DOLCE&GABBANA – მაღალი მოდის რიგით მეათე ჩვენება/2022

„სიცილიელი ქვრივი“

14.07.2022

Dolce&Gabbana-ს მაღალი მოდის ჩვენება გასულ კვირას შინ დაბრუნება იყო. იტალიურ ბრენდებს შორის ყველაზე იტალიური ბრენდი, მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებებს თითქმის ყოველთვის სამშობლოში მართავს.

დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას სამოსი ტრადიციულად იტალიურ კულტურასა და ისტორიას ეხმაურება; ამჯერადაც დამსწრე საზოგადოება მათი უკანასკნელი კოლექციის თანხლებით, რომელიც გაჯერებული იყო ბაროკოს ეპოქის და ოპერის ესთეტიკით, თვალწარმტაც ადგილებში ამოგზაურა და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა.

წლევანდელი მაღალი მოდის ჩვენება მათთვის მეათედ შედგა. დიზაინერებმა ჩვენება სიცილიაში, ძველ ბერძნულ თეატრში გამართეს და კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის Cavalleria Rusticana გააცოცხლეს; ეს მე-19 საუკუნის ერთმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც ზღაპრული, სიცილიური რომანის შესახებ მოგვითხრობს, 1982 წელს კი ის ფრანკო ძეფირელიმ ამავე სახელწოდების მიუზიკლად აქცია.

ახალგაზრდა ტურიდუ ომიდან თავის სოფელში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი საცოლე, ლოლა სხვა მამაკაცზეა დაქორწინებული. ტურიდუ შურისძიების მიზნით, სხვა ქალს აცდუნებს, ლოლა თავს ვერ იკავებს და ყოფილ საქმროსთან რომანს აჩაღებს. როდესაც მათი ღალატი გამოაშკარავდება, ლოლას ქმარი ტურიდუს დუელში გამოიწვევს. თუ კი დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას სიცილიელი ქვრივის შავი მაქმანებიანი „ფორმით“ გატაცების შესახებ გსმენიათ, ოპერის დასასრული რთული გამოსაცნობი არ არის.

ოპერა და კინემატოგრაფიული ნარატივი მოდის ჩვენების ერთ-ერთი მახასიათებელი გახდა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, რადგან მოდის სახლები ჩვენებებს გაცილებით შემოქმედებითად უდგებიან. სიუჟეტი ხშირად მომხმარებელს ტანსაცმლის ისტორიის აღქმაში ეხმარება. მაღალი მოდის ათასობით კლიენტი მოდის ფანატიკოსთა ტიპს მიეკუთვნებიან, თუმცა აღნიშნულმა სიუჟეტმა, 108 „ლუქი“-ს პროდუქციას ამაღელვებელი და სიღრმისეული შინაარსი მისცა და ტანსაცმლის და თავად მოდის სახლის გარშემო მითოლოგია შექმნა.

დრამატული თეთრი მოკლე კაბა უზარმაზარი მხრებით, ოპერის ერთ-ერთი საწყისი სიმღერის გადაძახილია, რომელშიც ტურიდუ ლოლას უმღერის: „ბლუზა რძესავით თეთრია“. მოდელები ტაფტის წელში გამოყვანილი, სამგლოვიარო კაბებით იყვნენ შემოსილი, სახე კი ვუალით ჰქონდათ დაფარული. სიცილიელი ქვრივის სახე, რომელიც Dolce&Gabbana-მ 1990-იან წლებში წარადგინა, ბრენდის საფუძველს წარმოადგენს.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top