MiN NEW YORK

ცნობილი გერმანელი მწერალი, პატრიკ ზუსკინდი, რომანში „სუნამო“ წერს: „სურნელს სიტყვებზე, შესახედაობაზე, ემოციებსა და სურვილზე მეტად აქვს დარწმუნების ძალა. სურნელის ეს ძალა მოუშორებელია, რადგან ის აღწევს ჩვენში, ჩვენს ფილტვებში, გვავსებს და იჟღინთება ჩვენში. მისი განსაკურნებელი წამალი არ არსებობს…“ ჟან-ბატისტ გრენუი, რომანის მთავარი გმირი, განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული. მას აქვს უნარი, შეიგრძნოს სუნები, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ გრძნობენ. ჟან-ბატისტი წარმოსახვითი პერსონაჟია, თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ლამაზ ქუჩაზე, ძველმოდურ ატელიეში რეალურად არსებობს ადამიანი განსაკუთრებული ყნოსვით. მას Chad Murawczyk-ი ჰქვია და ის სახელგანთქმული MiN NEW YORK-ის დამფუძნებელია. ნატიფი შუშის ბოთლები უნაკლოდ ჩაუმწკრივებიათ ხის თაროებზე, სუნამოების ეტიკეტები მოკლედ მოგვითხრობენ მათ ნატურალურ შემადგენლობაზე და ელოდებიან დაპკურების მომენტს, როდესაც დაკვირვებული მყიდველები აარჩევენ სწორედ იმ სურნელს, რომელიც მალე მათი ბუნებრივი სუნის ნაწილი გახდება. 1999 წელს ჩადი აარსებს საკუთარ ატელიეს და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს და მომსახურეობას. შედეგიც არ აყოვნებს და MiN NY მალევე ხდება სუნამოების მოყვარულთა პირველადი არჩევანი. ბრენდის მისიაში აღნიშნულია, რომ კარგად გატარებული ცხოვრება, კარგად გატარებული მომენტების ერთობლიობაა. დრო ძვირფასია და თუ როგორ დავხარჯავთ მოცემულ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ცხოვრებაში. მართლაც, ჩადი სწორად აფასებს დროის უნიკალურობას და სიმწირეს და ცდილობს, MiN New York-ის შეუდარებელი სურნელებით გაარღვიოს დრო და სივრცე.

როგორ ქმნით სუნამოს სურნელებს? რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

სურნელები ჩემთვის განასახიერებს ხასიათს და გრძნობებს. მათი შექმნით, ვცდილობ დავნერგო ის კონკრეტული ღირებულებები, რომლებიც გამაჩნია. კარგად ვაცნობიერებ და ვაფასებ სიტყვა „საუკეთესოს“ მნიშვნელობას, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამპარტავნებას, ის სრულიად უსარგებლოა და ერთგვარი უმწეობის ნიშანიც გახლავთ. სურნელებზე მუშაობაში არის რაღაც ჯადოსნური, მათი მეშვეობით ველაპარაკები ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. ჩემი მიზანია, სხვებს მივცე საშუალება, დასხდნენ საკუთარ სახლებში მშვიდად და დამიკავშირდნენ გაზიარებული სურნელების მეშვეობით.

კარგ პარფიუმერს უნდა შეეძლოს შინაარსის და ხასიათის გადმოცემა, რაც მოითხოვს სუნის ძირეულ აღქმას და გამორჩეული ყნოსვის შედეგად სხვადასხვა სურნელის შეერთების თუ განცალკევების უნარს. როგორ გამოიმუშავეთ აღნიშნული უნარები და თქვენი აზრით, რომელი თვისებები უნდა ახასიათებდეს პარფიუმერს, რომ შექმნას ისეთი ღვთაებრივი სურნელები, როგორსაც გვთავაზობს MiN NEW YORK-ი?

მე ვარ დიზაინერი და არა პარფიუმერი. ჩემი მუშაობის სტილით ვქმნი იმ ხასიათს და შინაარსს, რომელიც მსურს გადმოვცე. ვფიქრობ, არ განვსხვავდები რეჟისორისგან ან თუნდაც არქიტექტორისგან, რადგან მეც, მათ მსგავსად, ვქმნი წესრიგს მოვლენებისგან და მივიწევ საბოლოო დანიშნულებამდე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თვით ყნოსვის ცნობიერებაზე დაკვირვებიდან. მცირე ასაკიდან კარგი ყნოსვა მაქვს. ჩემი მშობლები ბავშობიდან მასწავლიდნენ კერძების მომზადებას, რაც თავისთავად დაკავშირებულია სურნელებთან, თუმცა კონკრეტულ სურნელებზე კონცენტრაცია მხოლოდ კოლეჯის დასრულების შემდეგ დავიწყე. სულ ვცდილობდი, ყველა სასმელი ან საკვები, რომლებთანაც მქონდა შეხება, დიდი ხნის განმავლობაში შემეგრძნო, შემდგომ გამეცალკევებინა მათი სურნელი და დამემახსოვრებინა. მსოფლიო სავსეა ნაერთებით და კონსტრუქციებით. ხოლო შემეცნება იმისა, თუ რა არის შენება, არის ახალი შენობების შექმნის გასაღები.

