PHOTOGRAPHED BY MERAB CHUMBURIDZE @ JAMPROJECTAGENCY

როგორც ჩანს, დათუნა სულიკაშვილს ქალების ინსტიქტურად ესმის, რისი წყალობითაც  მათ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ მხარეებს გამოკვეთს.  მისი ქალები  სახელგანთქმული მუსიკოსები,  გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები და ხელოვანები არიან. მის მიერ შექმნილი სამოსი ყველაზე გავლენიან, მომავალზე ორიენტირებულ და არატრადიციულ ქალებს აცვიათ.  გასაკვირი არც მისი  დრამატულობით გამორჩეული ჩვენებებია, რომლებიც როგორც წესი, განსხვავებულ სივრცეებში იმართება, რადგან მიზანი ერთია – გამოგზაუროთ დროსა და სივრცეში, საკუთარ მოგონებებში და ზღაპრის გმირებად გაგრძნობინოთ თავი.

დათუნას პარიზში შევხვდი და ვესაუბრე მისი გეგმების შესახებ. ვისაუბრეთ  ჟურნალ „ამარტა“-სთან სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გადაღებულ პროექტსა და  ქართველ ხელოვანებთან – მარიამ ნატროშვილთან და დეთუ ჯინჭარაძესთან თანამშრომლობაზე. 

ვიცი, რომ პარიზის ხშირი სტუმარი ხართ. ამჯერად რა არის თქვენი ჩამოსვლის მიზეზი?

მომავალი წლის თებერვალში ჩემი კოლექციის ჩვენებაა დაგეგმილი და გაყიდვებთან დაკავშირებით შოურუმთან გვაქვს მოლაპარაკება. ეს პარიზში ჩემი ნამუშევრების პირველი ჩვენება იქნება, ამიტომ ამ დღეს მოუთმენლად ველი. 

როგორც ჩანს, თავდაჯერებულ და გავლენიან ქალებს თქვენი სამოსი ბუნებრივად იზიდავს. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ? 

ვცდილობ, ქალებმა ჩემს სამოსში თავი თავისუფლად, კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ. როგორც დიზაინერი, მუდამ ვცდილობ, ტანსაცმელი სხვადასხვა ტიპის ქალს მივუსადაგო, მისი კონკრეტული მოთხოვნები და ხასიათი გავითვალისწინო. მსურს, რომ ჩემი ქალი გამოირჩეოდეს და მართლაც ლიდერი იყოს. 

თქვენ უამრავ ხელოვანსა თუ გავლენიან ადამიანს აცმევთ. თქვენი კლიენტები ბრენდის ერთგულები რჩებიან? 

დიახ. სამოსი ქართველი პოპ-ვარსკვლავებისა და პირველი ლედისთვისაც შემიქმნია. მთავარია, რომ ჩემი ტანსაცმელი ყოველთვის მათზეა მორგებული. ეს ნამდვილი თანამშრომლობაა, რომელიც სიამოვნებას ორივე მხარეს ანიჭებს. ჩემთვის მთავარი „მაღალ მოდაში“ ინდივიდუალური მიდგომაა. 

თქვენს  კოლექციაში (შემოდგომა-ზამთარი 2019) მრავალ  სიმბოლურ ქართულ სიტყვას ხმარობთ. რატომ მიიჩნიეთ ეს მნიშვნელოვნად? 

მე სიამოვნებით ვითანამშრომლე მარიამ ნატროშვილთან და დეთუ ჯინჭარაძესთან, რომელთა ნამუშევრებში   ქართული ენის სიმბოლიკა ჭარბობს. სიტყვები ჩემთვის ის მთავარი საშუალებაა, რომლებიც სამყაროს გაერთიანებაში გვეხმარება. განსაკუთრებულ სათქმელს სიტყვებით გადმოვცემთ და ისტორიასაც ხომ სიტყვებითვე ვწერთ. ჩემი კოლექცია სწორედ ამ მრავალფეროვანი ცალკეული მონათხრობებისგან შედგებოდა. მე სიტყვებითვე შევეცადე გამეზიარებინა შთამბეჭდავი მოგონებები, რომელიც ყველას გვაქვს.  

