გაცოცხლებული ისტორია 

01.03.2022

CHRONOS – სამკაულში  გაცოცხლებული  ქართული  კულტურული  საგანძურია. ეს სამკაულები არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ნიმუშების ანალოგიებია, სრულიად თავისებური და განსხვავებული ესთეტიკით. ეს ნიმუშები მინანქრის თხრობის ტრადიციაზეა შექმნილი, სადაც ორნამენტი ლითონთან სუნთქავს, კომპოზიციის  ქარგა უფრო სადაა, ზოგან გართულებულიც, ტიხრების უწყვეტი რიტმი მოქნილია და პლასტიური.

  CHRONOS ბრენდის მრავალფეროვან სამკაულებს როდესაც ეხები, გრძნობ ხარისხს, აქვს თავისი ხასიათი და  გარდამავალი ემოცია, სიღრმე და ყველაფერთან ერთად ის, რომ ძველმა ხელოვნებამ რაღაც ახალი სიცოცხლე მოიტანა  თანამედროვე  იუველირის ევოლუციაში.

ხარისხი, ხასიათი და ემოცია – სწორედ ასე ფორმულირდება სამკაულის ქართული ბრენდის მთავარი ფილოსოფია.

https://www.facebook.com/chronosgeorgia/videos/264358665633868

CHRONOS-ის  გამორჩეული სამკაული  სამკაულზე მეტია… ისტორიასთან შეხებაა. კოლექციით, რომელიც არქეოლოგიური ძეგლების ინსპირაციით არის შექმნილი, ეცნობი საქართველოს მდიდარ წარსულთან ერთად მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. თუ როგორ ვითარდებოდა სამკაულის ისტორია ხუთი ათასი წლის მანძილზე საქართველოში. მეტიც, ეს ხელოვნება სამუზეუმო ექსპონატიდან ყოვედღიურ ცხოვრებასთან არის დაბრუნებული და უფრო თანამედროვე კონცეფციით ხდება გააზრებული. ამიტომაც CHRONOS-ის  ხელნაკეთი კოლექციის ყველა ნიმუში, რომელშიც ბუნებრივ ქვებთან ერთად ცივი მინანქრის დეტალებია გამოყენებული, კომპანიის იუველირების მიერ დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლში 24K მოოქროვებით. მნიშვნლეოვანია ისიც, რომ ვერცხლის სამკაული როდირებულია, ანუ დაფარულია როდიუმის ფენით, რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს სამკაულს, უნარჩუნებს პირვანდელ სახესა და ბრწყინვალებას. 

CHRONOS სახელოსნოს უახლეს კოლექციაშია დატეული 200-მდე მოდელი…  აქ მასალათა მრავალფეროვნება, ნაკეთობათა სიმრავლით სავსე კოლექცია გიყვება არა მარტო სამკაულის ისტორიიდან მნიშვნელოვან მომენტებს, არამედ იმასაც, თუ როგორი რუდუნებითა და ვირტუოზულობით ჭედავდნენ ოქროს ნიმუშებს ერთ დროს  ძველი ოსტატები, როგორ აზროვნებდნენ ფორმასა და ფერში, როგორ მეგობრობდნენ ტრადიციებთან, როგორ ფლობდნენ ცვარას საიუველირო ტექნიკის დიდ საიდუმლოს და როგორი ჰარმონიით აგებდნენ სამკაულის სრულ კომპოზიციას სიმბოლოების ენით… ჩვენ ვიცით საიდან მოდის ეს გემოვნება და გრძნობები; ვიცით ისიც, რომ ეს არ ისწავლება, უბრალოდ ამით იბადები… შესაბამისად, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვების პერიოდის მრავალი მდიდრული  ნაკეთობა მთლიანობაში აღწერს ანტიკურ ხანაში ოქრომრავალი კოლხეთის, შიდა ქართლისა და კახეთის მნიშვნელოვან რენესანსს თავისი კულტურითა და განწყობებით. 

