09.08.2024
ბოლო პერიოდში მის შემოქმედებაში პერსონაჟი „ეკემენი“ გაჩნდა და ამ ხაზით რამდენიმე ფიგურა შექმნა. მათი კიდურები ჩვენი ყოველდღიური პრობლემებით და დარდით არის დამძიმებული. ერთი შეხედვით, კორპუსი ზარმაცი, მოშვებული და მოდუნებულია, კონფიგურაციაში მოთენთილობა მძლავრობს, მაგრამ ამავდროულად ის მაინც არასტატიკურია, არ ეშვება, მოძრაობს, დარბის, ცდილობს სამყაროს აჩქარებულ რიტმს არ ჩამორჩეს და მუდმივ რეჟიმში უწევს ბრძოლა ყველა ადამიანურ ტკივილთან. „ეკემენის“ პერსონაჟში საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ შეიძლება ამ თეთრ-ვერცხლისფერ ფერებში გადაწყვეტილ ფიგურასთან მსგავსება, თითოეულმა ჩვენგანმაც დაინახოს. სილუეტში თავის ამოცნობას ქანდაკების მასალაც ამარტივებს, რომელშიც ადამიანის ანარეკლი ისე ჩანს, როგორც სარკეში, ან დაწმენდილი ტბის ზედაპირზე…
ერეკლე წულაძე (მოქანდაკე): ჩემს დღევანდელ ხელოვნებას ყველანაირი დეტალიზაცია მოვაშორე. „ეკემენიც“ ასეთია, ყოველგვარი დანამატებისა და შელამაზების გარეშე. „ეკემენი“ მე ვარ, მთელი ჩემი დრამატურგიით, წარსულით თუ აწმყოთი…თითოეული ჩვენგანი, ყოველ მორიგ დღეს ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ. თბილისში ჩემთვის ძვირფასი ადგილი ლისის ტბაა. გარკვეული პერიოდი იქ ერთ-ერთ კაფეში ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი. „ეკემენის“ პირველი მონახაზები მაშინ გავაკეთე. 3-4 დღეში განვავრცე და ბოლოს ვიფიქრე, რომ სწორ გზაზე ვიდექი. „ეკემენის“ ფიგურის სარკისებრი თავები ერთგვარი ალეგორიაა და ის გარშემო ყველაფერს ირეკლავს. ამ ჭრელ სამყაროში იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ზოგჯერ ყველაფრის ბოლომდე გააზრება და გაანალიზება ჭირს.
ამასწინათ, ძაღლს ვასეირნებდი, მშვენიერი ამინდი იყო, სიმშვიდე, სიგრილე და უცბად ჩვენს თვალწინ, მინდვრის თაგვი კატამ გადაყლაპა. ამ სურათმა ძალიან დამაფიქრა, თუ როგორ ძალ-მომრეობაზეა სამყარო დამყარებული. ადამიანები ვცდილობთ სამყარო გავაკეთილშობილოთ და საამისოდ ათასგვარ მექანიზმს ვიგონებთ, მაგრამ მას თავის წესები აქვს და არის რაღაც, რასაც ვერ ვერევით…
რა არის ყველაზე დიდი სირთულე და რა გაწუხებს ყველაზე მეტად?
ჩემი ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როცა გავაცნობიერე, თუ რა არის სიკვდილი.
სულ ვამბობ ხოლმე, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ოცნებებით სავსე ქვიშა ხელის გულზე მეყარა, მერე მუჭი შევკარი და მთელი ძალით ვუჭერდი რომ არ დაფანტულიყო, მაგრამ ქვიშა გზას, მცირე ხვრელებს მაინც პოულობს და თითებს შორის ნელ-ნელა იბნევა. ასეთი რამ დამემართა, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები ხელიდან გამომეცალა. ეს ჩემს ქანდაკებებზეც აისახა, ყველაფერი მოვაშორე და დარჩა ის, რაც დარჩა… XX საუკუნე განსაკუთრებით მომწონს თავის არტისტებით, ხელოვნების მიმდინარეობებით, თავისუფლებით და ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩემი ეპოქა; მგონია, რომ ამ საუკუნეს გვიან „მივუტრიალდი“ და თვალი ცოტა მოგვიანებით გავუსწორე.