სიტყვებს მოდის სფეროში პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს. ამასაც აცნობიერებდით? 

კოლექციის შექმნისას არავითარი პოლიტიკური განზრახვა არ მქონია. ჩვენებაში გამოყენებულმა სიტყვებმა მაყურებელს მოგონებები გაუღვიძა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო. სიტყვებს თითოეული ჩვენგანისთვის უნიკალური, ძალზე პიროვნული და ჩვენეული მნიშვნელობა გააჩნია. ამიტომაც, ჩვენება თითქოსდა ამ მიმართულებით წავიდა. მას უფრო სუბიექტური ხასიათი ჰქონდა და არა პოლიტიკური. ჩემი აზრით, გამოყენებული სიტყვებიდან „დრო“ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას ვერასოდეს ვეწევით და  არასდროს გვყოფნის. 

იმ წნეხს გულისხმობთ, რომელსაც ბევრი  დიზაინერი ამჟამად მოდის ინდუსტრიაში განიცდის? 

არა. რაც ნაკლები დრო მაქვს, მით უფრო მეტს ვმუშაობ და ვქმნი. ჩემს შემთხვევაში, თითქოს დროის სიმცირე ჩემს სასიკეთოდ მუშაობს. პრესას და დამკვეთებს (ე.წ. ბაიერებს) წელიწადში ორ მთავარ კოლექციას ვუჩვენებთ. კლიენტებისთვის კერძო ჩვენებებიც იმართება, რომლებიც მედიით არ შუქდება. 

რას ფიქრობთ მოდის ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში? თქვენი კარიერის დასაწყისში საქართველოში  არც თუ ისე ბევრი დიზაინერი იყო. 

მართალია. სხვა დარგებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში მოდა უფრო სწრაფად განვითარდა და თანდათან საერთაშორისო ხასიათიც მიიღო. გამოჩენილი და ცნობილი ადამიანები ხშირად ქართველი დიზაინერების სამოსს ატარებენ, რაც შესანიშნავია. ჩემთვის დიდი პატივი იყო სამოსის შექმნა შერონ სთოუნის, ბიორკისა და ლედი გაგასთვის. 

როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი და რაზე ამახვილებთ ყურადღებას ახალი კოლექციის შექმნისას? 

უშუალოდ ვმონაწილეობ ქსოვილზე მუშაობის პროცესში. თითოეული კოლექციის უკან არაერთი ისტორია იმალება. ჩემს კოლექციაში ყოველ სამოსს თავისი სათქმელი აქვს, ამიტომაც მათთვის სახელის დარქმევა არ მიყვარს. 

თქვენ ჩვენებებისთვის უცნაური ადგილების შერჩევით ხართ ცნობილი. რატომ ერიდებით უფრო ტრადიციულ ადგილებს? 

არატიპიური ადგილები ჩემს მიერ გამოყენებულ მუსიკას ავსებს და სასურველი ატმოსფეროს გადმოცემაში მეხმარება. ჩვენებების ადგილის გამეორება არ მიყვარს. ყველა  ჩვენებამ ახალ სამყაროში უნდა ამოგზაუროს ადამიანები, რომლებიც ამ  სივრცეებს კოლექციის მოლოდინში ავსებენ.

შეგიძლიათ ცოტა მეტი მოგვითხროთ თქვენს ნამუშევრებზე, რომელიც ჟურნალ ამარტას  გადაღებისთვის სპეციალურად შექმენით? როგორც ვიცი, ის   ერთობ რთულ და საჩოთირო საკითხს, სექსუალური შევიწროების თემას ეხება.  სპეციალურად ამ გადაღებისთვის ნიუ -იორკიდან ცნობილი მოდელი ლეილა ნდა ჩამოვიდა.

