ნესტან ნენე კვინიკაძისგან
15.08.2021
მარტოობის დღეები
ელენა ფერანტე
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
40-მდე ქვეყნის ბესტსელერი, რომლის გვერდებიც „ხელს წვავს“ იტალიურიდან ქართულად ხათუნა ცხადაძემ თარგმნა.
ელენა ფერანტე 2016 წელს ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში აღმოჩნდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ სამყაროში და დროში, სადაც ადამიანები საკუთარი თავის დასაფიქსირებლად, ყურადღების მისაქცევად თუ თაყვანისმცემელთა რაოდენობის გასაზრდელად ყველა არსებულ პლათფორმას იყენებენ, ელენა ფერანტე, საერთოდაც, ფსევდონიმია. ამ დრომდე, უცნობია ვინ დგას მის უკან, ერთი კონკრეტული ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი.
ფერანტეს მილიონობით მკითხველი ჰყავს. მისი რომანების მიხედვით სერიალები და კინოფილმები შეიქმნა და კანის, თუ ვენეციის ფესტივალებზეც უჩვენეს.
1992 წელს დასტამბული რომანი „მარტოობის დღეები“, მსუბუქი ენით დაწერილი მძიმე ფსიქოლოგიური დრამაა. კითხვისას, პერიოდულად, ცრემლი გერევა, ზოგჯერ კი ხმამაღლა იცინი.
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს 38 წლის ოლგას ქმარი მარიო, ორ შვილთან და ძაღლთან ერთად დატოვებს და წავა. შეურაცხყოფილი და დათრგუნული ოლგა ოთხთვიან მძიმე ცხოვრებას იწყებს. იწყება მოგზაურობა საკუთარ თავში, იქ, სადაც როგორც აღმოაჩენს, არასოდეს ყოფილა და ახლა, განადგურებული, ჰალუცინაციების თანხლებით მარტო უნდა გაუმკლავდეს დამცირებით გამოწვეულ სტრესს.
ოლგა დასაწყისში მშვიდია, მაგრამ ნელ-ნელა ზუსტად ისე სხლტება ხელიდან, როგორც თავად უსხლტება ნივთები. მაგალითად, ფუჭდება მობილური ტელეფონი, იკეტება კარი.
ერთის მხრივ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტკივილებთან გამკლავება და მეორეს მხრივ ბავშვების მოვლა, ძაღლის პატრონობა, პროდუქტების ყიდვა, სადილ-ვახშამი, ფულის შოვნა, მიტოვების პრაქტიკული შედეგები ახალგაზრდა ქალზე მძიმედ აისახება.
მას საკუთარი სხეულიც და ბავშვებიც სძულს. ყოფილი ქმრის დასასჯელად ბავშვების დაკარგვის სურვილიც უჩნდება. ოლგა ისეთად გადაიქცევა, როგორიც ეგონა რომ არ იყო: ყველასთან ჩხუბობს, უცენზურო სიტყვებს იყენებს.
ქალი, რომელიც ადრე მწერლობაზე ოცნებობდა, ძლიერ ქალებზე, მათ მტკიცე გადაწყვეტილებებზე წერა სურდა, ახლა, უმწეო და შეშინებულია.
შეძლებს თუ ვერა გამანადგურებელი მორევიდან თავის დაღწევას მორალურად, სოციალურად და სექსუალურად დათრგუნული ოლგა თავად გაიგეთ.
ბუნკერი
ივა ფეზუაშვილი
გამომცემლობა „ინტელექტი“
გახსოვთ ბუნკერი? საბჭოთა კორპუსებში დამონტაჟებული დრაკონის მყრალი ხახა, იგივე ვირთხების ბუფეტი ნაგვის ტოქსიკური სუნით.
სწორედ ეს სუნი აჰყვებათ ივა ფეზუაშვილის პერსონაჟებს.
ენა, რომლითაც ავტორი გენას, მილას, ლაზარეს, ზემას, მამუკას და სხვა მეორე ხარისხოვანი პერსონაჟების ამბავს ჰყვება, ერთგავრად, რეჩიტატივს გაგახსენებთ და ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, წიგნის გულში ქართული რეპის საკმაოდ სევდიანი და საინტერესო ისტორიაც რომ გვხვდება.
გყოლიათ „დესნა ორი“? კლაუსტროფობიულ საბჭოთა კავშირში თუნდაც ერთჯერადად სივრცის გარღვევის და უწყინარი ხულიგნობის ინსტრუმენტი? მთავარი გმირისთვის, გენასთვის, ეს ველოსიპედი დამატებით დიდი სასიყვარული ამბის შემადგენელი ნაწილიცაა; ველოსიპედის უკან მოისვამდა დიდ, მწვანე თვალება მილას და ერთმანეთს მიკრული სხეული ირგვლივ ყველაფერს ივიწყებდა, მაზუთით დასვრილ თეთრ წინდებს, მშობლების დემაგოგიას და საბჭოთა კავშირის მარწუხებს.
