10.07.2022
მჭიდროდ დასახლებულ ცოცხალ ქალაქში, სადაც ადამიანები საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურისა და ბეტონის ჯუნგლების შუაგულში ცხოვრობენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა სწორედ მოკრძალებული ყვავილების თუ კოქტეილის ჭიქის მოშაქრული პირის მომაგონებელ სურნელს ატარებს. დიდხანს მეგონა, რომ სპილენძის არომატით გაჯერებული მატარებლის სადგურზე მონაქროლი ჟან პოლ გოტიეს Le Male იყო ყნოსვითი პოეზიის და გრძნობითი ირონიის მაქსიმუმი, სანამ პირველად ვიგემე Etat Libre d’Orange-ის ერთ-ერთი სუნამო და უკან აღარც მომიხედავს. თბილისის მასშტაბით ამ ეპატაჟური, თუმცა ელეგანტური ბრენდის, Etat Libre d’Orange-ის, სრული კოლექცია უკვე დიდი ხანია პარფიუმერიის წამყვან ქსელურ მაღაზია „ლარომ ბუტიკ“-შია განთავსებული. აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში მდებარე ბუტიკში წარმოდგენილი რამდენიმე პარფიუმერული სახლის ისტორია უკვე გაგაცანით; ამჟამად, პატივი გვაქვს თავად „ფორთოხლის თავისუფალი სახელმწიფო“-ს დამფუძნებლის, ეტიენ დე სვარდის (Etienne de Swardt), ინტერვიუ გაგაცნოთ, სადაც ამ პარფიუმერული სახლის ყველა თაყვანისმცემლისთვის საინტერესო სიახლეებს გვიზიარებს.
თქვენ იქამდე შეუერთდით საპარფიუმერიო სამყაროს, სანამ ბრენდის დებიუტი შედგებოდა კონცეპტუალურად პანკი მანიფესტით: „პარფიუმერია მკვდარია, გაუმარჯოს პარფიუმს!“. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?
უნდა ვაღიარო, რომ 2006 წელს ვიყავი ახალგაზრდა და კადნიერი; შევქმენი პარფიუმერული სააგენტო იმის საბაბად, რომ კონცეფციები მეწერა და გამესაჯაროებინა; მაგრამ მაინც, ჩემი კარიერა პარფიუმერიის სამყაროს დავუკავშირე. 21-ე საუკუნის ადრეული დღეებიდანვე უმსხვილეს პარფიუმერულ ბრენდებს აქვთ მოთხოვნილება, რომ მათი პროდუქტები იყოს ერთხმად აღიარებული, აღწევდეს ფართო პოპულარობას.
მე გადავურჩი კონსიუმერიზმს, მოწმე (და მონაწილე) გავხდი სილამაზის ინდუსტრიის რღვევის და ატროფიის. Etat Libre d’Orange არის ჩემეული რეაბილიტაცია, მცდელობა განვიწმინდო. ცხოვრებით გადამწვარი, ვგულისხმობ ადამიანურ კომედიას, მთელი თავისი პერვერსიით და დამახინჯებით. მე ვაკეთებ სუნამოს, როგორც სასოწარკვეთილების ანტიდოტს, საბაბს, რომ გავაგრძელო სვლა „ნაკლებად გაკვალულ“ გზაზე.
ვარ „თარგმანში დაკარგული”, ეს ძალიან კარგი სათაურია, გმადლობთ მისის კოპოლა, მე აღმოვჩნდი სადღაც პარფიუმერებსა და მთხრობელებს შორის; ესაა ის, ვინც მე ვარ, სიტყვებით და ინგრედიენტებით მოთამაშე.
ნიშური სუნამოების ინდუსტრიაში ყველა გამუდმებით კრეატიულ თავისუფლებაზე და მეინსტრიმის მიერ დაწესებული საზღვრებისგან თავის დაღწევაზე საუბრობს, მაგრამ თუ ამ განაცხადს ჩავუღრმავდებით, რამდენად შორს სურთ ბრენდებს „შეტოპვა“?! გარდა თანდაყოლილი ურჩი ხასიათისა, რა ნაბიჯები გადადგით უდრეკად თავდაჯერებული მდგომარეობის მისაღწევად?