პირველ რიგში, ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით კი ფიზიკურს. სექსუალური შევიწროება ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში. ნიშანდობლივია ის, რომ კოლექციაზე დატანილი სიტყვები და ფრაზები ამგვარ ქმედებებთან ასოცირდება. ამიტომ, ეს გარკვეული პროტესტის ნიშნად შეიქმნა.   ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამეგო, თუ რას განიცდიდნენ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალები. რაც შეეხება ლეილა ნდას, მიხარია, რომ მან  პირველ ქართულ პროექტში ჩემთან ითანამშრომლა. იმედს ვიქონიებ, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება.

შეხვედრიხართ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს? 

დიახ. სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობა საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საკმაოდ გავრცელებულია და ამის შესახებ არა ერთი მეგობრისა თუ ნაცნობისგან გამიგია. ქუჩაში, სამსახურში, რესტორნებსა თუ კლუბებში ამას ყოველდღიურად ვაწყდებით და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს კვლავაც პრობლემაა.  მადლობელი ვარ, რომ „ამარტა“-მ ამ თემაზე მუშაობისა და მასზე ყურადღების გამახვილების საშუალება მომცა. მგონია, რომ ბოლოს და ბოლოს, მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ეს ისე სწრაფად არ ხდება, როგორც გვსურს.     

ფილიპ პურჰაშემი 

ნაპოვნი სიტყვები

მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე

PHOTOGRAPHED BY MERAB CHUMBURIDZE @ JAMPROJECTAGENCY

მაშინ

არ მახსოვს პირველად როგორ დავინახე. უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს ავიხედე ზემოთ, თბილისის სახურავებისკენ და დამხვდა. დილის ნისლში ლივლივებდა.  სიტყვა „დრო“ უზარმაზარი ფრინველივით დამტრიალებდა თავს. არ ვიცოდი საიდან, რატომ გაჩნდა ეს ერთსიტყვიანი მანიფესტი. რატომ ეს სიტყვა, რატომ აქ, რატომ ახლა. მაგრამ „დრო“ რეალური იყო. დიდი, თვალში მოსახვედრი ასოებით ეწერა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთსავე დიდსა და განუსაზღვრელს ნიშნავდა. 

ნელ-ნელა მივეჩვიე. ხანდახან თავს არც ვაბრუნებდი, ვიცოდი იქ იყო. თავს დასდგომოდა ქალაქს, რომელსაც თან ბევრი დრო ჰქონდა და თან წამიც კი არ დარჩენოდა. გავიდა დრო და  ერთ  დღესაც გაქრა. 

„დრო“ დავკარგე. 

ახლა

შავი ტალღოვანი მოკლე თმა, შავი სამოსი, ფერმკრთალი სახე და წითელი ტუჩების სწორი და  თხელი ხაზი. მარიამ ნატროშვილის გრაფიკული სილუეტი კოხტა თავითა და პიჯაკის ლაცკანზე მბზინავი ვერცხლის სიტყვით „დრო“ მზიანი შემოდგომის დღეში  სხვა განზომილებიდან გადმოსულს ჰგავს. სწორედ ის, „ჩემი“ დაკარგული „დრო“ უკეთია გულსაბნევად.  „დროის“   მბრძანებელს მივაგენი.  მარიამი სიტყვებით ერთობა, სიტყვებს წერს, სიტყვებს ატარებს. 

სიტყვებით თამაშის ხელოვნება ახალი არ არის, მაგრამ მარიამი და მისი სახელოვნებო პარტნიორი დეთუ ჯინჭარაძე უფრო შორს წავიდნენ და თავად სიტყვები აქციეს ხელოვნებად. 

სიტყვებით თამაშის ხელოვნება ახალი არ არის, მაგრამ მარიამი და მისი სახელოვნებო პარტნიორი დეთუ ჯინჭარაძე უფრო შორს წავიდნენ და თავად სიტყვები აქციეს ხელოვნებად. 