„დესნა ორით“ მოსეირნე შეყვარებული წყვილი ვერ გათვლიდა იმ უპერსპექტივო და ტრაგიკულ მომავალს, რომელიც უფრო მალე დადგა, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
საბჭოთა კავშირი დაინგრა. გენა ნანგრევებში მოჰყვა. მძიმე ცხოვრებამ დააუძლურა.
ამასობაში მილამ იყოჩაღა და უბნის პირველივე სილამაზის სალონში დალაქად დადგა. და თუ თმის შეჭრა დიდად არ ეხერხებოდა, კლიენტის კეფასთან ცხვირის მიბჯენა და ყურთან სასიამოვნო ჩურჩული შეეძლო. ყოფით თემებზე, მაგრამ ვნებიანად.
და ეს ვნება გამოიყვანს ბუნკერის სცენაზე შეძლებულ და რესპექტაბელურ მამუკას..
ბუნკერის სუნი, რომელიც გენას მისი თაობის მახასიათებელი სიმბოლო ეგონა, მომავალ თაობასაც გადაწვდა.
ამ სურნელში გაეხვევიან გენას და მილას ვაჟი, მემარცხენე ლაზარე და ქალიშვილი ზემა, რომლის მთავარი ღირსება პოლიციელთა მხრიდან გადაცდომებზე თვალის დახუჭვაა.
გრძნობენ თუ არა იმ სუნს თავად შვილები?
შეხორცდა თუ არა 90-იანი წლების ჭრილობები?
გაქრა თუ არა იმ ბუნკერების სურნელი?
თავად გადაწყვიტეთ.
ნორვეგიული დღიური
ნატურალისტურ – ლიტერატურული მოგზაურობა
არჩილ ქიქოძე
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
„იმ გაზაფხულს ყველგან მივასწარი ყვავილობას, ახლო აღმოსავლეთიდან სკანდინავიამდე ვდიე“. არჩილ ქიქოძის ნატურალისტურ-ლიტერატურული მოგზაურობა სწორედ მკითხველზე ადევნებული წიგნია. შთაბეჭდილება, რომელიც უცნობი ქვეყნის შესახებ მოგონებებს, წარმოდგენებს, ისტორიებს, ლიტერატურულ შთაბეჭდილებებს უყრის თავს, მკითხველს აკვიატებად მელოდიად ექცევა.
დასაწყისშია მოგზაურობა მოგზაურობამდე – ბავშვობის შთაბეჭდილება მოგზაურების სახეები, სიმპათიური მამაკაცები, რომელთა თვალებში ფანატიკური ცეცხლი ენთო. შემდეგ განსაკუთრებული ადგილი – ნორვეგია ლიტერატურიდან ამოიზრდება და ნაცნობი და უცნობი ნორვეგიელი ავტორები, ვესოსი, კნუტ ჰამსუნი თუ ბევრი სხვაც გამოჩნდება.
მწერალ ერლენდ ლუსთან ინტერვიუში არჩილ ქიქოძე უცხო ქვეყნის საინტერესო ინსტალაციას წარმოგვიდგენს, სადაც წარსული და აწმყო, ნორვეგიელი ხალხის ისტორია, ხასიათი, სახლებთან დამოკიდებულება და სხვა განწყობებია განლაგებული.
ამ წიგნში ყველაფერი საინტერესოა, თავგადასავლებისთვის დამახასიათებელი სისწრაფეც და პერიოდული შესვენებაც. აეროპორტებიდან მატარებლამდე, ავტობუსიდან სასტუმროს საუზმემდე, ყველგან უჩვეულოდ ჩქარდება გული. მაშინ კი, როდესაც ავტორი „ისვენებს“ და დიდი ამბების პარალელურად ინანიშვილის მინიატურას იხსენებს, ხვდები, მაგრამ სახელს ვერ არქმევ, „საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა“.
თბილისური კატალოგი
ნოდარ სუმბაძე
გამომცემლობა „არტანუჯი“
არქიტექტორის და ხელოვნების დოქტორის ნოდარ სუმბაძის თბილისური კატალოგი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ილუსტრირებული გამოცემაა.
ცხადია, არსებობს არაერთი წიგნი, სადაც თბილისის შესახებ ინფორმაცია უხვადაა, მაგრამ ნოდარ სუმბაძე გამორჩეული ცოდნით, ოსტატობით, აღქმის სიმძაფრით და სითამამით ყველაზე მთავარს – ქალაქის სულს წვდება.
