ცოტა დიზაინერმა თუ მიუძღვნა საკუთარი შემოქმედება სილამაზის შექმნასა და ძიებას ისე, როგორც ეს დრი ვან ნოტენმა გააკეთა. მისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში, დიზაინერი ამ ამოუხსნელი ფენომენის შეცნობით იყო მოცული- ანტვერპის ექვსეულის წევრობიდან დღევანდელ წარმატებამდე. მისი ჩვენებები ღრმად ემოციური და შთამბეჭდავია, თუმცა პრინტების ფერადოვნება, ორნამენტები და ფერები კონტრასტში მოდის თვითონ პიროვნებასთან. ვან ნოტენი მკაცრად გაიზარდა- მისი ოჯახი ვაჭრობის ინდუსტრიაში იყო ჩართული. ანტვერპის სამეფო აკადემიაში ჩარიცხვამდე, მოდა მის ცხოვრებაში დიდი დოზით არ იყო შემოჭრილი.
განსხვავებით Walter Van Beirendonck-ის, Martin Margiela-ს, Ann Demeulemeester-სა, Raf Simons-სა და სხვა ბელგიელი დიზაინერებისაგან, ვან ნოტენის მიზანი არასოდეს ყოფილა შოკი და რადიკალური განაცხადების პოდიუმზე გამოტანა. მისი კოლექციები იმ მელოდიასავითაა, რომელისაც მაშინვე ცნობ, რადგან დიზაინერს უნიკალური ნიჭი აქვს ყველაფრის თავმოყრის; სიძველის, ფერადოვნების, რაფინირებულობისა და წარმოსახვის სინთეზმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ვან ნოტენის, როგორც დიზაინერის ხელწერა. ჩვენ ვან ნოტენს მისი ბოლო შოუს შემდეგ დღეს, დილით შევხვდით რათა განგვეხილა მილენიალების თაობა, მისი საიდუმლო ნავსაყუდელი იტალიაში და ბრენდის მომავლის მისეული ხედვა.
როგორ გრძნობთ ხოლმე თავს ჩვენების შემდეგ დღეს?
რა გიპასუხოთ? უცნაური შეგრძნებაა, კვირების განმავლობაში გროვდება ემოციები და როდესაც სრულდება ეს ყველაფერი, ვერც კი აანალიზებ. ჩვენების შემდეგი დღე ჩემთვის ყოველთვის რთულია – ამ მომენტს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთანაც კი ვაიგივებ, თუმცა გლოვის დრო არ მაქვს, რადგან უკვე ახალი ჩვენებისათვის ვიწყებ ქსოვილების შერჩევას.
გუშინდელი ჩვენება ძალიან სახასიათო, ინოვაციური და ახალგაზრდული იყო. როგორც (ასევე) ქალის სამოსის დიზაინერს, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ახალგაზრდა თაობის მოზიდვა მომხმარებლის სახით?
ამჯერად ფერთა გამა უფრო გრაფიკული გახლდათ, დიდი დოზით შავ-თეთრი დეტალებითა და ზოლებით. ძალიან მინდოდა გამომეყენებინა ელემენტები 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან ‘Sports Couture’, კოლექციამ რომელმაც ჩემში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. ამ სეზონზე, ჩემი ინსპირაცია ის დამოკიდებულება გახდა, რომელიც მე და ჩემს გუნდს სამოსის მიმართ გაგვაჩნია. მინდოდა შემექმნა ერთგვარი დიალოგი Couture-ის ელემენტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის, ეს იყო ერთგვარი ვიზუალიზაცია ამ ორი კონტრასტული სამყაროს კომბინაციისა. ჩვენების შემდეგ დამისვეს შეკითხვა: დრის, ხომ არ აპირებ მილენიალებისათვის შექმნა სამოსი? რაზეც ჩემი პასუხი იყო პირდაპირი – არა.
მაგრამ თქვენ ხომ ქმნით სამოსს ამ თაობისათვის, განსაკუთრებით ამ თაობის მამაკაცებისათვის?
დიახ, მაგრამ ჩემი განზრახვა არაა ამ თაობასთან კომუნიკაციისათვის სამოსი გამოვიყენო. ვინ არიან მილენიალები? ეს უამრავი განსხვავებული ხალხის ერთიანობაა. არ მიყვარს ხალხისთვის იარლიყების მიწებება და მათი რაიმე ჯგუფისათვის მიკუთვნება.
მიუჩა პრადამ ცოტა ხნის წინ მოდის ინდუსტრიის გადაჭარბებულად გაუბრალოების ტენდენციაზე ისაუბრა, ეთანხმებით მის მოსაზრებას?
