აღმოაჩინეთ თიბისი კონცეპტის კოლექცია Vol.3

აქცენტები

30.05.2022

თიბისი კონცეპტის Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მასპინძლობს სტუმრებს, ერთგულ მომხმარებლებს თუ სხვადასხვა მომსახურებით დაინტერესებულ ადამიანებს რამდენიმე ტიპის საქმიან და სარეკრეაციო განყოფილებას სთავაზობს ერთ ლოკაციაზე. სივრცის დანიშნულება საბანკო კონსულტაციასა და ოპერაციების განხორციელებას ცდება. ამ ისტორიულ შენობაში შეგიძლიათ მოისვენოთ კაფეში, ისარგებლოთ საერთო სამუშაო სივრცით, შეხვედრების დარბაზით, მოინახულოთ ორი საგამოფენო სივრცე, სტაბილურად ცვლადი გამოფენების პროგრამით, ეწვიოთ წიგნის კლუბს და მის ფარგლებში სადისკურსიო ახლად გამოცემულ ან ქართულად ნათარგმნ წიგნებს გაეცნოთ, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, ანდაც უცნობი დიზაინ და კონცეპტუალური ნივთების აღმოჩენა თიბისი კონცეპტის შოურუმში დაიწყოთ. პირველ სართულზე განთავსებული კუთხე, რომელშიც თავმოყრილია საკოლექციო საგნები და ცხოვრების სტილის შემადგენელი ელემენტები, მარჯანიშვილის ქუჩაზე გამვლელების ყურადღებას ვიტრინიდანვე იქცევს, თუმცა სანამ კონკრეტულად სივრცეში მოხვდებით, შევეცდებით კოლექციის მცირე ნაწილი სტატიაში გაგაცნოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის ბარათის მომხმარებლებზე მაღაზიაში არსებულ სრულ ასორტიმენტზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

Omy – Domino / Memory / Bingo

თიბისი კონცეპტის შოურუმში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც გაალამაზებს თქვენს ჟურნალის მაგიდას, და მოწყენილობის თუ მეგობრული შეკრების ჟამს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ. მათ შორის არის ახალგაზრდა პარიზული ბრენდ Omy-ის სახალისო სათამაშოების ხაზი, რომელიც გრაფიკული დიზაინერების მიერ არის შექმნილი. მათი ორიგინალი ილუსტრაციებით გაფორმებული საკულტო სტრატეგიული თამაშები: დომინო, ბინგო და მეხსიერების თამაში თიბისის თაროებზე დაგხვდებათ. Omy-ის მიერ ახლებურად არის გადააზრებული და რეფორმირებული ეს ყველასათვის საყვარელი ტრადიციული თამაშები, მათ შორის ვიზუალურად, ვინაიდან დასტის ბარათებზე სხვადასხვა ქალაქების აიკონები იყრის თავს და თამაშსაც მეტად შთამაგონებელს ხდის.

 Naef Spiele –  Cubicus red / Optical mixer of colours / Angular

შვეიცარიული კომპანია Naef Spiele ნახევარ საუკუნეზე მეტია,  დამფუძნებლის  ქურთ ნაეფის ხელმძღვანელობით და მისი დიზაინერული მიდგომის მიხედვით  აწარმოებს სენსორულ სათამაშოებს, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. ლაქირებული ნეკერჩხლისგან შექმნილი ფერადი ხის სათამაშოები 1919-1933 წლების პერიოდის ბაუჰაუსის დიზაინებით არის შთაგონებული. Naef Spiele-ის სათამაშოები ზედმიწევნით მიჰყვება ბაუჰაუსის სკოლის მოტოს – „ფორმა მისდევს ფუნქციას” და ამით უნიკალური თამაშის კულტურას აყალიბებს; ისეთს რომელიც მორგებულია ყველა ასაკის კატეგორიაზე და ნათელს ხდის იმ მოცემულობას, რომ ადამიანისთვის თამაში არასდროს არ არის ზედმეტი. მათი გასართობი ობიექტები და ასაწყობი თამაშები „კუბიკუსი”, „კუთხოვანა” და „ფერების ოპტიკური მიქსერი” (იგივე ‘ბზრიალა’) სუფთა ხის მასალისგანაა შექმნილი, ესთეტიკურად სასიამოვნოა და ასევე ანვითარებს სხვადასხვა აღქმით უნარს, ლოგიკურ აზროვნებას და გონებრივ სისხარტეს. მაგალითად, ყველასთვის თბილი მოგონებების აღმძრავი ‘ბზრიალა’ ფერის თეორიის ასპექტებს განიხილავს; მასზე დატანილია ურთიერთგადანაცვლებადი შვიდი წრიული მუყაოს დისკი, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა და გოეთეს, შოპენჰაუერისა და ჰოლცელის მეთოდიკის მიხედვით ფერთა გრადაციისა და დაპირისპირების თეორიებს ხდის თვალსაჩინოს.

