ნესტან ნენე კვინიკაძისგან
19.10.2021
მთის დედოფალი
დანიელ ვისერი
მთარგმნელი: მზია გალდავაძე
გამომცემლობა ინტელექტი
დანიელ ვისერი ავსტრიელი რომანისტი, მოკლე მოთხრობების ავტორი და მუსიკოსია. რომანისთვის მთის დედოფალი მას 2018 წელს ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
მთის დედოფლის მთავარი გმირი 47 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა.
პროტაგონისტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა; ბიზნესსაქმინობა და ბოჰემური ცხოვრება წარსულში დარჩა. ტურინი ახლა მზრუნველობის სახლში ხანდაზმულ პაციენტებთან ერთად ცხოვრობს. საკუთარ დაავადებას მან მთის დედოფალი დაარქვა. იუმორის მეშვეობით ტურინი საშინლად მტანჯველ ყოფას სასაცილოდ აღწერს. 45 წლის მამაკაცს 65 წლისას მიუგავს სხეული და 85 წლის მოხუცივითაც ვერ დადისო, – ამბობს საკუთარ თავზე. ის კვლავინდებურად, მხიარული, სასმელის და ფლირტის მოყვარულია.
ალბათ, სწორედ ხასიათი და აუტანელი მდგომარეობა დააფიქრებს ტურინს, ე.წ. ბედნიერ სიკვდილზე, ევთანაზიაზე. რობერტი იუთუბზე შესაბამის ფილმებს ნახავს, დეტალებშიც გაერკვევა, მაგრამ როგორ? როგორ შეძლებს ევთანაზიას, როდესაც ავსტრიაში ეს კანონით ისჯება, შვეიცარიაში წასასვლელად კი ხელშეწყობაა საჭირო. იქნებ ვინმემ ამიხსნას უბერის მოხმარება? – ამბობს ის.
ტურინი ამ მიზნის მისაღწევად ვერც მედდებს და ვერც ლამაზ, ახალგაზრდა ცოლს ითანხმებს, რომელიც, პერიოდულად, მას მზრუნველობის სახლში სტუმრობს.
ვინ წაიყვანს ეტლსმიჯაჭვულ ტურინს შვეიცარიაში, სადაც სამედიცინო თანხლებით სიკვდილი ნებადართულია? როგორ გადალახავს ამდენ წინააღმდეგობას, როცა დახმარებაზე ყველა უარს ეუბნება?
ამას, ცხადია, თავად გაარკვევთ. მე კი დავადასტურებ, რომ წინ გაქვთ უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ენის აღმოჩენა. პოლიფონიურობა, სადაც პროტაგონისტის თქმულს სხვა ხმები ენაცვლება. საუბრები, ერთგვარად, კინოსცენარის დიალოგებს მოგაგონებთ, შემდეგ დიალოგებს ტექსტი კვეთს, ეს ტექსტი,ზოგჯერ, ორ სვეტად იყოფა არა ფორმის ორიგინალობის გამო, არამედ იმიტომ, რომ თხრობაში ამას სპეციფიური მნიშვნელობა აქვს. მთის დედოფალი საუკეთესო თარგმანისთვის ლიტერატურული პრემია საბას წლევანდელ მოკლე სიაშია.
მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ
ტომას სტერნზ ელიოტი
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
გამომცემლობა ინტელექტი
ტომას სტერნზ ელიოტი, სავარაუდოდ, ვერ იფიქრებდა, რომ კატების უნიკალურ სერიას, რომელსაც თავის დროზე, მეგობრის შვილებისთვის და ნათლულებისთვის წერდა, წლების შემდეგ, დიდებულ მიუზიკლად აქცევდნენ. ვერც იმას, ენდრიუ ლოიდ ვებერის ამ ბრწყინვალე მიუზიკლის მიხედვით გადაღებული კინოსურათის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარი რომ იქნებოდა.
მთარგმნელმა ანი კოპალიანმა, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საკულტო სერიის ბრწყინვალე თარგმანი წარმოადგინა.
კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. ესაა თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატის თავგადასავალი.
