დამოუკიდებლობა

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

15.07.2022

დამოუკიდებლობა პიროვნების ერთ-ერთი    წამყვანი თვისებაა, რომელიც მიზნების დასახვისა და მათი შესრულებისათვის გარკვეული ძალისხმევის გაწევის უნარში ვლინდება. დამოუკიდებლობა  ადამიანს  არ დაჰყვება დაბადებიდან. ის ფორმირდება ბავშვის ზრდასთან ერთად და განვითარების ყველა ეტაპზე ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. უკვე 5-6 თვის ასაკში პატარა ცდილობს მისწვდეს სათამაშოს, დაჯდეს, დაწვეს. პირველი წლის ბოლოსთვის სწავლობს სხეულის წონასწორობის დაცვას, დგომას, სიარულს, ასრულებს მიზანდასახულ ქცევას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ბავშვის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ.

3 წლის ასაკიდან მშობლებს ხშირად ესმით: „მე თვითონ“. ბავშვი წინააღმდეგობას  უწევს დედას, რომელიც მას აჭმევს ან აცმევს. ის ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი, გამოავლინოს ინიციატივა და ეს ხშირად მშობლის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. დგება ე.წ. 3 წლის კრიზისის პერიოდი. ბევრი მშობლისთვის ამ პერიოდში იწყება ბავშვთან ურთიერთობაში სიძნელეების ხანა – ეს არის ბავშვის სიჯიუტე, ნეგატივიზმი. მშობელი  ჩივის, რომ ბავშვი შეიცვალა, გაუფუჭდა ხასიათი: „არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ ვმართო“.  ეს ყველაფერი კი სინამდვილეში რეზულტატია ბავშვის დაჟინებული სწრაფვისა დამოუკიდებლობისაკენ; სურვილი, გამოავლინოს თავისი გაზრდილი შესაძლებლობები. მშობელმა ამის შესახებ აუცილებლად  უნდა იცოდეს და შეძლებისდაგვარად, შეცვალოს აღზრდის სტრატეგია. მშობელს   უნდა   ახსოვდეს,   რომ   აუცილებელია,   პატივი სცეს ბავშვის სურვილს, მისწრაფებას, საჭიროა მხარი დაუჭიროს და წააქეზოს კიდეც.  ამავე დროს, ტაქტიანად გეზი მისცეს მის დამოუკიდებელ მოქმედებებს.

გაიზარდო – ეს პირველ რიგში ნიშნავს, ისწავლო ყველაფრის თვითონ კეთება. ბავშვობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია დამოკიდებულება  უფროსზე, გაიზარდო კი გულისხმობს, გახდე დამოუკიდებელი.  სწორედ ეს არის მშობლის უპ- ირველესი ამოცანა, დაეხმაროს ბავშვს გაზრდაში. ჩაცმა, პირის დაბანა, ჭამა – მშობელი უნდა ეცადოს, ბავშვმა რაც შეიძლება ადრე ისწავლოს ამ ყველაფრის თვითონ გაკეთება. რასაკვირველია, ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმიანობას ბავშვი ბოლოს და ბოლოს მაინც ისწავლის, მაგრამ რაც უფრო ადრე მოახერხებს ამას დამოუკიდებლად, მით უკეთესი. თუ გსურთ დაეხმაროთ თქვენს პატარას გააკეთოს ყველაფერი დამოუკიდებლად, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და მოუთმენელი. „მომეცი, მე გაგიმშრალებ ხელებს, შენ თვითონ არ გამოგდის“,  ამით ინიციატივას ისევ თქვენ თავზე იღებთ, პატარას კი ძალიან უნდოდა ეს თვითონ გაეკეთებინა. „მომეცი კოვზი, უმჯობესია მე გაჭამო, შენ სულ დაისვარე“,  ამბობს მოუთმენელი  დედა და ბავშვის ცდა, თვითონ გადალახოს სიძნელე, ისევ ფუჭია, მას ართმევენ კოვზს და ისევ პასიურ როლს – პირის გაღებას ავალებენ.

ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა   დედა-შვ ლის ურთიერთობის გამოსაკვლევად: ექსპერიმენტში მონაწილე დედა-შვილს ევალებოდა დავალების შესრულება წყვილში. ამ ცდის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები: დედა – ლიდერი, რომელიც ორი წუთის შემდეგ ინიციატივას თავის თავზე იღებს და ყველაფერს თვითონ აკეთებს. ბავშვი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამკვირვებლის როლში რჩება. პასიური   დედა,   რომელიც   სრულ   თავისუფლებას   აძლევს შვილს და არ ეხმარება მას რთულ, გადაულახავ სიტუაციაშიც კი. დედა – პარტნიორი,  როდესაც  დედა  თანაბრად  ინაწილებს საქმიანობასა და პასუხისმგებლობას შვილთან. რასაკვირველია, შედეგების მიხედვით, ურთიერთობის მესამე ფორმა ყველაზე უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა.

2-3 წლის ბავშვს უკვე შესწევს უნარი თვითონ  გაიხადოს   ტანსაცმელი,   მაგრამ   ჩაცმას  შეძლებს   მხოლოდ მაშინ, როცა 5-6 წლის გახდება. 6 წლის ბავშვს სიამოვნებს, როცა მას ელოლიავებიან და არა მგონია, დიდი ზიანის მომტანი იყოს, თუ მას დროდადრო დაეხმარებით კიდეც მაგალითად, „კალგოტკების“  ჩაცმაში ან წვრილი ღილების შეკვრაში.