როგორ გაჩნდა სიტყვის პირველადობის დაბრუნების იდეა და რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას დღევანდელ სამყაროში, სადაც სულ გვესმის მოწოდება  „მეტი საქმე,  ცოტა სიტყვა.“

ხელოვნებაში სიტყვების გამოყენება ძველი ამბავია. დასავლეთში, 60- იან წლებში კონცეფტუალისტმა ხელოვანებმა აქტიურად დაიწყეს სიტყვებით თამაში და ტექსტი ხელოვნების სრულუფლებიანი წევრი გახდა.  ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ  როცა ფუტურიზმი და დადაიზმი იბადებოდა, როგორც სახელოვნებო მოძრაობა, პარალელურად საქართველოში   სიტყვებს ხელოვნებაში ძალიან საინტერესოდ იყენებდნენ, როგორც შინაარსობრივი, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით. ამის კარგი მაგალითია კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები, გაზეთი H2SO4, ფიროსმანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყენებს ტილოზე ტექსტს. სამწუხაროდ, ეს თითქოს დავივიწყეთ.  

2011 წელს მე და დეთუ  ჯინჭარაძემ დავიწყეთ ერთად მუშაობა და გადავწყვიტეთ გვეწერა. მე ყოველთვის ვწერდი, ოღონდ ფურცლებზე, დეთუ არქიტექტორია. ესე დავიწყეთ კედლებზე წერა – ფურცელს მიღმა წერა. დეთუმ სიტყვებისთვის ახალი შრიფტი დახაზა. ვპოულობდით ადგილებს, რომლის ხმასაც ვუსმენდით და მერე რასაც ადგილი გვეუბნებოდა, იმას იქვე ვწერდით. თავიდან და დღესაც, ჩვენი ტექსტები არქიტექტურასთან არის მჭიდრო კავშირში. პირველად რაც გავაკეთეთ, კარლო კაჭარავას ლექსი იყო კედელზე.  ღამე მივფრინავდით და აეროპორტში წასვლამდე  უზნაძის ქუჩაზე  მივედით. სამ წელზე მეტი იყო ის ლექსი კედელზე, მერე გადაღებეს. მინდოდა, ქალაქი წიგნად გვექცია და ახალი ქართული პოეზია კედლებზე ბევრგან გადაგვეტანა, მაგრამ მერე უფრო მოკლედ, რამდენიმე სიტყვით და საკუთარი, ზოგჯერ ერთსიტყვიანი პოეზიით გავაგრძელეთ. 

ხშირად,  ნაპოვნ ტექსტებს ვიყენებთ. ანუ ტექსტებს, რომელიც არ არის მოფიქრებული სახელოვნებო ან ლიტერატურული დანიშნულებით. სიტყვები, რომელიც ხშირად გვხვდება ყოველდღიურობაში, ან ახალი ამბებიდან, ან კომპიუტერის ჩართვისას, ან სოციალური ქსელების სქროლვისას. პირველი პროექტი, რადგან ძირითადად ინტერნეტში და პროგრამებში ნაპოვნი ტექსტები იყო, ინგლისურ ენაზე იყო. მაგალითად: facebook -ის search for people places and things ან გუგლის  I am feeling lucky.  ახალ კონტექსტში ეს სიტყვები სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენდა.   სიტყვებს ვსესხულობდით არალიტერატურული ნაწარმოებებიდან. ესე კონცეფტუალური ლიტერატურიდან და თანამედროვე ხელოვნებიდან აღებული ხერხებით იქმნება ქუჩის ლიტერატურა/ხელოვნება – მიტოვებულ საბჭოთა შენობებზე დაწერილი სიტყვები. 

საიდან მოდის  თქვენს ხელოვნებაში მასალა? ეს ის სიტყვებია, რომლებიც აბინძურებენ ჩვენს გარემოს, თუ ის სიტყვები, რომლებსაც გვსურს საკრალური მნიშვნელობა დავუბრუნოთ?