პაატა ჩხეიძე თარგმანის წინასიტყვაობაში წერს, რომ ტომას ელიოტი თამაშობს კატებში, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით, თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე; თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო.
მსოფლიოში სახელგანთქმული „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“ საუკეთესო თარგმანისთვის ლიტერატურული პრემია საბას წლევანდელ მოკლე სიაში მყარ პოზიციას იკავებს. ესაა წიგნი-დღესასწაული და შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩვენ პირად ბიბლიოთეკაში.
როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში
ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
გამომცემლობა პალიტრა L
რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი ამ გახმაურებულ ესსეში ყველა იმ რთული პრობლემის შესახებ წერს, რამაც თანამედროვე ადამიანზე გავლენა იქონია; რამაც შეგვცვალა და შფოთის მძევლებად გვაქცია. „ჩვენი ეპოქა გადამდები შფოთვის ეპოქაა. სიტყვა კრიზისი, შიში, ეჭვი, უნდობლობა ჩვენი ლექსიკონების განუყოფელი ნაწილია“, – წერს მწერალი.
ელიფ შაფაქი იმ სამყაროს აღწერს, სადაც ახალგაზრდებმა მზარდი დაძაბულობა და სტრესი უკვე გამოსცადეს, რასიზმის, დისკრიმინაციის, საცხოვრებლის სიძვირის და სხვა უარყოფითი ზეგავლენის გამო. სამყარო, სადაც ციფრებმა აზრი დაკარგა: 5 000 დევნილი დაიღუპა თუ 10 000 სხვაობას ვერ ვამჩნევთ, სანამ თითოეულის ისტორიას არ გავეცნობით.
მწერალს მაგალითად მოჰყავს პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური დებატებიც, სადაც ადამიანთა ჯგუფები ბანაკებადაა დაყოფილი და ერთმანეთს უყვირიან. „ისინი ტელე-გადაცემებში არც ერთმანეთის მოსასმენად არიან მისულნი და არც რაიმე ახლის შესასწავლად. მათი მიზანია, ორატორებად მოგვევლინონ, და რისხვა გადმოაფრქვიონ”.
შაფაქი მიიჩნევს, რომ ავტორიტარ დემაგოგებს, მოსწონთ დაქსაქსულობის, გათიშულობისა და ურთიერთ მიუღებლობის ატმოსფერო.
როგორც რომანისტი, იმედს იტოვებს, რომ ამბებს ადამიანის გარდაქმნა შეუძლია. თუმცა, გვახსენებს, რომ შეცდომისთვის არც დრო და აღარც ადგილი დაგვრჩენია, „ჩვენ ვკარგავთ ჩვენ პლანეტას, ჩვენს ერთადერთ სახლს”.
მამები და შვილები
შემდგენელი: ზვიად კვარაცხელია
გამომცემლობა არტანუჯი
ამ წიგნში ცნობილი მამები და შვილები ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ წერენ.
აქ თავმოყრილია პირადი წერილები, დღიურები, ესსები, ავტობიოგრაფიული ნოველები და ჩანაწერები.
მამებსა და შვილებს შორის გათქმული პირადი ამბები მნიშვნელოვანია ბიოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით.
ერთგან ტრაგიკულია ამბავი, მეორე შემთხვევაში კი – სასაცილო.
პაოლო იაშვილი გამოსამშვიდობებელ წერილში ქალიშვილს დაგეგმილი თვითმკვლელობის გამო ბოდიშს უხდის. ირაკლი ჩარკვიანი, მამას ამერიკაში წერილს უგზავნის და ჩამოსატანად კონკრეტულ ნივთებს აბარებს.
მიმოწერის ავტორები არიან: მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, ოთარ და თაკო ჭილაძეები, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძის ქალიშვილები.
