სამკაულები მხოლოდ გმირებისთვის  

ჩუბიკას სამკაულები მისი სკულპტურებისა და ინსტალაციების გაგრძელებაა. მათაც სკულპტურულ-გეომეტრიული ფორმები აქვთ და აბსტრაქციისკენ სწრაფვა ახასიათებთ. მისი მფლობელი, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე პერსონაა.

ვინ არიან ის „გმირები“, ვინც ეს სამკაული უნდა ატარონ?

გმირის თემა  აქ უფრო მიანიშნებს იმ საწყისზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანშია და სხვადასხვა მომენტში შეიძლება გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სწორხაზოვან მებრძოლს, რომელიც შეიარაღებულია და მხოლოდ ძალადობრივ ტექნიკებს ფლობს. ეს გმირები უფრო სხვადასხვა ამბების მთავარი პერსონაჟები არიან, ისინი იყვნენ პრეისტორიულ პერიოდში და იქნებიან მომავალშიც. კოდი-სამკაულები არქაულ ეპოქასაც ახასიათებდა და გვხვდება ფუტურისტულ დიზაინშიც.

სოციალურ სტატუსზეც მიუთითებს?

სოციალურზე იმდენად არა, რამდენადაც ინდივიდუალურ ხასიათზე.

შეიძლება ითქვას, რომ ეს სამაჯურები თუ ყელსაბამი ამა თუ იმ პერსონის თვითპრეზენტაციის შემადგენელი ნაწილია?

რა თქმა უნდა და თან ჩემი სამკაულები საკმაოდ დემოკრატიულია შინაარსით. შეიძლება იმათაც მოეწონოთ, ვინც საერთოდაც არ ფიქრობს ამ საკითხებზე, ვისთვისაც ეს მხოლოდ სტილის ელემენტი იქნება.

სამკაულები „გმირებისთვის“  საკმაოდ მასიურია, კომფორტულია მათი ტარება?

მასალა რა თქმა უნდა, კონცეფციის ნაწილია. ეს არის მოვერცხლილი ლატუნი, ან მოვერცხლილი რკინა. მასშტაბები განსხვავებულია. არსებობს ისეთი ვერსიებიც, რომელთა ტარება საკმაოდ გრაციოზული სხეული მქონეთაც მოეწონებათ.

ამბობ, რომ სამკაულის, როგორც რიტუალური ატრიბუტი, აქტუალურია ყოველ დროს და მაინც, როგორ ხედავ მომავალში მის როლს?

ვფიქრობ, ის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მომავლის დიზაინი, თუმცა ვხედავთ, რომ ტენდენცია მაინც ჰომოგენურობისკენ მიდის. შეიძლება ერთ დროს უნიფორმაც კი გახდეს ყოველდღიური სამოსი და ამ შემთხვევაში კონცეპტუალური სამკაულის როლი კიდევ უფრო გაიზრდება. მასში გაერთიანებული იქნება როგორც პოზიცია გარემოს მიმართ, ისე პერსონის – „გმირის“ ინდივიდუალური გზავნილიც.

ფოტო ©LEVAN LEKO TCHKONIA

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top