როცა საჯარო სივრცეში, გარეთ ვაკეთებთ ტექსტს, პირველ რიგში, ადგილს ვუსმენთ და ადგილიდან გამომდინარე ვფიქრობთ სიტყვებზე.  ჩვენი ყველა ნამუშევარი  ადგილსპეციფიურია,  იქნება ეს მდინარის ნაპირი, მიტოვებული ქარხანა თუ დაუმთავრებელი შენობის კარკასი. ყველა ეს ადგილი ამბავია და ეს ამბები უხილავია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ამბები დავასათაუროთ, სახელი დავარქვათ.  აი, ვსხედვართ და ვერ ვხედავთ, რომ აქ გაზეთი კომუნისტის რედაქცია იყო,   საბჭოთა პროპაგანდა კეთდებოდა. ჩვენ ვცდილობთ  პოეტურად, მოკლედ, რამდენიმე სიტყვით  და არა მემორიალური დაფის გაკვრით ვიპოვოთ ის მოუხელთებელი, რაც არ ჩანს და სათაურად დავურთოთ ამ ადგილს. 

ტექსტის მნიშვნელობა  სახვით ხელოვნებაში რამდენჯერმე  შეიცვალა. დღეს ხშირად ტექსტი დამატებითი ინსტრუმენტია პერფორმანსის დროს, ან თუნდაც ხელოვნების ნიმუშის უკეთ გასაგებად. არტისტის ანოტაცია უკვე აღარავის აკვირვებს. თქვენ უფრო შორს წახვედით და მხოლოდ ტექსტი დატოვეთ.

იმაზე, რომ თავდაპირველად სიტყვა  იყო  და „სიტყვის ძალაზე“ არ ვილაპარაკებ.   დღეს რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს დაკარგული შესაძლოა იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრი სიტყვა გვესმის.  დღეს სახელოვნებო სფერო ძალიან არეულია. ყველა ყველაფერს აკეთებს. ხელოვანის ფუნქციაც შეიცვალა. ხელოვნება  აღარ არის რეალობის აღწერა ან  მხოლოდ მშვენიერება, მას ბევრი მნიშვნელობა გაუჩნდა. ეს  თითქოს კოდების სისტემაა, რომლის წაკითხვასაც ცოდნა სჭირდება და სწორედ ამიტომ,  ხშირად გვესმის თანამედროვე ხელოვნებაზე „ამას მეც ხომ გავაკეთებდი“.

ზოგჯერ მართლაც რთულია შინაარსის გაგება და ამიტომაც ჩნდება კონცეფციის დაწერის აუცილებლობა. თუმცა, ამ ბოლო დროს, კარგი და ცუდი ნამუშევრების გარჩევის ასეთი მეთოდი მაქვს. თავს იმ ადამიანის ადგილზე ვაყენებ, ვინც ქუჩიდან შემოვიდა, ანუ საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში და თუ ეს ნამუშევარი არ შემეხება, მაშინ აღარ მაინტერესებს. გამოცდილების დაგროვებისა და ბევრი რამის ნახვის მერე მივედი ამ ეტაპამდე. 

ჩვენს ნამუშევრებში, თუ ნამუშევარს კონცეფციას ვუწერთ, ეს ნამუშევრის ნაწილია. ანუ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანოტაცია და ხშირად ნამუშევრის ფორმის ნაწილიც არის. 

 რაც შეეხება ნასესხებ სიტყვებს, თუ ციტირებას აკეთებ და ის ახალ კონტექსტში, წარსულის გარეშეც მუშაობს,  მაშინ ის უკვე დამოუკიდებელი ნამუშევარია და ფასეულია.  ალბათ, სწორედ ეს არის განსხვავება პლაგიატსა და ციტირებას შორის. მე მიყვარს ეს თამაში. წარმოიდგინეთ, რამდენი რამეა ნათქვამი, დაწერილი და დაკარგული. წარსულიდან ამ სიტყვების პოვნა სიტყვების არქეოლოგიაა. მათი გამეორება, თავიდან თქმა, თავიდან დაწერა კი მკვდრის გაცოცხლებას ჰგავს, ახალი შინაარსის შთაბერვას ჰგავს. 