როგორც ვიცით, ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს  წაბაძვით. თუ თქვენ დროდადრო ნებას დართავთ მას, დაესწროს თქვენი ჩაცმის ან აბაზანაში  კბილების წმენდის  პროცესს,  ის დაინახავს, რომ თქვენც იმავეს აკეთებთ, რასაც მას სთხოვთ. ზოგჯერ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ერთადაც გააკეთოთ. ბავშვისთვის   დიდი  მნიშვნელობა   აქვს  თქვენს  შექებას, თბილ  სიტყვებს.  თუ  ბავშვი  თქვენთან  მოვა  ძალიან  ამაყი იმით, რომ თვითონ დაიბანა ან ჩაიცვა, აუცილებლად შეაქეთ, მოუწონეთ საქციელი; და პირიქით, თუ თქვენ ბავშვს შენიშვნას მისცემთ იმის გამო, რომ მან ცუდად გაიმშრალა ხელები, ან კარგად არ ჩაიტანია პერანგი, ცუდად შეიკრა ღილები – ამით  მხოლოდ  შეამცირებთ  მის  რწმენას  საკუთარ  ძალებში და შესაძლოა, სურვილიც კი დაუკარგოთ, თვითონ გააკეთოს რამე.

მიაქციეთ  ყურადღება  ყოფით მომენტებსაც.  როგორც წესი, ბავშვს უჭირს მისწვდეს პირსაბანს (ნიჟარას). ის ხომ მის სიმაღლეზე არ არის გათვლილი, ამიტომ დაგჭირდებათ პატარა სკამი, რომელზეც დადგება ბავშვი და თვითონ დაიბანს ხელპირს. ბავშვის სამოსი, უმთავრესად, პრაქტიკული და მოსახერხებელია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ღილის შესაკრავია ვიწრო, ან ქამარი იკვრება უკან, პატარას კი ამის გაკეთება არ შეუძლია. ზოგჯერ საკიდი ძალიან მაღლაა დამაგრებული  და  ბავშვი  დამოუკიდებლად   ვერ  კიდებს  პირსახოცს ან ქურთუკს, ამიტომ უმჯობესია, მისთვის სპეციალური საკიდი დაამაგროთ, ისეთი, რომელსაც ის მისწვდება. იყიდეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ადვილად შეიკვრება, რადგან თასმების შებნევა ბავშვს გაუჭირდება და ამას თქვენი დახმარების  გარეშე ვერ შეძლებს,  ე.ი. თქვენ უნდა შექმნათ  სახლში ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის დამოუკიდებელ საქმიანობას.

პატარა, რასაკვირველია, უნდა შეაქო, როცა ის თვითონ იცმევს  და  იბანს,  მაგრამ  ამასთანავე, ისიც  უნდა  გაიგოს, რომ ეს ყველაფერი   ჩვეულებრივი,   ყოველდღიური   ჩვევებია. ამ საქმიანობას  ჩვენ თვითონაც ისე უნდა ვუდგებოდეთ, როგორც   ჩვეულებრივს   და  არ  ვანიჭებდეთ   გადამეტებულ მნიშვნელობას  – მაშინ  მათ  ბავშვიც  სასიამოვნო  და  ამავე დროს, აუცილებელ ჩვევებად ჩათვლის.

თანამედროვე მშობლების მასიური პედაგოგიური დაავადებაა ჰიპერმზრუნველობა.  ჰიპერმზრუნველობა  ვლინდება  მშობლის  ზედმეტ  მზრუნველობაში   შვილის  მიმართ.  ამ დროს ბავშვს არა აქვს შესაძლებლობა, თვითონ, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები. ჰიპერმზრუნველობის შედეგად, ბავშვი კარგავს უნარს საკუთარი ენერგიის მობილიზაციისა რთულ  სიტუაციაში. ასეთ   სიტუაციაში   ვითარდება ე.წ. „ნასწავლი,  შეძენილი უსუსურობა“ – ჩვევა ყოველგვარ დაბრკოლებაზე უარის თქმისა და დაბრკოლების, როგორც გადაულახავის აღქმისა.

დამოუკიდებლობის აღზრდა ბავშვში ხანგრძლივი და რთული  პროცესია.  ის  საკითხები,  რომლებიც  განვიხილეთ, ამ პროცესის დაწყებითი საფეხურია, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ეყრება საფუძველი დამოუკიდებლობის განვითარებას. ამ საქმეში ყველაზე მთავარია, დამყარდეს სწორი ურთიერთობა  მშობლებსა  და  შვილს  შორის,  მაშინ  ეს  პროცესი უფრო იოლად და უმტკივნეულოდ ჩაივლის და უფრო ეფექტურიც იქნება.

წააქეზეთ პატარებში სურვილი, მოიპოვონ დამოუკიდებლობა თავის აზრებსა და ქცევაში;

მოითხოვო ან აიძულო ბავშვი, ყველაფერი თვითონ გააკეთოს, არც ისე სწორი გზაა ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ. ბავშვს დროდადრო დახმარება სჭირდება;

აწონ-დაწონეთ თქვენი შვილის შესაძლებლობები. მოითხოვეთ  ბავშვისგან იმის გაკეთება, რის ძალა და შესაძლებლობაც მას გააჩნია; მშობლის ვალია, ხელი შეუწყოს ბავშვის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, ეს ხომ მისი წარმატებული მომავლის საწინდარია.

                                                                                                       KidsGallery.ge

ფსიქოლოგი:  ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top