სრულიად. მოდის სამყარო იმაზე ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს. ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მილენიალების გულის მოსაგებად რაიმე ჯადოსნური რეცეპტი რომ არსებობდეს. იმედია, მილენიალების უმეტესობა მათთვის შექმნილ მარკეტინგულ კამპანიებზე ბევრად გონიერია.
ბოლო პერიოდში პოდიუმზე ხშირად ვხედავთ ლოგოებს სამოსზე, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს 2000-იანი წლების ესთეტიკას. როგორ ფიქრობთ, ერთგვარი სიზარმაცის გამომხატველი ხომ არაა ლუქს კლასის ბრენდების მხრიდან მსგავსი ტაქტიკა?
რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე მარტივი, რომ შარფზე ბრენდის ლოგო დაიტანო, შემდეგ სელფი გადაიღო, დაპოსტო და მზადაა – უკვე მოდური ხარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში სხვებს საკუთარ თავზე წარმოდგენას სოციალური მედიის წყალობით ვუქმნით, როდესაც ბრენდის ლოგოს ცნობენ, მაშინ ჰეშთეგის გამოყენებაც აღარაა საჭირო. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთათვისაც თვითგამოხატვის ამგვარი გზები მიუღებელია.
ასეთი ხალხი დღევანდელ დღეს უმცირესობაა?
არა, ეს ადამიანიების დიდი ჯგუფია. მაგალითისთვის გადახედეთ აზიის ქვეყნებს, სადაც ადამიანები ამას არ აკეთებენ რადგან თვითგამოხატულების ეს გზა კონკრეტული ადამიანების ჯგუფზე მოქმედებს მხოლოდ.
შეგიძლიათ ვისაუბროთ თქვენს კომპანიაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე და რა შედეგებს მოუტანენ ისინი ბრენდს?
რომელ ცვლილებებს გულისხმობთ? ხალხს ეშინოდა, რომ ჩემს შემოქმედებით იდვიდუალურობას დავკარგავდი და “მეც ერთ-ერთი მათგანი” გავხდებოდი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესანიშნავია, რომ Puig-ის სახით ისეთი პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც მთლიანად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ისინი პატივს ცემენ ჩვენს ბრენდს და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას მომავალი აქვს. ხალხს ჰგონია, რომ დამოუკიდებლად მუშაობა აბსოლუტურ თავისუფლებას გულისხმობს, ჩემთვის კი ეს საპირისპიროდ იყო. ჩემი კომპანია ძალიან გაიზარდა იმისათვის, რომ მე თავისუფლების შეგრძნებით მესიამოვნა. წელს 60-ის შევსრულდი და ჩემთვის გავიფიქრე „65 წლის ასაკში რომ მომინდეს წასვლა, ნეტავ შევძლებ ამას?“. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ ჩემი წასვლის შემდეგ, კომპანია უჩემოდ გააგრძელებს არსებობას. დიდხანს ვეძებდით სწორ პარტნიორს. რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ, უნდა აგვერჩია ის კომპანია, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩვენს ღირებულებებთან. ზოგადად ასე ხდება, კომპანიები წარმატების მზა ფორმულას სხვადასხვა ბრენდებს არგებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო.
ანუ „თქვენზე მორგებული“ გამოსავალი უნდა გეპოვათ.
დიახ, ჩვენი მიზანი არაა ხუთ წელში 800 მილიონიანი ბრუნვა გვქონდეს, ეს დაივიწყეთ. სულ სხვა ღირებულებებს ეფუძნება ეს თანამშრომლობა.
უნდა ველოდოთ თუ არა ბრენდისგან სუნამოს უახლოეს მომავალში?
აუცილებლად ვაპირებთ სუნამოს შექმნას, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით როდის. პარფიუმზე მუშაობის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მქონდა ფრედერიკ მალესთან (Frédéric Malle) და დღემდე ძალიან მიყვარს ეს სუნამო. ასევე ვგეგმავთ ბრენდის სხვა მიმართულებით განვითარებასაც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხსაცმლისა და ჩანთების მწარმოებელ ბრენდად გადავიქცევით. ახლა უკვე შესაძლებლობა მაქვს, რომ რის შექმნაზეც აქამდე ვოცნებობდი, ყველაფერი განვახორციელო.
რას ფიქრობთ თანამედროვე მოდაზე? რა ნაკლს ამჩნევთ?
ძალიან დიდი ცვლილებების ხანაა, ეს ყველაფერი დიდწილად სოციალური მედიის დამსახურებაა. საზოგადოებაში მოდის ზედოზირებამ გამოიწვია ის, რომ ხალხმა ტანსაცმლის ყიდვას მოგზაურობა, ახალი სივრცეებისა და ადგილების აღმოჩენა არჩია. ვიცით, რომ მოდა ნამდვილად არაა ყველაზე სუფთა ბიზნესი, მაგრამ თუ ვეცდებით ამ ინდუსტრიას უკან დავუბრუნოთ ემოცია და ოცნებები, ნამდვილად კარგი იქნება.
