ნესტან ნენე კვინიკაძისგან
10.11.2021
მარგალიტები
მარიამ გურგენიშვილი
გამომცემლობა „პალიტრა L“
„გახდი ბესთსელერის ავტორის“ კონკურსის შედეგად ლიტერატურულ სივრცეში ახალი სახელი ჩნდება. „მარგალიტები“ 25 წლის მარიამ გურგენიშვილის ლიტერატურული დებიუტია.
„მარგალიტების“ მთავარი გმირი, თბილისის ერთ უბანში მცხოვრები, მწერლობაზე მეოცნებე მეათე კლასელი მარგო ალიაშვილია, რომელიც დასთან და ბიძაშვილთან ერთად ცდილობს პურის რიგში დგომა და გაყინულ კედლებში დაძინება მხიარულებად აქციოს. გოგონები ერთმანეთისთვის იბრძვიან, უხარიათ და იმედი აქვთ, რომ მოცემულობას შეცვლიან, მაშინაც კი, როცა ამისთვის ერთი მიზეზიც კი არა აქვთ.
რომანის სივრცეები და ადგილები 1990-იანი წლების თინეიჯერობის ნაცნობი ტრაექტორიებია: სკოლა, დაქალთან მისვლა, ეკლესიაში სიარული… კინოში „ბუმი 2“ გადის, დაბადების დღეზე უკრავენ სიმღერას „მდინარე ხიდის ქვეშ“, ძველი ბიჭები საყვარელი გოგონასთვის მისართმევი ორმეტრიანი ვარდებით დაძრწიან; სადღაც, შორიდან პოლიტიკა ირეკლება, უფრო ზუსტად კი, პირველი პრეზიდენტის დევნის ქრონიკა.
მარიამი წერს სადად, პირდაპირ, შეულამაზებლად, ტკბილხმოვანებისაგან დაცლილი წინადადებებით. პერსონაჟები საუბრობენ ისე, როგორებიც არიან. მარიამი მტკივნეულ ამბებს იუმორით ჰყვება. სწორედ თხრობის ინდივიდუალური სტილით და ოსტატობით იქცევს ყურადღებას 25 წლის ავტორი, რომელიც ლიტერატურულ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტით გამოჩნდა.
შოტლანდიური თვე
ოლგა ტოკარჩუკი
მთარგმნელი: კატია ვოლტერსი
გამომცემლობა „ინტელექტი“
პროფესიით ფსიქოლოგი, 59 წლის ოლგა ტოკარჩუკი დღესდღეობით არაერთი რომანის, პოეტური თუ პროზაული კრებულის ავტორია. ორი წლის წინ, ის პიტერ ჰანდკესთან ერთად ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ის ათობით ენაზე თარგმნილი, ქართულად პირველად იბეჭდება.
ტოკარჩუკის ლიტერატურა ადამიანის ძვლამდე ჩასვლას ჰგავს. ავტორი დეტალური სიზუსტით აღწერს მოქმედების ადგილს და შეშინებული ადამიანების ქცევას. მკაფიოდ ისმის ნაბიჯების ხმა თოვლში. აკვარიუმში მკვდარ თევზებსაც ცხადად წარმოიდგენთ.
ცოლ-ქმრის დამაჯერებელი დიალოგი, კრიზისი და გამოუვალი მდგომარეობა, რაც კონკრეტულ მისამართებზე, კონკრეტულ სამზარეულოებში, ახალგარემონტებულ ცივ ინტერიერში, თუ ალკოჰოლით გაბრუებული მამაკაცებით სავსე ოთახებშია გამომწყვდეული, ერთგვარად, ფეთქდება და სხვადასხვა კულტურებში, ქვეყნებში, რადიაციასავით ჟონავს.
მოთხრობაში „ჟურეკი“ 18 წლის გოგო დედასთან და ეტლში მოკალათებულ ბავშვთან ერთად, თოვლიან ქუჩებში ბავშვის მამას ეძებს. სხვადასხვა მისამართებზე მიდიან და კაცებს ბავშვის მამობას აბრალებენ, ან აიძულებენ.
ტოკარჩუკის სამყარო შეულამაზებელია, პერსონაჟების ბედისწერა- დაუნდობელი, ყოფა – გაუუგემურებული.
მოთხრობაში „ყველაზე მახინჯი ქალი“, მწერალი ცირკის მსახიობ ქალს სასტიკად აღწერს. „აი, მუტანტი, აი ევოლუციის ჩიხი“, – ასე წარადგენენ ქალს სცენაზე გამოსვლისას. მის სანახავად წარმოდგენებს უამრავი ადამიანი ესწრება.
ტოკარჩუკი მახინჯ ქალს იმ კაცის პერსპექტივიდან გვიჩვენებს, რომელიც მას ცოლად შეირთავს, ცირკის საქმეს ოჯახურ ბიზნესად აქცევს და ბავშვიც დაიბადება.
კრებულში ერთმანეთისაგან განსხვავებული თორმეტი მოთხრობაა თავმოყრილი.
