე შენნაირისთვის)

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top