ირონია და საბოტაჟი არის ჩემი ორი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ცხოვრების გზაზე მიძღვება. მათ მომცეს ეს თავდაჯერებულობა, რომ გამომეცადა საზღვრები, გამერღვია და გამექრო ისინი პანიკის მორევში. აქამდე ცნობილი საუკეთესო საშუალება შემოქმედების გამოსაკვებად. Etat Libre d’Orange-ის თითოეული სუნამოს საფუძველი პოეზიაა. პოეზია, როგორც საუკეთესო გამოსასყიდი ჩვენი ფუჭი ამაოების საზღაურად.
ბრენდის შექმნის დღიდან მოყოლებული, თქვენი რელევანტურობა ამ ინდუსტრიაში უწყვეტად შენარჩუნებულია; როგორ აგრძელებთ სისტემის „ჭკუით დაჯაბნას“ და იმის ამოცნობას, რისთვის არის მზად ახალი ეპოქის მომხმარებელი?
სინამდვილეში მე მეოცე საუკუნის შვილი ვარ და ამ გასული საუკუნის გადმონაშთად დავრჩები! და ალბათ იცით, რომ მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ არაფერი შეცვლილა; ზუსტად იგივე ამაოების ბაზარი ატრიალებს დედამიწას და მე ეს მომწონს. ჩვენ მხოლოდ სიმსუბუქე დაგვიხსნის და ეს საშინლად კარგია. „ჯერ არ ნაეჭვი“ არის ჩემი მარადიული მანტრა ნებისმიერი ახალი სუნამოს შექმნისას.
თქვენს სურნელოვან შემოქმედებაში, რომელიც 30-ზე მეტ სუნამოს მოითვლის, თქვენ იყენებთ ანდერგრაუნდ და პოპ კულტურის, ბალეტის, ფილოსოფიის, ნარჩენების, სეკრეციისა და აპოკალიფსის ერთმანეთისგან დაცილებულ მოტივებს. მიუხედავად ამისა, Etat Libre d’Orange-ის ყველა მაცდუნებელი „წვენი“ ამ ნარატივებს თარგმნის მკაფიოდ გამოხატულ გრილ, ვნებიან არომატებში, რომელიც ქუჩებში უკიდურესი ანტი-სტილით დაძრწიან. როგორ ახერხებთ ლტოლვის ამ ჟინის ჩაწვეთებას ნებისმიერ ნივთიერებაში?
ჩვენ მართლაც შევეხეთ ბევრ განსხვავებულ თემას, მაგრამ ახალი შთაგონებები სულ გვეწვევიან. სუნამოს მოყვარულები გახდნენ უფრო ჩახედულები და სხარტები. Etat Libre d’Orange მათ რისკიანობით პასუხობს, ასევე, ბრწყინვალე პარფიუმერებთან თანამშრომლობით და მაღალი სუნამოს ინდუსტრიისთვის სახასიათო ფასისმიერი შეუზღუდაობით. Etat Libre d’Orange არის ენერგიული საპარფიუმერიო, რომელიც არყევს ცრურწმენებს და აქეზებს ორაზროვნებას. ჩვენ ვქმნით სითხეებს, რომლებიც შედგენილია პირველი კლასის, ცოცხალი ნივთიერებებისგან, რომლებიც კანს ერწყმის, და შესაბამისად, ისინი შეიძლება მხოლოდ იმ ინდივიდს ეკუთვნოდეს, ვინც მათ ატარებს. ისინი შექმნილია შეზღუდვისა და კომპრომისის გარეშე, მაგრამ შენარჩუნებულია ელეგანტურობა. და რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო იარაღი არის ცდუნება.
რა არის რეცეპტი ისეთი რაიმის შესაქმნელად, რაც სცდება სილამაზის ნორმების (ან მათი გარღვევის) სფეროს, რაც დელიკატურად ელეგანტურია და თან ნედლი?
Etat Libre d’Orange-ში კონცეფციებთან მიმართებაში ვიყენებთ ირონიას და პროვოკაციას, სუნამოებთან მიმართებაში კი ელეგანტურობას. ჩვენ ვაძლევთ პარფიუმერებს შემოქმედებით თავისუფლებას უჩვეულო და აღსანიშნავი სურნელების წარმოებისთვის. თავისუფლება,რომ შექმნა, გიყვარდეს ან უყვარდეთ – ეს არის ჩვენი რეცეპტი.
თითოეული კონცეფცია უნიკალურია და მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა მხატვრული ფორმის ისტორიასთან. როგორია კონცეფციის შემუშავების პროცესი და როგორ წყვეტთ ვისთან ითანამშრომლოთ?