 ამ ბოლო დროს საინტერესო მოვლენებია მოდაში. ბევრი 

რევოლუციის მომსწრენი გავხდით. რამდენად შესაძლებელია, რომ  მოდა თანამედროვე მასობრივი ხელოვნების მიმართულებად განვსაზღვროთ ?

მოდა ჩემთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც კრიტიკული და პოლიტიკური იდეების გაჟღერების პლატფორმა შეიძლება იყოს.  დემნა გვასალია ამის ძალიან კარგი მაგალითია. მოდას ბევრად უფრო დიდი მომხმარებელი ყავს, ვიდრე ხელოვნების სხვა სფეროებს და შესაბამისად, მოდის საშუალებით ბევრი ადამიანის თვალამდე და ყურამდე შეიძლება მნიშვნელოვანი შეტყობინებების მიტანა. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარა აქვს მედიუმს მნიშვნელობა – მოდა, იქნება ეს დიზაინი თუ სხვა გამოყენებითი ხელოვნების სფერო, სათქმელის თქმა ყველგან ერთნაირად შეიძლება. 

თუ გამოყენებით ხელოვნებას შინაარსს დავუმატებთ, თუ ტანსაცმელი მნიშვნელოვან სათქმელს იტყვის და არ იქნება მხოლოდ ლამაზი, მაშინ შეიძლება ხელოვნების ნაწარმოებზე ფასეულიც იყოს. ხელოვნების ნაწარმოები ერთია და შეიძლება ვიღაცის კედელზე, ჩაკეტილ სახლში დეკორაციად იქცეს. ტანსაცმელი კი ცოცხალია, ბევრია, ადამიანი იცვამს  და ქუჩაში გადის – მესიჯი ვირუსივით ვრცელდება და ესე მოდაც ქუჩის ხელოვნებად შეიძლება განვიხილოთ. 

ცოტა ხნის წინ 

„ამარტა“-სთვის  სპეციალურ პროექტზე იმუშავეთ, რომელიც სექსუალური ძალადობის თემას ეხებოდა. თქვენი სიტყვები დათუნა სულიკაშვილის კაპსულურ კოლექციაში მოხვდა.  

სექსუალური ძალადობა სწორედ ის თემაა, როცა ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს სიტყვებით  გამოცდილების გადმოცემა. როგორ შეარჩიეთ სიტყვები ამ ძალიან მგრძნობიარე  თემისთვის?

როცა საქმე  ქალთა უფლებებს ეხება, მოდა სწორედ ის პლატფორმაა, საიდანაც უნდა ილაპარაკო. ეს არის ის ინდუსტრია, რომელიც ქალებს უწესებს სილამაზის სტანდარტებს და ცხოვრების წესსაც კი. ამიტომ,  სწორედ მოცემული პერსპექტივიდანაა   ამ თემაზე საინტერესო საუბარი. მე ყოველთვის მინდა, სწორედ იმ ადამიანებს მივაწვდინო ჩემი ხმა, ვინც ნაკლებად მეხება. ჩვენ არ ვართ გალერეის არტისტები და  ზუსტად ამ ტიპის ექსპერიმენტებია  საინტერესო. ყველაფერი სწრაფად მოხდა. საქართველოში არ ვიყავი და დათუნა სულიკაშვილთან საღამოობით ონლაინ გავდიოდით დეტალებს. მე არ მიყვარს და არ გამომდის კამპანიების კეთება. ხშირად  მხატვრებს, გარკვეული ორგანიზაციები სთხოვენ, საინტერესოდ მოიფიქრონ გზავნილები გარკვეული კამპანიისთვის; როცა საქმე სიტყვებს ეხება ჰგონიათ, რომ ეს უფრო ადვილიც კი იქნება.