ვფიქრობ, ერთი ნაბიჯით წინსწრებითაც კი შეიქმნა ის ნამუშევრები, რაც უკვე ცნობილია და რაც უკვე დადგმულია, საქართველოს დედაქალაქში, ინტერიერში, ექსტერიერში, თუ სხვა ქვეყნებში…
(პ.ს. თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას თვალს გადავავლებთ, ერეკლე წულაძე ყველაზე ახალგაზრდა მოქანდაკეა, რომლის ქანდაკებაც საქართველოში დაიდგა. 25 წლის იყო, როცა საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მისი ბრინჯაოში ჩამოსხმული კომპოზიცია „მე, შენ და ბათუმი“ გაიხსნა. პიონერია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის პირველია, ვინც საქართველოში, სარკისებრი უჟანგავი ფოლადის ქანდაკებები დადგა. ნოვატორია მეორე თვალსაზრისითაც: უცხოა ის ტექნოლოგიაც, რომლითაც ის ბოლო წლებია მუშაობს და ესაა: უჟანგავი ფოლადი, შუშა, ბროლი, ქრომირებული თითბერი, ბუნებრივი კვარცი და ა.შ.).
ჩემი „დედა ენა“ და „აი ია“ – ჩვენი მოქანდაკეები: მერაბ ბერძენიშვილი, ელგუჯა ამაშუკელი, გოგი ოჩიაური არიან… მათ შემოქმედებაზე გავიზარდე და რომ მკითხო რომელია შენი საყვარელი ქანდაკება, ნიმუშებს მათი შემოქმედებიდან დავასახელებ. თუკი რამ მისწავლია, ვფიქრობ, მათ ხელოვნებაზე დაყრდნობით. როცა აკადემიურ ენაზე იცი, რა არის ქანდაკება, ხვდები სად გადის ზღვარი და როგორც კი კონკრეტული საზღვრიდან გადაუხვევ, ის თავის სპეციფიკას მაშინვე დაკარგავს. ჩვენი მიმართულება ფორმის ხელოვნებაა, სათქმელს ვერ გამოხატავ, თუ ფორმა არ არის დამაკმაყოფილებელი. ქანდაკებაში უნდა იგრძნობოდეს შინაგანი სტრუქტურა, მოცულობა, ის ყოველი მხრიდან უნდა „იმზირებოდეს“ და დელიკატურად უნდა იყოს კავშირში თავის შინაარსთან. რაც წლები მემატება, უფრო ვხვდები, რომ ეს ის საქმეა, რომელიც მცირე შეცდომასაც არ გაპატიებს.
მარტივ მაგალითებს გეტყვი: გაჩუქეს გიტარა, შინაგანად გემღერება, ან რაღაც ნაწარმოები არ გასვენებს და გინდა დაუკრა, მაგრამ თუ ნოტები არ იცი, ამას ვერ შეძლებ. ან გაქვს მიწა, სამშენებლო მასალაც, გინდა სახლი ააგო, მაგრამ თუ საძირკვლის ჩასხმა არ იცი, ვერც ამას მოახერხებ. ცოდნას დიდი ძალა აქვს და ის კიდევ უფრო გეხმარება იმაში, რომ სულ მეტი და მეტი აითვისო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ადამიანები ვინც დავასახელე და შემდეგ უკვე მსოფლიო ქანდაკების ისტორიის წარმომადგენლები, დამეხმარნენ იმაში რომ გამეგო, თუ როგორ დამეკრა გიტარაზე, ან როგორ დამეწყო სახლის შენება. მე დღევანდელი დროის ადამიანი ვარ და თავში მოსულ იმპულსებს ჩემებურად გადმოვცემ. „ეკემენის“ კონცეფციაც ასე მაქვს ჩაფიქრებული. ეს უნდა იყოს მექანიზებული ქანდაკება. შევქმნი ალგორითმს, რომლის შედეგად შეიქმნება აპლიკაცია, რითაც ამა თუ იმ საჯარო სივრცეში მდგარ ქანდაკებაზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუთითოს ესა თუ ის ფუნქცია და ის აპლიკაციის მიხედვით იმოქმედებს. მაგალითად, ერთი სკვერიდან მეორეში გადაადგილდეს, სხვადასხვა მოძრაობა გააკეთოს. ძეგლების სტატიკური მდგომარეობა ჩემთვის უპერსპექტივოა და ამიტომ მინდა ის იყოს მექანიკური, მეტად ინტერაქციული; ფუნქციურად დატვირთული და ჩემი პროექტის მიზანიც სწორედ ესაა, რომ სამომავლოდ „ეკემენს“ სიცოცხლე შევძინო. ინტერიერში იქნება ეს, თუ ექსტერიერში, აპლიკაციის მიხედვით ყველა ადამიანი შეძლებს, ქანდაკება მისთვის სასურველი ქმედებით დატვირთოს. რაც შეეხება მექანიზმს, თანამედროვე ტექნოლოგიით იქნება აწყობილი. ტექნიკურად ეს შესაძლებელია და ახლა ჩემი მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ესაა, რომ შევქმნა თანამედროვე, მექანიზებული, მოძრავი ქანდაკებები… მაგრამ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ მე არ ვარ ის კაცი, რომელიც რაღაცეებზეა მიჯაჭვული, შეწირული და ამ შემთხვევაში ჩემ საქმეს ვგულისხმობ. შეიძლება ერთ დღესაც მის უდიდებულესობა ქანდაკებას მივუტრიალდე, ხელი დავუქნიო და დავემშვიდობო.