ქეთევან და ანა ბრეგვაძეები მამის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს გვიზიარებენ: როგორ შეისწავლის უცხო ენებს საჯარო ბიბლიოთეკაში, ფაქტიურად, დაცხოვრებული ბაჩანა ბრეგვაძე. შეისწავლის დამოუკიდებლად, საკუთარი მეთოდით…
აქვე გაიგებთ, რომ ბაჩანა ბრეგვაძე არასოდეს ყოფილა საბჭოთა კომკავშირის წევრი, არასოდეს გამხდარა არც კომუნისტური პარტიის წევრი. არასოდეს უსარგებლია, საბჭოთა მწერლის პრივილეგიებით. დააბრუნა მისთვის გამოყოფილი სააგარაკე ნაკვეთი. მისი ოჯახის წევრებს არასოდეს დაუსვენიათ ქვიშხეთის და ბიჭვინთის მწერალთა სახლებში.
ქალიშვილები წერენ, რომ დედამ მამას შემდეგ მხოლოდ ერთი წელი გაძლო. „ცხოვრების უკანასკნელი წლის დიდ ტრაგედიად ექცა საკუთარი ცხოვრების აზრი – ბაჩანას ხელშეწყობა მთაწმინდისკენ სავალ გზაზე, რის შედეგადაც, მეუღლისგან შორს, მის გარეშე დაკრძალვა ერგო მძიმე წილად”.
დაკარგული სიტყვების ლექსიკონი
დიანა ანფიმიადი
გამომცემლობა არტანუჯი
„სანამ წიგნის მთავარ ნაწილზე გადახვალ, საიდუმლო უნდა გაგიმხილო. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შენ ხარ”, – ასე მომაჯადოვებლად იწყება ეს წიგნი.
რატომ ხარ შენ მთავარი პერსონაჟი? იმიტომ, რომ ეს წიგნი იმაზეა, ვინც მას კითხულობს. შენზე, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, შენ საოცარი, ჯადოსნური უნარი შეიძინე, აი, ისეთი, შენი საყვარელი ფილმების სუპერ გმირებს რომ აქვთ.
ცხადია მკითხველი გაიკვირვებს, რადგან არც პირიდან ცეცხლის ფრქვევა, არც ფრენა, არც ობობასავით ცოცვა და გაუჩინარება იცის მან. მაგრამ ავტორი ჯიუტად გეუბნებათ, რომ თქვენ ერთი სუპერძალა ნამდვილად გაქვთ და ეს ძალა ენაა. ის გეხმარება, უცნობ ადგილებში არ დაიკარგო, საყვარელ ადამიანებს დაელაპარაკო, მოჩხუბარი მეგობრები შეარიგო…
გიოს მეცამეტე დაბადების დღეა. დასაწყისში, არ ვიცით სად არიან მისი მშობლები, მაგრამ გავიცნობთ ღარიბ ბუკინისტ ბაბუას, რომელსაც არასდროს ჰქონდა იმდენი საჭმელი, რომ მაცივარში შეენახა, ამიტომაც მაცივარში კულინარიულ წიგნებს ინახავს. ბაბუას ძალიან უყვარდა ბავშვები და მისი საყვარელი საქმე მათთვის წიგნების არჩევა იყო. აარჩევდა წიგნებს და ღამღამობით ბავშვებს სასთუმალთან უწყობდა. მოწყენილებს – მხიარულ წიგნებს ურჩევდა, მხიარულებს და ცელქებს – ცოოტა, სულ ცოტა ნაღვლიანებს, მცივანებს – თბილ მოთხრობებს დაუტოვებდა, მტირალებს – სასაცილო ამბებს…
თქვენ თავთან დატოვებული გიოს ამბავი კი სულ სხვაა, გულისამაჩქარებელი და საინტერესო. ბიჭმა უნდა გაიაროს მკვდარი ენების სასაფლაო; მკვდარი სიტყვების მინდორი; მეთევზეების სოფელი; შეხვდეს ბოშებს და მთავარი სიტყვა ეძებოს.
სუპერძალით შეგულიანებულ მკითხველს ისღა დარჩენია დიანა ანფიმიადს სრულიად განსხვავებულ თავგადასავალში თამამად გაჰყვეს. თამამად იმიტომ, რომ ამ წიგნს ლექსიკონიც აქვს და ყველა სტრატეგიული და საკვანძო სიტყვის განმარტებაც ადვილად მოსაძიებელია.