ხშირად, ქალაქებზე სწორედ მისი შეუმჩნეველი თუ უხეში თუჯის ხუფები, სადარბაზოების კარზე დამონტაჟებული აპარატის გაცვეთილი ღილაკები და შვიდ გზის შეცვლილი ქუჩის სახელწოდებები უკეთ ჰყვებიან.
ავტორი ბავშვივით „თამაშობს“ იმ ეზოებში, რომელთა მოსახლეობის ყოფის მოდელს ურთიერთმხარდაჭერის ბიბლიურ ნიმუშად მოიხსენიებს.
გვიყვება სოლოლაკის, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და ავლაბრის სახლების დარაჯებზე – ევროპის გავლით შორეული აფრიკიდან თბილისში ჩამოსულ ლომებზე და მათ ფოტოკოლაჟსაც წარმოგვიდგენს.
მეცხრამეტე საუკუნის შენობები, რომელიც უხვადაა შემკობილი ქვაში გამოკვეთილი გვირგვინით, ასევე, შენობებზე დატანილი მცენარეები; ხის აივნები და შუშაბანდები; რუსეთის და ევროპის ქვეყნებში დამზადებული ლითონის საფოსტო ჭრილები, საიდანაც ხან მიჯნურის წერილი შემოცურდებოდა, ხანაც სამკუთხედად გაკეცილი საფოსტო შეტყობინება მსოფლიოს ომების ფრონტებიდან.
ნოდარ სუმბაძისთვის თბილისი, ესაა ლოგიკურად ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო კომპონენტების ნაზავი. აღმოსავლურ-დასავლურის, აზიურ-ევროპულის მიქსი, არქიტექტურული სტილებისა და ხელოვნების მიმდინარეობების ცოცხალი ენციკლოპედია, წარსულის უკიდეგანო იდუმალი სიღრმეებიდან ამოსული და კიდევ უფრო იდუმალი მომავლისკენ მიმართული „დროის მანქანა“.
საძაგელი არსებების ქვეყანაში
მორის სენდაკი
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
მშობლები გამუდმებით საბავშვო ლიტერატურის ძებნაში ვართ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაზე იმ ავტორის წიგნი ითარგმნა, ვისაც მეოცე საუკუნის საბავშვო წიგნების ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი უწოდეს.
ამერიკელი მორის სენდაკი, არაერთი პრემიის ლაურეატია, მათ შორის საბავშვო ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების, ჰანს ქრისტიან ანდერსენის და ასტრიდ ლინდგრენის პრემიებისა.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სურათებიანი წიგნი „საძაგელი არსებების ქვეყანაში“ ინგლისურიდან ქართულად დავით გაბუნიამ თარგმნა.
მორის სენდაკი ვერ იჯერებდა,რომ ერთ დღესაც ჩვეულებრივ მოხუც კაცს დაემსგავსა. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა ვიყავიო, ხუმრობდა. 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ბავშვების მოტყუებაზე უარს ამბობდა. ამიტომაც, მისი შემოქმედება შეულამაზებელია, თუმცა ბავშვისთვის გასაგები.
საძაგელი არსებების მოსახმობად, გმირები მითოლოგიაში არ უძებნია. ასეთებს თავად შეხვდა, როგორც მწერალი ამბობს, საკუთარ ოჯახში, ბრუკლინში. ბედნიერი სახლი რომ მქონოდა არტისტი არ ვიქნებოდი, მინიმუმ ისეთი, როგორიც ვარო.
როგორი იყო და ღრმა, პირდაპირი, საინტერესო. ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში სირთულეები ნამდვილად არსებობს, მაგრამ მშვენიერების განცდით, წინააღმდეგობის გაწევით გამარჯვება რეალურია.
ერთ დღეს მაქსმა მგლის კოსტიუმი ჩაიცვა და მთელი სახლი ყირაზე დააყენა. რა საძაგელი ვინმე ხარო, გაუჯავრდა დედა და უვახშმოდ მიაბრძანა თავის ოთახში. ჰოდა, რას იზამდა სენდაკი? იმ ღამეს მაქსის ოთახში ტყე ამოიზარდა, აღელვებულმა ზღვამ კი აფრიანი ნავი მოაცურა … ასე იწყება მაქსის მოგზაურობა საძაგელი არსებების ქვეყანაში.
ამ წიგნს გამოცემის დღიდან მთელი მსოფლიოს მილიონობით ბავშვი კითხულობს.
ფოტოკოლაჟი: დათუნა აფაქიძე