აღსანიშნავია ცვარას ძველი საოქრომჭედლო ტექნიკის  ინსპირაციით შექმნილი სამკაული. ძვირფასი ლითონის დამუშავების ცვარას ტექნიკა, როგორც ანტიკური პერიოდის ურთულესი, იშვიათი  და  მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევა, დამახასიათებელი იყო ძვ.. VII-VI საუკუნეებით დათარიღებული სამკაულისთვის, რომლებიც უხვადაა აღმოჩენილი  არქეოლოგიური გათხრების დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უმეტესად კი ვანში და ახალგორში. ცნობილია ისიც, რომ ოქრომჭედლობაში ცვარას საიუველირო ტექნიკა მაშინ  მეფეთა და დიდებულთათვის ძვირფასი სამკაულის შექმნისთვის გამოიყენებოდა მხოლოდ და მხატვრული ღირებულებით ნიშნავდა ძვირფასი ლითონის უწვრილესი ბურთულების ზუსტი დაწყობის წესით აგებულ სამკაულის ფორმას, დიზაინსა და მოხაზულობას. ოდითგან,  სწორედ ეს  ხდიდა  სამკაულს გამორჩეულსა და უნიკალურს. იგივე სიამაყის განცდას აბრუნებს თანამედროვეობაში  CHRONOS  ბრენდი, არა მარტო სამკაულის მორთულობით, არამედ ცვარას ტექნოლოგიური ხაზის სამეცნიერო კვლევებით. 

ორი წარმოდგენილი ბეჭდიდან ერთი შექმნილია ძვ.წ. IV საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული სარტყელის ინსპირაციით, რომელიც აღმოჩენილია ვანში, იმერეთი. ხოლო მეორე, 

შექმნილია ალექსანდრე მაკედონელის სტატერის (მონეტა) ადგილობრივი მინაბაძის ინსპირაციით, რომელიც მიმოქცევაში იყო საქართველოს ტერიტორიაზე. სტატერი დათარიღებულია ძვ.წ. II-I საუკუნეებით და  ასევე აღმოჩენილია ვანში, იმერეთი.  

სამკაულები ცხოველთა სკულპტურული გამოსახულებით, კომპანიის დიზაინერებმა და იუველირებმა  ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამკლაურის მსგავსად შექმნეს, „დათვის თავები“  ძვ.წ. IV საუკუნის I ნახევრით არის დათარიღებული.  „ლომის თავები“ კი შექმნილია ელინისტური პოლიქრომიული სტილის ოქროს რქიანი ლომის თავების ანალოგით და დათარიღებულია ძვ.წ. III-I საუკუნეებით. 

სამაჯური შექმნილია ტანსაცმელზე დასაკერებელი იხვის, ჩიტის და მხედრის ფირფიტების ინსპირაციით, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. VII-V, ძვ.წ. V და ძვ.წ. IV საუკუნეებით და აღმოჩენილია ყაზბეგის ხევში, ნარეკვავის სამაროვანში, შიდა ქართლი და ვანში, იმერეთი. 

ელეგანტურია მომინანქრებული სამაჯურისა და ბეჭედის სეტი „სამი ფერის გრადაციით“  შექმნილია ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული ბეჭდისა და სამაჯურის ინსპირაციით, რომელიც აღმოჩენილია არმაზისხევში ქართლის მეფეთა პიტიახშების რეზიდენციაში ახ.წ. II-IV სს-ში, სადაც  პიტიახშთა ოჯახის წევრი ქალების კუთვნილი სამკაული იყო თავმოყრილი. ამავე ოჯახის მემკვიდრეობიდან არის ნაკარნახევი მდიდრული ნაკეთობა „საყურე მინანქრით“ ყელსაბამის ინსპირაციით, ანდა „ბროში მინანქრით“. მინანქრის ლამაზი კომპოზიციური სერიიდანაა ასევე ძვირფასი ლითონისა და ფერადი მინანქრის ჰარმონიულ თანხვედრაში საყურეები სახეწოდებით „საყურე მინანქრით“, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში აღაიანსა და ზღუდერში არქეოლოგიური არტეფაქტების (ახ.წ. III-IV სს.) ანალოგით არის გამოჭედილი. ტუიაქოჩორაში მიგნებული  სამკაულის  ინსპირაციით არის ნაკეთი გულსაკიდის, ბეჭდისა და საყურის სეტი „ ქვების &მინანქრის იმიტაცია “ – ახ.წ. IV საუკუნით დათარიღებული, საოცარი დინამიკით, რაღაც მომნუსხველი ძალით გამორჩეული. 

CHRONOS-ის  ნაკეთობების კომპოზიციაში თანაბრად ჩანს რეტროდან ინოვაციაში გადასული ის მისტიფიკაცია, რაც ქალებს აცდუნებთ, უქმნით კომფორტს, სიამოვნებით ირჩევენ და ატარებენ. ბრენდის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მომხმარებლისთვის შექმნას ძვირფასი სამკაული, რომელიც დროსა და სივრცეში სუნთქავს და სულ სხვა ესთეტიკას  ასხივებს. 

მზეხა მახარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top