როგორ გარდაქმენით ბრენდი წარმატებულ ბიზნესში? შეგიძლიათ გაიხსენოთ გარდამტეხი მომენტები ბრენდის არსებობის მანძილზე?

ძალიან ბევრი წლები დაჭირდა აქამდე მოსვლას. ყოველ განვლილ დღეს, როგორც ერთ ცარიელ ფურცელს ვუყურებ, რომელზეც ვადგენ მოკლე და გრძელვადიან ინიციატივებს და უწყვეტად ვუბრუნდები უკვე შექმნილ სიებს. ჩემი სამუშაო დღეები დილას ადრე იწყება, რადგან ჩემი პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ასე რომ ვმუშაობ დილიდან საღამომდე, თუმცა ჩემ საქმიანობას არ აღვიქვამ, როგორც „სამუშაოს“. ის ჩემთვის უფრო ცხოვრებაა და ის ენერგია, რომელიც ჩემ გონებაში არსებობს. გარდამტეხ მომენტებს რაც შეეხება, წარმატება მოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიმეს შექმნი და მიცემ საშუალებას მოახდინოს გარდატეხა. ზოგადად, წარმატებულ ადამიანებს მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევთ და ისინი ძირითადად არ ეგუებიან მარცხს. თუმცა, როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას განაპირობებს დამატებითი ბიზნეს დეტალებიც. არაფერი პოზიტიური არ ხდება მხოლოდ „საქმის კეთებით“, უფრო მეტია საჭირო. უპირველესი გარდამტეხი მომენტი მაინც ვფიქრობ იყო გადაწყვეტილება, გავყოლოდი არჩეულ პროფესიას. მე არასოდეს ვყოფილვარ ეკონომიკური შესაძლებლობებით განებივრებული, ყველაფერი დავიწყე ნულიდან, ბევრი წლის წინ, ჩემი მშობლების სახლის სარდაფიდან. მე არაფრით განვსხვავდები სხვებისგან , უბრალოდ ვცდილობ წარმოვაჩინო ის, რაც უკვე არსებობს ჩემ გონებაში და გავუზიარო მათ, ვინც აფასებს ჩემ შრომას.

შეგიძლიათ მიამბოთ მაღაზიის ისტორიაზე? როდის და როგორ დააფუძნეთ იგი?

რამოდენიმე წელი ვადარებდი და განვიხილავდი კომერციულ ფართებს, ბოლოს ვიპოვე ადგილი, სადაც 2008 წელს გავხსენი MiN NY. იმ დროს, ნიუ -იურკში, რეცესიის პიკი იყო და ყველას ეგონა, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი. თუმცა, ისინი შეცდნენ. ძალიან შემიყვარდა კროსბის ქუჩა სოჰოზე. ეს არის ყველაზე რომანტიული ქუჩა გასაოცარი ისტორიით. როგორ შეიძლებოდა არ გამეხსნა მაღაზია იქ, სადაც ბასკია და ენდი ვორჰოლი ატარებდნენ დროს? როგორ შეიძლებოდა მეთქვა უარი დევიდ ბოუის მეზობლობაზე? ეს ქუჩა ავთენტური და ნიუ- იორკის სხვა ქუჩებისგან მეტად გამორჩეულია.

თქვენი ბრენდის მისიის ამონარიდში ვკითხულობთ: „ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა იმ მომენტების ერთობლიობა, რომლებიც კარგად გავატარეთ“. რომელია ასეთი მომენტები თქვენთვის?