Vitra – Nuage Medium / Small

1950 წელს დაფუძნებული შვეიცარიული ბრენდი VITRA ათწლეულების მანძილზე იკვლევს ადამიანის ობიექტთან ურთიერთობის ფსიქოლოგიას. მათი დიზაინრები ეძიებიან პასუხებს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ინტერიერმა და სივრცის მორთულობამ საუკეთესოდ იმოქმედოს მაცხოვრებელზე და სტუმარზე, მათი აღმოჩენები კი ფიზიკურ განხორციელებას პოულობენ უნიკალურ სკულპტურებში, რომლებიც საყოფაცხოვრებო ატრიბუტებად იქცევიან. უნიკალური ფორმის VITRA-ს საყვავილე, სახელად Nuage, ფრანგი დიზაინერების –  რონან და ერვან ბურულეკების მიერ 2002 წელს შექმნილი პროდუქტია, რომლის კონცეფციაც ღრუბლებზე დაკვირვებას ეფუძნება. ანოდირებული ალუმინისგან დამზადებულ ლარნაკებში ვერტიკალურად რვა მილოვანი ღრუ ჩადის, რომლებიც ყვავილებისგან გამორჩეული კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ყვავილების ჭურჭელი ზედხედში ღრუბლის ფორმას იმეორებს, რომელსაც გარე კონტურები ტალღოვნად მიჰყვება, ასევე ცის მოტივებს იმეორებს მათი ერთმანეთთან კლასტერულად თავსებადობის უნარი. Nuage მოცემულია ორი ტიპის სიმაღლით, რომელთა ერთმანეთთან შეხამებაც სივრცეში საინტერესო შეპირისპირებას ქმნის და ასევე ზედგამოჭრილია სხვადასხვა მცენარეების გრძივი განლაგებით თამაშისთვის. შოურუმში ადგილზე დაგხვდებათ მოწითალო სპილენძისფერი, ცისფერი და მწვანე დასრულების ლარნაკები, რომელთა არეკვლადი ზედაპირის წყალობით განათებითა და ჩრდილით გრძელდება ინტერიერში ვიზუალური ეფექტის მოხდენა. ის მომხიბვლელად განთავსდება ნებისმიერ სივრცეში, საცხოვრებელ სახლში და სერვისის ტიპის დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ Nuage-ის დიზაინის მოტივებზე შექმნილი ასმეტრიანი სიგრძის საოცარი სკულპტურა Nuage Promenade, Miami-ს დიზაინერულ უბანშიც არის წარმოდგენილი მოდერნისტული პერგოლას სახით.

CDG –  Pink Bag / Orange Bag / Large Black Bags

სადაც მოდა ხვდება ფუნქციონალიზმს, აუცილებლად გაგვახსენდება ე.წ. ‘თოუთ’ ჩანთის დიზაინი, რომელიც მარტივი ფორმით, ტევადობით და ნივთებთან იოლი ხელმისაწვდომობით ჩანთის საყოველდღეო ფუნქციას აუმჯობესებს. ამ სიმარტივეს კი ავთენტურად ითავისებს Comme des Garçons-ის საერთაშორისოდ სახელგანთქმული ლეიბლი. მათ მაღალი ხარისხის ტყავის აქსესუარების ნაწარმს, რომელიც მუდამ კაშკაშა ფერის პალეტით, კონტრასტული სისადავით და მდგრადობით გამოირჩეოდა, ახლა უკვე ‘თოუთ’ ჩანთების კოლექციაც შემატეს, რომლის შეძენასაც თიბისი კონცეპტის სივრცეში შეძლებთ. ესპანეთში დამზადებული ტყავის თხელი ღია ჩანთების ხაზი ორ მოცულობაშია წარმოდგენილი; პოპ ესთეტიკის ფერადი ვარიაცია ჰორიზონტალური, შედარებით მომცრო ზომისაა, თუმცა იდეალურად მოითავსებს დასაკეც კომპიუტერს და ყველა სხვა ყოველდღიურ საჭიროებას; ხოლო კლასიკური შავი მოგრძო ჩანთა მათთვისაა შექმნილი, ვისთვისაც პრიორიტეტია დღის ყველა გამოწვევისთვის მუდმივ მზაობაში ყოფნა. ეკლექტური და მეამბოხე ბრენდი პანელური პრინციპით აჯახებს ფლურესცენციულ ფერებს, როგორიცაა ფოსფორისფერი, ფორთოხლისფერი და ვარდისფერი ან უბრალოდ იდუმალებით სავსე შავი, რომელიც იდეალური მეგზურია საქმიან შეხვედრებზე თუ ღამის წვეულებაზე. მტკიცე ნატურალური ტყავის ზედაპირზე კლასიკურად, ოქროსფერი გრავირებით,  Comme des Garçons-ის ლოგოა დატანილი, თავღია ჩანთის შიდა ერთიანი სათავსო კი 100% ბამბის ქსოვილითაა დაფარული.