ეს კიდევ შესაძლებელია?
რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ (იცინის). ჩვენ ვზრუნავთ ბრენდის ონლაინ პოზიციონირებაზე და რამოდენიმე სავაჭრო ცენტრში shop-in-shop კონცეფციის მაღაციაც გავხსენით, მაგრამ არამგონია ბაიერის ჩანაცვლება შევძლოთ, ადამიანის რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს მაღაზიაში სამოსის სელექციაზე. ის მონდომება და აღტაცებული შრომა, რომელიც კოლექციების შესყიდვის დროს იდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა თუ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები დააბალანსონ სხვადასხვა დიზაინერების კოლექციები და მისცენ ყველას თანაბარი პირობები.
სახალისოა ბოლო დროს თქვენი ბრენდის სკეიტერების მაღაზიებსა და სხვა ალტერნატიურ სივრცეებში ნახვა. გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას?
უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მსგავსი ტიპის საინტერესო მაღაზიებს ხსნიან და მათთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია. ისინი ნაცნობების მიერ ადგილობრივად დამზადებულ ნივთებსა თუ სამოსს მაღალი კლასის ბრენდების კოლექციას ურევენ და შესანიშნავი მიქსი გამოდის. მსგავს მაღაზიებს განსაკუთრებული გემოვნებისა და მახვილი თვალის მქონე ადამიანები მართავენ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების შემეცნების ამგვარი გზა?
ეს იგრძნობა და ძირითადად ეს ახალი თაობისგან მოდის. მათ აინტერესებთ ხელნაკეთობა ისევე როგორც მაღალი სტანდარტები. ხანდახან მაოცებს მათთან საუბრისას, მათი დიდი აკვიატებული ინტერესი ხელნაკეთობასთან და ზოგადად წარმოებასთან მიმართებაში. ზოგადად კამათობენ იმაზე, რომ ინტერნეტის ეპოქამ ახალი თაობები ძალიან გააზარმაცა, თუმცა ზოგი იმდენად ჩაუღრმავდა მათთვის საინტერესო საკითხებს, რომ აღფრთოვანებას იწვევს; და ეს კონტრასტი სულ იგრძნობა. ვცდილობ ხშირად ვესაუბრო ახალგაზრდებს რომ გავიგო მათი შეხედულებები სამყაროზე. მაგალითად, ჩვენც გყვავს 23 წლის დიზაინერი სტუდიაში, რომელიც ქალის სამოსის ხაზით მუშაობს.
შესანიშნავია, ინსპირაციის პირდაპირ მათგან მიღება.
ეს უწყვეტი დიალოგის პროცესია ჩვენს გუნდში. მოდის ინდუსტრიამ რამოდენიმე რევოლუციური გარდატეხა გაიარა მაღალი მოდის ოქროს ხანის, ე.წ. მზა ტანსაცმლის დაბადებასა და სოციალური მედიის ეპოქებს შორის. მიყვარს ახალგაზრდების გამოცდა მუშაობაში და მათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ.
ბელგიელ დიზაინერებს ყოველთვის თამაშის საკუთარი წესები ჰქონდათ. ისინი არასოდეს იყენებენ რეკლამას, თუმცა გავლენიანი გამოცემები ყოველთვის უთმობენ მათ დიდ ყურადღებას.
დიახ, მაგრამ რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბელგილები რაიმე გაწერილ მეთოდებს მიჰყვებიან. ეს ორგანულად მოხდა, უმეტესწილად არჩევანი არქონის გამო. რეკლამას არ ვიყენებდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ გაგვაჩნდა სათანადო თანხები ამისთვის.
როგორ იღდგენთ ძალებს წლის განმავლობაში? ცნობილი ხართ იმით, რომ ყოველთვის ძალიან მოკლე შვებულებებს იღებთ .
მე და ჩემმა პარტნიორმა პატრიკმა წლინახევრის წინ იტალიაში სახლი შევიძინეთ.
უფრო დეტალურად იტალიაზე?
ჩვენი სახლი ამალფის ყურის მახლობლად, პატარა სოფელში ჩეტარაში მდებარეობს. ძალიან მოსახერხებელია ადგილია იმ მხრივ, რომ ის ნეაპოლთან ახლოსაა, სადაც ბრიუსელის აეროპირტიდან გადაფრენა ნებისმიერ დროს შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ როცა ამინდი ფუჭდება ჩვენთან. იქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ რადგან ის ტურისტული ზონა არ არის. იქ არც მოდაა.
ფილიპ პურჰაშემი