ახლა როცა ვაკვირდები, ამგვარი მომენტი ბევრი იყო. წლების განმავლობაში დაინტერესებული ვიყავი ღვინის კულტურით და ვსინჯავდი მრავალნაირ ღვინოს, მაგრამ სანამ ერთი კვირა არ დავყავი მონტალჩინოში და ღვინის ვენახების ყურებისას არ მოვწრუპე იქაური ღვინო, შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე ზუსტად ვერ ვაფასებდი იმას, თუ რა ესხა ბოთლში. მეორე მომენტი, რაც მახსენდება, არის წითელი ზღვა, რომელზეც ვტივტივებდი, ვაკვირდებოდი მზის ამოსვლას და ზღვის მარილიანი წყალი სახეზე მაშრებოდა. ასევე სანუკვარია დრო, როდესაც ვუსმენდი ჩემი მშობლების საუბარს სამზარეულოში, საჭმლის მზადებისას. ყველა ეს წუთი, არის უბრალოდ წუთი და მათი განცდა, ძებნა და რაც მთავარია, მათგან განსაკუთრებული მომენტების შექმნა არის ბედნიერი ცხოვრების გასაღები. ჩვენი ცხოვრების ერთი ნაწილი ღიაა, რომელიც აძლევს საშუალებას მოვლენებს უბრალოდ განვითარდნენ. რა შეგვიძლია შევქმნათ ჩვენ? ჩვენ ნამდვილად გვძალუძს შევიქმნათ ბედნიერი წუთები და ვიმუშაოთ მათ გახანგრძლივებაზე. ეს არც ისე ძნელია, ცადეთ.

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სუნი, როგორ რეაქციაში შედის ბუნებრივი სუნი სუნამოსთან?

სუნამოს შექმნის პროცესში, სხეულის სურნელი და ასაკი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ მათ. მე ვთვლი, რომ სუნამოს შეუძლია გაჰკვეთოს დრო და სივრცე. ეს რაღაც მხრივ ჰგავს თავგადასავალს და გაპარვას. ადამიანებს უყვართ ოცნება, ხოლო სუნამოები ეხმარებიან მათ გააღონ საკუთარი გონების დაკეტილი ოთახები.

MiN NEW YORK-ის სუნამოების ბოთლებს აქვთ განსაკუთრებული და ნატიფი დიზაინი. ვინ ქმნის მის დიზაინს?

დიზაინის სიყვარული სისხლში მაქვს. მსურდა შემექმნა რაიმე სიმბოლური, საკულტო, შანელის No 5-ის ბოთლის მსგავსად. საკუთარ თავს დავუსვი მარტივი კითხვები – შესაძლებელია შეიქმნას ლეგენდარული შეფუთვა? როგორ შეიძლება ის იყოს კლასიკური და ამავდროულად ახალი? შემიძლია მიზნის მისაღწევად გამოვნახო ნოვატორული გზა? თუ გადავხედავთ მთელ განვლილ პროცესს, გასაოცარია, თუ რამდენი დრო დავხარჯე პატარა, წვრილმან დეტალებზე და რამდენად დიდი გამოწვევა იყო იდეა გარდამექმნა პროდუქტში, მაგრამ კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ბოთლის დიზაინი ჩემი ერთგვარი ანარეკლია.

რომელი სამი სიტყვა გამოხატავს MiN NEW YORK-ის კონცეფციას?

ნოვატორული, მარადიული, თანამედროვე.

სუნამოს შექმნა დამოკიდებულია ყნოსვაზე, რომელიც ხუთი შეგრძნებიდან ერთ-ერთია, რა როლს ასრულებენ დანარჩენი შეგრძნებები?

გამოვყოფდი ხედვას. სურნელზე მუშაობისას ხშირად ფერებზე ვფიქრობ. „Scent Stories Volume 2“- ის PLUSH სუნამოს შექმნისას, ხედვის გარდა, შეხების შინაარსსაც ჩავუღრმავდი.

MiN NEW YORK-ის სუნამოები მოგვითხრობენ ისტორიებს. რომელი ისტორიაა თქვენთვის ყველაზე სანუკვარი და რატომ?

აქამდე ეს იყო DAHAB-ი, რომელიც ჩემ პირად ცხოვრებას უკავშირდება, დროს, როდესაც ვიყავი უდაბნოში ვარსკვლავების ქვეშ. მაგრამ დღეს ვფიქრობ AD LUMEN-ი არის ის სუნამო, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩემ მდგომარეობას. სიცოცხლე ბალანსია სიბნელესა და სინათლეს შორის. მე კარგად მესმის სიბნელის და მიყვარს შავი ნივთები, მაგრამ არის რაღაც თავისებური სილამაზე სინათლის მოლოდინში. სიცოცხლე ისეთი მოკლეა, რომ ყველაზე ბნელ დროშიც კი სინათლის პატარა სხივს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია.

ნუცა გაბისონია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top