LEXON –  Mina – Metallic Chrome  / Mina – Glossy Black  / Mina  -Pink

თიბისი კონცეპტის შოურუმში წარმოდგენილი ფრანგული ბრენდი LEXON, 1991 წლიდან მოყოლებული ქმნის ჭკვიანი ტექნოლოგიით შექმნილ ყოველდღიური მოხმარების საგნებს, რომლებიც გამორჩეული მხატვრული და ამასთანავე მოსახერხებელი დიზაინით წლებია საერთაშორისო სიყვარულს და 180-ზე მეტ ჯილდოს იმსახურებს. ამჯერად მათი კომპაქტური სანათების Mina კოლექციაზე ვისაუბრებთ, რომლებიც დიზაინერების –  მანუელა სიმონელის და ანდრეა კუალიოს პროექტია. მათი კოლაბორაცია ბრენდთან მიზნად ისახავს სამომხმარებლო ტექნიკისთვის არტ დეკოს სტილისთვის სახასიათო ესთეტიკის მინიჭებას, თუმცა დიზაინის გამარტივებას და მოცულობის რაც შეიძლება შემცირებას, ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების პარალელურად. ნაცნობი ობიექტების მოულოდნელი და პოეტური სახეცვლილება სწორედ მათი კოლექციის ნიშაა. სოკოს ფორმის მინიატურული სამაგიდო ლედ განათება Mina usb პორტის საშუალებით იტენება და თორმეტ საათს ძლებს ერჯერადი დატენვით, ხოლო ინტენსიური განათება შუქის ორ ცვლად რეჟიმს გვთავაზობს: გრილ და თბილ სინათლის ტონებს. Mina, დახვეწილი ფორმით, ფერით და ქმედითი უნარით, შთამბეჭდავ გავლენას ახდენს ნებისმიერ სივრცეზე და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. დიდი, მბზინავი სოკო ფერის რამდენიმე ვარიაციაშია წარმოდგენილი თიბისი კონეპტის დახლებზე: ლითუნური ზედაპირის ქრომი, ვარდისფერი და პრიალა დაფარვის შავი. სოკოს ტანი ალუმინის მასალით არის შექმნილი, ხოლო ქუდი, რომელიც ნათურის ფუნქციას არულებს – არამსხვრევადი აკრილისგან. ის იდეალურია, როგორც სამუშაო მაგიდაზე, ასევე საწოლის გვერდზე ტუმბოზე მოსათავსებლად, კითხვისთვის თუ უბრალოდ სიბნელეში მკრთალი განათების შესანარჩუნებლად. კომპაქტური მოცულობიდან გამომდინარე Mina-ს სანათი შეგიძლიათ თან წაიმძღვაროთ ნებისმიერ მოგზაურობაში.

SENSELF

ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრენდი Senself სახის კანის მოვლის საშუალებებს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც ინსპირირებულია მეთხუთმეტე საუკუნეში შექმნილი ქართული სამკურნალო მანუსკრიპტით – კარაბადინი. ეს კრებული მოიცავს ჩანაწერებს ხალხურ სამკურნალო მეთოდებზე და 140-მდე მცენარეულ ინგრედიენტზე, მათ შორის ჭინჭარსა და მრავალძარღვაზე, რომლებიც გამოყენებულია Senself-ის შრატსა და დამატენიანებელში. ტრადიციულისგან განსხვავებული ტექნოლოგიით, ნიუ-იორკის ლაბორატორიაში ნაწარმოები ფორმულა, ასევე შეზავებულია დაპატენტებული თანამედროვე ინგრედიენტებით, რომლებიც ალტერნატიული მედიცინის სასარგებლო ეფექტებს აუმჯობესებს და შედეგს ნაკლებ დროში მეტად შესამჩნევს ხდის. სამკურნალო ცოდნის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელსაც კარაბადინი ინახავს, ჩაქსოვილია ულტრათანამედროვე სილამაზის პროდუქტში, რომელიც ადამიანებს ეხმარება კანის სტრუქტურის საღად შენარჩუნებაში და გაახალგაზრდავებაში.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top