რა სფეროში გინდა გადაინაცვლო, რა გინდა აკეთო?
შეიძლება ძალიან მაგარი მებაღე ან მეურნე აღმოვჩნდე. ამქვეყნად ერთხელ მოდიხარ და ვფიქრობ, რომ დრო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ შენ თავს უნდა მოახმარო, შენ თავთან იყო კომფორტში. მეტიც, ის ქანდაკებები რომელიც აქამდე დავდგი, ნაკლებად მომწონს. შეიძლება პარადოქსულია, მაგრამ ასეა. პროფესიონალური თვალსაზრისით ქანდაკებები სტილისტურად გამართულია, მაგრამ ეს განცდა რატომ დამეუფლა, არ ვიცი. ადრე უფრო გიზგიზებდა ცეცხლი, ახლა ნაკვერჩხალია. ერთადერთი ნამუშევარი, რომლითაც ვამაყობ და მომწონს, ეს არის ჩემი ოთხმეტრიანი ქანდაკება „ჩვენ, ერთად“.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ინტერიერში თუ ექსტერიერში, შენი რამდენიმე ქანდაკება დგას. მსოფლიო მასშტაბით რომ გადავხედოთ, კიდევ სად ხედავ შენი ქანდაკებების ადგილს? როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად შენი სტილი რომელ ქალაქებს მოუხდება?
სიამოვნებით დავდგამდი ჩემს ნამუშევრებს ნიუ-იორკში, ტოკიოში, დუბაიში, იერუსალიმში, ბარსელონაში… პალაცო ვეკიოზე სამი დღით, ან ერთი კვირით დავდგამდი, რადგან მეტს ვერ გავბედავდი; პარიზშიც გავრისკავდი (იღიმის). სიამოვნებით დავდგამდი ქანდაკებას სადმე უდაბნოში, წყალში, ან ბრიტანეთის ნისლიან ტყეებში.
დღემდე ბავშვობის მეგობრებთან ერთად ვერთობი. უცხო გარემოში დიდხანს ყოფნა არ მიყვარს და არც უცნობ ადამიანებთან შევდივარ კონტაქტში მარტივად. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, გამიჭირდება თქმა, ის თუ როგორი ქალაქია, მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქალაქში ვეძებ როგორც ხალხმრავლობას, ისე სიმყუდროვეს. ნიუ-იორკი ჩემთვის სწორედ ასეთი ქალაქია, ფერადი, ფერწერული და ამავდროულად ძალიან მშვიდი და მყუდრო. მსგავსი თვისება ბარსელონასაც აღმოვუჩინე, მიყვარს რომი, ბერლინი, სტამბული, მაგრამ თუ რომელიმე პირველ ადგილას უნდა დავასახელო, ეს ნიუ-იორკია.
„ეკემენის“ პარკს, დიდი მეტალის ქანდაკებებით, სიამოვნებით გავაკეთებდი მთებში, სადაც მზის გულზე და ცის ფონზე, თეთრი ფერის მასიური „ტიპები“ იდგებოდნენ. მაგრამ ეს ოცნებებია. ერთადერთი ბავშვობის ოცნება, რომელიც ამიხდა ისაა, რომ 2022 წელს, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიყვარს ფეხბურთის თამაშიც და ყურებაც.
ახლა და ამ ეტაპზე, თუ არის დღეები, კვირები, როცა არც ჩანახატს აკეთებ და არც სამუშაო სივრცეს უახლოვდები? რა პერიოდია შენთვის კომფორტული და როდის გრძნობ თავს ყველაზე მშვიდად?
ხდება, რომ დღეები გადის და ჩემი საქმის მხრივ არაფერს ვაკეთებ. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პერიოდი, მაგრამ ასეთი დრო ცოტაა. ვუყურებ ფილმებს, ისტორიულ სერიალებს და ვკითხულობ. დღის განმავლობაში ყველაზე მეტად ის საათები მიყვარს, როცა მე და ჩემი ძაღლი, პომერანული შპიცი მაქსი, დილას და საღამოს ბუნებაში სასეირნოდ გავდივართ. მაქსი ორი წლისაა. ვცდილობ მარტო არ დავტოვო, კაფეებშიც დამყავს, კინოშიც და თუ გამომივიდა, მინდა სამოგზაუროდაც წავიყვანო.
ესაუბრა ანა კალანდაძე