ჩაკრები ღიაა ყველა სახის შეჯახებისთვის; იქ სადაც სილამაზეში უცნაურობაა, უცნაურობაში სილამაზეა. Etat Libre d’Orange-თან კოლაბორაციისთვის ერთადერთი მოთხოვნაა: იყოთ რომანტიკოსი და უფრო ზუსტად, ბნელი რომანტიკოსი; მარკიზ დე სადიდან (Attaquer le Soleil) დაწყებული, ხორცის ჭეშმარიტ ეროტიკულ ძალამდე Tom of Finland-ში, ჩვენ გვიყვარს დაცემული ანგელოზები, დედამიწაზე გამოგზავნილი მსოფლიოს გადასარჩენად.
თქვენ მუშაობთ მთელ რიგ საუკეთესო პარფიუმერებთან, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული ხედვით და უბადლო ოსტატობით მისაღები გახადონ ყველაზე არასასიამოვნო სურნელიც. ოდესმე თუ წარუდგენიათ თქვენთვის ისეთი ფორმულა, რომელიც სატარებლად აუტანელია?
თქვენ შედიხართ დანაშაულის ჩადენის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია როგორც Sécrétions Magnifiques; ბოთლში, სადაც განზიდვა და მიზიდულობა ერთმანეთს ერწყმის. ზოგი ამბობს, რომ მისი ტარება წარმოუდგენელია, ხოლო სხვები მათ კანზე წარმოქმილ აჟიოტაჟს აფასებენ.
დღეს ჩვენი გეზი შეცვლილია, უხეში ფორმულის ნაცვლად ვეძებთ ორიგინალურ და ახლადაღმოჩენილ ინგრედიენტებს. ეკლექტიკა არის ჩვენი დნმ-ის ძირეული ელემენტი, ჩვენ ვართ უსაზღვრო და მრავალშრიანი, მუდმივი მოთხოვნილებით შევამკოთ ინგრედიენტები და დავაკავშიროთ ისინი ოქსიმორონის ტაქტიკით: The Ghost in the Shell. ტრანსჰუმანიზმის სურნელი, წარსულისა და მომავლის გაერთიანება, ბიოტექნოლოგიურისა და ბუნებრივის, და რა თქმა უნდა უტოპიისა და დისტოპიის; კიბერპანკთან სამუდამოდ ვალში ვართ. The Ghost in the Shell არის სუნამო, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანურ პარადოქსს.
რომ შეგეძლოთ ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ ერთი Etat Libre d’Orange-ის სუნამო ატაროთ, რომელს აირჩევდით?
ერთადერთი და განუმეორებელი: Hermann A Mes Cotes Me Paraissait Une Ombre. მე პოეზიაში დავიბადე და ვიქტორ ჰიუგო ჩემთვის ერთადერთი დიადი ოსტატია. ეს სურნელი შეიცავს მშვენიერ შიპრს, პიკანტურ შიპრს, რომელიც წვიმიან ტყეში გასეირნებას გვაგონებს. ყველაფერი პოეზიაზეა!
[ასევე, გამოვარჩევდი ეშმაკურ სასხურებელს Les Fleurs du Déchet – I am Trash და Experimentum Crucis-ს, სადაც გრავიტაციის უნივერსალურ კანონზე ვაშლის ნაცვლად ვარდი საუბრობს.]ბრენდის ფილოსოფიაში გართობის ასპექტის და იუმორის მნიშვნელობა აშკარად ვლინდება ამტაც სათაურებში, რომლებიც ისედაც გაბედულ სუნამოებს დამატებით შრეს სძენენ ჭვრეტითი მინიშნებების და გამჭრიახობის. ამის საპირისპიროდ, 2014 წელს გამოეცით წმინდა ტიპის ოდეკოლონი, სახელად Cologne, რამაც გააჩინა წინასწარი ეჭვები ბრენდის დნმ-ის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. 2022 წლის მდგომარეობით, რა გეზი უჭირავს Etat Libre d’Orange-ს?
წარსული ჩემთვის ერთადერთი მომავალია. ჩვენ განვაგრძობთ ჭიდილს გამოწვევებთან, მივდივართ წინ და სტანდარტებს მიღმა, ხელახლა ვიგონებთ ისტორიებს, რომლებიც კანზე ცხოვრობენ.
ახლა კი ვიმუშავებდი მასთან, ვინც ჯერ არც კი დაბადებულა, აი მაშინ გავხდებოდით პარფიუმერიის მომავალი. ჩვენ ყოველთვის სავსე ვართ სიურპრიზებით, ასე რომ გირჩევთ თვალი გვადევნოთ!
გვანცა ჯგუშია