RIA KEBURIA FOUNDATION
25.03.2022
ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები სხვადასხვა სახით უკვე ბევრი ხელოვანის შემოქმედებაში აისახა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მედია უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებითაა მოცული, ხელოვანებს ეს ტკივილი ტილოებზე, ობიექტივში, ინსტალაციების და სხვა გზების საშუალებით გადმოაქვთ.
ხელოვანმა გელა მიქავამ, ჩვენამდე ეს სიმძაფრე კიდევ უფრო ახლოს, თავისი ნამუშევრების სახით მოიტანა, რომელსაც კაჭრეთის „ამბასადორში“, რია ქებურიას გალერეამ უმასპინძლა. უკრაინისადმი მიძღვნილი მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – Tribute To The Yellow Wheat Fields And Peaceful, Blue Sky – კონტრასტების წარმოჩენას ემსახურება. გამოფენაში მკვეთრად იგრძნობა ომის და მშვიდობის, სიცოცხლის და სიკვდილის, სინათლის და სიბნელის კვეთის წერტილები.
„დღესდღეობით უკიდურესობების გადაკვეთაზე გარდამტეხი ცვლილებების წინაშე ვდგავართ, სადაც მკვეთრი მოქმედება აუცილებელი და გარდაუვალია“, ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.