შავი პრინცი
აირის მერდოკი
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
გამომცემლობა „დიოგენე“
ბრიტანული ლიტერატურის ვარსკვლავი აირის მერდოკი ათეულობით რომანის ავტორია.
„შავი პრინცის“ სცენაზე ექვსი ექსპრესიული და საინტერესო პერსონაჟის საშუალებით, მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი რეალურად 1970-იანი წლების ინგლისის ამბავს ჰყვება. უფრო ზუსტად კი ერთგვარად, იმ დროის ადამიანების მდგომარეობას, საკუთარი თავის და იდენტობის ძებნას, სექსუალობას, ჰომოსოქსუალობას იკვლევს. ამ ადამიანებს, უყვართ ერთმანეთი და იმავდროულად, ყველაზე ძვირფასს ანადგურებენ.
მერდოკის ლიტერატურული დიზაინი უცნაურია. კომფორტის და შფოთის მომგრველი ჩახუთულობა და ჩახუთულობის სურნელი მთელ ტექსტს თან სდევს. ეს კლაუსტროფობია მაშინაც საგრძნობია, როდესაც შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს, შექსპირის პიესის მსგავსად, ტრაგიკულ პერსონაჟებთან ერთად, დიდ სცენაზე ვართ.
58 წლის მწერალმა ბრედლიმ გადაწყვიტა სამსახური და საგადასახადო ინსპექტორობა მიატოვოს. ზღვაზე სახლს ქირაობს, სადაც მეოთხე წიგნის დაწერას გეგმავს.
გამგზავრება შეფერხდება, მოულოდნელი შემთხვევა საბედისწერო აღმოჩნდება.
„ჰამლეტზე“ წაკითხული ლექცია წიგნის გულსართია. ესაა ერთ-ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი თანამედროვე ლიტერატურის ისტორიაში. სწორედ ამ ლექციის დროს, 58 წლის ბრედლი აღმოაჩენს, რომ ახლო მეგობრის და იმავდროულად მეტოქის, ბესტსელერების ავტორი არნოლდის 20 წლის ქალიშვილში გულისგაგლეჯვამდე შეყვარებულია.
„შავი პრინცი“ მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი პერსონაჟის ალუზიაა. ესაა საკუთარ თავში ჩაკეტილი სამყარო, თავისებური თამაშის წესებით. ესაა დეტალების წიგნი. რეალური და ირეალური. წიგნი-საიდუმლო.
ბლუზი მტკვრის პირას
ბიძინა მაყაშვილი
„სულაკაურის გამომცემლობა“
თავის დროზე, პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი წერილები, ცნობილმა ჟურნალისტმა ბიძინა მაყაშვილმა წიგნად აქცია და მასში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ათასწლეულის დასრულებამდე პერიოდისა და იმ მუსიკის შესახებ მოგვითხრო, რომელიც წარსული ეპოქის ადამიანების ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას.
„ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკ მუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვის მოყვარული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოელი ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები”, ვკითხულობთ წიგნის შესავალში.
ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი წიგნში განსხვავებული პერსპექტივიდან ცოცხლდება. ამ დიდ მოგზაურობაში, აკრძალული მუსიკის, ახლად გამოჩენილი არტისტების, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის, ნაცნობი და უცნობი სახელების შესახებ ვკითხულობთ.
ეს, მართლაც მხიარული მუსიკაა სევდიან ეპოქაში, რასაც მოკლედ ბლუზი მტკვრის პირას ჰქვია.
ბიძინა მაყაშვილის წიგნი წლევანდელი პრემია საბას ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციის მოკლე სიაშია.
ალუდა ქეთელაური და სტუმარ მასპინძელი
ადაპტირებული ტექსტის ავტორი: ნინო სადღობელაშვილი
ილუსტრატორი: სოფო კირთაძე
გამომცემლობა „რტანუჯი”
მსოფლიო საგამომცემლო სექტორი კლასიკური ტექსტების ადაპტირებაზე აქტიურად მუშაობს. სხვადასხვა დიდი ავტორის მაგნუმ ოპუსთან კავშირის შესანარჩუნებლად ეს ერთ-ერთი პრაქტიკული გამოცდილებაა.
„ალუდა ქეთელაურის“ და სტუმარ-მასპინძელის გრაფიკული ვერსია, მოზარდებისთვის იოლად აღქმადია და ამავდროულად, ახალი შთაგონების შესაძლებლობაა.
ვაჟა-ფშაველას უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებში ვაჟკაცობისა და პიროვნული ღირსების ამბავი, მოზარდების ერთი ნაწილისთვის იაპონურ ანიმესთან ასოცირდება, მეორესთვის კი, ქართული სივრცის ახლებური აღქმაა.
დიდი ტექსტების ორიგინალთან მისასვლელად, ნაწარმოების გრაფიკული ვერსია ყველაზე მოკლე და დამაჯერებელი გზაა.