მე ვცდილობ არ მივიღო მსგავს ამბებში მონაწილეობა თუ სრული თავისუფლება არ მაქვს.  ცოტა  ყალბიც კი გამოდის ხოლმე მსგავსი პროექტები. ამიტომ მოწოდებების: „შენ ძლიერი ხარ“ ან  „ხმა ამოიღე“ ნაცვლად,  გადავწყვიტეთ,  რაღაც ამბავი მოგვეყოლა და გვეჩვენებინა, როგორ ვახერხებთ მთელი საზოგადოება მსხვერპლის დადანაშაულებას იმ ძალადობაში, რომელიც მას თავს დაატყდა, როგორ უმატებს საზოგადოება მსხვერპლს ახალ ძალადობას და როგორ აიძულებს ჩუმად იყოს. 

ეს არის სამწუხარო და სევდიანი მოთხრობა, რომლის სიტყვებიცაა: საიდუმლო, სიჩუმე, კაბა გეცვა თუ შარვალი? ეს არის  პირველი სამწუხარო კითხვა, რომელსაც ახლობლებიც კი სვამენ და რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად ვამბობთ, რომ ქალმა თავისი ჩაცმულობით შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა მაშინ, როდესაც  კაცებს მსგავს რამეზე ფიქრი არ უწევთ. 

მიხარია, რომ ნელ-ნელა ქალებს ხმა უჩნდებათ და ბედავენ ლაპარაკს. მგონია, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია. მიუხედავად  ქალისა და დედის ფსევდო კულტისა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ხშირად მსხვერპლი ქალია. იქნება ეს  ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული სფერო.  დაწყებული ათასობით გახიზნული ემიგრანტითა და შესაძლოა, ჩვენი პრეზიდენტით დამთავრებული. იმედი მაქვს, რომ უფრო ძლიერები ვიქნებით და რაც მთავარია, ერთმანეთს დავეხმარებით.

ჩვენი სიტყვების ტანსაცმელზე გადატანა ადვილია. ჩვენს სიტყვებს ისედაც რამდენიმე სხეული აქვს – ჯერ კედელზე, მერე ტილოზე, სამკაულსაც კი ვაკეთებთ ამ სიტყვებით. 

დათუნა სულიკაშვილი  ძალიან საინტერესო დიზაინერია. მას აქვს ის, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს – არ დასდევს ე.წ. ტენდენციებს და მისი ტანსაცმელი ძალიან პოეტურია. მისი ტანსაცმელი დროშია გაყინული და მუდმივია, სწორედ ამ მუდმივობით იძენს მისტიურობას. 

დღეს ქალებმა ხმა ამოიღეს და სექსუალურ ძალადობაზე ლაპარაკობენ. ჩვენ ვალდებულები ვართ ერთმანეთს მოვუსმინოთ და დავეხმაროთ, რომ ძალადობამ უფრო და უფრო დაკარგოს ძალა.

გაჟღერებული სიტყვა ამბის დასასრულია თითქოს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ხომ პირიქით გამოდის?  გამოდის, რომ  ეს ახლის  დასაწყისია. 

დიდი განსხავებაა დაწერილ და გაჟღერებულ სიტყვას შორის.  რა თქმა უნდა, ეს არ არის ამბის ბოლო, ეს ყოველთვის ახალი ისტორიის დასაწყისია.  თუ ძველ წმინდა ტექსტებს დავუჯერებთ, ყველაფერი სწორედ სიტყვით იწყება. დღეს ეს სიტყვები ჭურჭელია, რომლებსაც მნიშვნელობებით სხვადასხვა ადამიანები ავსებენ. ზოგჯერ სიტყვების პოვნა ძალიან ძნელია. 

მარიამი ჩუმდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ თავში კიდევ ასობით სიტყვა უტრიალებს. მე კი იმაზე ვფიქრობ, რა კარგია ჩემი „დრო“ რომ ვიპოვე. ახლა ამ სიტყვას  მოვიპოვებ და ვერცხლის საკინძით დავაბამ. სულ ჩემთან იქნება. 

სალომე დადუნაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top